სტატიის შინაარსსა და ფაქტობრივ სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი

მგალობელი დუმბაძეები

1893 წლის 17 ივნისს ცნობილი საოპერო მომღერალი ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში ჩავიდა.[1] იმხანად ოზურგეთამდე რკინიგზა ჯერ კიდევ არ იყო გაყვანილი, ამიტომ ნატანებიდან ქალაქამდე გზა მგზავრებს ეტლებით უნდა გაევლოთ. საგანგებოდ გურიის ექსპედიციისთვის შეძენილი ფისჰარმონია, რომელიც ქართული საგალობლების ნოტაციაში უნდა დახმარებოდა, ფილიმონმა ბარგთან ერთად საგულდაგულოდ მოათავსა და გზა განაგრძო.

ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამბის დასაწყისი, რომელშიც მთავარი მოქმედი გმირები, ფილიმონ ქორიძესთან ერთად, იქნებიან მგალობელი დუმბაძეები,   რომელთა მუსიკალური ნიჭი და ქართული გალობის ერთგულება ამ ამბის მთავარ ინტონაციას შექმნის.

ფილიმონ ქორიძე

ფილიმონის ჩასვლა ოზურგეთში მისი კულტურული მისიონერობის დასაწყისია. 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ქართული გალობის ბედი მომავალი ორი ადამიანის შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა. ერთ მხარეს იდგა ქორიძე, რომელმაც ლა სკალა დატოვა, მეორე მხარეს - კი ანტონ დუმბაძე, გურიის სახელგანთქმული მგალობელი, სამხედრო პირი, რომლის სურვილი ამ ტრადიციის ცოცხლად გადარჩენა იყო.[2]

გაზეთი „ივერია“. 1893 წ. N 125

ფილიმონ ქორიძის ბიოგრაფია განსაკუთრებული ფენომენია. მან წარმატებული საოპერო კარიერა მიატოვა, რათა ქართული საგალობლების ჩაწერისათვის მთელი ცხოვრება მიეძღვნა. მისი გადაწყვეტილება მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ უნდა ყოფილიყო. იმ ეპოქაში ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის იდეისადმი ერთგულება მრავალ მოღვაწეს ახასიათებდა.

ქართული საგალობლების ნოტებზე გადატანა ფილიმონმა რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. იგი გურულ მგალობლებს - მელქისედეკ ნაკაშიძესა და ნესტორ კონტრიძეს სახლში, როიალზე უჩვენებდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანის ხმით ნამღერი ჰანგი ინსტრუმენტის საშუალებით აეჟღერებინა. იმ დროის სასულიერო და კულტურული წრეები აცნობიერებდნენ, რომ რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სახელმწიფოებრივი და საეკლესიო მმართველობის შეზღუდვის პირობებში ქართული გალობის გადარჩენა მხოლოდ საღმრთისმსახურო პრაქტიკისთვის საჭირო საქმე კი არა, ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო.

ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ფილიმონის თხოვნას დათანხმდა და ქუთაისში გალობის მომავალზე სასაუბროდ მიიწვია. ეს მხარდაჭერა ფილიმონის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეპისკოპოსმა ქუთაისში შეკრიბა იმ დროის გამორჩეული მგალობლები - ჯაბა და ტელემაკ გურიელები, მელქისედეკ ნაკაშიძე, ნესტორ კონტრიძე, დიმიტრი ჭალაგანიძე, ნიკო მეძმარიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, რაჟდენ ხუნდაძე, ტარასი ტყეშელაშვილი, ივლიანე შოთაძე, დეკანოზი ვასილ ქუთათელაძე და სხვა სახელოვანი ოსტატები. სწორედ ამ წრეში გაიცნო ფილიმონმა ანტონ დუმბაძე. ფილიმონის შრომამ მალე გამოიღო ნაყოფი. ნოტებზე გადატანილი „იოანე ოქროპირის წირვის წესი“ 1895 წელს დაიბეჭდა.[3]

იოანე ოქროპირის წირვის წესი. 1895 წ. გამოცემა

ქუთაისში შეხვედრიდან რამდენიმე წელში „ივერიის“ ექსპედიტორის მაქსიმე შარაძის, მისი მეგობრის ესტატე კერესელიძის, ექვთიმე თაყაიშვილისა და არისტოვლე ქუთათელაძის გადაწყვეტილებით და თანადგომით ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში გაემგზავრა. ესტატე კერესელიძე იგონებს:

„ვსთხოვეთ ფილიმონ ქორიძეს ქ. ოზურგეთში წასვლა და დუმბაძეებისაგან ნოტებზე გალობის გადაღება; მან გვითხრა: კარგი იქნება, მაგრამ მე იქ ფორტეპიანოს ვერ წავიღებ, თუ მიყიდით ფისჰარმონიას, მაშინ წავალ და გადავიღებ, მხოლოდ თვიური ჯამაგირი იგივე ათი თუმანი თვეში და რამდენსაც გადავიღებთ იმდენი სამ-სამი მანეთიო. ჩვენ დავეთანხმეთ და ფისჰარმონია გამოვუწერეთ და როცა მივიღეთ, მაშინ წავიდა გურიაში გამოჩენილ მგალობელ ანტონ დუმბაძესთან, იგიც დაგვეთანხმა თითო გალობის სამ-სამ მანეთად გადაცემას“.[4]

ცნობილი მუსიკოსი ოზურგეთში ფირცხალაიშვილების ოჯახში დაბინავდა (ამ ადგილზე 1980-იან წლებში ქალაქის პროკურატურის შენობა აიგო). ფისჰარმონიას ხშირად ურემზე დადებდა და თვითონ ფეხით მიჰყვებოდა, სოფელ-სოფელ დადიოდა, სიმღერებს იწერდა.

