ინტერვიუ მალვინა მუკბანიანთან


მალვინა მუკბანიანი დაიბადა ლენტეხში, სოფელ ჭველიერში, 1946 წელს. მისი ნამუშევრების ამსახველი ფოტოსურათები პირველად ფოლკლორის ცენტრის არქივში ვნახე და მაშინვე მოვიხიბლე მათი ეთნოგრაფიული ხასიათით, სვანური ტრადიციების, ისტორიისა და თქმულებების გადმოცემის გამორჩეული უნარით.

მოგვიანებით ქალბატონი მალვინა თბილისში გავიცანი, ფოლკლორის ცენტრში გამოფენა მოვუწყვეთ. არ დამავიწყდება მის მიერ მოთხრობილი საინტერესო ამბები მშობლიური კუთხისა და წინაპრების შესახებ. ამ ამბებს თავის ფერწერულ ნამუშევრებში იგი საოცრად ზუსტად და ფერადოვნად გადმოსცემს. ჩემი აზრით, მალვინა მუკბანიანის შემოქმედებას მთელი საქართველო უნდა იცნობდეს.

ქალბატონ მალვინას მის სახლში, ჭველიერში, ვესტუმრეთ და ჩავწერეთ ინტერვიუ, რომელიც საშუალებას მოგვცემს,  უფრო ახლოს გავიცნოთ მხატვრის შინაგანი სამყარო და შემოქმედება.

გოჩა ბალავაძე



ალბატონო მალვინა, გვიამბეთ, როდის და როგორ დაიწყეთ ხატვა?

ჩემი პირველი ნახატები სკოლასთანაა დაკავშირებული. მაშინ ჩემი კლასელი ბიჭები ხშირად მოდიოდნენ და მთხოვდნენ, მათთვის რამე გადამეხატა, არც მე ვამბობდი უარს და ვასრულებდი მათ სურვილს. პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მამაჩემმა არ დამანება, „გოგო ფერებს არ უნდა დაათრევდეს, საღებავებით ხელში ბენია იქნები, ბაბლუანიო“. ბენია ბაბლუანი თვითნასწავლი მხატვარი იყო, რედაქციაში მუშაობდა, თავის სახელოსნოში პატარა „გალერე“ მოაწყო და იქ ჰქონდა გამოფენილი საკუთარი ნამუშევრები. სწორედ მასთან ვნახე პირველად, როგორ იხატებოდა ფერწერული ნახატები. მას უყვარდა ადამიანების ხატვა  და შესანიშნავ ხასიათებს ქმნიდა. ერთი ნახატი მინდა გავიხსენო, დახატული ჰყავდა თმაჩამოშლილი დალი (ნადირთ პატრონი ღვთაება ქართულ მითოლოგიაში – ს.ნ.), რომელიც კლდეზე იდგა. სამწუხაროდ, ეს ნახატი არავის დაუფიქსირებია, ბენიას შემოქმედება არ იყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.

ჩემს ამბავს თუ დავუბრუნდები, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, სამხატვრო აკადემიაზე უარი მათქმევინეს და ბოლოს გადავწყვიტე, ბიოლოგიის მიმართულებით წავსულიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ ბიოლოგია მაინც სიცოცხლესთან იყო დაკავშირებული და საინტერესოდ მეჩვენებოდა. ბიოლოგიის ფაკულტეტი წარმატებით დავასრულე და დავბრუნდი ლენტეხში, სადაც სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, თუმცა ცხოვრებამ მაინც ხატვასთან დამაბრუნა. სკოლაში ისე მოხდა, რომ ხატვის მასწავლებელი არ ჰყავდათ, დირექტორმა კი იცოდა, რომ ხატვა მეხერხებოდა და ხატვის მასწავლებლობა შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი. სანამ სკოლაში ხატვის მასწავლებელი გავხდებოდი, მანამდე ქვემო სვანეთიდან სამხატვრო აკადემიაში არავის ჩაუბარებია. ამიტომ ვამაყობ, რომ ჩემი აღზრდილებიდან ათმა ბავშვმა სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და პროფესიად მხატვრობა აირჩია.

თქვენს პირველ ნამუშევარზე რას გვეტყვით: რომელი იყო? როგორ შეიქმნა?

სრულფასოვანი ნამუშევრის შექმნის სურვილი რომ გამიჩნდა, პირველ რიგში, გავიგე სად იყიდებოდა ტილო, ჩარჩო საგანგებოდ დავამზადებინე. მახსოვს, როგორ მეხმარებოდა ჩემი ძმა ტილოს გადაჭიმვაში... ჩემი პირველი ნამუშევარი დღესაც სახლში მაქვს, მას დავარქვი „ქალი ზღვაზე“.


თქვენი ხელწერა გამორჩეულია, თქვენი ნამუშევრების ძირითადი თემატიკა ეთნოგრაფიულია; რამ განაპირობა ამ მიმართულების არჩევა?

ეს სტილი უფრო მოგვიანებით ჩამომიყალიბდა, როდესაც გავაცნობიერე, რომ ძველი ყოფა იკარგებოდა. მაგალითად, ვხედავდი, რომ ლიფაანალის (გარდაცვლილთა სულების სტუმრობისა და მათი გამასპინძლების საკრალური რიტუალი სვანეთში – ს.ნ.) რიტუალს ბევრი აღარ ასრულებდა. აგრეთვე იკარგებოდა ზოგიერთი ყოფითი საქმიანობა, მაგალითად, ხორბლის რეცხვის ძველი მეთოდი.  ვიცოდი ასევე, რომ მაჩუბი (საცხოვრებელი სახლი სვანეთში – ს.ნ.) მალე დავიწყებას მიეცემოდა. გარდა ამისა, არ მინდოდა, დავიწყებულიყო ის ძველი ამბები, რომლებსაც  ბაბუა მიყვებოდა ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე, ამ ფორმით შემენარჩუნებინა ეს ყველაფერი და დავიწყე ხატვა. მგონია, რომ ნახატების მეშვეობით შევინახე ეს ტრადიციები.

სიტყვამ მოიტანა და გვიამბეთ თქვენს წინაპრებზეც...

ბაბუაჩემი ხატის კაცი იყო.  ხატისა და ეკლესიის ფული ებარა და არასდროს დაუხარჯავს ოჯახისთვის ის ფული. მე ვიტყოდი, თუ სადმე არის არისტოკრატული გაგება, აუცილებლად სწორედ აქ და ეს არის. გულისტკივილით მინდა ვთქვა ისიც, რომ სვანური ენა იკარგება. სვანური ტრადიციები, ის რიტუალები, რომლებიც სვანურ ოჯახში სრულდებოდა, აღარსად არის. მიუხედავად იმისა, რომ გლეხები ვართ, ღმერთის წყალობით, ვიცავთ ყველა ოჯახურ წესს, რომ რისხვა არ დაგვატყდეს თავს. ვცდილობ, ჩემი სურათებით აღვბეჭდო ეს რიტუალები, რათა მომავალს დარჩეს.

როგორია თქვენი მუშობს პროცესი? როგორ გადაგაქვთ ტილოზე თქვენი იდეები?

ის შემიძლია გითხრათ, რომ ესკიზებს არასდროს ვაკეთებდი. გონებაში მქონდა, რისი დახატვაც მინდოდა, ამის შემდეგ პირდაპირ გავამზადებდი ტილოს და ვიწყებდი ხატვას. მოლბერტიც არასდროს მქონია. ვითხოვე რამდენჯერმე სამხატვრო სკოლიდან, მაგრამ არასდროს მოუციათ, ისე კი ძალიან მინდოდა. სამწუხაროდ, ხატვისთვის ბევრი დრო არ მაქვს, როგორც კი მექნება საშუალება და გამომითავისუფლდება 1-2 საათი, მაშინვე ვხატავ, თუმცა ეს არც ისე ხშირად ხდება. დროს რაც შეეხება, მხოლოდ დღის საათებში ვხატავ, რადგან ღამე უკვე ფერები იცვლება. ვწუხვარ იმაზე, რომ ადრე ჩემს ნახატებს მარტივად გავაჩუქებდი ხოლმე. ახლანდელი გადმოსახედიდან სხვაგვარად მოვიქცეოდი. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ამბავი: პოეზია ძალიან მიყვარდა, ვწერდი ლექსებს და ძალიან მინდოდა წიგნად გამომეცა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მიბეჭდავდნენ. ავდექი, ავიღე ჩემი ნატურმორტი, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვაჩუქე რედაქტორის მოადგილეს. მოეწონა, მადლიერი დარჩა და ძალიან დამეხმარა ლექსების კრებულის გამოცემაში. ხუთი ათასი ეგზემპლარი გამოსცეს და სახელმწიფომ გაყიდა. მოკლედ, ნატურმორტმა დამაბეჭდვინა ჩემი ლექსები.

რა არის თქვენთვის ნახატის ესთეტიკა?

ჩემი აზრით, ესთეტიკის აღქმა სუბიექტურია. რომელ თემას რომელი ესთეტიკა უხდება, მხატვარმა თავად უნდა აირჩიოს. ეს ისეთი უნარია, რომელიც არ ისწავლება. მხატვარმა ჯერ საკუთარ გონებაში უნდა დახატოს და მერე გადაიტანოს ტილოზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ასე ვარ. როცა დავაკონკრეტებ გონებაში, მერე ვიწყებ ხატვას. ამიტომ არასდროს ვცვლი. როგორც თავიდან წარმომიდგენია, ისე ვხატავ ბოლომდე. ვცდილობ, დავამსგავსო იმას, რაც გონებაში მაქვს. ამიტომ ხატვა ძალიან სახლაფორთოა, თუ ისეთი არ გამოდის, როგორიც წარმოდგენილი გაქვს, აუცილებლად უნდა წაშალო და ისე გააკეთო, როგორიც შენს გონებაშია. არასდროს მქონია ბევრი ფუნჯი. ხანდახან, როცა ფუნჯის ზომა არ მომწონდა, ბამბას დავახვევდი ჯოხზე და იმით ვხატავდი, ან საერთოდ, თითითაც დამიხატავს, მიმუშავია „გუბკა“ რომაა, იმითაც; „გუბკა“ ერთფეროვნად ფარავს, განაჩხაპნები არ ეტყობა. ერთი სიტყვით, მთავარია სურვილი, აკეთო საყვარელი საქმე.

რას გვეტყვით ფერებზე, რომელი ფერია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

შეზავებით შეგვიძლია მილიონობით ფერი მივიღოთ, ყველანაირი ფერის მიღებაა შესაძლებელი. მე, პირადად, ძალიან მიყვარს მზის ფერი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შავი ფერი, შავი ფერი რომ არ იყოს, ვერაფერს დახატავ, რადგან ჩრდილის გარეშე ნახატი არ იხატება. ძალიან მინდოდა ცისარტყელას დახატვა და ვერასდროს შევძელი ისე, როგორც წარმომედგინა. თუმცა ნაწილობრივ ეს მაინც მოვახერხე ჩემს ნახატში, რომელიც მუზებზეა. არსებობს ცხრა მუზა. ვფიქრობდი, როგორ დამეხატა. გავიდა სამი თვე და მოვიფიქრე, თითოეული მუზა ცისარტყელას თითო ფერით გამოვსახე. ისე, როგორც რუსთაველი წერდა ბატის ფრთით, ამ ბატის ფრთას თვალი მივუხატე. ეს არის სინამდვილის მხედველობითი აღქმა და მუზაც ასე იბადება. ერთი მუზა მიუწვდომელია და ეს არის ღმერთის იდეა. ნახატში გამოვიყენე ასევე მთვარე, რომლის უკანაც ჩანს თვალის ნაწილი. ბოლომდე არ მომწონს  ის ნახატი. შეიძლება ისევ მივუბრუნდე.    


როგორ იბადება სურათის თემა?

მაქვს ერთი სურათი პოლიტიკის თემაზე, რომელშიც საბჭოთა კავშირისა და ტრადიციული ყოფის დაპირისპირება ავსახე. ჩემს შემოქმედებაში ეს ნამუშევარი ერთ-ერთი პირველია. ვხედავდი, რომ დაპირისპირება იყო რელიგიასთან, არბევდნენ ეკლესიებს, გვიკრძალავდნენ ძველ, ტრადიციულ რელიგიურ რიტუალებს. ეს არ მომწონდა, ოჯახიდანაც ვხედავდი მაგალითს, როგორ სცემდნენ პატივს ძველ ტრადიციებს. იმ პერიოდში ჩვენი ოჯახი ასევე ინახავდა ადგილობრივი სალოცავის ხატებს. პოლიტიკა და რელიგია დაპირისპირებული იყო. ვფიქრობდი, როგორ უნდა დამეხატა. პოლიტიკა გამოვხატე ვარსკვლავის სახით, რომელიც კომუნისტების სიმბოლო იყო. ერთი სიტყვით, დავხატე ჩვენი ბუხარი, რომელზეც ვარსკვლავი იყო გამოსახული; ბუხარში კი რელიგიური რიტუალის სამზადისი ავსახე. პოლიტიკა როგორ უნდა დამეხატა, ამაზე სამი თვე ვფიქრობდი, როგორც კი მოვიფიქრე, შემდეგ უცებ გაირკვა თემაც და სურათიც შედგა. სკოლიდან სამ საათზე მოვდიოდი, საჭმელს შევჭამდი და დაღამებამდე ვხატავდი. ერთი თვე მოვანდომე ამ ნახატის დასრულებას.

რა სიხშირით ახერხებთ ხატვას? რა გიშლი ხელს მუშაობაში?

როგორც მოგახსენეთ, სამწუხაროდ, ხატვისთვის ბევრი დრო არ მაქვს. ამ ყველაფერს დაემატა პანდემია, რომელმაც ძალიან შემიშალა ხელი. ოჯახში ყველა ცუდად ვიყავით. ჩემმა ძმამ, რომელიც ძალიან განათლებული პიროვნება და დიდი ადამიანი იყო, სამწუხაროდ, ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და, საერთოდ, ხატვაზე ვეღარ ვფიქრობ. დამრჩა ერთი ძმისშვილი, რომელსაც ვუტოვებ ჩემს ნახატებს.

სამომავლო გეგმებზე გვითხარით ორიოდე სიტყვა. ჩანაფიქრი ხომ არ გაქვთ, რისი განხორციელებაც გინდათ?

ერთ თემაზე ვფიქრობ, რომ დავხატო. თან ვნერვიულობ, რადგან ცოტა რელიგიური თემაა. ვფიქრობ, როგორ უნდა დაიხატოს. სურათი ასე წარმომიდგენია: შემოდის მღვდელი, გაშლილია სუფრა და სუფრის იქით დგას კაცი, რომელსაც მაიმუნები ესევიან. მღვდელს ხელში სანთელი უჭირავს და ადამიანიდან მაიმუნისმაგვარი არსებები გარბიან. არ ვიცი, როგორ და როდის მოვახერხებ, მაგრამ კარგა ხანია მინდა ამის დახატვა, ტილოც გამზადებული მაქვს. მე და ჩემს დას დიდი მეურნეობა გვაქვს, მოზრდილი ყანები, ბოსტანს ვამუშავებთ, საქონელი, ღორები გვყავს, ვწვალობთ ცოტას, სტუმრიანობაც ხშირი გვაქვს, ნათესაობაც დიდი გვყავს და ხატვისთვის მოცლა ცოტა ჭირს, მაგრამ შევეცდები, ჩანაფიქრი ბოლომდე მივიყვანო.

დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. გისურვებთ თქვენი შემოქმედებითი სურვილების ხორცშესხმას და წარმატებას.

ავტორი :

სანდრო ნათაძე - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის ხელმძღვანელი
გოჩა ბალავიძე - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი