კოლონიალიზმი და შოტლანდიური გუდასტვირის ცვლილება
არსებობს ვარაუდი, რომ გუდასტვირის (ინგლისურად: bagpipe) კონცეფცია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1300 წელს არსებობდა, რასაც ადასტურებს ადრეული ქანდაკებები; გუდასტვირი ასევე მოხსენიებულია ძვ. წ. III ან IV საუკუნეებში რომაელი მწერლის, არისტოფანეს, ნაწარმოებებში. უფრო მეტი მტკიცებულება გვხვდება ბერძნულ, კერძოდ, ალექსანდრიული გამომწვარი თიხის (ტერაკოტას) ფიგურებში, რომლებიც ძვ. წ. ბოლო საუკუნით თარიღდება. ჩასაბერი ორმაგი გუდასტვირი ლათინურ ენაზე პირველად ნახსენებია სიტყვებით ტიბია უტრიკულარიუს (tibia utricularius), რაც ნიშნავს ჩასაბერ ორმაგ სტვირს, რომელსაც ახლავს ტყავისგან დამზადებული გუდა. ცნობა ლათინურ ენაზე რომის იმპერატორ ნერონის პერიოდით, ახ. წ. I საუკუნით თარიღდება. როგორც პირით, ისე გუდით ჩასაბერი სტვირი ბერძნული და რომაული მუსიკალური კულტურის უდავოდ მნიშვნელოვან და პოპულარულ კომპონენტს წარმოადგენდა. ხშირად ინსტრუმენტებს ხალხი აფინანსებდა. ამ ინსტრუმენტზე დამკვრელი ქალებისა და კაცების რაოდენობა თითქმის თანაბარი იყო. მუსიკის მკვლევრის, ფ. კოლინსონის თანახმად, რომაულ ორმაგ სტვირსა და იმ სტვირებს შორის, რომლებიც შოტლანდიის დაბლობსა (მდინარე ფორთის სამხრეთით) და მაღლობში გვხვდებოდა, კავშირის დადგენა შეუძლებელია. თუმცა ისტორია ვერ უგულებელყოფს სტვირის სხვადასხვა ფორმით არსებობას, რამაც ხელი შეუწყო ამ საკრავის მუსიკის მრავალგვარი ჟანრის რეპერტუარის შექმნას და თავად სტვირების მრავალფეროვნებას. რომაელების ჩამოსვლის დროს, ახ. წ. I საუკუნეში, ინგლისში ორმაგი სტვირი უკვე არსებობდა, ხოლო იმის მტკიცებულება, რომ რომაელებმა სტვირი თან ჩაიტანეს, არ გვხვდება.[i] დღეს ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში ვხვდებით გუდასტვირის ნაირსახეობას, თუნდაც მხოლოდ საფრანგეთში ამ საკრავის რამდენიმე სახეობაა გავრცელებული.
ირლანდია და შოტლანდია
სავარაუდოდ, გუდასტვირი შოტლანდიაში ევროპიდან შევიდა; ის ირლანდიისა და შოტლანდიის გალურმა საზოგადოებებმა ყველაზე გვიან, XVI საუკუნეში ან შესაძლოა, უფრო ადრეც აითვისეს. როგორც წესი, გუდასტვირს მინიმუმ ერთი სტვირი (drone) ჰქონდა, და ხშირად საკრავსაც მხოლოდ სტვირს (drone) უწოდებდნენ. საკრავი შესაძლოა ყოფილიყო ბანი (bass), six finger key-tone-ზე ორი ოქტავით დაბლა, ან შესაძლოა ყოფილიყო ტენორი სტვირი, მხოლოდ ერთი ოქტავით დაბლა.
ამ ორიდან რომელი სახეობაც არ უნდა ყოფილიყო პირველი, ინსტრუმენტმა გარკვეული დროის შემდეგ სტანდარტული სახე მიიღო თავისი შემადგენელი ნაწილებით: a chanter, ჩასაბერი ჩხირი (blow stick), ორი ტენორი და ერთიც ბასი სტვირი. XIX საუკუნებდე ასევე გავრცელებული იყო ერთ-ტენორიანი და ერთ-ბასიანი გუდასტვირი. თუმცა, სამხედროები სამსტვირიან ვერსიას იყენებდნენ, რომელიც საბოლოოდ სტანდარტულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა როგორც შოტლანდიაში, ასევე ირლანდიაში. ზემოთ მოყვანილ ფოტოზე გამოსახულია გუდასტვირი, რომლის ბანის სტვირიც სხეულთან ყველაზე ახლოსაა, ხოლო ტენორის სტვირები გარეთაა მოქცეული.
გუდასტვირის როლი გალური საზოგადოების კარზე ისტორიულად აღიარებულია როგორც გალურენოვან ირლანდიაში, ასევე შოტლანდიაში.
ირლანდიაში გუდასტვირს საომარ სტვირს უწოდებდნენ, შოტლანდიაში 1745 წლის იაკობიტების აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ კი საომარ ინსტრუმენტად მოიხსენიებდნენ. ყველაზე ადრეული ცნობები გუდასტვირის შესახებ (და არა გუდის გარეშე ჩასაბერი სტვირის შესახებ) XVI საუკუნემდე შოტლანდიაში იშვიათად გვხვდება, მათ შორის, გალურ წყაროებში. ადრინდელი, XVI საუკუნის ცნობა ინსტრუმენტის საბრძოლო კონტექსტში მოხსენიებისა შემონახულია ერთი ფრანგის აღწერაში, რომელიც მოგვითხრობს ედინბურგთან ახლოს, 1549 წელს პინკის ბრძოლაში მონაწილე შოტლანდიის მთიანეთის მეომართა შესახებ: „სანამ ფრანგები ბრძოლისათვის ემზადებოდნენ, ველური შოტლანდიელები გუდასტვირის ხმით იგულიანებდნენ თავებს საომრად“.
ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ გუდასტვირი და არფა ყოველთვის საბრძოლო მუსიკასა და საომარ მოქმედებებთან ასოცირდებოდა. მთელი XVII საუკუნის განმავლობაში გუდასტვირს კლანების მეთაურები მფარველობდნენ. გალურ სამეფო კარზე საკრავი კიდევ უფრო განვითარდა, მრავალფეროვნებითა და თემატიკით დაიხვეწა ქეოლ მურში (ceòl mór), ე. წ. დიდ მუსიკაში. ამ მუსიკას დღეს შეცდომით უწოდებენ კლასიკურს ან ფიბროხქს (pìobaireachd) (ინგლისურად: pibroch), რაც გალურის მცოდნისთვის უბრალოდ სტვირის დაკვრის ხელოვნებას ნიშნავს.
სტვირის მუსიკას მის ყველაზე ადრეულ, 1820 წელს გამოქვეყნებულ პარტიტურებში ეწოდება კალედონიის უძველესი საბრძოლო მუსიკა, სახელად ფიბროხქი (Piobaireachd – The Ancient Martial Music of Caledonia called Piobaireachd). თუმცა ამ მუსიკის უფრო ადრინდელ, 1760 წლის ხელნაწერში, რომელიც მოგვიანებით 1803 წელს გამოიცა, არ გვხვდება სიტყვები ფიბროხქი და არც „ქეოლ მური“, არამედ გვხვდება ტერმინი - საბრძოლო მუსიკა. გალურ ენაზე მოსაუბრეები ამ მუსიკას, მარტივად, ქეოლ მურს უწოდებენ. ქეოლ მური მოიცავს სხვადასხვა მუსიკალური რიტმისა და ტემპის ვარიაციების მთელ სპექტრს. მაგალითად, არსებობს გოდება (ბარდები – bardic) და მოთქმა (keening), შეკრების/გამაფრთხილებელი მელოდიები, მარში, მისალმება, რომელთა რიტმების მრავალფეროვნება, რეპერტუარის სახელწოდებები და შინაარსი მათ თემატიკაზე მიგვანიშნებენ. ქეოლ ბეგი (Ceòl Beag), იგივე პატარა მუსიკა კი პირიქით, ბევრად ფართო და განსხვავებულ რეპერტუარს მოიცავს. მათ შორისაა მარში, სტრათსპეი, რილი, ჯიგზი, ჰორნპაიპი და აირი. ქეოლ ბეგი ასევე სრულდება მეტად ზომიერ ტემპში, გარდა რუბატოს ტემპის სიმღერებისა.