ძირითადი სამუშაო კი ანტონ დუმბაძესთან ერთად მიმდინარეობდა. მას ეხმარებოდნენ შვილი - დეკანოზი დავით დუმბაძე და მოსწავლე სვიმონ მოლარიშვილი. ხანდახან ანტონი ახალგაზრდა ვარლამ სიმონიშვილსაც გზავნიდა ფილიმონთან, რომელიც ზეპირად უმღეროდა მოძღვარს: „ვარლამი ზეპირად წაუმღერებდა ფილიმონ ქორიძეს და ისიც ნოტებზე იწერდა საგალობლებს.“[5]

ანტონ და დავით დუმბაძეები

ამ ისტორიით ჩემი დაინტერესება დაკავშირებულია XIX საუკუნის გურიაში საეკლესიო ცხოვრების მოწყობის ამსახველ მასალაზე მუშაობასთან. საარქივო წყაროებში დუმბაძეები გვევლინებოდნენ არა მხოლოდ როგორც გამოჩენილი მგალობლები, არამედ - როგორც გურიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა მოვლენის აქტიური მონაწილეები. კვლევის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ცნობები ანტონ დუმბაძის დიდი ოჯახის შესახებ. წიგნის გამოცემის დროისთვის დუმბაძეების ცხოვრების ბევრი დეტალი ჯერ კიდევ უცნობი, კითხვები კი მრავალი იყო. ეს კვლევის გაგრძელების სურვილს უფრო აძლიერებდა.

ზოგადად, კვლევითი მუშაობა კარგად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტები, არამედ ოჯახურ მეხსიერებაში შემონახული ნარატივები. ასეთი ინფორმაცია მოგვიანებით გამოჩნდა მემუარული ხასიათის ჩანაწერების სახით, რომელიც ანტონ პაპას (როგორც ოჯახში ეძახდნენ თურმე) შვილთაშვილს, თამარ ღლონტს ჩაუწერია.[6] ამ დრომდე ეს ჩანაწერები არ გამოქვეყნებულა. მემუარები ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ფასეული ისტორიული წყაროა, რადგან ისინი ავსებს საარქივო დოკუმენტებში არსებულ სიცარიელეს და გვთავაზობს წარსულის ცხოვრების, ოჯახური ურთიერთობებისა და სოციალური ყოფის სურათს.

მემუარისტის წყარო მისი დედა, ანტონის შვილიშვილი და დეკანოზისა და მგალობლის დავით დუმბაძის ასული ალექსანდრა, იგივე საშიკო ყოფილა. მისი ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესოა იმდროინდელ არისტოკრატიულ და სამღვდელო წრეებთან კავშირების თვალსაზრისით. ყოფილა წერა-კითხვის საზოგადოების წევრი და მეუღლესთან, მღვდელ იონა ღლონტთან ერთად აორგანიზებდა „ალეგროს“[7] დღესასწაულს ოზურგეთში. შემოსულ თანხას კი  საზოგადოებას უგზავნიდა. ალექსანდრას მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონია ბიძას, გენერალ-მაიორს, იალტის მმართველ ივანე ანტონის ძე დუმბაძეს.[8] 

მემუარების მიხედვით, ივანე დუმბაძემ დიდი გულუხვობა გამოიჩინა ალექსანდრას ქორწილის დღეს: მან საკუთარი ხარჯით უზრუნველყო ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრთა გადაყვანა. ეტლებით („დელეჟანებიო“, წერს მემუარისტი) უფასო მომსახურება მხოლოდ მატერიალურ მხარდაჭერაზე არ მიანიშნებს, ის იმ ეპოქის სოციალური პრესტიჟის და ნათესაური ვალდებულებების  გამოხატულებადაც შეიძლება განვიხილოთ.

ძმები - დეკანოზი დავით და გენერალი ივანე დუმბაძეები

დუმბაძეების ასეთი შეძლებული ეკონომიკური მდგომარეობა აიმედებდა ფილიმონ ქორიძის ექსპედიციის ორგანიზატორებს, რომ მხცოვან ანტონ დუმბაძეს შვილები ისეთ პირობებს შეუქმნიდნენ, საოჯახო საქმეებს მისთვის მუშაობაში ხელი რომ არ შეეშალა.[9]

საეკლესიო საგალობლების ნოტირების მიზნით ანტონ დუმბაძესთან ფილიმონის ჩასვლა შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. ანტონ დუმბაძეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ითვლებოდა გურიაში საგალობლების ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ (სრულ მგალობლად, როგორც უწოდებდნენ, რაც მთელი წლის სამგალობლო რეპერტუარის ცოდნას გულისხმობდა). საზოგადოებაში მიიჩნეოდა, რომ მისი ცოდნის დაკარგვა ქართული გალობის ტრადიციისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა. ამიტომ ფილიმონ ქორიძე და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ დუმბაძის დათანხმებას ამ საქმეში მონაწილეობის მისაღებად.[10]

ანტონ დუმბაძე

1890-იან წლებში გაზეთი „ივერია“ ხშირად აქვეყნებდა მასალებს საეკლესიო გალობის მომავლისა და მისი შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ. აქედან ვიგებთ, რომ შეთანხმება მოხდა.[11] წყაროებში ზუსტად არაა ცნობილი, სად მიმდინარეობდა ფილიმონის და ანტონის სამუშაო შეხვედრები — ქალაქ ოზურგეთში, დუმბაძეების სახლში[12] თუ სოფელ შემოქმედში, სადაც ანტონი ცხოვრობდა. ფილიმონი ამ სოფლის და ანტონ პაპას ოჯახის სტუმარი აუცილებლად იქნებოდა.

თუ გურიის ამ ულამაზეს სოფელში ერთხელ მაინც ყოფილხართ, არ გაგიჭირდებათ, წარმოიდგინოთ ანტონ დუმბაძის კარ-მიდამო, ისე როგორც ამას მისი შვილთაშვილი თამარ ღლონტი ჩანაწერებში აღწერს. ოჯახის დიდი ეზო ვენახითა და ხეხილის ბაღებით იყო შემოფარგლული. იქვე ახლოს მდებარეობდა კოპიტის ხეებით შემოზღუდული მარანი. აქ ხშირად იშლებოდა სუფრა. ახლოს მოედინებოდა მდინარე „ნაბჟორა“,[13] რომელშიც სადილისთვის თევზსაც იჭერდნენ. გარემო განსაკუთრებულად მშვიდი ყოფილა.

შემოქმედის მონასტერი

ანტონის საცხოვრებელი ოდა-სახლი 12 თვალისგან, ანუ ოთახისაგან შედგებოდაო. დიდ დარბაზში (ანუ სასტუმრო ოთახში) იდგა წითელი ხის სავარძელი, სელის სკამები, ჭერამდე ასული სარკე, საოჯახო ალბომით დამშვენებული მაგიდა, კუთხეში გრამოფონი „პლასტინკების“ თაროთი და მუსიკალური საკრავებით.

ანტონის ოჯახში ხშირად იკრიბებოდა ადგილობრივი ინტელიგენცია და სამხედრო წრეების წარმომადგენელნი. შეხვედრებზე, როგორც მემუარისტი იგონებს, ანტონს სურდა დაემტკიცებინა, რომ ქართული კულტურა არა მხოლოდ წარსული მემკვიდრეობა, არამედ ცოცხალი სულიერი სივრცე იყო. ქართული სიმღერებით და საგალობლებით ანტონს სურდა ყველა მოხიბლულიყო და რაც მთავარია, არ დაკარგულიყო ხალხის მიერ შემონახული ჰანგები და საგალობლები.

ანტონ დუმბაძეს შვიდი შვილი ჰყავდა. მათმა უმეტესობამ სამხედრო კარიერა აირჩია, ხოლო დავითი სასულიერო მოღვაწე და გამორჩეული მგალობელი გახდა. ოჯახის ცხოვრება, კულტურული სიდიადის მიუხედავად, ტრაგიკული მოვლენებითაც იყო დატვირთული. მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს მძიმე ისტორიული რეალობა მათ ცხოვრებაზეც აისახა.

ანტონ დუმბაძე შვილებთან

დუმბაძეების ოჯახში ქართული სიმღერისა და გალობის სიყვარული მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით არ აიხსნება. ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შემოქმედის მონასტერს, სადაც ჩამოყალიბდა სამგალობლო სკოლა.[14] ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს 1874 წელს, გურიაში არქეოლოგიური მოგზაურობის დროს,  უნახავს მონასტერში მოღვაწე 90 წლის მღვდელი გიორგი დუმბაძე,[15] რომელსაც პოლკოვნიკ პუზირევსკის მკვლელობაც კი ახსოვდა და მეცნიერთან ამ საკითხზე უსაუბრია. მამა გიორგის სამასი სასულიერო და საერო პირი აღუზრდია; ეს ცნობა მოსე დუმბაძის ხელნაწერ დღიურშიც არის დაცული.[16]

მღვდელი გიორგი დუმბაძე

გადმოცემით, ანტონ დუმბაძემ გალობა მამა გიორგისთან დაიწყო, შემდეგ კი ოსტატობას დაეუფლა სამი ძმა ცქვიტიშვილისგან, რომლებიც იმერეთის ეპისკოპოს ექვთიმეს გურიაში, ეპისკოპოს გაბრიელთან გაუგზავნია და აკეთში დასახლებულან. სწავლის საფასურად მათ ყოველწლიურად უგზავნიდნენ ჩხავერის ღვინოს, რომელიც შემოქმედის მონასტერში უხვად ჰქონდათ.[17]

ანტონი ტანმორჩილი, კოხტა, ლამაზი გარეგნობის კაცი ყოფილა, გადმოცემის საუკეთესო ოსტატი. „სულ გალობდა როგორც იადონიო, — წერს მისი შვილთაშვილი. ანტონს ეხერხებოდა ყველა ნოტის აღება: კამერტონი ივანეს (შვილს, იალტის გუბერნატორს) მიურთმევია მამისთვის, დაბადების დღის აღსანიშნავად. რეპერტუარში ჰქონია მხედარ მეომართა ლაშქრული, მაყრული, მოქეიფეთა სუფრული, გლეხთა სიმღერა თუ მწუხრის ზარი, რომელსაც ასრულებდნენ საკრავთა თანხლებით.“

საუცხოო მგალობლების შეგირდი ისე დაოსტატდა, რომ მალე თავადაც გახდა სხვათა აღმზრდელი. ცნობას მისი პედაგოგიური საქმიანობის შესახებ „დროების“ ერთ პუბლიკაციაში ვხვდებით.[18] სქემ-მონაზონმა ბენედიქტე ბარკალაიამ „საქართველოსა შინა ერთიღა კაცი გურიასა შინა მცოდნე ძველისა გალობისა, გვარად დუმბაძე“ აღმოაჩინა და ცხრა ნიჭიერი ყმაწვილი ხუთი წლით მიაბარა გასაწვრთნელად, შემდეგ კი ისინი ათონის მთაზე ქართველთა სავანეში წაიყვანა. იმდროინდელ ცნობილ მგალობელთა შორის ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი ასახელებს მელქისედეკ ნაკაშიძეს, გიორგი მოლარიძეს, მ. მ. კონტრიძეს, ჯინჭარაძეს და ფილიპე შარაშიძეს.[19]

ანტონის საგანმანათლებლო ღვაწლზე თამარ ღლონტის მოგონებებშიც ვხვდებით საგულისხმო ცნობებს: საკუთარ სახლში ანტონ დუმბაძე თურმე ორმოცამდე ახალგაზრდას ასწავლიდა არა მხოლოდ სიმღერა-გალობას, არამედ ქცევის კულტურასა და საზოგადოებრივ ეტიკეტსაც. მის მოწაფეთა შორის იყო ვარლამ სიმონიშვილი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი ლოტბარი გახდა.

ანტონი გრძნობდაო, აღნიშნავს მემუარისტი, რომ რასაც ასწავლიდა ამ ბიჭებს, არ დაიკარგებოდა, დადგებოდა დრო და დაფასდებოდა. ფრაგმენტი მოგონებებიდან: „ერთ-ერთი ნადიმის დროს ჩაურთავთ გრამოფონი... ყველანი სმენად იყვნენ გადაქცეული, მხოლოდ შემდეგ ერთ-ერთმა გუნდის წევრმა, გვარად გირკელიძემ წამოიძახა: „ჩამახედვეთ შიგ მაგ ტრუბაში, ვინ არის იგი, რომელიც ასე გვატკბობსო“. სიცილით გაგუდულან ყველანი, მაგრამ ანტონს არ გასცინებია: „მოიცათ ცოტა და თქვენს მშვენიერ სიმღერებსაც მალ-მალე ჩაწერენო“. ეს თვალხატულა ვაჟები ზეზე წამომხატარან და პაპა ანტონი ხელში აუტაცნიათ და გაიძახოდნენ, „როდის, როდისო?“. ანტონს არ გაჰკვირვებია ეს გამოხტომები და დაუწყნარებია: „აბა თქვენებურად, სირცხვილს ნუ მაჭმევთ, მალე, მალეო... თქვენ თვითონ იქნებით ავტორნი ამ ჩანაწერებისო“.  
საფიქრებელია, რომ ამ რწმენას შეძლებულ და განათლებულ ადამიანს, რუსეთის იმპერიის სამსახურში მყოფი შვილების მამას ეპოქის პოლიტიკური და კულტურული გამოწვევები უმყარებდა. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ქართულ საეკლესიო ტრადიციებს გაქრობის რეალური საფრთხე დაემუქრა. ამიტომაც სჯეროდა, რომ გალობის გადარჩენა მომავლისთვის ბრძოლას ნიშნავდა.

თუმცა მემუარების ავტორი საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღების საკითხს საერთოდ არ ეხება. ძნელად დასაჯერებელია, ავტორის დედას ალექსანდრა დუმბაძეს, ანტონ დუმბაძის შვილიშვილს და დავით დუმბაძის შვილს, რომლისგანაც მოსმენილს გადმოგვცემს   მემუარებში მისი შვილი თამარ ღლონტი,   ამ ფაქტის შესახებ არაფერი სცოდნოდათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექსტი, სავარაუდოდ, 1960-იან წლებშია დაწერილი, ეპოქაში, როდესაც საეკლესიო გალობაზე საჯაროდ სიტყვის თქმაც კი სარისკო იყო, მის შესრულებაზე საუბარი კი, მით უმეტეს. შესაძლოა, ამ დუმილს სხვა ახსნაც ჰქონდეს. ოზურგეთში ფილიმონ ქორიძემ მუშაობა 1908 წელს საბოლოოდ დაასრულა და ამის შემდეგ ნოტების ბედი უცნობი იყო, საიდან უნდა სცოდნოდა ამ ყველაფრის შესახებ ანტონის შვილთაშვილს?

ოზურგეთში ფილიმონ ქორიძე მუშაობას ინტენსიურად აგრძელებდა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობები პერიოდულად პრესაშიც ქვეყნდებოდა. ერთ დღესაც იგი ანტონ დუმბაძისგან „ერთს მშვენიერს „ჭრელს“ საგალობელს“ იწერდა. გაირკვა, რომ ეს საგალობელი ანტონს ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ეგალობნა. როდესაც ჩანაწერი თითქმის ნახევრამდე მივიდა, ანტონი შეჩერებულა და გალობა ვეღარ გაუგრძელებია. მეორე დღეს მას ქართული ნოტებით აჭრელებული წიგნი მიუტანია და ასე დაუმთავრებიათ საგალობლის ჩაწერა. „შენ თუ ნოტებით სწერ, მეც ნოტებით ვგალობო,“ — უთქვამს ფილიმონისთვის.[20] ეს ნევმებით აღნიშნული საგალობელთა კრებული, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოღწეულა. ფილიმონი კი, ხშირად სთხოვდა ანტონს: „იმისთანა უცხო-უცხო საგალობელთა ჭრელები დამაწერიე, რომელიც სხვამ არავინ იცოდეს და დარჩეს შენდა სასახელოთ-მეთქი“[21].

ოზურგეთში ამ ორი დიდი მამულიშვილის ერთობლივი მუშაობა ოთხი წელი გაგრძელდა და 1897 წლის 2 თებერვალს გამოსამშვიდობებელი კონცერტით დაგვირგვინდა.

ფილიმონი ოზურგეთში 1900-იან წლებში ისევ ჩავიდა, მაგრამ ანტონ დუმბაძე უკვე ცოცხალი აღარ იყო (1907 წელს გარდაიცვალა). გალობის ნოტებზე გადაღება ფილიმონმა ანტონის შვილთან დეკანოზ დავით დუმბაძესა და სვიმონ მოლარიშვილთან ერთად გააგრძელა და ნოტებზე ჩაწერა „დაამთავრეს 1910 წლამდი.“[22]

დეკანოზი დავით დუმბაძე

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ Q-665 ხელნაწერში ჩაკრულია ესტატე კერესელიძის მიერ დაწერილი ოთხგვერდიანი წერილი  („შთასახედი“), რომელშიც აღნიშნულია, რომ ანტონ და დავით დუმბაძეებისგან, ჯამში, ნოტებზე გადატანილია 2952 საგალობელი (ისინი 22 უზარმაზარ ხელნაწერ კრებულშია თავმოყრილი). საგალობლების უმეტესობა სამ ხმაში იყო ჩაწერილი, თუმცა ნაწილის მხოლოდ ერთი ხმა იყო დაფიქსირებული. დუმბაძეებისგან გადაღებული საგალობლები სხვა ხელნაწერებშიც არის გაფანტული. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 3000-ს აღემატება. ეს რიცხვი მხოლოდ სტატისტიკა არ არის. იგი კულტურული მეხსიერების გადარჩენისთვის შეუფასებლად მასშტაბური ღვაწლის მაჩვენებელია.

ესტატე კერესელიძე. „ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა“

80 წლის ფილიმონ ქორიძე 1911 წელს ბახმაროში გარდაიცვალა. მის ჩაწერილ ნოტებს ვერსად მიაკვლიეს. 1918 წელს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არაერთხელ შევიწროებული დეკანოზი დავით დუმბაძე გაუგებარ ვითარებაში მოკლეს.[23] ამით თითქოს ეპოქა დასრულდა, ხოლო საგალობლების ისტორია დროებით მივიწყებას მიეცა.

ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დუმბაძეების დიდი და ისტორიული ოჯახის შესახებ 1990-იანი წლებიდან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა არა იმდენად მათი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის — გალობის ნოტებზე გადატანის გამო, არამედ ანტონის შვილიშვილისა და დავით დუმბაძის შვილის, ვასილ დუმბაძის, პიროვნების შესახებ გამოქვეყნებული სტატიების მეშვეობით.

ვასო დუმბაძე XX საუკუნის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა. 90-იანებში გამოქვეყნებულ სტატიებში, რომლებშიც სინამდვილე და ბოლომდე შეუსწავლელი თემები ერთმანეთშია არეული, იგი წარმოჩენილია როგორც მხოლოდ თაღლითი და აფერისტი. საიდან შეიქმნა დუმბაძის ირგვლივ ეს ფონი?

ვასილ დუმბაძემ განათლება მიიღო გერმანიაში, ლაიფციგში, სადაც სწავლობდა ქართველი პუბლიცისტი და მთარგმნელი გერონტი ქიქოძეც. სწორედ ქიქოძის მონათხრობი, ლევან ასათიანის ჩანაწერებით, გამოქვეყნდა 1965 წელს.[24] ერთ ფრაგმენტში — „აფერისტი დუმბაძე“ — ვკითხულობთ, რომ პეტერბურგში ყოფნისას დუმბაძე რუსეთის სამხედრო მინისტრ სუხომლინოვის ცოლს დაუახლოვდა და მისი შუამდგომლობით პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკაში იარაღის შესყიდვის დავალება მიიღო. დუმბაძემ საიდუმლო გერმანიის დაზვერვას მიჰყიდა, რის გამოც 1916 წელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, თუმცა 1917 წლის რევოლუციამ გადაარჩინა. მოგვიანებით ვასო დუმბაძე ამერიკაში გაემგზავრა.

ვასო დუმბაძე

ეს ისტორია გერონტი ქიქოძეს მიხეილ ჯავახიშვილისთვის უამბია. მწერალს კი კვაჭი კვაჭანტირაძის პორტრეტისთვის გამოუყენებია. მოსაზრებას, რომ კვაჭის პროტოტიპი ვასო დუმბაძე იყო, თავად მიხეილ ჯავახიშვილის სასწაულებრივად გადარჩენილი დღიურის ჩანაწერიც ამყარებს: „კვაჭისთვის“ კარგი მასალა ლელი ჯაფარიძისგან — ვ. დუმბაძის ცხოვრებიდან.“[25]

„კვაჭი კვაჭანტირაძე“ 1924 წელს გამოიცა. ერთი წლის შემდეგ კი გაზეთმა „კომუნისტმა“ ვასილ დუმბაძე უკვე კვაჭი კვაჭანტირაძედ მოიხსენია და ამერიკაში დამოუკიდებელი საქართველოს იდეის პროპაგანდაში დაადანაშაულა. ვასო დუმბაძე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხზე ბევრს შრომობდა ამერიკაში. 1926 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილმა მთავრობამ იგი აშშ-ში კონსულად დანიშნა. მისი ინიციატივით შეიქმნა „ამერიკული საზოგადოება კავკასიისათვის“, ნიუ-იორკში გამოსცა ინგლისურენოვანი წიგნი „კავკასიის რესპუბლიკები“[26] და 1926 წლის 1–2 აპრილს აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის განხილვაც მისი ძალისხმევით შედგა, თუმცა გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ მიუღიათ.

ემიგრანტული პრესა მის ღვაწლს მნიშვნელოვნად აფასებდა.[27] მოგვიანებით, 1933 წელს, საფრანგეთის მიერ სსრკ-ის აღიარებამ და ქართული ლეგაციის გაუქმებამ ემიგრაციის პოლიტიკური შესაძლებლობები შეასუსტა.

ცნობილია, რომ იგი ნიუ-იორკში გარდაიცვალა და მის სახელთან დაკავშირებული დიდი ქონების შესახებ ინფორმაციას შემოქმედშიც ჩაუღწევია, თუმცა საბჭოთა ეპოქაში ეს საკითხი დავიწყებას მიეცა.

დეკანოზ დავით დუმბაძის კიდევ ერთი შვილი აღმოჩნდა ემიგრაციაში. სონია დუმბაძეს გამორჩეული, იშვიათი ხმა ჰქონია. ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიაში ერთმა მუსიკისმცოდნემ რომ მოუსმინა, ურჩია კონსერვატორიაში ჩაებარებინა. იქიდან   გზა იტალიისკენ გაეხსნა და ლა სკალას სცენამდე მიიყვანა. სონია ცოლად გაჰყვა ჯოვანი ბონოს, ჩამოყალიბდა ცნობილ საოპერო მომღერლად და პედაგოგად. 1963 წელს, მრავალწლიანი განშორების შემდეგ, იგი ორი თვით დაბრუნდა საქართველოში დების მოსანახულებლად და წარსულთან შესახვედრად.

სონია დუმბაძე

სწორედ სონიას ამ ჩამოსვლასთან დაკავშირებული მოგონებები, რომლებიც თამარ ღლონტმა შემოგვინახა, მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა ანტონ და დავით დუმბაძეების დაკრძალვისა და მათი საბოლოო განსასვენებლის შესახებ. თუმცა ამ თემას ვერ შევეხებით ოჯახის კიდევ ერთი ტრაგედიის გახსენების გარეშე.

1910 წლის 1 მარტს დეკანოზ დავით დუმბაძის ვაჟი გიორგი მოკლეს ან, როგორც ზოგიერთ წყაროშია მინიშნებული, უბედურ შემთხვევას შეეწირა.[28] თამარ ღლონტი (მემუარებში შეცდომით უთითებს თარიღად 1913 წელს) წერს, რომ ოზურგეთის საზოგადოებას მამა დავითისთვის უთხოვია, ძმის — გენერალ ივანე დუმბაძისთვის ეთხოვა დახმარება სახელმწიფო აფთიაქის გახსნაში. მძიმე დრო იდგა: წამალი ძვირი იყო, ბავშვები ხშირად იღუპებოდნენ. გენერალმა თხოვნა შეასრულა და ოზურგეთში სახელმწიფო აფთიაქი გაიხსნა.

ამ ნაბიჯს დაპირისპირება მოჰყოლია. კერძო აფთიაქების ინტერესები შეილახა და, თამარ ღლონტის გადმოცემით, მოსყიდულმა პროვიზორმა ზედგინიძემ მოკლა გიორგი. მას დასტიროდა დედა მაკა ტუსკია-დუმბაძე, ათი და, კიევიდან ჩამოსული სტუდენტები, ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები. ცხედარს აცილებდა ანტონის აღზრდილი ორმოცი ახალგაზრდა. შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დეკანოზ დავით დუმბაძეს გალობა შეუწყვეტია და ათი წელი აღარ უმღერიაო.

დეკანოზი დავით დუმბაძე, შვილებთან ვასილთან და გიორგისთან ერთად 

მილანიდან დაბრუნებული სონია ავიდა შემოქმედში. უმღერია „იავნანა“ და წმინდა გიორგის ეკლესიაში[29] მოუნახულებია ოჯახის წევრების — პაპის, მშობლებისა და ძმის საფლავები. მემუარებიდან ირკვევა, რომ ანტონ დუმბაძე და დავით დუმბაძე თავდაპირველად დაკრძალულნი ყოფილან შემოქმედის წმინდა გიორგის ეკლესიაში. 1963 წელს, სონია დუმბაძეს გადაუსვენებიათ მონასტრის გალავანში.

თამარ ღლონტის ჩანაწერები ამ ეპიზოდს განსაკუთრებით ემოციურად აღწერს: საფლავების გახსნისას სონიას თავად აუკრეფია წინაპართა ჩონჩხები. ძმის, გიორგის თითებზე შემორჩენილი ყოფილა ათი დისგან ნაჩუქარი ოქროს ბეჭდები, მაჯაზე - სამახსოვრო სამაჯური, ხოლო ხელში — ვერცხლის ნივთები. სონია დუმბაძეს ოჯახის წევრთა ნეშტები ერთ კუბოში ჩაუსვენებია, ოქრო-ვერცხლის სამკაულები კი ამოუღია და ამ თანხით გადაუსვენებია შემოქმედის მონასტერში: „სასაფლაო არა აქვთ გაკეთებული. ანტონიც იქ არის საერთო სასაფლაოში დასაფლავებული“ — წერს თამარი.[30]

სონია დუმბაძეს განსაკუთრებული სურვილი ჰქონია, პაპა ანტონისთვის ღირსეული ძეგლი დაედგა, თუმცა ეს სურვილი ვერ განხორციელდა.

ანტონ და დავით დუმბაძეების საფლავები დაკარგულია. შესაძლოა, შემოქმედის მონასტრის გალავანში მემორიალური წარწერის გაკეთება იყოს არა მხოლოდ ისტორიული ფაქტის აღნიშვნა, არამედ ჩვენი მადლიერების გამოხატულება მგალობელი დუმბაძეების ღვაწლისადმი.

დუმბაძეების ოჯახის ისტორია მხოლოდ წარსულის ქრონიკა არ არის. მათი სახელები დღესაც ცოცხლობს იმ საგალობლებში, რომლებიც წმინდა ექვთიმე კერესელიძის დაუღალავმა შრომამ და თავგანწირვამ შემოგვინახა; იმ ჰანგებში, რომლებიც ქართულ ტაძრებში კვლავაც ჟღერს და გვახსენებს, რომ კულტურულ მემკვიდრეობას ხშირად დრო ვერაფერს აკლებს. პირიქით, სწორედ დრო იქცევა ამ მემკვიდრეობის ერთგულ მცველად.

 ექვთიმე კერესელიძის  სანოტო კრებული. ხელნაწერი - Q-674

 ფოტომასალა ლუარსაბ ტოგონიძის და ილია თავბერიძის კოლექციიდან

 

[1] ახალი ამბავი. 1893. ივერია. N 130 .  

[2] გალობის ერთი მოყვარულთაგანი. 1893. გალობის ნოტებზე გადაღების შესახებ. ივერია, N125.

[3] ქორიძე, ფილიმონი. 1895. ქართული გალობა (ნოტი), 1895. ლიტურგია იოანნე ოქროპირისა, მღვდლისა და მღვდელ-მთავრისათვის გადაღებული: ფილიმონ ი. ქორიძის მიერ; გადმოცემული: ანტონ ნ. დუმბაძისა, დიმიტრი რ. ჭალაგანიძისა, მთავარ დიაკონის რაჟდენ თ. ხუნდაძისა და ივლიანე ი. წერეთლისაგან; რამოდენიმე საგალობელი გადმოცემულია მელქისედექ გ. ნაკაშიძის და მღ. ნესტორ ე. კონტრიძისაგან. გამოცემა მ. შარაძის და ამხან. (ე. კერესელიძისა, ვ. გრძელიძისა და ს. ლოსაბერიძისა). ტფილისი: სტამბა მ. შარაძისა და ამხ.

[4] კერესელიძე, ესტატე. 2010. ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა. იხ. ილია თავბერიძე, XIX საუკუნის ქართველი მოღვაწენი და საეკლესიო გალობა, გვ. 143. თბილისი: საპატრიარქოს გამომცემლობა.

[5] სიმონიშვილი, ნესტორ. 1962. ფილიმონ ქორიძე. ლენინის დროშა, 7 სექტემბერი.

[6] თამარ ღლონტის მემუარები (ხელნაწერის ასლი ინახება სტატიის ავტორის პირად არქივში). სტატიაში მოთხრობილი ყველა ამბავი ეყრდნობა ამ წყაროს, თუ სხვა წყარო არაა მითითებული.

[7] ალეგრო — სახალხო დღესასწაული, რომელიც ტარდებოდა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარე ბაღში, სადაც ახლა სახელმწიფო თეატრის შენობა დგას.

[8] ივანე დუმბაძის და მისი ძმების შესახებ, რომლებიც ასევე გენერლები იყვნენ, დაწვრილებით იხ. გოგიტიძე, მიხეილ, და  მახარაძე ირაკლი. 2023. გურული გენერლები. თბილისი: არტანუჯი

[9] შარაძე, მაქსიმე. 1894, 15 დეკემბერი. ჩვენი საეკლესიო საგალობელთა ნოტებად გადაღებისა და ბეჭდვის გამო. ივერია, №276.

[10] ვერმიცანაშვილი დათიკო (წულაძე ლავრენტი). 1893. საკუთარი რამე-რუმე (წერილი გურიიდამ), ივერია, N 99.

[11] ივერია, 1893, N147.

[12] დუმბაძეების სახლი ქალაქ ოზურგეთის ცენტრში უნდა მდგარიყო. პოეტი გრიგოლ ცეცხლაძე პოემაში „ოთხი მაუზერი“, რევოლუციის პერიოდის ოზურგეთის ცენტრს რომ აღწერს, აღნიშნავს: „დავით დუმბაძის ცხრა ქალიშვილი ერთად გამოჩნდა მაღალ ბალკონზე“. თუმცა, დავით  დუმბაძეს ათი ქალიშვილი ჰყავდა. იხ. ცეცხლაძე გრიგოლ. 1928. ,,ოთხი მაუზერი.” ქართული მწერლობა. N08-09; გვ. 87.

[13] მდინარე ნაბჟუარა ჩამოედინება სოფელ შემოქმედში და ოზურგეთში უერთდება მდ. ბჟუჟს. გადმოცემით, ანტონ დუმბაძის ეზო შემოქმედის ცენტრში, საჯარო სკოლის ზევით, სოფელ გომისკენ მიმავალ გზაზე, ნაბჟუარაზე აგებული ხიდიდან მარცხნივ მდებარეობდა.

[14] ტერმინი ეკუთვნის დავით შუღლიაშვილს. იხ. შუღლიაშვილი, დავით. 1991. ქართული გალობის შტოთა ერთიანობის შესახებ. თ.ს.კ. სამეცნიერო შრომების კრებული: ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები. თბილისი.

[15] ბაქრაძე, დიმიტრი. 1987. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. საბჭოთა აჭარა, გვ.141.

[16] ეს ინფორმაცია პირველად ისტორიკოსმა ქველი ჩხატარაიშვილმა გამოაქვეყნა. იხ. ჩხატარაიშვილი, ქველი. 1959. გურიის სამთავრო. საკანდიდატო დისერტაცია. ხელნაწერი, გვ. 581. ამჟამად ხელნაწერი დაცულია მკვლევარ სანდრო ნათაძის არქივში. ხელნაწერის მე-9 გვერდზე ვკითხულობთ: „ერთი მეგვარე ჩემი მღვდელი გიორგი გიორგის ძე დუმბაძე იყო დაბადებიდგან ასი წლის. დიდი ნასწავლი საღმრთო წერილით და ქართულის ენის წერა-კითხვით და გალობითა და კარგი მოყვანილი ახოვანი კაცი. მისი მოქმედება მრავალი დასაწერი იყო, მაგრამ ჩვენ ვერ ვიგრძენით და ვერცა დავაფასეთ მოქმედება მისი. თითქმის გურიაშიდ არიან მისი აღზრდილი პირები სამღრთო წერილით თუ ქართულის ენის წერა-კითხვით, სამას სულამდის იმყოფება მღვდელი თუ ბერი და აგრეთვე ერისგანი პირები. სამწუხაროდ ჩემდა, ეხლა გარდაიცვალა, ამ წელშიდ ჩყპგ (1883) აპრილის ოცდაცხრას რიცხვსა, დღით პარასკევს, მერვე საათზედ საღამოს და დაიმარხა ერთს მაისს დღით კვირას. ამას ვსწერ მე რომ მოქმედება მისი მოგვაგონდეს თუ როგორი იყო ის — გიორგი დუმბაძე. ეს ვინცა ნახოს წაიკითხოს, ყოველმა პირმა შენდობა მისცეს და სული დაულოცოს, რადგანაც ის ამისთანა კაცი იყო. მოსე დუმბაძე.“

[17] სიმონიშვილი, ვარლამ. 2005. გურიის სიმღერების წარმოშობა. გურიის სულიერი და კულტურული ფასეულობების შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი. გვ.18-19.

[18] ბარკალაია, ბენედიქტე. 1880. წერილი რედაქტორთან. დროება, N128.

[19]კონჭოშვილი, პეტრე. 1801. მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ დეკანოზ პეტრე კონჭოშვილისა. ტფილისი, გვ. 181-182.

[20] ქორიძე, ფილიმონ. მცირე შენიშვნა გალობა-სიმღერების ისტორიულ მიმოხილვაზე მამა პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ. საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი. პოლიევქტოს კარბელაშვილის ფონდი. N 1461. აღწერა N1. საქმე N126.

[21] ესტატე კერესელიძე. ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა. იხ. თავბერიძე, ილია. 2010. XIX საუკუნის ქართველი მოღვაწენი და საეკლესიო გალობა. თბილისი: საპატრიარქოს გამომცემლობა. გვ.143.  

[22] იქვე, 144.

[23] მკვლელობა გურიაში. საქართველო, 1918, N.99. გაზეთის ვერსიით, დავით დუმბაძეს და მასთან ერთად მოკლულ პირთ ოსმალებთან ურთიერთობა ბრალდებოდათ.

[24] ასათიანი, ლევან. 1965. უბის წიგნაკიდან. მნათობი, N 6:173-182.

[25] ჯავახიშვილი, მიხეილ. 2015. უბის წიგნაკებიდან. თბილისი: ინტელექტი. გვ.146.

[26] დუმბაძე, ვასილ. 2022/2023. კავკასიის რესპუბლიკები – პატარა დემოკრატიები, რომლებიც მსოფლიომ დაივიწყა. (I–II თავი. ლუკა ჯინჭარაძის თარგმანი). ქართული ემიგრაცია, №10

[27] ჩვენი გზა. 1953. №1–2. ნიუ–იორკი: პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის ორგანო ქართულ ენაზე, ინგლისური რეზიუმეებით. გვ. 2.

[28] ახალი სხივი. 1910. №25 (5 მარტი). თბილისი: შრომა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი.  გვ. 3. გაზეთი მოკლე კორესპონდენციაში გვიყვება ოზურგეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე და აღნიშნავს, რომ ადგილობრივი აფთიაქის შეგირდს პ. ზედგინიძეს რევოლვერი გასინჯვის დროს შემთხვევით გაუვარდა.

 [29] საუბარი უნდა იყოს გორისფერდის წმინდა გიორგის ეკლესიაზე, რომელიც შემოქმედის მონასტერთან ახლოს მდებარეობდა, „მთის კალთაზე ანუ ფერდობზე, ამიტომ ჰქვია გორის-ფერდი. აქ ითხრება ერთნაირი მოლურჯო საშენებელი ქვა, რომლითაც აშენებულია შემოქმედის მონასტერი. გორის-ფერდში დარჩენილი ქვების მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ გორის-ფერდის ეკლესია საუკეთესო ყოფილა გურიაში. იმ ადგილზე, სადაც ძველი ქვის ეკლესია იყო აშენებული, შემდეგ დროში დაუდგამთ ხის ეკლესია, მდარე ხელობისა“. იხ. თაყაიშვილი, ექვთიმე. 1907. არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი. ტფილისი: ელექტრონის სტამბა წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობისა. გვ. 34-36.

[30] განსხვავებულ ცნობას გვაწვდის მემუარების ავტორი დავით დუმბაძის შვილის გიორგის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებითაც. იმდროინდელი პრესა იუწყება, რომ სტუდენტ გიორგი დუმბაძის დაკრძალვა მოხდებოდა 5 მარტს, შემოქმედის მონასტრის გალავანში. სავარაუდოდ, სონია დუმბაძემ ორივე ტაძრის გალავანში დაკრძალული ცხედრები გააერთიანა და მონასტრის გალავანში დაასაფლავა. იხ. ახალი სხივი. 1910, N 24.