მწყემსი ბიჭის უძველესი სალამურის ამბავი
იქნებ ბევრმა არც კი იცის, რომ საქართველოში დაფიქსირებულ მუსიკალურ საკრავთაგან უძველესი გედის ძვლის უენო სალამურია. ამ პაწაწინა ნივთმა (მისი სიგრძე 199 მმ-ია) ქართული ყოფისა და მუსიკის მრავალი საიდუმლო შემოგვინახა. ექსპონატი ნაპოვნია საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში, სამთავროში, 1938 წელს. დიდმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა მას მწყემსი ბიჭის სალამური დაარქვა. რატომ? – საკრავი მოზარდის სამარხში, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ცხოველების ჩონჩხებთან ერთად, აღმოჩნდა.
ივანე ჯავახიშვილი და სიმონ ჯანაშია არმაზში, არქეოლოგიურ გათხრებზე, 1940
გედის ლულოვანი ძვლისაგან დამზადებული სალამური ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებით თარიღდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საკრავი ტექნოლოგიურად საკმაოდ დახვეწილია და ის მწყემს ბიჭუნას საფლავში ჩაატანეს როგორც საჭირო და აუცილებელი ნივთი, აგრეთვე იმას, რომ მსოფლიოში ცხოველ-ფრინველთა (მათ შორის გედის) ძვლის სალამურები უძველესად მიიჩნევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ძვლის სალამურების ისტორია 3 000 წელზე ბევრად ძველია. მოგვიანებით ძვლის სალამურები საქართველოში სხვა არქეოლოგიური გათხრების დროსაც იპოვეს. მათ სპეციალური გამოკვლევები მიუძღვნეს პროფესორებმა გრიგოლ ჩხიკვაძემ და მანანა შილაკაძემ.
ქართულ ხალხურ ზღაპრებს შორის განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს წიქარა, რომელიც ობოლი ბიჭისა და ალისფერი ხარის მეგობრობაზე გვიამბობს. შესაძლოა, ბევრს არც კი მიუქცევია ყურადღება, რომ ზღაპარმა უძვირფასესი ცნობა შემოგვინახა ჩვენში ორგვარი სალამურის არსებობაზე. დიახ, ადრე ქართველებს ორგვარი სალამური ჰქონიათ: ჭირისა და ლხინის! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვანაირ სალამურზე უკრავდნენ.
საქართველოში დღემდე არსებობს ორივე ტიპის – ენიანი და უენო სალამური. ენა სალამურში ჩასმული ლერწმის მოკლე საცობია. უამისოდ სალამურს უენოს უწოდებენ. ენიანი და უენო სალამურები განსხვავდება არა მხოლოდ აგებულებით, არამედ დაკვრის ტექნიკითა და ხმოვანებით. საექსპედიციო მუშაობისას აღმოსავლეთ საქართველოს მთაში მცხოვრები მწყემსების თქმით, ძველად ენიან სალამურს ძროხებისთვის, უენოს – ცხვრებისთვის, ხოლო თიხის სალამურებს – ღორებისთვის იყენებდნენ.
ფაქტია, მწემსებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომელი ცხოველი რომელ ბგერას აღიქვამდა უკეთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთვის საკრავი უბრალოდ დროის გასაყვანი და გასართობი კი არა, სამუშაო იარაღი იყო. როგორც ვხედავთ, ივანე ჯავახიშვილს ტყუილად არ შეურქმევია უძველესი საკრავისთვის წყემსი ბიჭის სალამური. საოცარ ემოციას აღძრავს მისი ხმის მოსმენა. საკრავი 2000 წელს მუსიკოსმა სანდრო ნიკოლაძემ ააჟღერა. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებულ ამ ექსპერიმენტში ეთნომუსიკოლოგები, მალხაზ ერქვანიძე და ლევან ვეშაპიძე, მონაწილეობდნენ.
გედის ძვლის უენო სალამური ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მისი ასლი – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში. 1987 წელს უენო სალამური შალვა ბაბუხადიამ საქონლის ძვლისაგან დაამზადა ზომების დაცვით.
ფოტო გარეკანზე: უენო სალამური.