ინტერვიუ გიორგი დონაძესთან
ჟურნალის პირველი ნომრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სარედაქციო საბჭომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ქართულ ფოლკლორსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, დროის სამივე განზომილებაში, ესაუბრა პროფესიონალს, რომლის საქმიანობა წლების განმავლობაში უკავშირდება ამ სფეროს და რომლის აზრი მნიშვნელოვანია ამ დარგში მიმდინარე პროცესების განსახილველად. ვფიქრობთ, ფოლკლორის ცენტრის დირექტორზე უკეთეს რესპოდენტს ვერ შევარჩევდით, რადგან, გიორგი დონაძე, გარდა იმისა, რომ გამოცდილი მომღერალი და ლოტბარია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის რანგში იმ პროექტებს ხელმძღვანელობს, რომელთა მიზანსაც ქართული ფოლკლორული ტრადიციების დაცვა და პოპულარიზაცია წარმოადგენს. ჩვენ შორის საკმაოდ ცოცხალი და ჯანსაღი საუბარი გაიმართა. ვეცადეთ, თანაბრად მოგვეცვა ფოლკლორის ყველა მიმართულება, თუმცა სუბიექტურ ფაქტორს მაინც ვერ ავცდით – ორივე მუსიკალური ფოლკლორის წარმომადგენელი ვართ.
გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი დონაძესთან.
გიორგი, მოგვიყევით თქვენ შესახებ. როგორ იქცა ფოლკლორი თქვენი ცხოვრების მთავარ მოწოდებად? როგორი იყო ფოლკლორის ცენტრის დირექტორობამდე განვლილი გზა?
საინტერესო ამბავია. ყველაფერი მაინც ოჯახიდან დაიწყო: ბებია-ბაბუა კარგად მღეროდა. ბებია წესელი კერესელიძე იყო, აქტიური მანდილოსანი, რაჭაში სცენაზე გამოდიოდა, დაირაზე უკრავდა, ქვემო რაჭული სიმღერები სულ ბებიასგან მესმოდა. დედა ძალიან კარგად მღეროდა, ბოლო წლებია აღარ მღერის; ერთი სიტყვით, ოჯახში სიმღერის მადლი სუფევდა. პირველ არხზე ანზორ ერქომაიშვილისა და თემურ ქევხიშვილის გადაცემებმა გამიღვივა ინტერესი ქართული ხალხური სიმღერის მიმართ. 1989 წელს, დედაჩემის მოწადინებით, მე და მამამ ჩემი ძმა გელა მივიყვანეთ ჯუმბერ ყოლბაიასთან ანსამბლ ფაზისში. გელას კარგი ხმა ჰქონდა, თან ისეთი სცენური იყო, რომ ძალიან მოეწონა ჯუმბერს, ჩემზე კი მამას უთხრა: მოდი ესეც გავსინჯოთ და ძმები ერთად იმღერებენო. მე მერიდებოდა, ამასთან ხმითაც არ გამოვირჩევი, მაშინ ბავშვებს ხმით არჩევდნენ…
როგორ ფიქრობთ, სწორი იყო ასეთი მიდგომა?
არა, რა თქმა უნდა, არა! სხვა ანსამბლში რომ მივსულიყავი, დიდი ალბათობით, არც ამიყვანდნენ. ჯუმბერმა სმენა გამისინჯა და მიმიღო. ფაზისი მაშინ დიდი გუნდი არ იყო, მაგრამ, რაც მთავარია, შეგვაყვარა სიმღერა. გადიოდა დრო და მე უფრო და უფრო ვინტერესდებოდი ხალხური სიმღერით – ყველაფერს ვუსმენდი, დავიწყე რუსთავის ჩანაწერებით, ამას მოჰყვა ანზორ ერქომაიშვილის გამოცემული 1901-1914 წლების აუდიო ჩანაწერები და სამუდამოდ დავუკავშირდი ხალხურ სიმღერას. ფაზისიდან ანსამბლ მძლევარში გადავედით მე და ჩემი ძმა, მაშინ 15-16 წლის ვიყავი. მძლევარში ყოფნისას კახა ონაშვილმა დამიყოლია და ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც გამორჩეული პედაგოგები მასწავლიდნენ. შევისწავლე დირიჟორობა... ხშირად სანზონიდან დოლიძის ქუჩამდე, ანუ ტექნიკუმიდან სახლამდე, ფეხით წამოვსულვარ და მთელი გზა ვღიღინებდი და ვდირიჟორობდი. სხვათაშორის ეს ჩვევა დღემდე გამომყვა: შვილების დაძინებისას თუ მოფერებისას, თითებით სულ გურულ ბანებს ვათამაშებ. 1995 წელს მეგობრებთან ერთად მძლევარიდან ანსამბლ ბიჭებში გადავედით და პარალელურად ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი ბერიკა. კარგი სოლისტები შევკრიბე და სწორედ ამ გუნდის ბაზაზე შეიქმნა მომავალში ბასიანი. ანსამბლ ბერიკაში მუშაობისას, კარგად მახსოვს ერთი ეპიზოდი, რამაც, შეიძლება ითქვას, დიდი მნიშვნელობა იქონია ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე; ეს იყო ანზორ ერქომაიშვილთან შეხვედრა. როდესაც ბატონმა ანზორმა პირველად მოგვისმინა, მაშინ ვიმღერეთ ჩელა, რომელსაც ეკა ჯოჯუასთან ერთად ვასრულებდით. მახსოვს, აღტაცებას ვერ მალავდა ბატონი ანზორი. ამის შემდეგ იგი მიდის მამაჩემთან და ეუბნება, რომ ამ ბიჭმა ეს გზა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. სწორედ აქედან იწყება ჩემი და ანზორ ერქომაიშვილის თანამშრომლობა, მეგობრობა! შემოქმედების მხრივ ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. მაშინ სცენაზე იდგნენ: რუსთავი, ანჩისხატი, ძველი მთიები, ქართული ხმები, ერისიონი. სწორედ ამ გარემოში ჩამოყალიბდა ჩემი გემოვნება. ამავე პერიოდში პარალელურად გიორგი უშიკიშვილთან ვმუშაობდი ლაშარში და არაერთი საინტერესო კონცერტი გავმართეთ ერთობლივად.
ერთხელაც, N28 მუსიკალურ სკოლასთან ვიდექი მეგობრებთან ერთად. ამ სკოლაში ტარდებოდა ანსამბლ ბიჭების რეპეტიციები და სწორედ აქ შემხვდა მალხაზ ერქვანიძე, რომელიც ამავე სკოლაში მუშაობდა გალობის მასწავლებლად და რომელმაც მირჩია ახლად შექმნილ სამების მგალობელთა გუნდში მივსულიყავი; გარკვეული დროის შემდეგ გავიცანი გუნდის დამაარსებელი სვიმონ ჯანგულაშვილი და დავმეგობრდით. მოგვიანებით სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდში გალობა დავიწყე. 2000 წლის ბოლოს ამ გუნდის ბაზაზე ანსამბლი ბასიანი იქმნება, რომლის ნათლიაც სვიმონია. 2001 წელს გავმართეთ ერთობლივი კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დაიწყო ბასიანის თავდაუზოგავი შრომა.
მე, ზურა წკრიალაშვილმა და პაატა ცეცხლაძემ ერთად ჩავაბარეთ კონსერვატორიაში, სადაც მივიღეთ პროფესიული განათლება. მადლიერებით ვიხსენებ კონსერვატორიის თანადგომას. ყოველდღიური შრომით წინ და წინ მიდიოდა ბასიანიც. იყო მრავალი დაბრკოლება, თუმცა არ გვაკლდა მსმენელის, მეგობრების, მეცენატების მორალური თუ ფინანსური მხარდაჭერა. 2013 წლის ნოემბერში, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ჩვენ მოგვენიჭა სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი, დეკემბერში დავინიშნე ფოლკლორის ცენტრის დირექტორად და სულ ერთი თვე მომიწია ბასიანის დირექტორობა.
საზოგადოებაშიც და პროფესიულ წრეებშიც ხშირად აღუნიშნავთ, რომ ხალხურ სიმღერას მეტი ყურადღება ექცევა და უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ფოლკლორის სხვა დარგები. თანაც ფაქტიც ჯიუტია: ცენტრის თითქმის ყველა ხელმძღვანელი მუსიკოსი იყო. შემთხვევითობაა თუ შეგნებული დამოკიდებულება?
დღეს ფოლკლორის ცენტრში ხუთი მიმართულებაა: ზეპირსიტყვიერება, ხალხური მუსიკა, ქორეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ქართული ტრადიციული გალობა. მე, როგორც ცენტრის დირექტორი, ვალდებული ვარ და ვცდილობ, ყველა დარგს თანაბრად დავუდგე გვერდში. რაც შეეხება თქვენს დაკვირვებას, ეს რეალობაა და ნურავის ეწყინება: ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიოში გამორჩეულია, ამას ემატება ქართული გალობაც. ისტორიას თუ გადავხედავთ, ილია და მისი თანამებრძოლებიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ ამ დარგს – სწორედ მაშინ შეიქმნა გალობის ჩამწერი კომიტეტიც. ყოველივე ამას ემატებოდა განუზომელი შრომა ქართული სიმღერის პოპულარიზაციისათვის საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ამ მოცემულობას არ უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ სხვა დარგებიც; მაგალითად, გამოვყოფდი სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, რომელიც ცენტრში დღესდღეობით არ არის ძლიერი მიმართულება, თუმცა ეს დარგი, ზოგადად, უყურადღებოდ არაა მიტოვებული. მას დიდი მხარდაჭერა აქვს როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე უცხოური საერთაშორისო ფონდების მხრიდან, რომლებიც დიდ ფინანსურ რესურსს დებენ ამ დარგის განსავითარებლად. მე, როგორც ხელმძღვანელი, მზად ვარ, ყველა კარგ იდეას მხარი დავუჭირო და განვახორციელო, თუმცა აუცილებელია ფოლკლორის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტთა აქტიურობაც; სხვანაირად სასურველ მიზანს ვერ მივაღწევთ.
თქვენ უკვე ცხრა წელია ხელმძღვანელობთ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს. პირადად ჩემთვის ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი სალოტბარო სკოლებია. მოგვიყევით ამის შესახებ და წინა კითხვასაც გავაგრძელებ: სკოლებში, სიმღერა-გალობის გარდა, გათვალისწინებულია თუ არა ფოლკლორის დანარჩენი დარგები?
ქართული ფოლკლორის პოპულარობისა და სიყვარულის ერთადერთი გზა მოზარდებზე, ახალგაზრდებზე გადის. ანზორ ერქომაიშვილის უკვდავ ფრაზას დავიმოწმებ: თუ გინდა სიმღერა გადაარჩინო, იგი ბავშვებს უნდა ასწავლო. ჩვენი მიზანია, მოზარდებმა გემო გაუგონ ქართულ სიმღერა-გალობას და შემდეგ თავად გადაწყვიტონ, გაჰყვნენ თუ არა წინაპრების გაკვალულ გზას.
სკოლების გახსნა არ არის ადვილი. ეს ურთულესი პროცესია ინფრასტრუქტურითა თუ კვალიფიციური კადრების საჭიროებებით. მათი ნაკლებობის გამო, რამდენიმე რეგიონში ლოტბარები თბილისიდან დადიან. დიდი ყურადღებით ვეკიდებით პედაგოგების შერჩევის საკითხს, რადგან სწავლების პროცესში ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სალოტბარო სკოლებში ფოლკლორის სხვა დარგების არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ თითეული მიმართულების სასწავლო გეგმის შემუშავება საკმაოდ რთული პროცესია, ზოგან მაინც გადავლახეთ რუბიკონი: ლენტეხის სალოტბარო სკოლაში ისწავლება ქართული (სვანური) ხალხური ცეკვა. ახლო მომავალში რაჭის სალოტბარო სკოლებში გუდასტვირის დაკვრას შეისწავლიან ახალგაზრდები. ვზრუნავთ სალოტბარო სკოლის მოსწავლეების აქტივობაზეც, სწორედ ამისთვის დავაარსეთ ყოველწლიური ფესტივალი მომავლის ხმები. ფესტივალი თითეული მონაწილისთვის დაუვიწყარ მოგონებად რჩება და მიზანიც სწორედ ესაა: სხვადასხვა კუთხის ბავშვებმა გაიცნონ ერთმანეთი, დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ და, რაც მთავარია, გაერთიანდნენ ქართული ფოლკლორის სიყვარულით! არაერთ საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ მომავალშიც. დღეს საქართველოში გახსნილია 30 სკოლა და ეს რიცხვი მომავალში აუცილებლად გაიზრდება!
თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიაში მიღებულია: არ შეიძლება სწორი და არასწორი მღერის სტერეოტიპებით მიდგომა არსებულ საშემსრულებლო პრაქტიკასთან. რამდენად მართებულია რევიზიები ადგილზე? მით უფრო, რომ ხშირად გვსმენია სევდანარევი საყვედური – თბილისიდან ჩამოდიან და გვასწავლიან, როგორ უნდა ვიმღეროთო.
ზოგადად, ჩემი კრედო სარაიონო გუნდების მიმართ ასეთია: წინაპრებისგან დატოვებული აუცილებელად უნდა იცოდნენ! რაც შეეხება ზოგად რეპერტუარს, იქ სრული თავისუფლება აქვთ – ჩემი საქმე არ არის, ისინი გუნდში როგორ და რა სიმღერებს შეასრულებენ, ეს მათი პირადი არჩევანია. საბოლოოდ, საზოგადოება მაინც გააკეთებს არჩევანს საშემსრულებლო სტილისა თუ რეპერტუარის მიმართ. სალოტბარო სკოლის პედაგოგებსაც მივეცით რეპერტუარის თავისუფლება. ცხადია, პირველ რიგში, ადგილობრივი სიმღერებით უნდა გაფართოვდეს რეპერტუარი. ჩვენ არ უნდა დავუწესოთ შემოქმედებითი ჩარჩოები – ეს შეიძლება და ის – არა, უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები. სამწუხაროდ, ამ ჩარჩოების გამო საქართველოში 30-წლიან დაძაბულობას ვუყურებთ, რაც აუცილებლად უნდა განვტვირთოთ. ჩემ დირექტორობამდე იყო კომისია, რომელიც გასცემდა ლიცენზიებს, რაიონებში ღვაწლმოსილ მომღერლებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა ემღერათ, რაც შეცდომაა. ფაქტობრივად ცენტრიდან ვუწესებდით ჩარჩოებს იმათ, ვისგანაც სიმღერა უნდა გვესწავლა. ვფიქრობ, ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს და მიმაჩნია, რომ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია შემოქმედებითი თავისუფლება.
შევაჯამოთ თქვენი დირექტორობის ცხრა წელი – რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე აღმოჩნდით? და წარმატებებზეც მოგვიყევით.
გამოწვევები ფოლკლორის ცენტრს სულ ექნება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, მიღწეულით დავკმაყოფილდეთ. თვითკმაყოფილება დეგრადაციისა და ნაბიჯის უკან გადადგმის ტოლფასია. ვიმეორებ: ჩვენი მთავარი გამოწვევა ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათი სწორად აღზრდა და ცოდნის გადაცემაა. სამწუხაროდ, ხშირად მომავალ თაობას სათანადოდ ვერ ვუწყობთ ხელს. ჩვენი ვალია, გადავცეთ ცოდნა, დავუთმოთ ასპარეზი, რათა ღირსეულად გააგრძელონ ჩვენი წინაპრების გაკვალული გზა. ჩვენი სურვილი და მიზანია, მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ცენტრის საქმიანობაში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ახლო მომავალში.
სადაა ოქროს შუალედი, როგორ განვსაზღვროთ, რაში შეიძლება ჩავერიოთ ისე, რომ შემსრულებელს დავუტოვოთ შემოქმედებითი თავისუფლება?
სახიფათო თემაა. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში უნდა შეიქმნას კომისია უცხოელი ექსპერტების მონაწილეობითაც, რომელიც გასცემს რეკომენდაციებს და დატოვებს შემოქმედებით თავისუფლებას.
რაც შეეხება წარმატებებს: სალოტბარო სკოლების პროექტს დასაწყისში საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული პროექტია. წარმატებული იყო საგალობელთა სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ანთოლოგიის გამოცემა და, ზოგადად, გალობის მიმართულების განვითარება. საერთაშორისო ფესტივალი დავაარსეთ, შევქმენით ხმის ჩამწერი უნიკალური სტუდია და ახალი საკონცერტო დარბაზი, ასევე სრულად განვაახლეთ ამავე სტუდიის ხმის ჩამწერი აპარატურა. აღსანიშნავია ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გახსნა – გურია ნამდვილად იმსახურებდა ამას. წარმატებებზე სალაპარაკო ბევრია, თუმცა აქ შევჩერდები. ზემოჩამოთვლილი პროექტების შესრულება არ იყო ადვილი, ამას დიდი მორალური და ფინანსური გვერდში დგომა სჭირდებოდა. მადლიერებით ვამბობ: სახელმწიფოს მხრიდან ამხელა ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი სფეროს მიმართ არასდროს ყოფილა.
თანამედროვეობის პრობლემა – თითქოს გაქრა ფოლკლორის მიმართ ინტერესი. ტრადიციული და პროგრესული (ინოვაციური) ხომ არ შეეჯახა ერთმანეთს? როგორ დავაინტერესოთ ფოლკლორით ახალი თაობა?
ვიმეორებ: ჩვენთვის დიდი გამოწვევაა ახალ თაობასთან ურთიერთობა. ფოლკლორი თუ თანამედროვეობა ლამის დილემად იქცა. ჩვენ არ უნდა ვასოცირდებოდეთ განუვითარებლობასა და სტაგნაციასთან, მაქსიმალურად უნდა ავუწყოთ ფეხი დღევანდელობას. ფოლკლორი ცოცხალი ორგანიზმია და ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება. ყურადღებით უნდა ვიყოთ, გამოვიყენოთ უახლესი მეთოდები თეორიულად, პრაქტიკულად თუ ტექნოლოგიურად, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვწყდეთ ძირებს და არ უნდა გავწყვიტოთ კავშირი სიძველესთან. რაც შეეხება ახალგაზრდების მოზიდვასა და მათ აქტიურ ჩართულობას, აუცილებელია სოციოლოგიური კვლევა, უნდა გავიგოთ, რას სურთ, რას ითხოვენ ჩვენგან, უნდა მოვერგოთ მათ სურვილებს. ფოლკლორი ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
ეს ინტერვიუ ჩვენი ახალი ჟურნალის პირველი ნომრისთვისაა. რას გვეტყვით ჟურნალის მნიშვნელობაზე?
ეს არის უპრეცედენტო წამოწყება – დიდებულ ქართულ ფოლკლორს საკუთარი ჟურნალი ექნება! და ყველაზე მნიშნელოვანი: ჟურნალი მოიცავს ფოლკლორის თითქმის ყველა მიმართულებას. სტატიის ავტორები იქნებიან კვალიფიციური სპეციალისტები. უნაკლო არაფერია. დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჟურნალი ამ ტიპის გამოცემებს შორის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გუნდი, რომელიც ამ პროექტს უდგახართ სათავეში. ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ, გავძლიერდებით და ეს გახდება გამოცემა, რომელსაც ადგილობრივი თუ უცხოელი აუდიტორია დიდი ინტერესით დაელოდება.
დასასრულ, საკითხი, რომელსაც საუბრისას არ შევეხეთ, თუმცა გინდოდათ ამაზე გესაუბრათ...
ახალგაზრდობის თემა – ბევრს ვფიქრობ მათზე. მინდა, მთელი ჩემი გამოცდილება როგორმე გადავცე მათ, არადა, სამწუხაროდ, ვერ ვიცლი მათთვის. მინდა, ისწავლონ: ლოტბარობის ხელოვნება, როგორ ვიმღეროთ სწორად, როგორ მოვემზადოთ კონცერტისთვის, როგორ შევარჩიოთ რეპერტუარი, მოკლედ ყოველივე, რაზეც მე წლები დავხარჯე და რაც გამოვიმუშავე ამ სფეროს ლეგენდებთან ურთიერთობით. სურვილი ერთია, საქმე – მეორე. მუდმივად საქმის გადადება უმართებულოა, რადგან მომავლის წინაშე ყველა თანაბრად პასუხისმგებელია.
და ბოლოს: ფოლკლორის ყველა წარმომადგენელს მოვუწოდებ, რომ სწავლა არასდროს მთავრდება, არ უნდა გავჩერდეთ და დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, მუდმივად განვითარებისა და სიახლისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. შრომა, შრომა და შრომა... თუ სისხლს არ ჩავაწვეთებთ ჩვენს საქმეში, ისე სასურველ შედეგამდე ვერ მივალთ.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას!
წარმატებები ჩვენს ჟურნალს!