ინტერვიუ გურულ მომღერალ-ლოტბართან ტრისტან სიხარულიძესთან

სიმღერა რომ არ იყოს და მომღერალი არ ვყოფილიყავი, ამდენ ხანს ვერც ვიცოცხლებდი... სანამ კი ცოცხალი ვარ, მთელი მონდომებით ამ საქმეს ვემსახურები

 

რაც დრო გადის, უფრო იშვიათად შეხვდებით ისეთ მომღერალს, ვისაც სიმღერა ნოტებით არ უსწავლია, ვის ნამღერსაც ხალხური კილოს ელფერი დაჰკრავს და ვისთვისაც სიმღერა მუსიკალური საუბარი და აზრის მდინარებაა. ასეთი გახლავთ გურული მომღერალი ტრისტან სიხარულიძე, რომელმაც სიმღერა მამსაგან, ასევე შესანიშნავი მომღერლისგან, ილარიონ სიხარულიძისაგან, ისწავლა. მისი რეგალიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმც მოგვიანებით მაინც შეგახსენებთ. მასთან საუბარი გურულ სიმღერასავით იმპროვიზაციებით სავსეა, ერთი და იმავე კითხვის პასუხები ხასიათის მიხედვით იცვლება. უფრო საინტერესო კი მაინც ის ამბები და დეტალებია, რომლებიც თავად მომღერლისგან მასთან ინტერვიუს მომზადებისას შევიტყვეთ.

 

ბატონო ტრისტან, გვიამბეთ მუსიკასთან თქვენი პირველი შეხების შესახებ...

– ეს ბავშვობის პერიოდია. მამას სტუმარი ძალიან უყვარდა. ხშირი სტუმრიანობა გვქონდა. სუფრა გაიშლებოდა და ლხინის დროს მამა თავის მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სიმღერას მღეროდა. მაშინ ბავშვი ვიყავი და გულში ჩამრჩა ეს უცნაური და საოცრად საინტერესო ჰანგები. მეც გამიჩნდა დიდი სურვილი, რომ მემღერა. ხუთი წლის ვიქნებოდი, პირველად რომ გავბედე სიმღერა. მერე მამაჩემმა დაგვიწყო სიმღერის სწავლება. და მყავდა ძალიან ნიჭიერი. დაგვსხამდა მამაჩემი და ორივეს გვასწავლიდა გურულ სიმღერებს.

დედ ან ბების ნამღერი თუ გახსოვთ?

– დედა არაჩვეულებრივად მღეროდა, მისგან მახსოვს განსხვავებული „მრავალჟამიერი“. დედა სოფელ მერიიდან იყო და ამ სოფელში გავრცელებული „მრავალჟამიერი“ იცოდა. ბებიასგან მახსოვს, „ნანას“ რომ მიმღეროდა და ტურას აფრთხობდა. „დეიძინე, ნენა, დეიძინე! არ მოხვიდე, ტურა, იძინებს ჩემი ბიჭი“, – წაუწვრილებდა ხმას. კარგად მახსოვს, წითელა ბატონები რომ ჰქონდათ მეზობლებს, ჩაგვაცმევდა ფერად-ფერად ტანსაცმელს, ჩონგურს დეიკავებდა ხელში და მივყავდით ავადმყოფთან სამღერლად.  სიმღერაც „ბატონებო“ მან გვასწავლა.

როგორც ბრძანეთ, გულში აგრჩათ ბავშვობაში მოსმენილიუცნაური და საინტერესო ჰანგები. ალბათ კრიმანჭულიც გესმოდათ და განსაკუთრებით უცნაურად და საოცრადაც გეჩვენებოდათ...

– ცხადია. ეს იყო გაოცება და ფიქრი იმაზე, ნუთუ ყველას შეუძლია ამ ხმის თქმა-მეთქი. თუმცა მოგვიანებით მეც მომიწია კრიმანჭულის მღერა. მიშა შავიშვილმა სცენაზე გასვლის წინ მითხრა, „შვიდკაცაში“ შენ უნდა თქვა კრიმანჭულიო. მოგვიანებით ანზორ ერქომაიშვილმა მიგვიწვია ანსამბლ „რუსთავში“ და იქ რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ. მათ შორის ორი სიმღერა – „ადილა ალიფაშა“ და „შვიდკაცა“ ჩემი კრიმანჭულითაა ჩაწერილი, ეს იყო სადღაც 1980-იანი წლები.

სხვადასხვა თაობის მომღერლები ახსენეთ, ალბათ ბევრთან გქონიათ პროფესიული ურთიერთობა. თუმცა თქვენი პირველი მუსიკალური გამოცდილება მამათქვენსა და თქვენს ოჯახს უკავშირდება. მამამ ვისგან ისწავლა სიმღერა?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მამაჩემის მასწავლებელი იყო არტემ ერქომაიშვილი.  მამაჩემის მამა არ მღეროდა.  ჩვენი გვარის, როგორც მომღერლების, ტრადიცია მამასა და ბიძასაგან იწყება. ორი ძმა იყო – ილარიონი და იპოლიტე. ორივეს არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა. მამა ძირითადად პირველ და მეორე ხმებს მღეროდა, მისი ძმა იპოლიტე კი – ბანს. ბიძა ცოტა ხანს ვარლამ სიმონიშვილთანაც იყო ანსამბლში. შემდეგ ჯარში გაიწვიეს და აღარ დაბრუნებულა.

როგორი მასწავლებელი იყო მამა?

– გურული სიმღერის სამყაროს კარი მან შემიღო და მუსიკალური ბგერებით  აზროვნება მასწავლა, თუმცა ყველა სიმღერა მამას არ უსწავლებია. მონასმენიდან ვკრეფდი, ვუსმენდი არტემ ერქომაიშვილის, სამუელ ჩავლეიშვილის, ლადიმე ბერძენიშვილის ჩანაწერებსაც და საუკეთესოს ვითვისებდი. მახსოვს ასეთი შემთხვევა: ანსამბლში გავაკეთე „კალოს ხელხვავი“. ჟიურიში მიშა შავიშვილი და გიორგი სალუქვაძე იყვნენ. კარებთან დამხვდა მომღერალი კოტე პაპავა და მითხრა: „ილარიონის შვილო, მასე გასწავლა მამაშენმა აი სიმღერა?“ იქ ხალხი იყო, მოვკიდე ხელი, გვერდზე გავიყვანე და ვუმღერე ვარლამ სიმონიშვილისეული ვარიანტი. მაშინ მითხრა: „კი გცოდნია შენ მაი სიმღერა და სხვანაირად რატომ მღეროდი?“ ვარლამი ღმერთად ჰყავდათ და მის ვარიანტს არ უნდა გადასულიყავი. მამაჩემიც ასე იყო. მე კი ყველა ვარიანტი ვიცოდი და მინდოდა, ჩემებურად მემღერა.


მარჯვნიდან მარცხნივ პირველი -  ილარიონ სიხარულიძე

ასეთი მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით, გურული მომღერლების რომელი სკოლა მოგწონთ?

– ყველა საუკეთესო იყო. როგორ შემიძლია, ლადიმე ბერძენიშვილის ბანზე რაიმე გადაბრუნებული ვთქვა, ან ვარლამ სიმონიშვილზე. თუმცა ჩემთვის გამორჩეული მაინც არტემ ერქომაიშვილი იყო.

იყო პერიოდი, როცა თქვენ და მამა ერთად მღეროდით. როგორ ფიქრობთ,  სიმღერაში ერთმანეთის თანასწორი იყავით?

– კი, იყო ეგ პერიოდი, როცა ერთად ვმღეროდით. არტემ ერქომაიშვილი ჯერ სოფლის გუნდში მასწავლიდა და შემდეგ დაინიშნა ოზურგეთის კულტურის სახლის გუნდის ხელმძღვანელად. მე, მამაჩემი და ჩემი და ერთად ვმღეროდით მასთან, მაგრამ მამაჩემი ჩემზე მეტი იყო: სიმღერების ცოდნითაც ჩემზე გაცილებით მეტი იცოდა, ბევრი წაიღო იქით. თან არაჩვეულებრივი მომღერალი იყო. ანსამბლში ტრიო ჰყავდა: მამაჩემი, დომენტი ქარჩავა და შერმადინ ჭკუასელი. მამაჩემი და დომენტი პირველ-მეორე ხმებს ცვლიდნენ ერთმანეთში. შერმადინი უცვლელი იყო ბანში. 

სწავლების რა მეთოდი ჰქონდა?

– ზუსტად ისეთივე, როგორიც მე მაქვს ახლა. სიმღერას მუხლებად დაყოფდა. ჯერ პირველ და მეორე ხმებს ასწავლიდა, მერე – ბანს. შემდეგ სამივე ხმას ერთად გვამღერებდა და მერე გადავიდოდა ახალი მუხლის სწავლებაზე. ზუსტად ასე ვასწავლიდი მეც ჩემს შვილებსა და მოსწავლეებს. ჩემმა შვილიშვილებმაც კარგად იციან გურული სიმღერა. პატარა შვილთაშვილი მყავს და დიდი იმედი მაქვს, ისიც გააგრძელებს ოჯახური მღერის ტრადიციას.

რა ფენომენია თქვენთვის გურული სიმღერა?

– მაგი არის ჩემი მასაზრდოებელი, უმაგისოდ ვერ ვძლებ. ჭირშიც (ღმერთმა გვაცილოს ყველას!), როცა რთული დღეებია, იქაც ვღიღინებ და მშველის. საზოგადოებაშიც სიმღერამ გამომიყვანა. სიმღერა რომ არ იყოს და მომღერალი არ ვყოფილიყავი, ამდენ ხანს ვერც ვიცოცხლებდი. მამაჩემისთვისაც ასე იყო ეს.

თქვენს შთამომავლებში თუ ხედავთ სიმღერის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას?

– ვხედავ ერთ-ერთ შვილიშვილში, ჩემი ქალიშვილის შვილ ანა ქურთუბაძეში. იგი მსახიობია და არაჩვეულებრივად მღერის გურულ სიმღერებს. ის და მისი პატარაც  დიდ იმედს მისახავენ გულში.

სიმღერაში ყველაზე დიდი ხნის პარტნიორი თქვენი ბიძაშვილი გური სიხარულიძეა...

– ჩემი ბიძაშვილი გური უდიდესი მომღერალი იყო. მისი შემცვლელი ვერაფრით ვერ მოვნახე. ჩვენ ანზორის (ანზორ ერქომაიშვილი – მ.გ.) რჩევით შევქმენით ტრიო „შალვა ჩემო“, რომელმაც სწრაფად გაითქვა სახელი. სად აღარ ვიყავით მიწვეული. გურისთან სიმღერა არ გაგიჭირდებოდა და არც შეგეშინდებოდა. რა მონაკვეთიდანაც უნდა დაგეწყო სიმღერა, იმავე წუთში გაგიგებდა და მოგაშველებდა ხმას. იყო კარგი პიროვნება და ძალიან, ძალიან კარგი მომღერალი. ანზორი ყოველთვის ამბობდა, გურიაში რომ ჩავდივარ, მიხარია. იქ გური და ტრისტანი დამხვდებიან და იგენთან სიმღერა დიდი სიამოვნებააო. 

გური და ტრისტან სიხარულიძეები

ბატონო ტრისტან, სიმღერებს მარტო მეხსიერებას ანდობდით? ფურცელზე ტექსტს არ იწერდით ან რაიმე ნიშნებს არ იშველიებდით?

– არაფერი ჩემი თავის და გონების გარდა არ დამჭირვებია. მეც მიკვირდა, სხვათა შორის. ერთხელ ანზორმა მთხოვა, ჩამომეწერა ის სიმღერები, რომლებიც ვიცოდი. დავიწყე ჩამოწერა და 120-ზე რომ ავედი, მერე შევეშვი თვლას. კი მიკვირდა, როგორ მეტევა თავში ამდენი სიმღერა, თითოეული სიმღერის ამდენი ვარიანტი და თან სამივე ხმა-მეთქი. ნოტებში რომ იყურები, ის დაშტამპული ვარიანტია, ერთი ხმას რომ გაგიქანებს მომღერალი, გადავარდები ხმიდან. ამიტომ არ მქონია ასეთი შემთხვევა, რომ სიმღერა დამშლოდეს. ალბათ ეს არის მუსიკალური აზროვნების განვითარების შედეგი. გურისთან სიმღერისას დაკანონებულად არასდროს გვიმღერია, გური მელოდიას ზევით რომ წაიყვანდა, უნდა მიჰყოლოდი. ბანი ხომ არ დარჩებოდა ეულად, ისიც მოგვყვებოდა. უცებ დაეშვებიან ხმები და ბანიც უნდა ჩამოჰყვეს...  ასეთივე კარგი პარტნიორია სიმღერაში რებული მჟავანაძე.

რომელ ანსამბლებში გიმღერიათ?

– მაკვანეთის სოფლის გუნდში – არტემ ერქომაიშვილთან, ოზურგეთის კულტურის სახლის ანსამბლში – ვლადიმერ ერქომაიშვილთან, მერე მიმიწვიეს საქართველოს სახელმწიფო ანსამბლში გრიგოლ ჩხიკვაძესთან. მალევე დავბრუნდი შინ. 1966 წელს მიმიწვია „შვიდკაცაში“ მიხეილ შავიშვილმა და დღემდე ამ ანსამბლში ვარ.

გიმღერიათ გუნდშიც, დიდ ანსამბლსა და ტრიოშიც. სიმღერისას სად უკეთ გრძნობთ თავს?

– რა თქმა უნდა, ტრიოში. იქ უფრო ხალასად მღერი, იმედი გაქვს კარგი მომღერლების, რომლებისაც კარგად გესმის და შეწყობილი ხარ.

ძველი თაობის მომღერლებიდან ვისთან ისურვებდით სიმღერას?

– ადრე ამ კითხვას ასე ვცემდი პასუხს: სამუელ ჩავლეიშვილთან და ლადიმე ბერძენიშვილთან. ახლა კი ჩემი ანზორი და გურიც წასულები არიან და მათთან სიმღერა მენატრება. 

განსაკუთრებულად რას გაიხსენებდით ანზორ ერქომაიშვილთან დაკავშირებით?

– ჩემს ანზორზე საუბარი ძალიან შორს, შორს წაგვიყვანს. განსაკუთრებულად უნდა ვახსენო მისი კარგი კაცობა. ის რომ არა, გურული სიმღერა და, საერთოდ, ქართული ფოლკლორი არ იქნებოდა ასე ძლიერად, ახლა რომ არის. ანზორი და მე ბავშვობიდან შევეზარდეთ ერთმანეთს, სამი წლით უმცროსი იყო. 1947 წელს ის შვიდი წლის იყო, მე კი – ათის, როდესაც ოზურგეთში ჩამოყალიბდა ბავშვთა ანსამბლი რესპუბლიკური ოლიმპიადისთვის. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიდან შეარჩიეს საუკეთესო სმენისა და მუსიკალური ხმის ბავშვები. მაკვანეთიდან მე და ანზორს მოგვიწია ანსამბლში მღერა. ანზორის დედა, ქალბატონი ეთერი, ხელს ჩაგვკიდებდა და ფეხით მოვდიოდით ქალაქში რეპეტიციებზე. ხელმძღვანელი იყო ვლადიმერ ერქომაიშვილი. ოლიმპიადა როცა დაინიშნა, ჩავედით თბილისში და ოპერის თეატრში გაგვსინჯეს. მეორე დღეს გაგვიყვანეს სცენაზე. ანზორი ისე პატარა იყო, სკამზე დააყენეს. ფარდა რომ გაიხსნა, ცარიელი დარბაზის ნაცვლად თავების გორა დაგვხვდა (იცინის – მ.გ.). დავიწყე „შვიდკაცა“, ანზორი კრიმანჭულს ამბობდა, ვაშალომიძის ქალი იყო და იმან ბანი გვითხრა. სიმღერა რომ დავამთავრეთ, ასე მეგონა, დაინგრა დარბაზი. ჩვენ შევშინდით და სცენიდან გავიქეცით. მოგვაბრუნეს სცენაზე და დაგვასაჩუქრეს მაჯის საათებით. ბავშვობის დამთავრების მერე ანზორი ქალაქში, თავის გზაზე წავიდა, მე კი რაიონში დავრჩი.

სახელმწიფო ანსამბლში როცა ვმღეროდი, იმავე პერიოდში ანზორმა შექმნა ანსამბლი „რუსთავი“. როგორც გურული სიმღერების სპეციალისტი, მიმიწვია სიმღერების ჩასაწერად და ჩემი მონაწილეობით 25 სიმღერა ჩავწერეთ. ფირფიტას ერქვა „100 ქართული ხალხური სიმღერა“. ძალიან დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. არ არსებობდა, ის გურიაში ჩამოსულიყო და ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედროდით. ანზორმა ჩემსა და გურიზე წიგნიც დაწერა. მიგვიწვია თავის აგარაკზე სოფელ მისაქციელში. ვსაუბრობდით, ჩვენ ვყვებოდით სხვადასხვა ამბავს და ის იწერდა. დიდი ტკივილი დამიტოვა ანზორმა თავისი წასვლით. მას იმდენი ნაშრომი აქვს ამ სფეროში, რომ ქართულ ფოლკლორს წახდენა არ უწერია.

ჩანაწერები ახსენეთ, რა მიგაჩნიათ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ამ მიმართულებით?

– ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ფონდ „ქართული გალობის“ მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩაიწერა ძველი თაობის მომღერლების მიერ შესრულებული სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები. ეს იყო ანსამბლ „ბასიანისა“ და მისი ხელმძღვანელის, გიორგი დონაძის, პროექტი „უნიკალური ჩანაწერები“. ამ მიზნით სამეგრელოდან მიიწვიეს 89 წლის პოლიკარპე ხუბულავა, გურიიდან – მე, გური და მერაბ კალანდაძე. ჩაწერისას ასევე მღეროდნენ  ანსამბლი „ბასიანი“ და თავად ანზორ ერქომაიშვილი.  ამ ჩანაწერებში არის ანსამბლ „ბასიანის“ მიერ ნამღერი გურული, მეგრული და საქართველოს სხვა კუთხეების სიმღერები.

თქვენი ხანგრძლივი და მდიდარი საშემსრულებლო გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, გამოარჩიოთ ხუთი საუკეთესო გურული მომღერალი?

– სამუელ ჩავლეიშვილი, არტემ ერქომაიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, ლადიმე ბერძენიშვილი და თეოფილე ლომთათიძე. ამათგან ყველასთან მაქვს ნამღერი, გარდა სამუელ ჩავლეიშვილისა და თეოფილე ლომთათიძისა. ისე, რაოდენობა ცოტა გაგეზარდა, ურიგო არ იქნებოდა (იცინის – მ.გ.), იმდენად ბევრი კარგი მომღერალია.

თქვენი აზრით, როგორია ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება გურული სიმღერისადმი?

– სალოტბარო სკოლამ თავის პედაგოგ-მოსწავლეებითურთ დიდი იმედი ჩამისახა. ჩემი აზრით, გურული სიმღერა არ დაიკარგება, იმიტომ რომ ჩვენი მოსწავლეები უკვე წარმოადგენენ დიდ ძალას. მათი მასწავლებლები – ლაშა ჩხარტიშვილი, მამუკა სირაძე, მამუკა რუსიძე და ფოტინე გორდელაძე – არაჩვეულებრივი პედაგოგები არიან.  სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ ლაშა ჩხარტიშვილი და მამუკა სირაძე, გურამ გუნთაძესთან ერთად, ჩემი მოსწავლეები იყვნენ და ხალხურ ფესვებთანაც უფრო ახლოს დგანან.

მოსწავლეები ახსენეთ, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლ ნინი მახარაძის კრიმანჭულის მოსმენის შემდეგ რას იტყოდით? გურული მომღერლების დამოკიდებულება ქალ მოკრიმანჭულეთა მიმართ ხომ ცალსახად უარყოფითია.

– ძალიან კარგი შენიშვნა-შეკითხვაა. ძველად ქალს კრიმანჭულს არ ამღერებდნენ. ასე ამბობდნენ, სად ნახე შენ, დედალი ყიოდესო.  ეს აზრი ჯერ კიდევ ჟენია შავიშვილის მოსმენისას გამიქარწყლდა. იმას ისეთი ხმა და ტექნიკა ჰქონდა, მამაკაცის ნამღერისაგან ვერ გაარჩევდი. რაც შეეხება ნინის, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ვფიქრობ, ერთ-ერთი დასაყრდენი კრიმანჭული იქნება გურიაში.

ქალების ნამღერ ნადურზე რა აზრის ხართ?

– ლანჩხუთის ქალთა ანსამბლ „აცაურას“ აქვს ქალების „ნადური“, მაგრამ იქ ასეთი გამყოლი და დამღლელი კრიმანჭული არ არის. კაცების „ნადური“ დიდ ენერგიას მოითხოვს და ქალებისთვის ცოტა სახიფათო, ძნელი სათქმელი შეიძლება იყოს.

გარდა სიმღერისა, სხვა ნიჭიც გაქვთ. მშვენივრად ამბობთ სათქმელს ლექსად...

– ჩემდა უნებურად... ამას არაფრად არ მივიჩნევ. ეს სახუმარო, ვიღაცის საპასუხოდ გალექსილი სტრიქონები იყო. მერე და მერე კი გამომივიდა რაღაც. განსაკუთრებით ანზორის სიკვდილმა სხვანაირი გრძნობით ამომათქმევინა გულისწუხილი.

მსახიობობის ნიჭიც გაქვთ...

– მაგი მართლა გამომივიდა, თურმე. არც მიმეცადინია. ფილმ „გალობის რაინდებში“ გადამიღეს. მგალობლებს ვასახიერებთ მე, გური და მერაბ კალანდაძე. მე  მოლარიშვილს ვასახიერებ, გური – ანტონ დუმბაძეს, მერაბი – ნესტორ კონტრიძეს. მეორე ფილმში „მოპარული სიმღერა“ ელდარ შენგელაიამ მიმიწვია იმედო კახიანთან ერთად. მითხრეს, რა უნდა მეთქვა და ერთი ცდით წარმატებულად ჩავწერეთ.

ინსტრუმენტ თუ უკრავთ?

– ჩონგურს და ფანდურს. გული მწყდება, რომ ნოტები არ ვიცი, ვერ ვკითხულობ. ალბათ დამეხმარებოდა, ჩემი სიმღერები რომ ჩამეწერა. კი მომდიოდა თავში ახალი მელოდია. ახლა რაღა დროსია...

წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს გურული სიმღერა 100 წლის შემდეგ?

– ისეთი თაობა მოდის, რომ გურული სიმღერა არ წახდება, დამაგრებით დაამაგრებენ. ახალს თუ შექმნიან რამეს, თავისი ხაზი მოძებნონ, სხვის ნამუშევარს დეეთხუონ. ახლა საქართველოში ძნელია, დაიბადოს ჩავლეიშვილისთანა ნოვატორი, მაგრამ თუ იქნა ასეთი, მას (სამუელ ჩავლეიშვილს – მ.გ.) არ უნდა გავუტოლოთ. 

ადამიანის შეფასების თქვენეული საზომი რა არის?

– უნდა იყო კაცთმოყვარე და მიმტევებელი. ბევრი გულისტკენა მაქვს ადამიანებისგან, მაგრამ ვაჯობე ჩემს სიფიცხეს და ის მოვიგე, რომ მტერი აღარ მყავს. ძალიან ნიჭიერიც რომ იყოს სიმღერაში, მაგრამ უვარგისი ადამიანი, ასეთის არაფერი არ მინდა. მასეთი პატეფონიც კია და აყვირე მაშინ. კარგი განმარტება აქვს ჩვენს დიდ ლოტბარსა და მომღერალს, არტემ ერქომაიშვილს: „მომღერალი მაშინაა კარგი, თუ კაცობა ახლავს თან. თუ არა – კაპიკია მისი ფასი“.

გული რაზე გწყდებათ?

– ვერ მოვასწარი ყველა იმ სიმღერის სწავლა, რაც მამასგან შემეძლო მესწავლა. მეც ვერ ვასწრებ მთელი ჩემი ცოდნის სრულად გადაცემას მოსწავლეებისთვის. ჩანაწერიდან სწავლა ვერ შეედრება სწავლების ცოცხალ პროცესს.

  ბატონო ტრისტან, თქვენ ბრძანდებით უამრავი ჯილდოსა და საპატიო სიგელის მფლობელი, გამორჩეული ლოტბარი, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის კონსულტანტი, გაქვთ „ხალხური სიმღერის მოამაგის“, „ხელოვნების ქურუმის“  საპატიო წოდებები, დაჯილდოვდით ფონდ „ქართული გალობის“ მიერ დაწესებული „მადლიერების ჩიტის“ ოქროს სკულპტურით. რომელი ჯილდოა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

– 85 წელი რომ შემისრულდა, ოზურგეთსა და თბილისში ისეთი იუბილე და საიუბილეო კონცერტები გამიმართეს, ისეთი დიდი სიყვარული და სითბო მაჩუქეს, ნამდვილად არ ველოდი. უყვარდე შენს ხალხს, ამაზე დიდი აღიარება და ჯილდო არ არსებობს. ჩემი მხრივ, სანამ კი ცოცხალი ვარ, მთელი მონდომებით ამ საქმეს ვემსახურები.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ხანგრძლივ სიცოცხლეს და დიდხანს მღერას გისურვებთ.

– მადლობა თქვენ და მადლობა ჩემს ხალხს სიყვარულისთვის.

 

ავტორი :

მაია გელაშვილი - ეთნომუსიკოლოგი, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი