კახური მუსიკალური დიალექტი, მისი ორნამენტიკა და შესრულების თავისებურებები

როგორც ცნობილია, მკვლევრები ქართლ-კახურ სიმღერას ერთ მუსიკალურ დიალექტად განიხილავენ. ამას თავისი მიზეზები და არგუმენტები აქვს. მათ შორის არსებობს როგორც მსგავსება, ისე განსხვავება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქართლ-კახური სიმღერის შემსრულებლები უფრო მეტ სხვაობაზე მიუთითებენ.

წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ და წარმოვაჩენთ კახური სიმღერის ერთ მეტად მნიშვნელოვან საშემსრულებლო მხარეს მელიზმატიკას და მისი შესრულების  თავისებურებებს.

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და ბარაქიანი მხარეა. აქ საოცრადაა შერწყმული ვაზისა და ღვინის ტრადიცია, სასიმღერო ფოლკლორი, ხალხის ბუნება და ლანდშაფტი. კახური სიმღერა გამორჩეულია თავისი ფილოსოფიური სიღრმით, ამაღლებული ჰიმნური ჟღერადობით, ტკბილხმოვანებითა და ძლიერი შინაგანი მუხტით. კახური სიმღერის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური მახასიათებელი მელიზმატიკაა, რომელსაც ხალხი „ჩახვევას“ უწოდებს. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს დღესდღეობით კახელებმა მიივიწყეს კახური სიმღერა, მაგრამ როდესაც ხალხში კახური სიმღერის შესახებ ცოდნის შეგროვება დავიწყე, გამაოცა მათმა მეხსიერებამ და სიმღერის სიყვარულმა. აღმოჩნდა, რომ ხალხი არ ივიწყებს თავის ფოლკლორს.

ჩახვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას წლების განმავლობაში, კახელ მომღერლებსა და ლოტბარებთან მუშაობის პროცესში ვაგროვებდი. ამ დაკვირვების შედეგები სწორედ მათგან მოსმენილსა (რომელიც 2016-2017 წლებში ჩავიწერე[i]) და ძველი და ახალი ჩანაწერების მუსიკალურ ანალიზს, ასევე საკუთარ (როგორც კახური სიმღერის შემსრულებლის) პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობა.[ii]

ორნამენტიკას კახურ სიმღერაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. არ არსებობს კახური სიმღერა, რომელშიც ორნამენტი მცირე დოზით მაინც არ იყოს გამოყენებული, თუმცა მისი სიჭარბით განსაკუთრებით გამოირჩევა თავისუფალი მეტრის მქონე გრძელი სუფრული სიმღერები. კახურ სიმღერაში ორნამენტს გამშვენების, გალამაზების, შემკობის, ემოციის გაძლიერების, სტილის მიმცემის ფუნქცია აქვს. მისი კარგად შესრულება მომღერლისგან ნიჭსა და იმპროვიზაციის უნარს მოითხოვს. ხალხური მომღერლის, ჯემალ ჩოთალიშვილის, თქმით, „ჩახვევა ალამაზებს, ლამაზი ბგერები ამოაქ. სწორად ვერ იმღერებ, მშრალი გამოვა, ამას ნიჭი უნდა და ყველა ვერ აკეთებს“. კახურ სიმღერაში ორნამენტს ისეთივე ფუნქცია აქვს, როგორიც ჩუქურთმას ხეზე ან ქვაზე კვეთაში. კახური სიმღერისთვის ორნამენტი იმდენად არსებითი თვისებაა, რომ მის გარეშე ამ კუთხის სიმღერის წარმოდგენა შეუძლებელია.

 ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ორნამენტიკის მრავალფეროვნების წარმოსაჩენად კახელი მომღერლები იყენებენ სხვადასხვა ტერმინს: „ჩახვევას“,  „ჩახუჭუჭებას“,  „ვარიაციას“,  „ჩაკაკანებას“,  „ჩარაკრაკებას“,  „ჩაგვირისტებას“,  „ქსოვას“, „ქარგვას“, „ჩუქურთმას“, „მოვარაყებას“, „ჩაგალობებას“, „ნარნარს“, „ჩაბულბულებას“  და სხვ. თავის მხრივ, ეს ტერმინები აღნიშნავს ადამიანის იმ შრომით საქმიანობას, რომელიც უკავშირდება რაიმეს გამშვენებას (ჩუქურთმა, მოვარაყება) ან რაიმე წესით გაკეთებას (გვირისტი, ქსოვა, ქარგვა), ზოგჯერ – ფრინველთა ან ბუნების ხმების მიბაძვას (ჩაკაკანება, ჩარაკრაკება, ჩაგალობება), ხან – წრიულ მოძრაობას ან ჩაკვრა-ჩაკონებას (ჩახვევა, ჩახუჭუჭება), ზოგჯერ კი – შესრულების მანერას (ჩანარნარება, ჩაგალობება).

როგორც კახელი შემსრულებლების ნაამბობისა და მათ მიერ პრაქტიკულად ნაჩვენები მაგალითებით დავრწმუნდი, ამ ტერმინებში იგულისხმება სწორედ ორნამენტიკა და მისი შესრულების ნაირფეროვნება. მათგან ყველაზე გავრცელებული და ზოგადი ტერმინია „ჩახვევა“, რომელსაც ყველა მომღერალი ერთნაირად განმარტავს და კახეთის ყველა სოფლის სიმღერაში გვხვდება.

ჩახვევას ყველა მომღერალი განიხილავს მთლიანობაში და არა დაშლილად, როგორც მთლიან ფრაზას და არა, როგორც მის ნაწილს. ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ გრძელ და მოკლე ჩახვევას. როგორც წესი, ჩახვევა კეთდება ზემოდან ქვემოთ, თუმცა, ზოგიერთი მომღერლის განმარტებით, შეიძლება ქვემოდან ზემოთაც.

ჩახვევის ერთ-ერთი სინონიმია „ვარიაცია“. მართალია, ეს ტერმინი არ არის ხალხური, თუმცა ძველ მომღერლებში გავრცელებული ყოფილა. როგორც ირკვევა, ამ ტერმინს იყენებდნენ ლოტბარები: ფირუზ მახათელაშვილი, მიშა სიმაშვილი, შაქრო ლომიძე, ვანო ტერტერაშვილი. ზოგ შემთხვევაში მასში იგულისხმება მოკლე, ერთნაირი ჩახვევებით ჩამოსვლა (მაგალითად, სიმღერაში „წინწყარო“), ზოგჯერ – ჩახვევებით ჩამოსვლა, თუმცა განსხვავებულად, ვარიირებით.

ტერმინებს „ჩახუჭუჭება“ და „ჩუქურთმა“ შემსრულებლები საგანგებოდ არ ახასიათებენ, აღნიშნავენ მხოლოდ, რომ ისინიც ჩახვევას ნიშნავს.

ტერმინი „ჩაგვირისტება“  ხან „მოკლე ჩახვევაა“ (რომელიც კეთდება რეჩიტაციის დროს და ალამაზებს სიმღერას), ხან კი კარგად გაკეთებული ჩახვევაა. ახმეტელი მომღერლის, ბიძინა ფშაველაშვილის, თქმით, „ჩაგვირისტებას“ იტყოდნენ, როდესაც ვინმე ჩახვევებს ლამაზად აკეთებდა.

