მუსიკით მოთხრობილი ქრისტეს ვნებანი

ქართულმა საეკლესიო გალობამ დიდი ხანია, მოიპოვა საერთაშორისო აღიარება თავისი უნიკალურობითა და არქაულობით. მან მსოფლიო მუსიკის საგანძურს მრავალი შესანიშნავი და დაუვიწყარი საგალობელი შემატა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს „შეხვეტილიანის“ ჰიმნებს, რომლებიც ვნების პარასკევის ღვთისმსახურებაზე 12 ვნების სახარებას ჩაერთვის. „შეხვეტილიანი“ მონუმენტური ციკლია და ის 70 საგალობელს შეიცავს. მის პოეტურ ტექსტებში სახარებისეული ქრონოლოგიის დაცვით მოთხრობილია მაცხოვრის ვნებისა და ჯვარცმის შესახებ, რომელიც საიდუმლო სერობით იწყება და უფლის საფლავად დადებით მთავრდება. „შეხვეტილიანი“ X საუკუნის ძეგლია, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი უცნობია. ის ამავე პერიოდშივე ითარგმნა ბერძნულიდან ქართულად უდიდესი ათონელი მამების – წმინდა ექვთიმესა და წმინდა გიორგი მთაწმინდელების მიერ. თანამედროვე ღვთისმსახურებაში ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული თარგმანია დამკვიდრებული.

ქრისტეს ვნებებისადმი მიძღვნილი „შეხვეტილიანის“ მუსიკალური ციკლის უნიკალურობა ვლინდება მასში თავმოყრილი სხვადასხვა ხმის მრავალფეროვანი ძლისპირებისა და სხვა ლიტურგიკული ფუნქციის მქონე საგალობლების ერთობლიობით (აქ გვხვდება ძლისპირები სხვადასხვა საღვთისმსახურო კრებულებიდან – „მარხვანიდან“, „პარაკლიტონიდან“ და „თვენიდან“;  საუფლო დღესასწაულების – ფერისცვალების, ნათლისღების, ღვთისმშობლის შობისა და მიძინების ძლისპირები; საგალობლები წესის აგებიდან და დიდი პანაშვიდიდან; ტროპარის მე-8 ხმა, დასდებლის მე-2 და მე-8 ხმები, ტროპარ-დასდებლის მე-6 ხმა). მუსიკალური ციკლებისთვის მელოდიური ფონდის ასეთი ფართო სპექტრი საკმაოდ უცნაურია და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ამ მხრივ ლიტურგიკულ პრაქტიკაში „შეხვეტილიანს“ ანალოგი, მართლაც, არ მოეპოვება.

წმინდა გიორგი მთაწმინდელი ციკლის უჩვეულო მუსიკალურ შემადგენლობას ხსნის თავის ავტოგრაფულ „მარხვანში“, Ath. 38. „შეხვეტილიანზე“ დართულ ანდერძ-მინაწერში იგი აღნიშნავს, რომ არ გაითვალისწინა ბერძნული ტრადიცია, რომელიც ორიგინალური ძლისპირების შეთხზვას მოითხოვდა და „შეხვეტილიანს“ თავად შეუფარდა ქართველთათვის ძველთაგან ცნობილი საგალობელთა ჰანგები[i]. ამის მიზეზი იყო ის, რომ იგი ათონზე ვერ იპოვიდა ახალი ჰიმნების შესწავლის მსურველს, ვინც მათ საქართველომდე ჩამოიტანდა. ამიტომ წმინდა მამამ „შეხვეტილიანი“ გამართა მგალობელთათვის კარგად ნაცნობი ძლისპირებით, რომლებიც დედანი ჰანგების სახით მიუთითა ტექსტში. დედანი ჰანგი ერთგვარი თარგი, ნიმუშია, რომლის მიხედვითაც გალობენ ამა თუ იმ საგალობელს. მათი აღნიშვნა ჰიმნოგრაფიულ მასალაში, ტრადიციულად, მოკლე ვერბალური ინციპიტებითაა [ii] მითითებული. ვერბალური ტექსტის თავზე კი წითელი მელნით მიწერილია ჰანგის განმარტება. ასე აღმოჩნდა ერთ ციკლში თავმოყრილი სხვადასხვა ხმისა და საღვთისმსახურო განგების ძლისპირები. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ანდერძ-მინაწერი უაღრესად საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ის ქართული საეკლესიო გალობის თვითმყოფადობის დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს ცნობებს შეიცავს და წარმოადგენს კიდევ ერთ წყაროს VIII საუკუნიდან ქართველების ქართულად გალობის შესახებ (სურ. 1).

როგორც ქართული გალობის ნიმუშების უმრავლესობა, „შეხვეტილიანის“ საგალობლებიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გადაიტანეს ნოტებზე. სულ ორი ხელნაწერი მოგვეპოვება: კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული წმინდა ექვთიმე კერესელიძის[iii] სანოტო კრებული (Q 686) და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში შემონახული დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერი (# 2128)

საგალობელთა ნოტებზე გადატანის ისტორია ასეთია: „შეხვეტილიანის“ ზედა ხმა წმინდა ფილიმონ ქორიძემ[iv] გურიაში მცხოვრები ცნობილი მგალობლებისგან, ანტონ და დეკანოზ დავით დუმბაძეებისაგან (ანტონის ვაჟი) ჩაიწერა. შემდეგ ქორიძემ თავად სცადა, მათთვის შუა ხმა შეეფარდებინა, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო და მხოლოდ 27 საგალობელს შეუწყო ორი ხმა. დანარჩენი საგალობლები სამ ხმაში გააწყო დეკანოზმა რაჟდენ ხუნდაძემ ქორიძისეულ დედანშივე. წმინდა ექვთიმე კერესელიძემ კი ხუნდაძის ხელნაწერის ასლი შექმნა.

რას გვიამბობს „შეხვეტილიანი“ საკუთარ თავზე, ან რისი თქმა სურდა ავტორს, როდესაც მას „შეხვეტილიანს“ არქმევდა?

ტერმინს „შეხვეტილიანი“ რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. მუსიკათმცოდნეობის ლიტერატურაში ის პირველად მკვლევარმა მ. ხვთისიაშვილმა ახსნა და მაცხოვრის ვნებასთან, ჯვარცმასთან გააიგივა, თვითონ მუსიკალურ ციკლს კი „ქართული პასიონი“ უწოდა. მართლაც, „შეხვეტილიანი“ ძველი ქართული ენის ლექსიკონში განმარტებულია, როგორც წმინდანთა ტანჯვისა და გვემის გამომხატველი ტერმინი. ამას ადასტურებს ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ძეგლებიც, რომლებშიც „ხვეტა“ მოწამეთა სასტიკი სატანჯველის კონტექსტშია მოყვანილი. ტერმინს „შეხვეტლიანი“ სხვა მნიშვნელობაც აქვს. ის დაახლოებით XVIII საუკუნიდან გვხვდება საერო ლიტერატურაში და  აღნიშნავს ისეთი ტიპის კრებულს, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა ავტორისა და სხვადასხვა შინაარსის მხატვრული თხზულებები. ე.ი. „შეხვეტილიანს“ უწოდებენ ალმანახს ან ანთოლოგიას, სადაც გაერთიანებულია განსხვავებული ეპოქის, სტილისა და ავტორის ნაწარმოებები. აღნიშნულის ნათელი მაგალითია მღვდელ ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილის, „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი გადამწერის, 1772-1779 წლებში შედგენილი „შეხვეტილიანის“ სამი კრებული (A-999, A-858, A-860). მათში შესულია სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოები, როგორებიცაა: „ვეფხისტყაოსანი“, „შაჰნამე“, „ზაქარიანი“, „საამიანი“, „როსტომიანი“, „ამირანდარეჯანიანი“, „ომანიანი“ და სხვ.

„შეხვეტილი“ ტოპონიმის სახითაც გვხვდება საქართველოში. ის უწოდებიათ კახეთის ერთ-ერთი სოფლისთვის იმის ნიშნად, რომ აქ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსახლებული ხალხი ცხოვრობდა. სახელით „შეხვეტილა“ ცნობილია აგრეთვე ილტოს ხეობის (დაბა მანგლისი) ადმინისტრაციული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელშიც ფშავიდან გადმოხვეწილი მოსახლეობა მკვიდრობს.

როგორც ვხედავთ, ღვთისმსახურებაში „შეხვეტილიანის“ მუსიკალური ციკლის პირველი მნიშვნელობის თანხვედრაა უფლის ვნებებთან დაკავშირებულ იმ შინაარსსა და ტერმინთან, რაც წამებასა და ტანჯვას აღნიშნავს, ხოლო მეორე მნიშვნელობა ციკლის მუსიკალურ შედგენილობას უსვამს ხაზს და „შეხვეტილიანს“ წარმოადგენს, როგორც მრავალფეროვან ძლისპირთა და სხვადასხვა ლიტურგიკული ფუნქციის მქონე საგალობელთა ერთობლიობას. როგორც აღინიშნა, ლიტურგიკულ პრაქტიკაში არსებულ არც ერთ მუსიკალურ ციკლში ასეთი რაოდენობისა და მრავალფეროვნების ძლისპირებს არ გალობენ, რაც უდავოდ ციკლის განსაკუთრებულობაზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია „შეხვეტილიანის“ ტექსტისა და მუსიკის ავტორი და არც ის ვიცით, ვინ უწოდა მას ეს სახელი, ერთი რამ მაინც ცხადია – „შეხვეტილიანი“ ციკლს დაერქვა მაცხოვრის ვნებებისა და მისი მუსიკალური მრავალფეროვნების გადმოსაცემად.

საგალობელი „საცნობელნი ჩვენნი“, ხმა 5. „შეხვეტილიანის“ მუსიკალური ციკლის პირველი დასდებელი. ჩაწერილია გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდიაში „ქართული გალობა“ ამავე სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით.

 

განმარტებანი:

[i] ჰანგში იგულისხმება კილოც, მელოდიაც და ჰარმონიაც, ანუ საგალობლის მთელი მუსიკალური ქსოვილი. 

[ii]  ინციპიტი (ლათ. incipit  – იწყება. ზმნიდან incipio  – დაწყება) საგალობლის საწყისი ერთი ან რამდენიმე სიტყვა, რომლითაც ხდება მისი იდენტიფიკაცია. ინციპიტი საგალობლის სათაურის ფუნქციას ატარებს. მთელი რიგი საგალობლების იდენტიფიცირებისა და დასათაურებისათვის არა ჟანრული კუთვნილება, არამედ მათი ინციპიტები გამოიყენება.  

[iii] XIX საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის საქმეში. მან ნოტებზე გადაიტანა 6000-ამდე საგალობელი და ქართველი ერის საუნჯე დავიწყებისაგან იხსნა.

[iv] პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი), ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლოტბარი და ხალხური გუნდების ორგანიზატორი. დიდი შრომა გასწია ქართული მრავალხმიანი გალობის ნოტებზე გადასატანად, რისთვისაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და უწოდა წმინდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.

 

ავტორი :

მონაზონი ნინო სამხარაძე - საეკლესიო მუსიკოლოგიის დოქტორანტი