ნაჯიე ბუტუჩი, ქალის მიერ შესრულებული მამაკაცთა ეპიკური პოემები კოსოვოში
მაისის იმ ღამეს პრიშტინის აეროპორტიდან მის სახლში მისულს მეგონა, რომ აღტაცებისგან გული წამივიდოდა. მალიშევის გარეუბანში მისი ფერმის ზემოთ გადაჭიმული უღრანი ტყიდან ბულბულები სიმღერით შემეგებნენ, რაც კოსოვოელ მომღერალთან, ჩემს მეგობარ ნაჯიე ბუტუჩთან, ჩემი მეორედ სტუმრობის განსაკუთრებული მისალმება იყო.
შეიძლება თუ არა, ხმის გაგონებამ შეცვალოს ადამიანის ცხოვრება? ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ უცილობლად! ნაჯიეს ორი წლით ადრე შევხვდი ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ვითარებაში, პარიზში, საფრანგეთში, დივანზე მწოლიარე, კოვიდიან ბნელ ღამეს. მოგზაურობა შეუძლებელი იყო, ამიტომ სოციალურ ქსელს მივაშურე სამოგზაუროდ. იცოდა რა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის შესანიშნავი ტრადიციული მუსიკისადმი ჩემი ინტერესი, YouTube-ის ალგორითმმა პირდაპირ ნაჯიესკენ გამგზავნა. „პირდაპირ“ რბილად ნათქვამია. უბრალოდ, ვთქვათ, რომ ჩემი მზერა მიიპყრო სასიმღერო გარემომ, რომელმაც მაშინვე ანდამატივით მიმიზიდა. ვიდეოში ტახტებზე მიწოლილი, მხოლოდ მამაკაცი მსმენელით გარშემორტყმული რამდენიმე მუსიკოსი ფეხებგადაჯვარედინებული ისხდა დაბალი მაგიდის გარშემო, უკრავდნენ პატარა გრძელყელიან ბარბითებს, ერთ ვიოლინოსა და აკორდეონს. ამ მდიდარი ინსტრუმენტული ანსამბლიდან ისმოდა დამაჯერებელი და ტირილივით ძლიერი სოპრანო. კარგად დავაკვირდი: ორსიმიან ბარბითს (çifteli – ჩიფთელი) უკრავდა და მღეროდა მამაკაცებს შორის ერთადერთი ახალგაზრდა ქალი 1, რომელიც თითქოს ყურადღების ცენტრში იყო.
პირადად მე, როგორც თურქ მომღერალსა და ბარბით ბაღლამას დამკვრელს, ამ სიმღერებმა თავი მაშინვე კომფორტულად მაგრძნობინა, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ მესმოდა. ჩემ მიერ შესრულებულის მსგავსად, ისინი მიჰყვებოდნენ რეგულარულ მეტრზე დაფუძნებულ დაღმავალ მელოდიას, ბარბითის აკომპანემენტი გარკვეული ვარიაციებით მაგონებდა ანატოლიელ ბარდებისას. შემსრულებელიც ქალი იყო, რომელსაც, როგორც მივხვდი, ამ მამაკაცურ გარემოში შეეღწია. მოხიბლულმა უფრო მეტი გავიგე მის შესახებ, ვისწავლე კოსოვოს მუსიკის საფუძვლები, ალბანური ენის რამდენიმე ძირითადი საწყისი და დავჯავშნე თვითმფრინავის ბილეთი მასთან შესახვედრად.
პატარა ქვეყანა გასაოცარი მუსიკალური სიცოცხლისუნარიანობით...
ბალკანეთის შუაგულში, მდიდარი ისტორიის მქონე რეგიონში მდებარე კოსოვოს ახალგაზრდა რესპუბლიკა მოკრძალებულია ზომითა და მოსახლეობის რაოდენობით (დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი), მაგრამ მდიდარია თავისი მუსიკით. მიუხედავად იმისა, რომ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კოსოვოს ტრადიციები მორღვეულია ცხოვრების სტილის ცვლილების, თანამედროვე მედიისა და გლობალიზაციის გავლენით, საკმაოდ შთამბეჭდავია ტრადიციული მომღერლების წილი. როგორც ბევრ სასოფლო საზოგადოებაში, აქაური სიმღერების მიზანია მომავალი თაობებისათვის ეროვნული ღირებულებების, ისტორიისა და იდენტობის გადაცემა. მათში ჯერ ისევ მკაცრად არის დაყოფილი ფუნქციები მამაკაცსა და ქალს შორის, საზოგადოების როგორც მუსლიმურ, ისე ქრისტიანულ სექტორებში. ქალთა სიმღერები მჭიდროდ უკავშირდება ოჯახურ და ყოფით საკითხებს, მამაკაცთა სიმღერები (მაგალითად, ეპიკური სიმღერა „kengë kreshnikësh“) კი, ადიდებენ მამაკაცისთვის დამახასიათებელ თვისებებს: ვაჟკაცობას, ღირსების გრძნობას, დიდსულოვნებასა და სიმტკიცეს ისტორიის რთულ გზაზე.
კოსოვოს ალბანელები ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია ქვეყანაში, ტრანსნაციონალური ალბანურენოვანი რეგიონის ნაწილი, რომელიც მოიცავს ალბანეთს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას.2 ამ ტერიტორიის ჩრდილოეთ მხარეს ეროვნული იდენტობის მთავარ საყრდენს ბარდი წარმოადგენს. ბოლო პერიოდის გამოჩენილი პოეტები არიან დერვიშ შაკა (1912-1985) და ბაჯრუშ დოდა (1936-2011). ამასთანავე, ახალგაზრდა თაობებშიც ტრადიციული ბალადები ჯერ კიდევ იქმნება. წკრიალაჟღერადობის ჩიფთელის ან სამსიმიანი შარქის (უფრო ღრმა და დიდი მოცულობის მქონე ბარბითის) ფლობის უნარი და ტრადიციული ეპოსების შესრულება, იქნება ეს ორიგინალური სიმღერები თუ მემკვიდრეობით მიღებული რეპერტუარის ნაწილი, კვლავ პატივით მოსავს მათ, ვინც „რაფსოდების“ სახელითაა ცნობილი.3
დერვიშ შაკა
ალბანურენოვანი ეპიკური სიმღერები, რეგიონის სხვა ხალხების (მაგალითად, სერბების4) მსგავსად, სათავეს ძალიან შორეულ წარსულიდან იღებს. ალბანელები, რომელთა პირველი წერილობითი წყაროები XI საუკუნით თარიღდება, თავს მიიჩნევენ მეომრებად, რომლებიც სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ უცხო ძალების – ნორმანების, ბიზანტიელების, ბულგარელების, სერბების, ოსმალების თავდასხმებს – და ზოგჯერ ტაქტიკურ კავშირებს ამყარებდნენ მათთან. სიმღერებში მოხსენიებული ყველაზე ადრეული ისტორიული ფიგურა არის გიორგი კასტრიოტი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც სკანდერბეგი, ეროვნული გმირი, რომელსაც ხოტბას ასხამენ ოსმალეთის ჯარის წინააღმდეგ აჯანყებისთვის XVI საუკუნის შუა ხანებში.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ბალკანეთის აჯანყებებსა და კონფლიქტებს, რომლებიც თან ახლდა ოსმალეთის იმპერიის დაშლასა და ახალი ეროვნული სახელმწიფოების შექმნას, მოჰყვა ალბანეთის სხვა მოწამეების გამოჩენა, რომელთა ღვაწლს დღესაც უმღერიან. უახლესმა ისტორიამ ამ პატრიოტულ პანთეონს მრავალი ახალი ფიგურა შემატა, რამაც ახალი სიცოცხლე შთაბერა მუსიკალურ ჟანრს.
კოსოვო, როგორც სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური პროვინცია, 1945 წელს შეიქმნა იოსიფ ბროზ ტიტოს იუგოსლავიის შემადგენლობაში, მაგრამ 1980 წელს, ტიტოს გარდაცვალების შემდეგ, კოსოვოს ავტონომიას დაუპირისპირდა სერბეთის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის ნაციონალისტური პოლიტიკა. ათი წლის შემდეგ, 1998 წელს, იუგოსლავიის ფედერაციის დაშლამ საბოლოოდ გამოიწვია კოსოვოს ომი, რამაც ბევრი ადამიანი აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინა. აქ მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, გაუპატიურება და განადგურება, ძირითადად, პროვინციის ალბანელებს შეეხო. ამ ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას მაშინვე მიუძღვნეს ოდები. ასეთი მებრძოლი იყო ადემ ჯაშარი, კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც თავისი ოჯახის ორმოცდაჩვიდმეტ წევრთან ერთად მოკლეს. მსგავსი ოდები კოსოვოში ეპიკური და პატრიოტული სიმღერების დღევანდელი რეპერტუარის დიდ ნაწილს შეადგენს. ქვეყანას, რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, ჯერაც არ მიუღია სრული საერთაშორისო აღიარება.5 ამგვარად, სიმღერაში ისტორიული მოღვაწეების ქება-დიდება ინარჩუნებს ეროვნული თვითმყოფადობის დამტკიცების საშუალებისა და ერთგვარ ფუნქციას.
„ბარბითით ხელში მამაკაცებს შორის“
1983 წელს ცენტრალურ კოსოვოში თერთმეტშვილიანი გლეხის ოჯახში დაბადებული ნაჯიე წარმოადგენს თაობას, რომელიც გაიზარდა მილოშევიჩის რეჟიმის წნეხის ქვეშ და ძალიან დაზარალდა კოსოვოელი ალბანელების მარგინალიზაციის შედეგად. მოზარდობისას, 1998-99 წლებში, მან თავად იწვნია კონფლიქტის სიმძიმე და საშინელება: ოჯახი გაიქცა და მთელი წლის განმავლობაში იმალებოდა მახლობელ მთებში. საბედნიეროდ, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ბავშვობაში, 1990-იან წლებში, ბელგრადის რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის საპასუხოდ შექმნილ იატაკქვეშა სკოლებში მან საკუთარ თავში აღმოაჩინა მომღერლისა და ჩიფთელის დამკვრელის მოწოდება. ორჯერ წამიყვანა თავისი ყოფილი მასწავლებლების, ომში დაკარგული ორი ახალგაზრდის, საფლავებზე.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნაჯიემ დაიწყო სოლო გამოსვლები ოჯახურ დღესასწაულებზე და რამდენიმე პრიზიც მოიპოვა ადგილობრივ ფესტივალებზე, იგი თანდათან ჩამოყალიბდა წამყვან შემსრულებლად. მუსიკისადმი მისი სიყვარული ოჯახური ტრადიციებიდან მოდის. მამამისი, 85 წლის აზიზი, მწყემსია. ამასთანავე, ჩინებულად უკრავს თავის პროფესიასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ორ საკრავს – ფიელსა (სტვირი) და ბიშნიკას (გუდასტვირი). ნაჯიეს ორმა ძმამ ასევე ისწავლა ჩიფთელის დაკვრა. ერთი მათგანი, რამიზი, ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე მასთან ერთად ოჯახით იტალიაში ემიგრაციაში წასვლამდე. მიუხედავად ამისა, მკაცრად პატრიარქალურ საზოგადოებაში არც ადრე იყო და დღესაც ნაკლებად გვხვდება ქალი მამაკაცთა თავყრილობებზე, იქ, სადაც ეპოსი სრულდება. კოსოვოში ტრადიციული საკრავების დამკვრელი ქალებიც კი იშვიათობაა.
მასპინძლები, სტუმრები და მუსიკოსები ურთიერთობენ ორ სიმღერას შორის, კოსოვო, 2020
ტრადიციისამებრ, სხვადასხვა ღონისძიებაზე, მაგალითად, ქორწილსა და წინადაცვეთისას, საღამოს ხანგრძლივი კონცერტებისთვის მამაკაცები იკრიბებიან ოდაში, სახლის მისაღებ ოთახში, რომელიც ხშირად მორთულია ბრწყინვალე პანელებით და ქმნის უნიკალურ სივრცეს დროსტარებისთვის. დაპატიჟებული რაფსოდები (რომელთაც ხშირად უერთდებიან მევიოლინეები, აკორდეონისტები და პერკუსიონისტები) იკავებენ ცენტრალურ ადგილს დაბალი, საკვებით დახუნძლული მაგიდების გარშემო, რომელსაც სოფრატს უწოდებენ. ეს სიტყვა ასევე აღნიშნავს თავად მუსიკალურ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება მთელი ღამე გაგრძელდეს. დამსწრეები ეწევიან და სვამენ, ურთიერთობენ, ვნებითა და ექსტაზითაც კი უსმენენ ეპოსებს. ზოგიერთი ლექსით გამოწვეულ მადლიერებისა და სიხარულის წამოძახილს მოჰყვება გამამხნევებელი შეძახილები. ამ დროს მუსიკოსები არ უნდა ჩამორჩნენ, ბარბითებზე დარტყმით უნდა გამოხატონ აღფრთოვანება. დაჯილდოების ნიშნად მათ მაგიდაზე კუპიურები „წვიმს“.
მეტ-ნაკლებად კოდიფიცირებული სიუიტების ფორმის კონცერტები ქმნიან მუსიკალურ ჩარჩოს, ამ დროს მაყურებელი მოხიბლულია თანმიმდევრობით შესრულებული ინსტრუმენტული ნაწარმოებებით და იმ მომენტის კონტექსტის ან შთაგონების მიხედვით რეპერტუარიდან თავისუფლად ამოღებული სიმღერების შესრულებით. ერთიდან მეორეზე გადასვლა ხდება დამხმარე, მოკლე ინსტრუმენტული ფორმულით. ეს დინამიკა ასევე შენარჩუნებულია სხვადასხვა სიმეტრიული თუ ასიმეტრიული რიტმით. მათგან ყველაზე რთული, თორმეტტაქტიანი, ეპიკური თხრობისთვის სპეციფიკური და დამახასიათებელია. ეს ზეპირი გზით გადაცემული პოეზია ეფუძნება დიალოგსა და სიტყვიერ პაექრობას მომღერლებს შორის; ის მუდმივად მდიდრდება გარემოებების მიხედვით, მათ შორის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენებით. სიმღერები მოგვითხრობენ ისტორიის გამორჩეული მოღვაწეების საბრძოლო გმირობაზე, გადასახლების ტკივილზე, სასიყვარულო ტანჯვასა და სამშობლოს სილამაზეზე.
თავის ჯგუფთან ერთად მალიშევეში. მარცხნიდან მარჯვნივ, ბეკირ ისუფი, ჯადი გაში, ნაჯიე ბუტუჩი, აბიტ კადრიჯა, ავნი ბეგა
კოსოვოს ერთ-ერთი უდიდესი სიმღერების ავტორის, დერვიშ შაკას, სადიდებელი ლექსები „მამაკაცებს შორის ბარბითით ხელში“ ახალ მნიშვნელობას იძენს ნაჯიეს შესრულებით, რადგან ის დღეს ერთადერთი ქალია, რომელიც მონაწილეობს სოფრატში და ტრადიციულად ასრულებს ეპიკურ სიმღერებს მამაკაცთა ანსამბლში. ამ ყველაფერს მან მიაღწია არა მხოლოდ ნებისყოფით, არამედ განსაკუთრებული ხმისა და მუსიკალური ოსტატობის წყალობით. შემოქმედებით გზაზე მას დაეხმარნენ დედა, რომელიც არ სთხოვდა სახლის საქმეების კეთებას, და ალბანური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი უძველესი სოციალური ტრადიცია, ე.წ. „დაფიცებული ქალწული“, ანუ ბურნეშე. კანუნით, ანუ ჩვეულებრივი სამართლით, გარკვეულ პირობებში ქალს ენიჭება უფლება, გადმოიღოს მამაკაცის ცხოვრების წესი, რათა თავი დააღწიოს ვენდეტას ან გადასცეს ქონება იმ პირობით, რომ იგი უარს იტყვის ქორწინებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრადიციას მხოლოდ მცირე რაოდენობის ხანშიშესულ ქალი აგრძელებს, მითი ხალხის გონებაში კვლავ რჩება. ნაჯიე ამბობს, რომ მისთვის პატივია საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება. იგი ასევე ამაყობს, რომ გამოიყენა ეს თავისუფლება.
მანქანაში მის გვერდით მჯდომი, კაფესკენ მიმავალ გზაზე, კიდევ ერთ ექსკლუზიურად მამაკაცთა გარემოში, სოფლად, სადაც ის ყოველ დილით მიდის, ვუსმენ, როგორ მღერის ხმამაღლა და შლის კოსოვოს სიმღერისთვის დამახასიათებელ მელიზმებს. თითქოს მთელი მისი არსება ჩათრეულია ამ ძლიერ, დაჭიმულ ხმაში. ბულბულისა არ იყოს, ეს არის არსებობის, სადღაც ბალკანეთის გულში მემკვიდრეობით მიღებული ტერიტორიის დაცვის დადასტურება.
ავტორი ნაჯიესთან ერთად გამოსამშვიდობებელ პიკნიკზე მის სახლთან მალიშევეში 2022 წელს
მუსიკალური მაგალითები
- 1.„თაჰირ მეჰა“ (ისტორიული ფიგურა). ნაჯიეს ერთ-ერთი პირველი კლიპი, ჩაიწერა როდესაც ოცდახუთი წლის იყო, მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ზის ორ ცნობილ რაფსოდთან იბიშ ბროიასა (მარცხნივ) და თაჰირ დრენიცასთან (მარჯვნივ) ერთად
- 2.“Moj Kosovë ta puthsha plagen” („ჩემო კოსოვო, დაგიკოცნე იარები“). კერძო შეკრება, 2018 წელი.
https://www.youtube.com/watch?v=BUkvEWDwxpU
- 3.“Djell e hanë” (მზე და მთვარე, პატრიოტული სიმღერა). ძმასთან რამიზ ბუტუჩთან ერთად, 2018წ.
4.“ქორ ილაზი” (ისტორიული ფიგურა). კლიპი გამოუშვეს 2023 წ. ახალი წლისთვის
1 ‘ç’ ალბანურში გამოითქმის, როგორც „ჩ“. თურქული სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს არის კვარტაზე აწყობილი ორსიმიანი ბარბითი (çifte telli), რომლის ქვედა სიმი არსებითად ბანის ფუნქციას ასრულებს.
2 კოსოვო არის ეთნიკური და ლინგვისტური უმცირესობების სამშობლო, მათ შორის, ყველაზე დიდია სერბული თემი (დაახლოებით – 8%). კოსოვოს ალბანელები საუბრობენ ღეგურ დიალექტზე, რომელიც ჭარბობს ალბანურენოვანი ბალკანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. სამხრეთ ნახევარში, სადაც ტოსკურ დიალექტზე საუბრობენ, ჭარბობს მრავალხმიანობა, ჩრდილოეთ ნახევარში კი მუსიკა ერთხმიანია.
3 ალბანური ეპოსის უკეთ გასაცნობად იხილეთ Scaldaferri, Nicola, ed. 2021. ველური ldaferri, Nicola, ed. 2021. : ალბანური ეპოსი მილმან მერისა და ალბერტ ბ. ლორდის კოლექციაში. კემბრიჯი, MA: Milman Parry Collection of Oral Literature. ხელმისაწვდომია ინტერნეტში https://chs.harvard.edu/read/wild-songs-sweet-songs-the-albanian-epic-in-the-collections-of-milman-parry-and-albert-b-lord/
4 სერბული ეპიკური პოეზია სრულდება გუსლის (gusle) ან ერთსიმიანი ვიოლინოს, ლაჰუტას (lahuta) თანხლებით. მისი ალბანური ეკვივალენტი ლაჰუტე (lahutë) თითქმის გაქრა პრაქტიკიდან და პრაქტიკულად ჩაანაცვლა ლუტმა.
5 ამჟამად გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 98-მა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. საბოლოოდ, სლობოდან მილოშევიჩი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგა. იგი 2006 წელს ჰააგაში გარდაიცვალა.
ფოტო გარეკანზე - ნაჯიე ბუტუჩი