ქართული ცეკვა, როგორც თერაპია

მარიამ ბედენაშვილი პროფესიით ქორეოგრაფია. გერმანიაში ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის დროს ცეკვის თერაპიული თვისებებით დაინტერესდა და საქართველოში დაბრუნებისთანავე ქართული ცეკვის თერაპიული მიზნით გამოყენების იდეის ხორცშესხმა დაიწყო. ვრცლად ამ ამბავს მარიამი ჩვენი ჟურნალის მკითხველს უზიარებს.                  

 

ქართული ცეკვა ბავშვობიდან შემიყვარდა: 5 წლის ვიყავი, ცეკვაზე რომ შემიყვანეს. მართალია, მას შემდეგ  ბევრი ახალი ინტერესი გამიჩნდა, მაგრამ ცეკვის სიყვარულმა ყველაფერს სძლია და ოცნებაში არჩეული პროფესია რეალობად ვაქციე. 10 წლის განმავლობაში ქორეოგრაფიულ ანსამბლში ვცეკვავდი, რაც ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებად დამრჩა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ქორეოგრაფიის მიმართულებით გავაგრძელე და ცეკვა ჩემთვის თეორიული თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სწავლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა სკოლასა და ანსამბლში ვიმუშავე ცეკვის მასწავლებლად. 2017 წელს გერმანიაში წასვლა და ახალი პროფესიული გამოცდილების მიღება გადავწყვიტე. სწორედ იქ აღმოვაჩინე ისეთი რამ, რის შესახებაც საქართველოში არაფერი მსმენოდა. ეს იყო ცეკვის თერაპია.

რა არის ცეკვის თერაპია? ცეკვის, მოძრაობის თერაპია ერთგვარი პრაქტიკაა, რომელიც ადამიანს ეხმარება ემოციური, შემეცნებითი, ფიზიკური და სოციალური უნარების განვითარებაში. თერაპიის მიზანია გარშემომყოფებთან კომუნიკაცია, თვითშეფასების ამაღლება, ფსიქოემოციური ფონისა და ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესება.

ამ მიმართულებით ჩემი ინტერესი დღითიდღე იზრდებოდა და ინტენსიურად დავიწყე ინფორმაციის მოძიება. ამავდროულად, ჩემს წარმოსახვაში ვცდილობდი ამ მეთოდების ქართულ ცეკვაზე მორგებას. ქართული ცეკვის თერაპიის იდეაც გერმანიაში, დეიდასთან საუბრისას გაჩნდა, როცა ვმსჯელობდით ქორეოგრაფიის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ამ საუბრებმა შთამაგონა ქართული ცეკვის თერაპიული მიზნით გამოყენების იდეა.

გერმანიაში,  ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, მომეცა შესაძლებლობა, ახლოს გავცნობოდი ცეკვის თერაპიასა და მის დადებით გავლენას ხანდაზმულთა ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე. რამდენიმე თვის განმავლობაში ვაგროვებდი გამოცდილებას, რომლის  საფუძველზე ვმუშაობდი ქართული ცეკვის თერაპიული მიზნებით გამოყენების ეფექტიან ჩარჩოზე.

საქართველოში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ამ იდეას უკავშირდება. რაც უფრო დიდხანს ვიყავი მოწყვეტილი ჩემს საყვარელ საქმეს, ქართულ ცეკვას, მით მეტად მიჭირდა ემოციურად. მიუხედავად იმისა, რომ ქ. შტუტგარტში ქართული ცეკვის შემსწავლელი კურსიც კი გავხსენი, გამუდმებულ ნოსტალგიასთან გასამკლავებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

2021 წელს საქართველოში დავბრუნდი. ჩემი ჩამოსვლა დაემთხვა პანდემიის პერიოდს. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული უძრაობისა, გადავწყვიტე, შემექმნა ქართული ცეკვის თერაპიის კურსი.

ქართული ცეკვის თერაპია ახალი შესაძლებლობაა ჩვენს რეალობაში, რადგან დღემდე საზოგადოება ქართულ ცეკვას მხოლოდ სასცენო ან ხალხურ საშემსრულებლო ხელოვნებად იცნობს და აღიქვამს. ხალხური ქორეოგრაფიის მრავალსაუკუნოვან და ნოყიერ ნიადაგზე აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ ბალეტს, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამ პირობებში მისთვის ახალი, აქამდე არარსებული სტატუსის (თერაპიული დანიშნულების) მინიჭება ქართული ცეკვის სრული პოტენციალის გამოვლენის საშუალებას იძლევა და ბენეფიციართა განსხვავებული ჯგუფის გაჩენას ემსახურება.

ამ მიზნით შევიმუშავე სპეციალური პროგრამა, რომელიც ქართულ ტრადიციულ ცეკვებსა და საცეკვაო ჰანგებზე მორგებულ აქტიურ თამაშებს მოიცავს. პროგრამა შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და მომხმარებელთა ფართო სპექტრის ინტერესებს ითვალისწინებს. მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ბავშვთა სახლებში და ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება, სოციალურად დაუცველი და დღის ცენტრებით მოსარგებლე მოზარდები, ხანდაზმულთა პანსიონატების ბინადარი თუ დღის ცენტრების სერვისებით მოსარგებლე 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები და სხვ.

თუმცა როგორც ყველა ინოვაცია, ქართული ცეკვის თერაპიის საწყისი ეტაპი სირთულეებით სავსე აღმოჩნდა. ის წარმოდგენები და გეგმები, რომლებიც ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნისას ჩამომიყალიბდა, საქართველოში წინააღმდეგობას გადააწყდა.  ბევრი იმასაც მირჩევდა, თავი დამენებებინა ამ „აბსურდული“ იდეისთვის, რადგან, მათი აზრით, ქართული საზოგადოება არ იყო მზად ამ სიახლისთვის, ასაკოვანი ადამიანები ამ წამოწყებას ვერ გაიგებდნენ და არ მიიღებდნენ. სწორედ ამიტომ ცეკვის თერაპიის მეთოდის დანერგვის ეტაპი საქართველოში სტერეოტიპებთან ერთგვარ ბრძოლად იქცა. 

მიუხედავად წინააღმდეგობებისა, გადავწყვიტე, მემოქმედა და პანდემიით ჩაკეტილ ქვეყანაში დავიწყე ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლებში რეკვა და ქართული ცეკვის თერაპიის აქტივობების ჩატარება მოხალისეობრივი რესურსით.

სამწუხაროდ, ბევრი ხანდაზმულთა პანსიონატი და ბავშვთა სახლი შეუშინდა ამ შეთავაზებას და უარით გამომისტუმრეს. ზოგიც ირონიულად მეკითხებოდა,  ვიცოდი თუ არა, რა პრობლემები აწუხებდათ თავშესაფრებში მყოფ მოქალაქეებს; ამბობდნენ, რომ ცეკვაზე მეტად, უმჯობესი იქნებოდა, ეს ადამიანები მედიკამენტებით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით მომემარაგებინა.

თუმცა, საბედნიეროდ, ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც დიდი სიხარულით დათანხმდნენ ჩემს შეთავაზებას და საქმეს შევუდექი. თავიდან არ ვიცოდი და მაფიქრებდა, როგორ მიიღებდნენ ამ წამოწყებას ჩემი ბენეფიციარები. პირველ სეანსებს მხოლოდ 4 ხანდაზმული დაესწრო,  დაახლოებით 6 თვის შემდეგ კი მათი რიცხვი ოცდაათს აღწევდა. თანდათან გაიზარდა ინტერესი და მოწონება არა მარტო ბენეფიციარების, არამედ საზოგადოების მხრიდანაც.      

რაც უფრო იხვეწება ქართული ცეკვის თერაპიის მეთოდი, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ღირდა იმ ბრძოლად, რამაც აქამდე მოგვიყვანა მე და ჩემი ბენეფიციარები. ამგვარი თერაპია სოციალური და ფსიქოლოგიური ინტერაქტიურობის შესანიშნავ მაგალითს იძლევა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ხანდაზმულ ადამიანებს თავიდან უჭირთ პროცესში ჩართვა, უჭირთ ცეკვის დაწყება არა მარტო შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის, არამედ მორიდებულობის გამოც. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ კი მონდომებაც იზრდება და უხერხულობაც ქრება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ერთი შემთხვევა: 90 წლის როლატორით (სპეციალური ეტლი/მანქანა) მოსარგებლე ქალბატონი ესწრებოდა ცეკვის თერაპიას. თავიდან მონაწილეობის სურვილი არც ჰქონდა. მესამე თერაპიის შემდეგ კი პროცესში ჩართვა გადაწყვიტა, თვალების კონტაქტით და ჩემი ხელის დახმარებით წამოდგა და ჩემთან ერთად დაიწყო ნელი მოძრაობით ქართული ცეკვის ილეთების შესრულება. დღემდე გასაოცარი და დაუვიწყარია ეს კადრი ჩემთვის. მუსიკის ძალამ და რიტმმა მას მოტივაცია გაუღვიძა და, წლების განმავლობაში როლატორზე დაყრდნობილს, თუნდაც რამდენიმე წუთით დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მისცა. ამ შემთხვევამ უდიდესი ძალა მომცა  და ერთგვარი ნიშანი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეს საქმე გამეგრძელებინა.

ასევე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დემენციის მქონე ადამიანებთან მუშაობა. სამწუხაროდ, დემენციის პროცესის შეჩერება გარდაუვალია, მაგრამ მისი შენელება და გახანგრძლივება შესაძლებელია, მაგალითად, მუსიკის რიტმზე ერთი და იმავე მოძრაობის ხშირი გამეორებით; აგრეთვე, სოციალური ფონის გაუმჯობესებით იმისათვის, რომ თავი  იგრძნონ სრულფასოვნად.

ამ პროცესებზე დაკვირვებამ მიმახვედრა, რომ ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს თანაბრად სჭირდებათ ფსიქოლოგიური თანადგომა და მხარდაჭერა ფიზიკური შესაძლებლობების განსავითარებლად თუ შესანარჩუნებლად.

ქართული ხალხური ცეკვის თერაპიული პოტენციალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებითაც, რადგან ხანდაზმულ ადამიანებს არ აქვთ სოციალური და კულტურული აქტივობების საშუალება, ამ ტიპის სერვისების დეფიციტის გამო.

ადგილობრივ სოციუმსა და კულტურულ თავისებურებებზე მორგებული ქართული ცეკვის თერაპია ხელს უწყობს 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ფიზიკური, ფსიქოემოციური და კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებას. სოციალური აქტივობა უმნიშვნელოვანესია ხანდაზმულთათვის. ქართული ცეკვა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სოციუმში მათ ჩასართავად და გასააქტიურებლად, განსატვირთად და, ზოგადად, ფსიქოსომატურ პრობლემებთან გასამკლავებლად.

ახლო მომავალში იგეგმება  ჩამოყალიბება ქართული ცეკვის თერაპიის „მოძრავი ოთახისა“, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ემოციურ და ფიზიკურ სიჯანსაღეს და სოციალური აქტივობის გაძლიერებას. მიხარია, რომ ჩემი საყვარელი საქმით შემიძლია დავეხმარო ადამიანებს, დაიბრუნონ იმედი, საკუთარი თავის რწმენა და ცეკვით გავულამაზო სიცოცხლე.

 

 

ავტორი :

მარიამ ბედენაშვილი - პედაგოგ-ქორეოგრაფი