ტერმინი „ჩაკაკანება“, ანდრო სიმაშვილის გარდა, თითქმის ყველა შემსრულებელმა დამიდასტურა. ის მეტად გავრცელებული ყოფილა ახმეტის რაიონსა და თელავის რაიონის სოფელ კონდოლში. ეს ტერმინი უფრო მეტად უკავშირდება ხმის მაღალ რეგისტრში ასვლასა და ჩამოსვლას, აგრეთვე – ვიბრაციას. ამ უკანასკნელს უწოდებენ ხმის თრთოლას, რხევას, კანკალს. „ჩაკაკანება“ ხშირად კარგად ჩახვევასაც აღნიშნავს, თუმცა გვაქვს საპირისპირო ცნობაც: ჯემალ ჩოთალიშვილის მიხედვით, თელაველები „ჩაკაკანებულ მომღერლებს მომღერლებად არ თვლიდნენ“.

„ჩაკაკანებასთან“ მეტად ახლოს არის „ჩარაკრაკება“. ის აღნიშნავს მაღალ რეგისტრში ხმის ძალდაუტანებლად, მაგრამ მოზომილად ჩახვევას და დაკავშირებულია ხმის წკრიალა ტემბრთან.

ტერმინები „ქარგვა“ და „ქსოვა“ ზოგჯერ სინონიმებია. ჯემალ ჩოთალიშვილის ცნობით, „ქარგვა“ გვხვდება თელავურ „მრავალჟამიერში“, როდესაც ხმა ზევით და ქვევით მოძრაობს გლოსოლალიებზე „ჰარულაელო“ და „თარულაელო“.

ქისტაურელი მომღერლის, იოსებ ფშაველაშვილის, თქმით კი, „მთლიანობაში ქარგვაც „ჩახვევაა“, ოღონდ – გაგრძელებული, როდესაც ზედა ხმები ერთად ქარგავენ მელოდიას, ეს მოითხოვს ძალიან დიდ ოსტატობას“.

ტერმინი „ქსოვა“ დაკავშირებულია „ჩაქსოვებასთან“. ვანთელი მომღერლის, უშანგი შარვაშიძის, ცნობით, „ჩაქსოვება“ ნიშნავს უკეთესი ვარიანტის პოვნასა და სიმღერაში ჩაქსოვებას“.

ყველა მომღერლისთვის ცნობილია ტერმინი „ჩაგალობება“. ეს არის ზოგიერთი სიმღერის წყნარად, შედარებით მშვიდად შესრულება. ანდრო სიმაშვილის თქმით, ართანულ „ალილოში“ ზედა ხმა ჩაგალობებით – მარტივი ჩახვევებით – ჩამოდის, ხოლო შუა – ჩახვევებით.

უშანგი შარვაშიძის განმარტებით, თელავური „მრავალჟამიერი“ გალობაა. „ვისაც სიმღერის შეგრძნება აქვს, არ შეიძლება, საგალობელთან არ გააიგივოს“.

ელდარ ჭიჭიაშვილის ცნობით, იცოდნენ აგრეთვე ხმის „ჩანარნარება“. ესეც ჩახვევასა და ჩაკაკანებას ჰგავს, ოღონდ უფრო ქალის ხმაზე იტყოდნენ.

ძველი მომღერლების თქმით, გადაჭარბებული, ზედმეტი ჩახვევები გამშვენების ნაცვლად, აფუჭებს, აუშნოებს, ზომას აკარგვინებს სიმღერას. უშანგი შარვაშიძის მიხედვით, „ბევრი ჩახვევა კარგი არ იქნება, არ არის საჭირო. აი, მოკლედ, სხარტად, ლამაზად და ზომიერად რო იქნება, ჯობია“. ანდრო სიმაშვილის გადმოცემით, „ზომიერი ჩახვევა სიმღერის ღირსებაა“.

ერთმანეთისგან განსხვავდება კახური სიმღერის ძველი და შედარებით ახალი მომღერლების ჩახვევები. ამას ადასტურებს აუდიოჩანაწერების შედარებითი შესწავლა. ძველი მომღერლები ერთი სიმღერის ანალოგიურ ადგილებში ერთნაირ ჩახვევას ორჯერ მეტწილად არ იმეორებენ, მათთან ჩახვევის დროს იმპროვიზაციის ხვედრითი წილი გაცილებით მეტია, ვიდრე ახალ მომღერლებთან. ძველი მომღერლების მიხედვით, ჩახვევა თვითმიზანი არ არის.

როგორც ირკვევა, ყველა მომღერალს თავისებური ჩახვევები აქვს, მაგრამ ერთი სოფლის მომღერლები სტილით მაინც ერთმანეთს ჰგვანან. ჩემი დაკვირვებით, საერთო და განსხვავებული ჩახვევები კახეთის სხვადასხვა სოფლის ტრადიციასაც ახასიათებს. თითოეული სოფლის ტრადიციაში გვხვდება ე.წ. „ადგილობრივი ჩახვევები“, ანუ ისინი, რომლებსაც ადგილობრივი მომღერლები განსაკუთრებით ხშირად იყენებენ. იგივე ორნამენტები სხვა სოფლებშიც გვხვდება, მაგრამ შედარებით იშვიათად.

თითქმის ყველა მომღერალი ადასტურებს, რომ უფრო მეტ ჩახვევას კახურ სიმღერაში აკეთებს შუა ხმა, რომელიც პირველთან შედარებით დაწინაურებულია. საყურადღებოა ისიც, რომ ჩახვევები დასტურდება ბანშიც. ანდრო სიმაშვილის მიხედვით, „ალილოში“ წამყვანია მეორე ხმა; „თვითონ აგვირისტებს სიმღერას, აკეთებს ვარიაციებს. დამთავრების დროს პირველი ამთავრებს „ჩაგალობებით“, მეორე ხმა კი ვარიაციებით ჩამოდის“. ამ აუდიონიმუშში „ართანული ალილოს“ მაგალითზე ჯერ პირველი, ხოლო შემდეგ მეორე ხმის დამაბოლოებელ ჩახვევებს წარმოგიდგენთ.

„ჩახვევა გვაქვს ბანშიც. ბანი მოხურული უნდა იყოს და თავისებური ხვეულით აკეთებდეს ჩამოსვლებს“. ქისტაურელი მომღერლის, არჩილ მოსიაშვილის, თქმით, „პირველი რო ამბობს თავის სათქმელს, მეორემ უნდა ჩაალამაზოს. მეორე ხმა უფრო მეტ ჩახვევას აკეთებს, მაგრამ გააჩნია სიმღერას, ზოგში პირველია წამყვანი და მეტ ჩახვევას აკეთებს. ბანში ყველა სიმღერასა აქვს ჩახვევა, დაბლა რო ჩამოჲდიხარ, სწორედ, პირდაპირ როგორ ჩამოვა? ბანიც ახვევს, უმაგისოდ სიმღერას სილამაზე აღარ ექნება“.

ჩახვევები ბანში რომ ნამდვილად გვხვდება, ამას მოწმობს ძველ აუდიოჩანაწერებზე დაკვირვებაც, მაგალითად, შილდელებთან და გურჯაანელებთან.

ეთნოფორები განმარტავენ, რომ ჩახვევებს ზედა ხმები „ჯერ-ჯერით, მორიგეობით“ აკეთებენ. ზოგჯერ ერთია წამყვანი და მეორე მისდევს, ზოგჯერ პირველობას არცერთი არ თმობს და იმართება შეჯიბრება (მაგალითად, თელაველებთან). ერთნაირად, პარალელურად ჩახვევა იშვიათია.

მომღერლების უმეტესობა ფიქრობს, რომ ჩახვევას სჭირდება შედარებით მოხურული ბგერა (ასე უფრო კარგად კეთდება), თუმცა არსებობს განსხვავებული აზრიც. კონდოლელი მომღერლის, ნასყიდა ჭიკაძის, თქმით, მოხურული ბგერით სიმღერა ლამაზი არ არის, „ღიათ რომ ჩაუხვევ, ლაღად, ჯობია, ლამაზად ჩააკაკანებ.“

კახური სიმღერის შემსრულებლობაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ჩახვევა არის ერთი ბგერიდან მეორეზე გადასვლა სპეციფიკური, ყელისმიერი ბგერით. ჩახვევა შეიძლება იყოს გრძელი, რამდენიმებგერიანი და მოკლე, ორბგერიანი (ძველი თელაველი მომღერლები ამას „დამარცვლით ჩახვევას“ უწოდებდნენ). მოკლე და გრძელ ჩახვევებს თვითონ სიმღერის ხასიათი მოითხოვს.

ჩემი დაკვირვებით, არსებობს მოკლე ჩახვევების განსხვავებული ვარიანტები. ამ აუდიომაგალითში მოისმენთ კახური მოკლე ჩახვევების რამდენიმე ვარიანტს. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ კახური ჩახვევის ვარიანტები ამით არ ამოიწურება.

სწორედ ამ ჩახვევებითა და მათი კომბინაციებით სრულდება კახური სიმღერები. ჩახვევის დროს საჭიროა მახვილი, რომლის დროსაც ბგერა ყელში უნდა ჩავტეხოთ. თუ მახვილებს ზუსტად გავაკეთებთ, ჩახვევა სრულყოფილი გამოვა. მახვილები და ხმის ჩატეხა უკლებლივ ყველა ჩახვევის დროს არის საჭირო. ამას შემსრულებლებიც ადასტურებენ. ჯემალ ჩოთალიშვილის თქმით, „ბგერა უნდა ჩატეხო... ყელიდან უნდა გადატყდეს ბგერა... ჩახვევას მახვილი უნდა გაუკეთო, „დაატორმუზო“, ბგერა გააჩერო“. ელდარ ჭიჭიაშვილის გადმოცემით, „ჩახვევის დროს ხდება შედარებით რბილი ჩატეხა“. ვფიქრობ, ჩახვევების შესრულების ტექნიკას ყველაზე მიახლოებულად სწორედ ტერმინი „რბილი ჩატეხა“ ასახავს.

კახური სიმღერის ორნამენტებზე მუშაობამ წამოჭრა ქართლ-კახური გალობის შემსრულებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხი. კვლევის პროცესმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩახვევები ქართლ-კახური გალობის შესრულებასაც აუცილებლად უნდა ახლდეს.

კახური სიმღერის მელიზმატიკაზე მუშაობისას ბუნებრივად დადგა ქართლური ჩახვევების თავისებურებების კვლევის აუცილებლობაც. ამ ეტაპზე მხოლოდ კახური სიმღერით შემოვიფარგლე, თუმცა კახურშიც არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი ჯერ კიდევ გამოსარკვევია.

 

[i] მთხრობელებს შორის არიან: ჩემი მასწავლებელი ანდრო სიმაშვილი; თელავის გუნდის მომღერლები: ჯემალ ჩოთალიშვილი, ვანთელი უშანგი შარვაშიძე, ქისტაურელი იოსებ ფშაველაშვილი და არჩილ მოსიაშვილი; კონდოლელი ნასყიდა ჭიკაძე, კურდღელაურელი დომენტი მესტვირიშვილი, ახმეტელი ბიძინა ფშაველაშვილი და მატნელი ელდარ ჭიჭიაშვილი, რომლებმაც ბევრი მნიშვნელოვანი ცნობა და აზრი მომაწოდეს კახური სიმღერის შესრულებასთან დაკავშირებით.

[ii] კახურ სიმღერას 2000 წლიდან ვეუფლებოდი წინანდლელი ლოტბარის, ლევან აბაშიძის ხელმძღვანელობით, რომლისგანაც ბევრი საყურადღებო ცნობა მიმიღია შემსრულებლობის საკითხებზე.

 

ფოტო გარეკანზე - თელავის მომღერალთა გუნდი. ხელმ. ფირუზ მახათელაშვილი

ავტორი :

ბექა ბიძინაშვილი - ეთნომუსიკოლოგიის მაგისტრი