ჯილდოს მფლობელი ქართველი ქორეოგრაფი

მსოფლიოში ტრადიციული ქართული ქორეოგრაფია უკვე მრავალი წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღფრთოვანებას იწვევს ცეკვების მრავალფეროვნება და ქართველი მოცეკვავეების ოსტატობა.

2022 წლის სექტემბერში ქართულმა ქორეოგრაფიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევით ისახელა თავი: The Taurus World Stunt Awards-ზე, მეთიუ ვონის ფილმში The King’s Man, საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში, ქართული ქორეოგრაფიული ელემენტებით დადგმულმა სცენამ გაიმარჯვა. წარმატების ერთ-ერთი მთავარი გმირი კი ქართველი ქორეოგრაფი და მსახიობ-მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილია, რადგანაც მას დიდი წვლილი მიუძღვის ფილმში საბრძოლო სცენის დადგმაში და ამავდროულად მთავარი როლის შემსრულებლის დუბლიორიცაა. ყოველწლიურად ტაურუსის კასკადიორთა ჯილდო მაღალი ოსტატობით გამორჩეულ კასკადიორებს გადაეცემათ ხოლმე. წელს კი ამ დაჯილდოების ისტორიაში ლაშა პირველი ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფია, რომელიც არამხოლოდ ნომინირებული, არამედ ამ ჯილდოს მფლობელიც გახდა.

 

ლაშა მძინარიშვილი და The King’s Man-ი, Action Production Georgia-ს დამფუძნებელმა დავით ხუბუამ დააკავშირა ერთმანეთს. სწორედ მან შესთავაზა ლაშას, როგორც პროფესიონალს, მონაწილეობა მიეღო საბრძოლო სცენის შესარჩევ ტურში, რომელიც ლონდონში ტარდებოდა. ლაშასთვის ეს შეთავაზება დიდი გამოწვევა იყო. როგორც თავად ამბობს, ასეთ მასშტაბურ ფილმში როლის შესრულება მისთვის, ცხადია, ძალიან საინტერესო იქნებოდა, ამიტომ გადაწყვეტილება სწრაფადვე მიიღო და მონაწილეობაზეც დათანხმდა. საბოლოოდ, მოწვევაც მიიღო ლონდონიდან, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ორთაბრძოლებს ჯეკი ჩანის ჯგუფში სწავლობდა. შესარჩევ ტურში 15 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ერთი კვირის შემდეგ ლაშამ სასტუმროში წერილი მიიღო: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება The Kings Man-ში! და ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ფილმში, რასპუტინის როლის (რის ევანსი) დუბლიორის როლზე დაამტკიცეს.

 ქართულმა ცეკვამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია შემოქმედებით ჯგუფში. საბრძოლო სცენაში, რომლიც ცეცხლოვანი უნდა ყოფილიყო, რასპუტინი ებრძვის ოქსფორდს მთიულური ცეკვებისა და ხევსურული ფარიკაობის ილეთების გამოყენებით. გადაღებები Marv Tailor Production-ის კინო პავილიონში მიმდინარეობდა. მოცეკვავე ბაჩანა ჭანტურია ეხმარებოდა ლაშას სამუშაო პროცესში, რომელიც მისთვის, მართალია, შრომატევადი, მაგრამ, ამავე დროს, საინტერესო და სახალისოც აღმოჩნდა. ამას მოჰყვა სასიხარულო ცნობა იმის შესახებ, რომ The Taurus World Stunt Academy-ისა და Blue Ribbon Committee-ის გადაწყვეტილებით, ლაშას მიერ დადგმული სცენა „საუკეთესო ბრძოლის“ კატეგორიაში მოხვდა 2022 წლის ტაურუსის კასკადიორთა მსოფლიო დაჯილოდებაზე.დაჯილდოება Paramount Studio-ში გაიმართა,  სადაც ნომინანტის დასწრება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან ვიზის მიღება დიდ დროს მოითხოვდა. პრობლემა საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების დახმარებით გადაწყდა.

დაჯილდოებაზე The King’s Man-თან ერთად ნომინირებული იყო Black Widow, Nobody, The Suicide Squad და The Last Duel. თვით ფაქტი, რომ ლაშას მონაწილეობით ფილმი ამგვარ პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინეს, უკვე დიდი გამარჯვება იყო და მეტ წარმატებას თითქოს არც არავინ მოელოდა. თუმცა ქართველი მოცეკვავის ნიჭი და შრომა დაფასდა და ნომინაციაში საუკეთესო ბრძოლის სცენა The Kings Man-მა გაიმარჯვა.

ლაშა ამ დიდ წარმატებამდე სავალ გზას ქართული ცეკვის სიყვარულით ჯერ კიდევ სულ პატარა, 6 წლის ასაკში შეუდგა. ცოტა მოგვიანებით, მეშვიდე კლასში, ნუგზარ ჯიქურისა და ეთერ რეხვიაშვილის მოსწავლემ ქორეოგრაფობა გადაწყვიტა. ჯერ ანსამბლ „როკვაში“, შემდეგ კი მისთვის საოცნებო სუხიშვილებსა და თავისივე დაარსებულ „შუშპარში“ ცეკვავდა. „რუსთავი“ კი, სადაც ის დღემდე მოღვაწეობს, მისივე თქმით, ახალი აღმოჩენების ადგილად იქცა მისთვის. აქ ცეკვისა და სიმღერის გაერთიანებით კოსმოსი იქმნება, მე კი ამ კოსმოსის პატარა ნაწილი ვარ და ეს შეგრძნება ჩემთვის დღემდე დიდი ბედნიერებაო – ამბობს ლაშა.

დღეს ლაშა მძინარიშვილი უმნიშვნელოვანესი პრიზის, ტაურუსის კასკადიორთა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, ქართული ქორეოგრაფიის ახალი გზის სათავეებთან დგას და ამ რთულ და საინტერესო გზაზე ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია.  

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი