ქართული ცეკვა მითოსის ენით გვესაუბრება
ქართული ტრადიციული კულტურის შესწავლისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ადამიანები ღმერთებთან ერთად ცხოვრობდნენ. კაცობრიობის განვითარების უადრეს ეტაპზე მითოსის ფორმით გამოვლენილი მხატვრული აზროვნება, ჰარმონიული ცხოვრებისათვის საჭირო აუცილებელ მაგიურ ქმედებაში (რიტუალში) თავმოყრილი, მეტნაკლები სისრულით დღესაც გასდევს ქართულ ტრადიციულ საცეკვაო ხელოვნებას. ქართულ ცეკვაში შენარჩუნებულია ის სარიტუალო პლასტიკური ენა, რომლითაც ადამიანი არქაულ სამყაროს ესაუბრებოდა.
ქართველები, მრავალი უძველესი ხალხის მსგავსად, ცეკვას იყენებდნენ უძლიერეს კოსმიურ ენერგიასთან დასაკავშირებლად, რაც აუცილებელი იყო მათ ცხოვრებაში რთული ეტაპების გადასალახად. ცეკვავდნენ არა ენერგიის დასახარჯად, არამედ მის მოსაპოვებლად, შემოქმედის გულის მოსაგებად, ქვეყნად ნაყოფიერების მოსაზიდად და ბოროტთან ბრძოლაში გასამარჯვებლად.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ერთობლივი ცეკვის დროს იქმნება საკვირველი, სრულყოფილების, სრულთან ზიარების განცდა და იგრძნობა ისეთი ენერგიის მოზღვავება, რომელსაც შეუძლია თითოეული შემსრულებელი კიდევ უფრო გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ ცეკვავდნენ განსაკუთრებულ დროს – ომის, შიმშილის ან სხვა უბედურებისას. იქნებ ქართველთა წინაპარი მოსინიკებიც ამ მნიშვნელობით როკავდნენ ომის წინ, რითიც გაუკვირვებიათ ბერძენი სარდალი ქსენოფონტი.
ელინური პერიოდის საისტორიო პროზის დიდოსტატის ცნობით, ხალიბები მტრის თვალწინ მღეროდნენ და ცეკვავდნენ (როკავდნენ), ხოლო ნაოსანი მოსინიკები ქსენოფონტის მოკავშირეები გახდნენ – სამასი ნავითა და მეომრებით ბერძნებს მდინარის გადალახვაში დაეხმარნენ, შემდეგ, მტერთან შეხვედრამდე, ერთმანეთის წინ მოეწყვნენ და სიმღერის რიტმზე ფეხშეწყობით ქოროებივით (მომღერალ-მოცეკვავეთა გუნდებად) გაემართნენ საბრძოლველად. ბერძენი მწერალი იმასაც აღნიშნავს, რომ მოსინიკების სიმღერა და ცეკვა განსაკუთრებული წყობის ყოფილა.
როგორც ირკვევა, ძველი ადამიანისთვის ბრძოლა და მტრის დამარცხება, როგორც ღვთაებრივი ნადირობა, ყოვლისმომცველი კოსმოგონიური იდეის სიმბოლო იყო. სანამ ადამიანი ფეხს შედგამდა ქაოსში, ანუ ბრძოლაში, ის აუცილებლად ასრულებდა რიტუალს: სიმბოლურად იმეორებდა შესაქმეს (სამყაროს შექმნის) აქტს. რიტუალის შესრულება (ცეკვითა და სიმღერით) მტერზე აუცილებელი და სასურველი გამარჯვების საწინდარი იყო.
ქსენოფონტის მიერ ნახსენები ეს უძველესი რიტუალური ქმედება თანამედროვე ქართულ ცეკვა ხორუმს მოგვაგონებს. ცეკვა ხორუმის საბრძოლო ხასიათიც სწორედ ამ შეუცნობელთან, ქაოსთან, შერკინებაში აისახებოდა, რაც სიკეთისა და სინათლის აუცილებელ გამარჯვებას გულისხმობდა.
აცეკვებული ნადირობა – მონადირეთა ცეკვა, სხვადასხვა შინაარსით მსოფლიოს მრავალი ერის ხალხური ქორეოგრაფიის საგანძურშია შესული. ასეთი შინაარსის ფერხულები დღემდე შემოინახა ქართულმა ხალხურმა ქორეოგრაფიამ.
ისტორიულად ცნობილია, რომ უძველესი ქართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მზის მოქცევასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ცხოველმოქმედი მზის კულტი საფუძვლად დაედო ბუნების ამაღორძინებელ ძალას. სწორედ მზესა და მზის წელიწადთან თანხმდებოდა სამიწათმოქმედო წეს-ჩვეულებები. ამ მნათობის მოძრაობასთან (ნაბუნიობა) აკავშირებდნენ ბარბარობას, ანუ მზის დაბადების დღეობას, და თვის კალენდარს. ამავე დღეობის მიხედვით იქმნებოდა წარმოდგენა მომავალი წლის ავკარგიანობაზე.
ქართველთა მიერ მზისადმი თაყვანისცემისა და საკულტო მსახურების კვალი შემორჩენილია ბერძნულ წყაროებშიც.
ხომალდი არგო მიადგა კირკეს სამკვიდრებელს – აიაიას – კუნძულს, სადაც აისზე შობილი ეოსის (განთიადის) საფერხულო სრა-სახლია და სადაც აღმოსავალია ჰელიოსისა (მზისა) (1).
ჩანს, ბერძნებისთვის აია – კოლხეთი – მზის ამომავალი ქვეყანა იყო, რადგან იგი აღმოსავლეთით მდებარეობდა, იქ მზის კულტს ეთაყვანებოდნენ და მზეს საგანგებოდ საფერხულო (სასიმღერო-საცეკვაო ქმედებით) სახლს უგებდნენ.
ქვემო სვანეთის გუნდი იოსებ მუკბანიანის ხელმძღვანელობით. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივი
მზისადმი თაყვანისცემამ დღემდე მოაღწია ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში. სავარაუდოდ, მისდამი საკულტო მსახურების კვალი ქართულ საცეკვაო ფოლკლორს წრიულ ფერხულ ლილეს სახით შემორჩა. ზოგიერთი თეორიით, ეს იკვეთება როგორც მის ქორეოგრაფიულ ფორმაში (წრე – სოლარული სიმბოლო) და მოძრაობის მიმართულებაში (სახით აღმოსავლეთით და მოძრაობა საათის ისრის საწინააღმდეგოდ), ასევე საფერხულო ტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ ტექსტიც ნაწილობრივ გაქრისტიანდა, ლილეში მაინც დაცულია უძველესი რელიგიურ-მითოლოგიური სიმბოლიკა, რაც დასტურედება იქ შემორჩენილი სიტყვებითა თუ ფრაზებით:ზღუდე არტყია (ძველი ხალხის წარმოდგენით გარშემო ზღუდე ერტყა სამყაროს), ოქროს სვეტი (მზის სიმბოლო), თასები (სადიდებელი სარიტუალო სასმისი), ციხე (კოსმოგონიური სიმბოლო – სამყაროს ცენტრი), შევარდენი, ჯიხვები, ხარები, ვერძები, რქები (წმინდა ნადირი, ღვთაებათა იპოსტასი). ლილე, სვანური საწესჩვეულებო გუნდური საგალობელი, ერთ-ერთი უძველესი, ცოცხალი ნიმუშია ქართული ქორეოგრაფიული, მუსიკალური და სიტყვიერი ფოლკლორისა.
ასტრალურ სიმბოლიკასა და მათ მოძრაობას უკავშირდება გურული ფერხული ფარცა – ერთი, ორი და სამწრიული ფორმით. ერთწრიული ფერხული ცისა და მზის მონოგრამაა. მზისა და მთვარის მოძრაობას აღნიშნავს ფერხულის ორწრიული ფორმა. რაც შეეხება ურთიერთსაპირისპიროდ მოძრავ, სამ კონცენტრულ-წრიან ფერხულს, სიმბოლურად ეს მთელი სამყაროა – მოძრავი ცა, მნათობები და ვარსკვლავები.
თრიალეთის ვერცხლის თასი
ქართული ხალხური ცეკვა, რომელიც დღემდე აცვიფრებს მსოფლიოს, ამ ეტაპზე არსებული მასალებით, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე III-II ათასწლეულებში უნდა ჩასახულიყო. ამის დასადასტურებლად მკვლევრები საქართველოში აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლებს იმოწმებენ: თრიალეთის ბრინჯაოს სარტყელი და თრიალეთის ვერცხლის თასი, (ძვ. წ. II ათასწლეული); რიონში, კავკავში, დაღესტანსა და ხევსურეთში აღმოჩენილი ითიფალური ქანდაკებები (ძვ.წ. I ათასწლეული); ამავე პერიოდის ნაბაღრების ბრინჯაოს სარტყელი და სამადლოს ისარნა, რომლებზეც საცეკვაო სცენებია გამოსახული.
ძველი ცივილიზაციების წიაღში აღმოცენებულმა მითო-რიტუალურმა წარმოდგენებმა – კაცობრიობის მთავარმა საფიქრალმა – თავისებური გავლენა იქონია ქართულ საცეკვაო ხელოვნებაზეც. სამყაროს შექმნის ძველთაძველი მითები საფუძვლად უდევს უძველესი ადამიანების რიტუალებს. ქორეოგრაფია კი განიხილება არა როგორც ცალკეული ერთეული, არამედ როგორც ძირითადი და აუცილებელი ელემენტი რიტუალისა.
ამგვარად, ქართული ცეკვა მითოსის ენით გვესაუბრება. მის ფორმასა და შინაარსში ჩადებულია არა მხოლოდ ამ უძველესი ხალხის ისტორია, ხასიათი, ბუნება და ადათ-წესები, არამედ მითოლოგია, კოსმოგონია და ის რელიგიურ-მაგიური ასპექტები, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებს ახდენს, იპყრობს და დღემდე არაცნობიერად ზემოქმედებს მის მნახველზე.
დამოწმებანი:
1. ურუშაძე, აკაკი. 1993. ქუთაისი ბერძნულ და რომაულ წყაროებში (1. გამოკვლევა. 2. ბერძნულ-ლათინური ტექსტების ქართული თარგმანები შენიშვნებით), თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 17-20.
ფოტო გარეკანზე: სუხიშვილები. ცეკვა „ხორუმი“. ზუკა ფირცხალაიშვილის ფოტო.