პირველი ხმოვანი ჩანაწერები საქართველოში
ხმის ჩამწერი აპარატის გამოგონება რევოლუციური მნიშვნელობის მოვლენა იყო XIX საუკუნის მსოფლიოში. თავდაპირველად იწერდნენ ედისონის ფონოგრაფით, რომელიც სწრაფად დაიხვეწა. 1894 წელს ვაშინგტონში ემილ ბერლინერმა გახსნა გრამოფონის პირველი კომერციული საწარმო „ას გრამოფონ კომპანი“ (Us Gramophone Company), რომელიც ძალიან მალე მთელ მსოფლიოში ავრცელებდა თავის პროდუქციას. საქართველოში ხმის ჩამწერი აპარატი 1901 წელს ლონდონში დაარსებული კომპანია „გრამოფონის“ წყალობით შემოვიდა და კავკასიის რეგიონში „გრამოფონის“ პირველმა „სტუდიამ“ მაშინვე დაიდო ბინა თბილისში, გოლოვინის №9-ში (დღევანდელი რუსთაველის გამზირი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ტერიტორია), სასტუმრო „ორიენტის“ პირველ სართულზე.
1901 წლიდან ჩაწერა დაიწყო თბილისში. თავდაპირველად ძირითადად კომერციული მიზნებისთვის იწერდნენ, ჩაწერილ ფირფიტებს კი იქვე გრამოფონზე უკრავდნენ და სარეკლამოდ იყენებდნენ.
კომპანია „გრამოფონში“ ჩაწერილია უამრავი ინდივიდუალური მომღერალი თუ გუნდი, თუმცა არ ვართ განებივრებული ფოტოებით, რომლებიც ამ შემსრულებლების ჩაწერასთან დაკავშირებულ წუთებს ასახავს. უიშვიათესი გამონაკლისია 1907 წელს გრამოფონზე სიმღერების ჩასაწერად თბილისში ჩამოსული გიგო ერქომაიშვილის გუნდის ფოტო.
გიგოს გუნდის გურიიდან ჩამოყვანა და ფინანსური მხარდაჭერა ითავა მასიკო სალუქვაძემ. თბილისში ჩამოსულმა მომღერლებმა არა მარტო სიმღერები ჩაწერეს, მუშაობის პროცესში ერთი საინტერესო ფოტოც გადაიღეს, რითაც გუნდის წევრების სახელები სამუდამოდ შემოგვინახეს.
ამ ფოტოზე გურული სიმღერების გამორჩეული შემსრულებლები არიან ასახული:
წინ, პირველ რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ სხედან: არტემ ერქომაიშვილი (1887-1967), ერმილე მოლარიშვილი (1860-1950), ლუკა თოიძე (1883-1961).
მეორე რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ სხედან: გიორგი ბაბილოძე (1835-1931), გიგო ერქომაიშვილი (1840-1947), გიორგი იობიშვილი (1849-1933).
უკან, მესამე რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: ნანიკო ბურძგლა (1855-1922), ივლიანე კეჭაყმაძე (1845-1947), მასიკო სალუქვაძე.
გურული გუნდის შესრულებით სიმღერები ჩაიწერა გერმანელმა ხმის ინჟინერმა მაქს ჰამპემ 1907 წლის იანვარში. ეს ჩანაწერები დროთა განმავლობაში გაიბნა, ზოგი მომღერლების ოჯახებში იყო შემორჩენილი, ზოგიც – პირად კოლექციებში, ნაწილი – ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში. მოგვიანებით, მრავალსერიიან მხატვრულ ფილმ „შვიდკაცაზე“ მუშაობისას, რეჟისორი სოსო ჩხაიძე დაინტერესდა ძველი ჩანაწერებით, რომლებიც ფილმში უნდა გამოეყენებინა. საქართველოში არსებული მასალა უმეტესად ოჯახებში იყო დაცული. ბუნებრივია, ათწლეულებს ამ ჩანაწერებზე თავისი კვალი დაეჩნია და ფირფიტებზე ჩაწერილი სიმღერები უხარისხოდ, დაბალ ხმაზე ისმოდა. იმის იმედით, რომ მოსკოვში შეძლებდნენ „გრამოფონის“ მიერ ჩაწერილი ორიგინალი ფირფიტების ნახვასა და გაციფრულებას, რეჟისორმა თავის მეგობარსა და მუსიკოსს, ანზორ ერქომაიშვილს სთხოვა დახმარება. სწორედ აქედან იწყება ძველი ქართული ხალხური სიმღერის აუდიოჩანაწერების მოძიების გზა, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა პეტერბურგსა და ლონდონში გააგრძელა. დიდია მისი წვლილი ამ მასალის თავმოყრისა და სრულყოფის საქმეში.
თუმცა დავუბრუნდეთ 1907 წელს...
გიგო ერქომაიშვილის გუნდმა თბილისში 44 სიმღერა ჩაწერა. დღესდღეობით ამ ისტორიული ჩანაწერების მხოლოდ ნაწილს, 32 ნიმუშს ვიცნობთ, დანარჩენ „უცნობ“ ჩანაწერებთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები დღემდე მიმდინარეობს. იმედია, ისინი მალე დაუბრუნდება საქართველოს და კიდევ ერთხელ გააოცებს ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულებს.
დაბოლოს, აღსანიშნავია ის წვლილი, რომელიც ბრიტანელებმა შეიტანეს ქართული და არა მხოლოდ ქართული მუსიკალური ფოლკლორის დაფიქსირებისა და შენახვის საქმეში. რომ არა ბრიტანელები და კომპანია „გრამოფონი“, ვერ გავიცნობდით ჩვენი ისტორიის საეტაპო პერიოდის ჩანაწერებს, ლეგენდად ქცეულ მომღერლებს, მათი მღერის სტილს, მანერას. სწორედ 1901-1914 წლების ჩანაწერებია დღეს ის საგანძური და, ფაქტობრივად, უნიკალური სახელმძღვანელო, რომელიც პრაქტიკოსებისა თუ თეორეტიკოსების მუდმივ ყურადღებას იპყრობს.
გთავაზობთ გიგო ერქომაიშვილის გუნდის დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებულ ჩანაწერებს. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა სიმღერა იწყება და მთავრდება შეძახილებით: „გიორგი იობიშვილო! მაყრული თქვი, თუ ძმა ხარ, მაყრული!“. ეს შეძახილები თავის თავზე აიღო გუნდის ერთ-ერთმა განუმეორებელმა წევრმა ივლიანე კეჭაყმაძემ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ერქომაიშვილი, ანზორ, როდონაია, ვახტანგ. (2006). ქართული ხალხური სიმღერა: პირველი ფონოჩანაწერები, 1901-1914.