აღსანიშნავია, რომ ამ „კლასიკური“ ჟანრის მელოდიების სხვადასხვა მახასიათებლისა და მათ შორის არსებული განსხვავებების აღსაწერად ტერმინ ფიბროხქის/ფიბროქის (piobaireachd/pibroch) უნივერსალურად გამოყენებამ, ჩემი აზრით, ერთგვარი ზეგავლენა მოახდინა საბრძოლო და სამეფო კარის მუსიკის შესრულების მანერაზე. შედეგად, ეს მდიდარი რეპერტუარი ერთ ჰომოგენურ საშემსრულებლო სტილს გაუთანაბრდა, რაც სრულად უგულებელყოფს მუსიკის ფუნქციებს გალურ საზოგადოებაში, საიდანაც ის წარმოიშვა. ეს კი გალური საზოგადოების კულტურული კონტექსტიდან ინგლისურ კოლონიზებულ კონტექსტში გადასვლაზე მიანიშნებს. მართალია ქეოლ მურის (1820) კრებულის პირველი რედაქტორი და შემდგენელი დონალდ მაკდონალდი წარმოშობით სკაიდან იყო და გალურ ენაზე საუბრობდა, მაგრამ კრებულის გამომცემელს, „შოტლანდიისა და ლონდონის მთიანეთის საზოგადოებას“ (The Highland Societies of London and Scotland), სავარაუდოდ, შერჩეული ჰყავდა ადამიანი, რომელიც ინგლისურენოვან ტექსტებს წერდა, არ იყო გალურ ენაზე მოსაუბრე და ალბათ კრებულის სათაურიც ამ ადამიანის ჩამოყალიბებული იქნებოდა. მუსიკა საზოგადოების მაღალი ფენებისათვის გამოიცემოდა, საკმაოდ ძვირი ღირდა და მის გვერდებსა და ფორტეპიანოს აკომპანემენტში ჩართული იყო პოსტიაკობიტური რომანტიზმის ელემენტები.
თუკი ადრეულ XVII საუკუნეს დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ 1609 წელს შედგენილ „აიონის წესდების“ თანახმად, გალური მთიანეთის კლანის მეთაურების შთამომავლებს განათლება უნდა მიეღოთ შოტლანდიის დაბლობში, ინგლისურენოვან სკოლებში. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კოლონიზაციისა და იმპერიალიზმის პროცესში. ამავე საუკუნის დასაწყისში ინგლისელები და შოტლანდიელები კლანების მეთაურებს აჯილდოებდნენ ისეთი წოდებით, როგორიც გადაეცა, მაგალითად, დანვეგანის სერ რორი მორ მაკლაუდს (Sir Rory Mór MacLeod of Dunvegan) 1613 წელს. საუკუნის მიწურულს მეთაურები უკვე აღარ მფარველობდნენ მუსიკოსებს, პოეტებსა და შემსრულებლებს. 1692 წელს გარდაიცვალა სკაის დანვეგანის ციხის მაკლაუდების სტუმართმოყვარე მეთაური, რომელიც უსინათლო არფისტსა და პოეტს, რური დალ მორისონს (Ruairidh Dall Morrison) მფარველობდა, მის შვილს კი, რომელსაც განათლება დაბლობში ჰქონდა მიღებული, აღნიშნული ტრადიცია აღარ გაუგრძელებია. რური დალის დაწერილი შთამბეჭდავი სიმღერა „მაკლაუდის დიდი სიმღერა“ (Òran Mór MhicLeòid) გალელი მთავრების ციხესიმაგრეებში მუსიკოსების მფარველობის კულტურის მივიწყებას აკრიტიკებს. არფის მფარველის დაკარგვის პარალელურად კი სტვირების საბრძოლო მუსიკა უფრო დომინანტური გახდა.
XVIII საუკუნეში, 1715 წლის იაკობიტების ბოლო ბრძოლებისა და კალუდენის 1745 წლის ხოცვა-ჟლეტის შედეგად, გალური საზოგადოება საბოლოოდ დასუსტდა და განადგურდა.
კალუდენის ბრძოლის შემდეგ ინგლისურმა ჰანოვერის დინასტიამ აკრძალა მთიელთა ჩაცმულობა ფეილე (féile), იგივე კილტი. გავრცელებული აზრისგან განსხვავებით, არ აუკრძალავთ სტვირი, მაგრამ მთელი კულტურა მკაცრი რეპრესიების მსხვერპლი გახდა: წვავდნენ სახლებს, ხოცავდნენ საქონელს, ანადგურებდნენ მოსავალს და ასახლებდნენ ხალხს. ამ პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით იჭერდნენ მამაკაცებს და მათზე ზეწოლას ახდენდნენ. ეს 1756 წლამდე ხდებოდა, ამის შემდეგ კი აქტიურად დაიწყეს მთიელი ჯარისკაცების გადაბირება ბრიტანეთის იმპერიალისტური ექსპანსიებისთვის ევროპასა და აღმოსავლეთ ინდოეთში. კალუდენის შემდეგ, 70 წელიწადში სამხედრო გაწვევა იქცა ბრიტანეთის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფო პოლიტიკად, რომელიც შოტლანდიის მთიანეთში განხორციელდა.
XVIII და XIX საუკუნეებში სტვირები აღიარებულ იყო საბრძოლო ინსტრუმენტებად ან საომარ ინსტრუმენტებად, რომლებიც ხალხს ბრძოლისაკენ მოუწოდებდა. ეს ინსტრუმენტი, ძველებურ არფასთან ერთად, კლანების მეთაურების ამალის ნაწილი იყო გალურ სამეფო კარზე საუკუნეების განმავლობაში. დონალდ მაკდონალდის 1820 წლის გამოცემის თანახმად: „გუდასტვირი არის ალბათ ერთადერთი ეროვნული ინსტრუმენტი ევროპაში. ყველა სხვა ინსტრუმენტი ბევრ ქვეყანას მიეკუთვნება, მაგრამ გუდასტვირი მხოლოდ შოტლანდიისაა“. თუმცა ასეთი აღქმა მხოლოდ შოტლანდიაში არსებობდა, რადგან ეს სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება. ამ წინადადების მთელი არსი გადმოსცემს საბრძოლო ჰეროიზმისათვის დამახასიათებელ რომანტიზმსა და ეროვნულ სიამაყეს, რომლებიც ფართო იმპერიალისტური სურათის ნაწილია. ბევრი ამტკიცებდა, რომ შოტლანდიის მთიანეთის ხალხს კალუდენის ბრძოლის შემდეგ სტვირის დაკვრას უკრძალავდნენ, მაგრამ არც ეს არის სიმართლე. მართალია სტვირების გამოყენებას ნამდვილად არ ახალისებდნენ და ინსტრუმენტი თითქმის სრულად უგულებელყვეს, მაგრამ ინგლისურ ხელისუფლებას დიდი დრო არ დასჭირვებია, მიმხვდარიყო, რომ შოტლანდიის მთიანეთის მოსახლეობის მთელი მსოფლიოს გარშემო ბრიტანეთის იმპერიალისტურ ბრძოლებში ჩასართავად საჭირო იყო ისეთი შოტლანდიური დანაყოფების გაწვევა, რომლებსაც ტრადიციულად მესტვირეები ახლდნენ ბრძოლის ველზე. შოტლანდურაში[1] გამოხვეული მესტვირეები ქმნიდნენ მთიელი მეომრის წარუშლელ სურათს, რომელსაც ომში წინ მიუძღოდა შეუიარაღებელი მესტვირე და ამაღელვებელი მელოდიით სიმამაცისაკენ მოუწოდებდა. ეს ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის დროსაც გრძელდებოდა.
თავდაპირველად მუსიკა, რომელიც ყოველდღიური უცვლელი ბრძანებების გასაცემად გამოიყენებოდა სამხედრო დანაყოფში, საღვიძარათი[2] დაწყებული – შუქის ჩაქრობის სიგნალით დამთავრებული, ქეოლ მურის ან ფიბროხქის ტრადიციით იყო ნასაზრდოები. ეს მელოდიები გალურ კულტურაში ღრმად გახლდათ ფესვგადგმული. 1778-1783 წლებში ადრეულ სამხედრო დანაყოფში შეკრების მელოდია იყო „ომი ან მშვიდობა“ (Cogadh neo Sìth), „თითის საკეტი“ (A’ Ghlas Mheur – The Finger lock) გამოიყენებოდა საღვიძარად, ხოლო „მოხუცი კაცი შარვლით“ (Bodaich nam Briogais) – ჯარის მსვლელობისთვის - უფრო იმ მელოდიის მსგავსი იყო, რაც „მარშებად“ გარდაიქმნა. ეს უკანასკნელი კი უფრო ხშირად ქეოლ ბეგი „ceòl beag“ ან „მსუბუქი მუსიკის“ ჟანრად მოიაზრება, ვიდრე ქეოლ მური „ceòl mór“. კლასიკური რეპერტუარის მელოდიების ნაწილები კი აღებული იყო ყოველდღიური/სამებაღეო მელოდიებიდან, რომლებიც გალურ ზეპირსიტყვირებაში უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო. ქეოლ მურის მარშების ჟანრი წარმოადგენდა გალური სიტყვის სპადშერახქ (spaidsearachd) თარგმანს; შინაარსობრივად ის სიარულს უფრო შეესაბამებოდა ვიდრე გაზომილ დროზე მორგებულ მარშს. ქვემოთ მოყვანილია სხვა ცნობილი სიტყვიერი გადმოცემით გავრცელებული გალური ტრადიციული სიმღერები, რომელიც თავდაპირველად დღის განმავლობაში სხვადასხვა სამხედრო ბრძანების გასაცემად სრულდებოდა.
ქვემოთ მოცემულია ამ მელოდიების თემების ან „ურლარების“ (urlars) აუდიო მაგალითები, როგორც ისინი მათი თავდაპირველი ფუნქციის შესრულების დროს ჟღერდა. ამის შემდეგ შემოგთავაზებს ამ მელოდიების უკვე სტანდარტიზებულ ვერსიებს იმ სახით, რომელიც შეჯიბრებების დროს მიიღო და დღესაც მკაცრად ამ ფორმით სრულდება:
Cogadh neo Sìth (War or Peace) (ომი ან მშვიდობა)
A’ Ghlas Mheur (Fingerlock) (თითის საკეტი)
Bodaich nam Briogais (The Old Men with the Trousers) (მოხუცი კაცი შარვლით)
ეს მელოდიები დღეს ბევრად უფრო ნელა სრულდება, წყნარ, მშვიდ სტილში; ისინი აღარ მოუწოდებენ ხალხს შეკრებისა და გაღვიძებისკენ. XIX საუკუნიდან მოყოლებული, დროთა განმავლობაში, მთელი რეპერტუარის ტემპი შეიცვალა ცოცხალი სტილიდან უფრო ნელ ვერსიამდე. ამის მიზეზად იქცა მუსიკის კონკურენტულ გარემოში გადანაცვლება, მისი ბუნებვრივი კონტექსტიდან ამოგლეჯა, 200 წლის განმავლობაში ამ მუსიკის სტანდარტიზაცია და განსჯა, რამაც საბოლოოდ შესრულების სულ სხვა სტილი მოგვცა შედეგად.
Cogadh neo Sìth (War or Peace) Modern style/(ომი ან მშვიდობა) თანამედროვე სტილი
A’Ghlas Mheur (The Fingerlock) Modern style/ (თითის საკეტი) თანამედროვე სტილი
Bodaich nam Briogais (The Old Men with the Trousers) Modern style/ (მოხუცი კაცი შარვლით) თანამედროვე სტილი.
ზემოთ მოყვანილი ნაწარმოებების შესრულების სტილი ახლა მიღებულია, როგორც მათი დაკვრის „ტრადიციული“ ვერსია: ისევე როგორც XVII და XVIII საუკუნეების დიდი მესტვირე საგვარეულოები შეასრულებდნენ მათ კალუდენის ბრძოლამდე (1746).
ქეოლ ბეგის რეპერტუარი უხვად შეივსო საბრძოლო კომპოზიციებით, მაგალითად, ქვიქსტეპით და მარშით განსაკუთრებით, სტრათსპეით, რილითა და ჯიგზით. ასეთი ნაწარმოებების უმრავლესობას ჰქონდა სამხედრო სათაური, რომელიც მიანიშნებდა, რომელ დანაყოფს ან/და ისტორიულ მოვლენას უკავშირდებოდა ის; მაგალითად, „სამოცდამეთოთხმეტე, ედინბურგთან გამომშვიდობება“, „სამოცდამეთორმეტე პუნჯაბი“, „პირველი სამეფო შოტლანდიელები მაკედონიაში“ და ა.შ. 150 ასეთი სათაური მაინც არსებობს. სტრათსპეის ჟანრში გალური სათაურების დიდი ნაწილი ინგლისურით შეიცვალა და მიწადმოქმედი ან სამხედრო აზნაურების ახელები ეწოდათ. სტრათსპეის „მიეცი ბიჭი ვინმეს“ (Thoir an Gille dh’fhear-eigin) სახელი შეეცვალა და მას „ლეიდი ლუდონი და მის ლუიზა კემპბელის სიამოვნება“ (Lady Loudon and Miss Louisa Campbell’s delight) დაარქვეს, დღესდღეობით კი ლედი ლუდონის (Lady Loudon) სახელითაა ცნობილი - მიწათმგლობელი კემპბელის ქალიშვილის სახელით.
სტრათსპეის „გლენის ხეიბარი ბიჭი“ (Gille crùbach anns a’ Ghlean) კიდევ ერთი მელოდიაა, რომელსაც სახელი გადაერქვა და გახდა „პერთის მისის დრამონდი“ (Miss Drummond of Perth). შემდეგი მელოდია, აუდიო N8 გვიჩვენებს სტილში ცვლილებებს ადრინდელი პერიოდიდან, რომელიც უკავშირდება სტეპ-ცეკვის ტრადიციას და მეორე, რომელიც მას აკავშირებს ახალ "ქორეოგრაფიულ", გადასახლების შემდგომ არსებულ მაღალმთიან ცეკვის სტილთან:
თუმცა გალური ტრადიციის სათაურების დიდი ნაწილი, მაგალითად, რილი რომლებშიც ქალი, სახელად მერი, ქერა დონალდის ქალიშვილია ნახსენები (Mairi nighean Dhòmhnuill Dhuinn), ახლა „ლორდ მაკდონალდის“ (Lord MacDonald) სახელით გვხვდება. აუდიო N9 გვაჩვენებს ცვლილებას ძველი საცეკვაო და სასიღერო სტილიდან ახალ საცეკვაო სტილზე, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი სტეპ-დენსინგის ტრადიცია გაქრა.
ეს იყო ზოგადად მთიანეთის მუსიკის და არა მხოლოდ გუდასტვირის მუსიკის საერთო მახასიათებელი XIX საუკუნის განმავლობაში. როგორც ჩანს, აღნიშნული ტენდენცია მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალმა მიწათმფლობელებმა (რომლებიც ძირითადად ამ დროისთვის გაინგლისელებული იყვნენ) გადაწყვიტეს მესტვირეების მფარველობის ძველი ტრადიციის გაგრძელება, რათა მათ დიდ მამულებსა და ციხესიმაგრეებში დაეკრათ და სხვა ვალდებულებები შეესრულებინათ: დღის კონკრეტულ მონაკვეთში და სტუმრებისთვის შეესრულებინათ ნაწარმოებები. რთულია იმის გამორკვევა, როგორ მოხდა ნაწარმოებების სახელების ცვლილება, მაგრამ ალბათ ამ პროცესში მესტვირეც თამაშობდა გარკვეულ როლს. ზოგიერთ მელოდიას გალურ ენაზე მრავალი სახელი აქვს, ასევე გვხვდება ინგლისურ და შოტლანდიურ ენებზე. ადვილი წარმოსადგენია, რომ როდესაც მესტვირემ არ იცოდა ენა, შესაძლოა თავისი ბატონისთვის შეესრულებინა და მისთვის მიეძღვნა მელოდია საკუთარი ტრადიციიდან. დღესდღეობით გალურის მცოდნე მესტვირეებს აღარ ახსოვთ გალური სახელწოდებების უმრავლესობა და ეს კავშირიც დაიკარგა.
ქეოლ მურის ტრადიციასთან დაბრუნება იმ ჟანრთან დაბრუნებაა, რომელში დახელოვნებაც აუცილებლობად მიიჩნეოდა, რათა შემსრულებელი სტვირის ოსტატი გამხდარიყო. „პროფესიონალი ხალხის“ მფარველობით ამ მუსიკას „კლასიკური“ უწოდეს, ისე, რომ შეასწორეს ყველა მორთულობა, რომელიც ნოტებზე არსებობდა და „გააუმჯობესეს“ „ფიბროხქის საზოგადოების“ (Piobaireachd Society) ზედამხედველობით. მუსიკა უნდა შესრულებულიყო ზუსტად ისე, როგორც ნოტებზე იყო ჩაწერილი. ბოლო 40 წლის განმავლობაში გუდასტვირის ისტორიისა და შოტლანდიურ საზოგადოებაში მისი როლის კვლევამ უფრო სიღრმისეული, ნაკლებად რომანტიკული სახე მიიღო ინსტუმენტის ისტორიასა და შოტლანდიურ საზოგადოებაში მის როლთან დაკავშირებით.
ეს „კლასიკური მუსიკა“, როგორც ახლა უწოდებენ, საზოგადოებისთვის სრულდება კონკურსებში, რომელთაც 1781 წელს ჩაუყარა საფუძველი „შოტლანდიისა და ლონდონის მთიანეთის საზოგადოებაm“ (The Highland Societies of London and Scotland). ამ ორგანიზაციის მიზანი იყო მუსიკის „სტანდარტიზაცია“, რათა ნაწარმოებები „ყველა სხვა ინსტრუმენტს მორგებოდა“, მათ შორის, ორგანს, ფორტეპიანოს, ვიოლინოსა და გერმანულ ფლეიტას.
XVIII საუკუნის ბოლოდან მოყოლებული კონკურსები ყოველწლიურად ტარდებოდა. მუსიკა გავლენას ახდენდა მსმენელზე, კონკურსები დღესაც ამ მუსიკის მთავარ „სცენას“ წარმოადგენს შოტლანდიაში. ახლა ის სახელოვნებო მუსიკა უფროა, ვიდრე სათემო მუსიკა და სახალხო ფუნქციის მქონე. ნელ-ნელა იცვლებოდნენ ამ მუსიკის მფარველებიც, რომელთა შესახებ ფრანგი მწერალი და ფსიქოლოგი სტენდალი ამბობდა: „[ისინი არიან] სწავლული ადამიანები, რომლებიც მხატვრობისა და მუსიკის კრიტიკის პრივილეგიას მიიჩნევენ საკუთარ პროფესიულ ტიტულებზე ლეგიტიმურ დამატებად“.
შესრულების მანერა დიდწილად შეიცვალა, თავისუფალი გამოხატვისა და ფუნქციასთან შესაბამისი ფორმისგან განსხვავებული გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ სტვირის კულტურაში კონკრეტული სტილი ღრმადაა ფესვგადგმული, ხოლო კონკურსები იქცა მთავარ პლატფორმად, ხალხთან შეზღუდული კომუნიკაციით, ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა არსებობს, კონფორმიზმი კი მიღებული ნორმაა. არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც კოლონიზაციის გრძელი პერიოდის შედეგად წარმოიშვა საზოგადოებაში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია შემდეგი თაობის იმედი გვქონდეს, იმედი იმისა, რომ ერთ დღეს ისინი მკაცრი სტანდარტიზაციით დაიღლებიან და თავს დააღწევენ მას.
[1] შოტლანდურა, იგივე ტარტანი – შოტლანდიური ნაციონალური სამოსი, კუბოკრული ორნამენტით შემკული ქსოვილი. იხ: https://dictionary.ge/ka/word/tartan/
[2] საღვიძარა – ჯარის ადგომის მანიშნებელი სიგნალი. იხ: https://dictionary.ge/ka/word/reveille/
[i][i] ორმაგი სტვირი ნიშნავს ორ პარალელურ ხმას. რომაელ მესტვირეებს, ბერძნების მსგავსად, ჰქონდათ tibiae impares (ორმაგი სტვირი, განსხვავებული სიგრძისა, მისი ბერძნული ვერსიაა auloi elymoi); ასევე ერთნაირი სიგრძის tibiae sarranae (ბერძნული შესატყვისი არ არსებობს)
[i][i] F.Collinson The Traditional and National Music of Scotland’ (1966:95)
[i][i] იქვე, გვ. 37-38
[i][i] იქვე, გვ.57
[i][i] იქვე.
[i][i] F.Collinson: ‘იქვე (1966: 30,42,43) ნერონი გუდასტვირზე უკრავდა.
[i][i] იხ. See Cannon ‘The Highland Bagpipe and its Music’ (1988: 8)
[i][i] საინტერესოა, ყველაზე ადრინდელი ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ტექსტები, რომლებიც ომში სპარტელების მიერ სტვირის გამოყენებაზე საუბრობს, სინამდვილეში ომში სტვირებს იყენებდნენ და არა რქებს ან საყვირებს. სტვირის გამოყენება განსხვავდებოდა „საომარი სტვირების“ გამოყენებას ირლანდიასა და შოტლანდიაში იმ მხრივ, რომ ეს ინსტრუმენტები მეომრების აგრესიის გასაზრდელად კი არ გამოიყენებოდა, არამედ სიმამაცის საერთო სურათს ქმნიდა, რაც წყობის რღვევასა და უწესრიგო, იმპულსური გზით ბრძოლის „წახალისებაზე“ უფრო ეფექტური იყო.
[i][i] დონალდ მაკდონალდი, Donald MacDonald
[i][i] Joseph MacDonald - Compleat Theory of the Scots Highland Bagpipe
[i][i] მას ასევე ჰქონდა, პირველად, მთელი რიგი სრულად ნოტირებული მელოდია Ceòl Beag-ის რეპერტუარიდან - ნიმუში იმისა, რაც მოგვიანებით, 1828 წელს უნდა გამოქვეყნებულიყო.
[i][i] ბოლო კლანის მეთაური, რომელსაც მეარფე და მევიოლინე ჰყავდა, იყო მაკლინი (MacLean), 1828 წლამდე.
[i][i] მაგრამ როგორც დონალდ მაკდონალდის 1820 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში ნათქვამია; "გუდასტვირი დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის მთლიანად განზე იყო დადებული.
[i][i] A.MacKillop (2000) ‘More Fruitful than the Soil’:Army Empire and the Scottish Highlands 1715-1815’
[i][i] Donald MacDonald(1822) შესავალი, პარაგრაფი 3.
[i][i] არგილის ანუ დასავლეთის თავდაცვის დანაყოფი რომელიც მხოლოდ 5 წელი არსებობდა.
[i][i] შესავალი - დონალდ მაკდონალდის 1820 წლის კალედონიის უძველესი საბრძოლო მუსიკისა, სახელად Piobaireachd.