ორიოდე სიტყვა მაკედონიის ფოლკლორული ტრადიციების შესახებ

ადვილი როდია შენი ქვეყნის კულტურული საგანძურისა და მემკვიდრეობის შესახებ წერა. ეს მეტად საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა. ამ სტრიქონების წერისას გამუდმებულ შფოთვასა და ფარულ დაძაბულობას ვგრძნობ, რადგან არ ვიცი, ჩემი მცირე ძალისხმევა საკმარისი იქნება თუ არა იმისთვის, რომ სრულფასოვნად ავსახო ის ნაირგვარი სიმდიდრე და სიცოცხლით სავსე ისტორია, ჩემი თვალწარმტაცი ქვეყნის (იხ. სურ. 1)  ნაპრალებში რომ იმალება. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ვაჭარბებ, როცა ჩვენი წინაპრების ისტორიასა და ტრადიციებთან მჭიდროდ გადახლართულ მწვერვალებს, მინდვრებსა და ტყეებს აღვწერ. ტრადიციული სიმღერებისა (იხ. სურ. 2)  და ცეკვების (იხ. სურ. 3)  არსი ხშირად უკავშირდება აქაური ბუნების ბრწყინვალებას, ადგილობრივ მითებსა და ლეგენდებს, რომლებიც ზოგჯერ გმირთა, ზოგჯერ ავაზაკთა, ხან კი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ხალხური საქმეების შესახებ მოგვითხრობს.

 

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის რუკა

 

ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ „მაკედონიის“ წევრები ვაჟთა საცეკვაო ანსამბლ „მაკედონიის“ წევრები

რეგიონულ განსხვავებებზე განსაკუთრებით ტრადიციული სამოსისა და ოსტატობის მრავალფეროვნება მიანიშნებს. ამის ნათელი მაგალითია მაკედონიის მთიანი რეგიონების მკვიდრთა ტრადიციული ჩაცმულობა. უწინ მთიელ ხალხთა სამოსის დასამზადებლად, რომელიც ყველაზე მკაცრი ზამთრისთვის იყო გათვალისწინებული, შალის სქელ მასალას იყენებდნენ. ნაქსოვი შალი ცნობილია, როგორც კლაშნა (klashna) ( იხ. სურ. 4) და გამორჩეული მახასიათებელია მთაში მცხოვრები მრავალი ეთნიკური ჯგუფის, მათ შორის – დასავლეთით მცხოვრები მიჯაჩებისა (იხ. სურ. 5) და აღმოსავლეთის მკვიდრ პიჯანჩთა (იხ. სურ. 6),  ტანისამოსისათვის. მამაკაცების სამოსი ძირითადად მუქი ფერისა იყო და ქალის ტანსაცმელთან შედარებით ნაქარგის სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

კლაშნასგან შეკერილი ტანსაცმელი

ანსამბლ „მაკედონიის" წევრები მიაჩის რეგიონიდან ტრადიციულ სამოსში ანსამბლ „მაკედონიის" წევრები პიანეკის რეგიონიდან ტრადიციულ სამოსში

მთიელებისგან განსხვავებით ბარში მცხოვრები და მომუშავე ხალხის, მათ შორის – ოვჩე პოლოს (იხ. სურ. 7) დაბლობის მკვიდრ კოტორჩის ეთნიკური ჯგუფის, ტანისამოსი ნათელი, შთამბეჭდავი ფერებითა და ისეთი მსუბუქი, თხელი ქსოვილებით გამოირჩევა, როგორებიცაა: კენარნო პლატნო (Kenarno Platno) (იხ. სურ. 8), ნაქსოვი ბამბა, შალი და აბრეშუმის ძაფი. ეს მრავალფეროვნება მხოლოდ ტრადიციული სამოსით როდი შემოიფარგლება, ამგვარ განსხვავებებს ცეკვაში, სიმღერასა და მუსიკაშიც აღმოაჩენთ.

 ანსამბლ „მაკედონიის" წევრები პიანეკის რეგიონიდან ტრადიციულ სამოსში კენარნო პლატნოსგან დამზადებული სამოსი

ჩემი სამშობლო, ჩვეულებრივ, ხუთ მთავარ ეთნოქორეოლოგიურ რეგიონად იყოფა, თითოეული მათგანი ინდივიდუალური და განსაკუთრებულია. მაგალითისთვის, განვიხილოთ მიაჩისა და ბრსიაჩის ეთნიკური ჯგუფების (იხ. სურ. 9), უფრო ზუსტად კი – ქალების მიერ შესრულებულ ცეკვებს შორის არსებული განსხვავებები. მიუხედავად ორივესთვის დამხასიათებელი პატრიარქალური ბუნებისა და გეოგრაფიული სიახლოვისა, ისინი ერთმანეთთან მეზობლობენ კიდეც. ბრსიაჩის ქალთა ცეკვები, როგორც წესი, უფრო თავისუფალი და ნაკლებად მკაცრია, ვიდრე მათი მიაჯიელი კოლეგებისა. ამასთან ერთად, ყურადღებას იპყრობს კიდევ არაერთი განსხვავება, რომლებიც მთელ ქვეყანაშია გავრცელებული. მაგალითად, მამაკაცებს უფლება ჰქონდათ, თავდავიწყებით ეცეკვათ და ეხტუნავათ, ხოლო ქალთა შესრულებული როკვა მნიშვნელოვან სოციალურ შეზღუდვებს ირეკლავდა, მათ ხშირად ენერგიულად ცეკვაც კი ეკრძალებოდათ. ამის საპირისპიროდ, კაცებს შეეძლოთ, ვნებიანად ეცეკვათ, მაცოცხლებელი ენერგია მკვირცხლ მოძრაობად გარდაექმნათ, ხოლო ქალები უფრო მოდუნებული, მორცხვი და თავშეკავებული უნდა ყოფილიყვნენ.

ანსამბლ „მაკედონიის“ ქალთა საცეკვაო ანსამბლი წევრები
 ბრსიაჩის ტრადიციულ კოსტიუმებში

აღსანიშნავია, რომ მაკედონიაში ტრადიციული ცეკვის ორ ძირითად კატეგორიას ვხვდებით. პირველი, ესაა ცეკვა ტრადიციების მიხედვით, რაც მიზნად ისახავს გარკვეული შეტყობინების გადაცემას, სურვილის ასრულებას და ღმერთის, ან თუნდაც ღმერთების, კეთილგანწყობის მოპოვებას. ეს ცეკვები უძველესი წარმართული რიტუალებიდან მომდინარეობს და ისინი უხვი მოსავლის უზრუნველყოფას, ინდივიდების ან თემების კეთილდღეობასა და საგვარეულო მიწებიდან ბოროტი სულების განდევნას ემსახურება. რეგიონის სოციალურმა, კულტურულმა და ეკონომიკურმა კლიმატმა ამ ცეკვებს განსხვავებული რიტმები, დრამატურგიული ელემენტები, ასოციაციური მოძრაობები, მუსიკალური აკომპანემენტი და მელოდიები შესძინა. მათ ობრედნი იგრის“ (obredni igri) (იხ. სურ. 10) ან ობრედნი ორას“ (obredni ora) უწოდებდნენ. პირველი მათგანი კონკრეტული დღესასწაულის ან მხიარულების მთლიან რიტუალს მოიცავს, მეორე კი – მხოლოდ რიტუალის საცეკვაო ნაწილს. ამ რიტუალური ცეკვების ყველაზე ცნობილი ნიმუშებია „რუსალიები“ (Rusalii) გევგელის რეგიონიდან (იხ. სურ. 11) და „ძოლომარი“  (Dzolomari) ტიკვეშის რაიონის სოფელ ბეგნიშტედან (იხ. სურ. 12). მიუხედავად იმისა, რომ ეს მამაკაცური მსვლელობა მთელ მაკედონიაში გავრცელებულია, მას განსხვავებული სახელები და ტრადიციული ნიღბები ახასიათებს, თუმცა მიზანი ამ შემთხვევაშიც იგივე რჩება: ისინი იკრიბებიან, მთელი სისავსით ინარჩუნებენ ხასიათსა და ხიბლს და ამგვარად ქმნიან კულტურისა და ისტორიის ჰარმონიულ მთლიანობას, ისეთს, როგორიც დროს გაუძლებს. ტრადიციული ცეკვების მეორე ჯგუფი სხვადასხვა დღესასწაულის დროს სრულდებოდა. სობორსკი ორა“ (Soborski ora) სიტყვასიტყვით ჯგუფურ ცეკვებს“ ნიშნავს, საქორწილო ზეიმებსა და მთავარ მართლმადიდებლურ დღესასწაულებს ამკობდა, მათ შორის, აღდგომას, წმინდა გიორგის ხსენების დღეს ან სოფლის უბრალო დღესასწაულებს. „სობორსკი ორასა“ და „ობრედნი ორას“ შორის ძირითადი განსხვავება გახლდათ ის, რომ „სობორსკი ორა“ არ იყო რიტუალებისა და რელიგიური ცერემონიების ნაწილი. მის მიზანს ძირითადად საზოგადოების გართობა წარმოადგენდა. სპეციფიკური მახასიათებლებითა და განმასხვავებელი ნიშნებით ეს ცეკვები პირდაპირ უკავშირდება მაკედონიის სხვადასხვა ეთნოგრაფიულ რეგიონს. „სობორსკის ორას“ შესრულების მრავალი წესი და ჩვეულება არსებობს. სწორედ ამიტომ მათი კლასიფიკაცია უკავშირდება იმ რეგიონს, სადაც ისინი სრულდება და არა რომელიმე კონკრეტულ სოფელს. საქმე ტრადიციულ ცეკვებს როცა ეხება, ზოგიერთ ცნობილ ეთნოგრაფიულ რეგიონს, მათ შორის, სკოპსკოს, გოსტივარსკოს, ტეტოვსკოს, დებარსკოს, გევგელისკოსა და შტიპსკოს, საკუთარი განსხვავებული მახასიათებლები აქვს. კონკრეტული ჯგუფებისადმი მიკუთვნილობის გრძნობამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამ ცეკვების დანაწილებასა და მათ შორის არსებულ განსხვავებებზე.  როგორც ვარაუდობენ, წარსულში მაკედონიის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ბევრი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც, მიუხედავად საერთო ენისა და რელიგიისა, ერთმანეთთან არ ქორწინდებოდა. მაგალითად, როგორც ადრე აღვნიშნეთ, კოტორცებს, ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც ოვჩე პოლის ვაკეზე ცხოვრობდა, ჰქონდათ მრავალი ისეთი დამახასიათებელი ელემენტი, რომლებიც არ შეიმჩნეოდა მთებში მცხოვრები შოპის“ (Shopi) ცეკვებში (იხ. სურ. 13). გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად, ორივე ჯგუფი ცეკვის წეს-ჩვეულებებში მნიშვნელოვან განსხვავებებს ინარჩუნებდა.

ანსამბლ „მაკედონიის“ ვაჟთა საცეკვაო ანსამბლის წევრები ასრულებენ რიტუალურ ცეკვას

სწორედ ასე შეიძლება მარადისობის უზრუნველყოფა – წარსულის ხსოვნით, მამების მიერ შვილებისთვის ამბების თხრობით, იმ სიმღერების გაცოცხლებით, რომლებიც სიყვარულს, დაბადებასა და სიკვდილს ეძღვნება, იმ ცეკვების წარსულიდან გამოხმობით, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ასრულებდნენ ჩვენი წინაპრები. ეს და კიდევ ვინ იცის, რამდენი რამ ინარჩუნებს ჩემი ქვეყნის ზეპირი და წერილობითი ტრადიციების მომხიბვლელ სულს, მე კი იღბლიანად მივიჩნევ თავს, რადგან თავადაც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. მე, როგორც გოცე დელჩევის უნივერსიტეტის ეთნოქორეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს, არაერთ კვლევით პროექტში მიმიღია მონაწილეობა. ამ პროექტთა უმრავლესობა მაკედონიის ტრადიციული ცეკვების, სამოსის, სიმღერების აღდგენასა და შესწავლას ეძღვნება.

 ანსამბლ „მაკედონიის“ ვაჟთა საცეკვაო ანსამბლის წევრები რუსალის წარმოდგენისას ძოლომარი სოფელ ბეგნიშტედან

ამ ყოველივეს ნაწილი, ერთი მხრივ, ჩემი ინტერესებისა და მისწრაფებების გამო გავხდი, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ანსამბლ „მაკედონიის“ როლი. ანსამბლი „მაკედონია“ საშემსრულებლო ჯგუფია, რომლის მთავარ მიზანს მაკედონიის ტრადიციული კულტურის აღდგენა და დაცვა წარმოადგენს. ესაა პროფესიონალებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული უნიკალური ანსამბლი. მისი წევრები ეთნოქორეოლოგიის, ეთნომუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის, უფრო ზუსტად, ტრადიციული ცეკვების, ინსტრუმენტებისა და სიმღერის სპეციალისტები არიან. 2012 წელს დაარსებული ანსამბლი ორმოცდახუთამდე წევრს აერთიანებს, მათი ასაკი კი თხუთმეტიდან ორმოცდახუთ წლამდე მერყეობს. ჯგუფის წევრთაგან მრავალი ჩემსავით სტუდენტია. ანსამბლი „მაკედონია“ პროექტებში ჩართულ სხვა ადამიანებთან ერთად აქტიურ როლს თამაშობს დარგის განვითარებაში. ადგილობრივ კონცერტებსა თუ საერთაშორისო სცენაზე ის განასახიერებს ერთგვარ იმედის შუქურას, რომელიც ტრადიციული კულტურის შენარჩუნებას, აღდგენასა და გაცოცხლებას ჰპირდება როგორც რიგით მაკედონიელებს, ისე ამ კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს მთელ მსოფლიოში.

ანსამბლ „მაკედონიის“ წევრები შოპის ტრადიციულ სამოსში

იმედია, ეს პატარა სტატია გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით მაკედონიურ კულტურაზე და გადაწყვეტთ, თავადაც ესტუმროთ, იმოგზაუროთ, აღმოაჩინოთ და მეტი შეიტყო ჩემი ქვეყნის შესახებ.

ავტორი :

ფილიპ ანასტასოვი - შტიპის გოცე დელჩევის უნივერსიტეტის ეთნოქორეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი