სტატიის შინაარსსა და ფაქტობრივ სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი

ინტერვიუ ეთერ თათარაიძესთან

ყველა, ვინც გიცნობთ, მოგმართავთ სახელით — ეთერო. რატომ „ეთერო“? საიდან მოდის ეს ფორმა?

ეს ფორმა თუშეთიდან მოდის. თუშეთში „ეთერს“ არავინ დაგიძახებდა, ვისაც ერქვა „ეთერი“, ყველას ეძახდნენ „ეთეროს“. საერთოდ, „ო“ ბევრ სახელს ემატება. ასე რომ, ბავშვობიდან, შინიდან ასე ვარ დაჩვეული, ამიტომაც ჩემთვის ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულებაა, რომ დღესაც ოფიციალურად კი არ მომმართავენ, არამედ ასე კნინობითად — სიყვარულით და საალერსოდ. მოედო მთელს საქართველოს, რომ მე ვარ ეთერო. რა ჩავიდინე საიმისო, რომ ასე მეფერებოდეს ყველა, არ ვიცი.

როგორია თქვენი დღევანდელი, ამწუთიერი ყოფა?

მებრძვის ცხოვრება ახლა და ვებრძვი. ამ წუთას ვარ დიდ ბრძოლაში იმიტომ, რომ წლებს სულისთვის თავისი ძალ-ღონის გამოცლა სცოდნია და არ მინდა, ამას დავნებდე. რაღაცას გიშვრება ბევრი წელი. მე ხომ აღარ ვარ 30 წლის, როცა დაფრიალებ ამ ქვეყანაზე, 70-ის ვარ. ეს ძალიან ბევრი წელია. ახლა ვარ მოსწრებაზე, სანამ ენერგია მაქვს, სულის ენერგია...

წიგნის წერა მარტივი არ არის. ადამიანს როცა სიტყვა შეუყვარდება, თან ქართული სიტყვა, ის უკვე ძალიან დაავადებულია ამით. მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ სიტყვით ვცოცხლობ. დავიწყებული სიტყვა თუ შემომხვდა, გონებაში დავფრინავ პატარა ბალღივით. რა მიხარია შინაგანად, რატომ ვარ ასე გამსუბუქებული?! მე ის სიტყვა მაცოცხლებს, მიხარია, რომ გამახსენდა და არ დამეკარგა. ეს არის ჩემი ცხოვრება.

ამირან არაბულის ფოტო

რამდენად რთულია შემოქმედი ადამიანისთვის, ურბანულ გარემოში, თუშეთისგან შორს ლექსის წერა? რა არის თქვენთვის შთაგონების წყარო?

მე თუშეთში ლექსი არ დამიწერია, გულწრფელად გეუბნები. თუშეთი ჩემთვის არის მთელი დედამიწა. იმ გარემოში არ შემიძლია რამის წერა, სადაც განვიცდი და მთლიანად იმ სამყაროს ვეკუთვნი. მერე წმინდავდება, როცა შორს მივდივარ. იქ ჩემი გული და თვალი ყველაფერს იმახსოვრებს, როგორც მხატვრები თავისთვის ჩანახატს ამზადებენ. თავიდან ვერ გაიგებ, რა არის, მერე კი გამოდის ნახატი. ასე ხდება, შენდა უნებურად, როცა პოეზიასთან გაქვს საქმე. სამი თვეც ყოფილა, არ დამიწერია არც ერთი ლექსი, ექვსი თვეც და მერე ერთ დღეს შეიძლება დავწერო ოცი, მაგრამ ამ ოციდან არც ერთი განცდა არ მეორდება. ოცივე არის სრულიად დამოუკიდებელი. 

იმ დროს, როცა ამას აკეთებთ, რა არის აუცილებელი პირობა, ატმოსფერო, რომელიც გჭირდებათ?

არასდროს ვინმეს დასანახად საფეთქელზე ხელი არ მიმიდია და მიჩვენებია, რომ მე, აი, პოეტი ვარ. ამინდს, კარგ ამინდს, მოაქვს ჩემთვის რაღაც აღმაფრთოვანებელი, ცუდ ამინდში სევდისგან ვკვდები. საათობით შემიძლია ვუყურო თოვას, ამ ფიქრებში ვმოგზაურობ, დედამიწას მოვივლი. ყველა დრო მოქმედებს ჩემს განწყობებზე.

გახსენდებათ სიუჟეტი, წამიერი მომენტი, რამაც ძალიან იმოქმედა თქვენზე და დღემდე გახსოვთ? 

მაგალითად, დედა ხომ მიყვებოდა თავისი ძმების სიკვდილზე — დედას ხუთი ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ხუთივე უცოლშვილო. ეს იყო დიდი ტრაგედია ჩვენი ოჯახისთვის, მძიმე ამბავი იყო. მახსოვს, როგორი თაფლისფერი კაბა ეცვა დედას, ყავისფერი პატარა რგოლებით, ჩითის კაბა. მამაჩემი მეცხვარე იყო და წელიწადში ერთხელ შირვანიდან რულონებით მოჰქონდა ქსოვილები. დედა ძალიან კარგად კერავდა და ის გვაცმევდა ოთხივე და-ძმას. ერთხელ, მახსოვს, მეორე სართულზე ერთი პატარა წაბლის კარადა გვქონდა, მზე იყო, ღია კარი… ანიავებდა სახლს, იმ კარადას მტვერს წმენდდა და მღეროდა:

,,ჰეი, ქისტებო, ბიჭებო, ვის შეეცილენთ ქალზედა?

მე თუ ე მაგ ქალს გაგატანთ, ქუდი რად მხურავ თავზედა?

შვიდ ქისტიდ მარტო ერთ თუში გავიდენ ბრძოლის ველზედა,

შვიდთავ დააჭრა თავები, მკვდარი დააწყო მკვდარზედა.“

ძალიან კოხტა და სიმპატიური იყო დედა, გემოვნებით ჩამცმელი. არც ერთ თუშის ქალს კესანესნაირი ჩაცმა არ შეეძლო. მაშინ რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, ალბათ ჩემს დედაზე ლამაზი დედამიწაზე არავინ არის და სულ მინდა, ეს სურათი აღვიდგინო. იმდენად ემოციური იყო და სხვანაირი, ჯერ ეგეთი ლექსი ვერ გავბედე. სხვათა შორის, დედა ძალიან კარგად მღეროდა. რომ გათხოვდა, მთელი სოფელი დამწუხრდაო, ვინღა გვიმღერებს ახლაო.

ლელა თათარაიძე დედასთან, კესანე გულუხაიძესთან ერთად.  

დედა გვეტყოდა, ტირილის თქმა არ შეიძლებაო, შავის ჩაცმა არ შეიძლება, შავს რომ რამე შეძლებოდაო, ხუთივე ჩემი ძმა ყალაღნობით (თამამად) ივლიდა, იმდენ ხანს გვეცვა შავიო. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უწყობ საშინელებას და შენ გარშემო მყოფებსაც აავადებ და ადარდებ. ამიტომ, მამა რომ მოგვიკვდა, გვითხრა, რომ არ დავინახოო, შავები ჩაიცვათო. უკვეო 73 წლის არისო. სამ წელში მეც გავხვდები 73-ის. მართლა მეგონა მაშინ, რომ მამა იყო ასაკოვანი, ახლა ამას ვერ ვგრძნობ, გული არ ბერდება.

ცნობილი ხმით მოტირლები იყვნენ დედაჩემი და დეიდაჩემები. დედა სულ ამბობდა, რომ ეს ტირილიო ხოცვამ (დახოცილებმა) მასწავლაო. მე მაქვს ერთი ლექსი:

ხმით მოთქმაი ტირილ 

ასეთი რაღაცები ჩემს პოეზიაში ბევრია იმ ცოდნიდან გამომდინარე, რითაც იქ ვიცხოვრე. ტრადიციები, წესი და რწმენა-წარმოდგენები ჩემთვის სამუდამო, გულგვამიდან გაუსვლელი გახდა.

ლექსი, რომელიც ჯერ არ გამოცემულა

პირველი ლექსი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და პოეზიისადმი ინტერესი გაგიღვივათ?

თუშეთში ვსწავლობდი, შენაქოში, ჩემი ბებიის (დედის დედის) სოფელში. 

ისე მოხდა, რომ ალვნის სკოლაში არ მიმიღეს, 6 წლის ვიყავი, შვიდი წლისას მიგიღებთო. ამ პერიოდში დედა გახდა ავად და გაგვიშვეს თუშეთში — ოთხკლასიანი სკოლა აღმოჩნდა შენაქოში, ეკლესიის შენობაში. დავიწყე სწავლა, მაშინვე მიმიღეს. ერთი ბავშვი უნდოდათ, რომ გახსნილიყო კლასი და ერთი კლასელი მყავდა — შოთიკო. 

ჩვენ წინ ცხოვრობდა პაპა ოსე (იოსები) ქელეხიძე, რომელიც ხშირად კითხულობდა ეზოში. გალავანი ჰქონდა მთელს სახლს და იქ ავეფხოტებოდით და პაპას ვუსმენდით გალავანზე დამხობილები ან დაყრდნობილები. რა წიგნი აღმოჩნდა, როცა ჭკუაში ჩავვარდით?! — ვახტანგ კოტეტიშვილის ხალხური პოეზია. მე მაქვს ეს წიგნი და შემიძლია გაჩვენოთ, როგორ მაჩუქა ოსე პაპამ: ,,ამის წამკითხველი, შენ გარდა, არავინ არისო.“ შემეძლო, დღეები დამეღამებინა ამ წიგნებზე. 

ოსე პაპას ერთი შვილი, ვანო ომში ჰყავდა დაკარგული და განსაკუთრებით გვაფრთხილებდა დედა: ,,თუ რამე დასჭირდებათ, მოხუცები არიან და თვალის დაუხამხამებლად დაეხმარეთო.“

ოსეს მეუღლე მაკა ბებო წინდებს ქსოვდა და გაზაფხულზე გრძელ თოკზე იწყებდა თითო წინდის განიავებას, წვერების მხარეს სარჭებს ამაგრებდა და ეს გრძელი სინა ნელ-ნელა ივსებოდა ამ წინდებით. ეს იყო ვანოს წინდები, ვანოს ელოდებოდა, შვილს, ომში დაკარგულს. ეს რომ ფრიალებდა, მე მეტირებოდა. ,,შვილს უმზევებსავ წინდაებსავ“, დედა ამბობდა. 

როგორია ის ფერები და გარემო, რომელშიც ბავშვობაში ცხოვრობდით? 

როგორც ჩვენები ამბობენ, მე დაბადებულიც არ ვიყავი, გვქონდა ხის სახლი ალვანში, თუშეთში სასტუმრო სახლი. ვაშრაპაებს ვეძახით წყლის სპილენძის ჭურჭელს. ყვავილებისთვის გამომეტებულ ვაშრაპაებში ჩასაწყობად ყოველდღე უნდა მოგვეტანა ყვავილები, დედას მოსწონდა, გიჟდებოდა. აივანი ჰქონდა ჩვენს სახლს დანოში და უნდა დაგვერგო სამ-ოთხ ადგილას ის ყვავილები. ხარბად ნუ მოწყვეტთო, გვაფრთხილებდა: მინდორს მეტად უხდება ყვავილიო,  ამბობდა. 

ის სახლი იყო სასტუმრო თავის დროს. თუ ვინმეს სტუმარი ჰყავდა, იმდენად დიდი იყო, რომ აქ რჩებოდნენ — კედლიდან კედლამდე გამწვდომი ტახტები იდგა, რომელიც მერე იქ დარჩენილებმა შეშად გამოიყენეს. ამას თან სდევდა მუდმივად ლელას გარმონი, გამუდმებით გადიოდა ჩვენი სახლიდან გარმონის ხმა. 

დედა იყო ძალიან თანამედროვე, არასდროს გვიკრძალავდა, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო. ძალიან სუფთა იყო, ვერ შეატყობდი, რომ ნამუშევარი ან ნათოხნი კაბა ეცვა. შინ სულ სიმყუდროვე იყო, ჩვენც ასე გვასწავლიდა. ,,წყლის წყლით მრეცხველიო“, ასე ეძახდნენ დედაჩემს. გვიჯავრდებოდა, რომ რამე უწესრიგოდ დაგვეხვედრებინა. 

ეთეროს ბავშვობა - მარცხნიდან პირველი ეთერო, აზიკო აზიკური, კირილე თათარაიძე (უმცროსი ძმა) და გარმონით ლელა თათარაიძე. ადგილი : თუშეთი, კაკანია. შალვა ალხანაიძის ფოტო.

სკოლა რომ ახსენეთ, მაშინდელი სკოლა როგორია და რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, რომ ქალმა მიიღოს განათლება?

ჩვენს სახლში დედასაც ოთხი კლასი ჰქონდა და მამასაც დამთავრებული. წერა-კითხვა კარგად იცოდნენ. დედა კითხვაში დაბერდა. მამას ცხვარში ამისთვის არ ეცალა, მაგრამ მოყოლა იცოდა, სიმღერა იცოდა, დაკვრა იცოდა. თუშებში ინსტრუმენტებზე დაკვრა კაცებისთვის იმ დროს სირცხვილად ითვლებოდა და ჩუმად უკრავდა (დაირაზე, ჭიანურზე). სწავლა დედაჩემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამბობდა: ,,ძალიან დიდ სინათლეი არს წიგნი, ყველა ჯურღმულში გაგაღწევინებსო.“ 90-ის გარდაიცვალა დედაჩემი, წიგნი ეჭირა და კითხულობდა. ,,ვაიმე, რა დიდი სიამოვნება მივიღეო,“  იცოდა ხოლმე თქმა კითხვის შემდეგ. 

თქვენი და ახლანდელი დროის საგაკვეთილო პროცესები რით განსხვავდება? (ეთერო რამდენიმე წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა)

მძვინვარე კომუნისტების დროს გადამაფრინეს თუშეთში, სტუმრები ჰყავდათ და მე უნდა მეამბო რაღაცები თუშეთზე, დიდი სტუმრები ჰყავდათ. როცა მოვფრინავდით უკან, ომალოდან, აფრენილი ვერტმფრენი დასვეს, გამოვიდა სოლიკო ხაბეიშვილი და: ,,ეთერო, შენი მასწავლებელი მოდისო, პირველ კლასში რომ გასწავლიდაო, ბათო ძიოს ეძახდით.“ 

ვგიჟდებოდი — ეს ცალკე ამბავია; წიგნი შეიძლება დაწერო, როგორი იყო, რა დამოკიდებულება ჰქონდა, ზუსტი. ოთხივე კლასს ის გვასწავლიდა ყველა საგანს — უგანათლებულესი, უჭკვიანესი. სულ მეუბნებოდა: ,,შენ სხვას არა ჰგევხარ, ეთერო, ყოჩაღ!“

ერთი დღე გავაცდინე სკოლა, დაღლილი ვიყავი. უსათუოდ უნდა ეკითხა ჩემთვის, შოთიკო ზარმაცობდა. ამიტომ ყველა საგანი უნდა ჩამებარებინა. რომ მივედი მეორე დღეს: ,,ეთერო, სად იყავი?“ ვუთხარი ტყუილი — ასე ჩავიხედე (ფეხსაცმელებზე) და: ,,ფეხსაცმელებ დამეხია.“ ეგრევე გამომხედა, მაღაზია იქ არ არის, არაფერი იქ არ არის. დახედა და: ,,კაი, კაი, გავიგ, გავიგ.“ ბავშვებთან არაფერი, მერე მარტოს მითხრა: ,,შენგან არასოდეს გამიგ რაღაცა გალამაზებულ ნათქვამ, ეგ რა იყო?“ მე პირდაპირ ვუთხარი: ,,ბოდიში” 

ფანტასტიკური სკოლა იყო, ერთი ბავშვი არ დაიჩაგრებოდა. 

რამდენ ეტაპად დაყოფდით თქვენს ცხოვრებას? რამდენიმე გარდამტეხი მომენტი რომ გაიხსენოთ.

თუშეთი — ყველაზე ბუნებრივი სამყოფლო ჩემი სულისთვის. ის სკოლა, ცხრა ბალღიანი... შავი მერხები, შავი დაფა. ის სული, რაც ამ კაცმა იქ დადგა, ჩემთვის რაც გააკეთა ამ მასწავლებელმა.

მეორე ეტაპია ალვანი, ალვანის სკოლა და იქ ჩემი ცხოვრება და ორი სამანელის (სამანი — იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომისდროინდელ საბჭოთა საქართველოში) დედასთან, ორ ქალთან ურთიერთობა, რამაც ჩემზე დიდად ტკივილიანი შთაბეჭდილება მოახდინა. 

შემდეგ, 1972 წელს, სკოლა დავამთავრე თუ არა, ჩამოვდივარ ჩასაბარებლად — ვაბარებ კავკასიურ ენებზე, სადაც ხუთი სტუდენტი ჩაირიცხება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 

,,ბუნება ვაჟასთან“ [საგამოცდო თემა] — ორიანი მივიღე წერაში და რა აღმოჩნდა? მახსოვს, ველოდები, ოთხი მაინც ხომ მექნება-მეთქი. ნიშნებშიც [გამოცდების შედეგების სია] არ ვიყავი, ე. ი., ორიანია. დავწერე განცხადება პრეტენზიაზე და გვაჩვენეს ნაშრომი. მაშინ წესი იყო, ნებისმიერი პოეტის, მწერლის საზეპიროები უნდა გვცონდოდა და სათანადო ადგილას გამოგვეტანა.

ჩემს ნაწერში არც ერთი ფრაზა შესწორებული არ იყო; რა არის, მაშ, ორიანის მიზეზი?! ,,დაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე გავიხარეო,“ — ვაჟას ციტატა მომყავს. სიტყვაზე ,,დაწუხებულმა“ წითელი ხაზია გასმული და ,,დამწუხრებულმა” — თავზე აწერია. არადა, „დაწუხებულმა“ „დამწუხრებულს“ კი არ ნიშნავს ფშაურად — მონატრებას გამოხატავს. როგორც ვაჟა ამბობს, მეც ისე დავწერე. 

დავწერე წერილი — მე არა, ვაჟას დაუწერეს ორიანი. 

ღრმა სიბერეში გავარკვიე, თუ ვინ გაასწორა ჩემი ნაშრომი — ეს იყო ძალიან მძიმე მომენტი. დიდხანს ვფიქრობდი, მივსულიყავი თუ არა ეგეთ უნივერსიტეტში. 

მოგვიანებით ჩავირიცხე უგამოცდოდ და დავამთავრე წითელ დიპლომზე. 

პირიქთის ხეობა, სოფელი გირევი - ექსპედიცია. ამირან არაბულის ფოტო.

ადამიანები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს თქვენზე, როგორც პიროვნებასა და როგორც ფოლკლორისტზე?

ჩემი ცხოვრება 1979 წლის 14 აპრილს შეიცვალა და გადავედი ერთ მყარ ლიანდაგზე, წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა ჩემს ლექსზე: სავსე იყო ფილარმონიის დარბაზი. მაშინ ვცხოვრობდი მახარაძის ქუჩაზე (ახლანდელ ქიქოძეზე). ჩვენს ოთახამდე უნდა გაგევლო მთელი გრძელი შუშაბანდი და, აი, ეს გზა სულ ყვავილებით იყო დაფენილი. ეს იყო წარმოუდგენელი ზღაპარი ჩემთვის. 

ერთ დღეს სახლში მივედი და წითელი პატარა ტელევიზორი დევს. სტუდენტებს იმის ფული არ გვქონდა, რომ ტელევიზორი გვეყიდა. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩუბჩიკამ (თენგიზ მირზაშვილი) და მხატვრებმა გვიყიდეს, რომ ამბები ნახეო, შენზე რა ხდებაო. 

როგორ იყო ქალი პოეტების მიმართ საზოგადოება განწყობილი? 

ძალიან კარგად. მაშინ ანა კალანდაძე ჰყავდა საზოგადოებას და უამრავი პოეტი ქალი. ჩემი ინტერესი ჰქონდათ, თუ როგორ წერ უძველეს დიალექტზე და რას წერ. თუშურ დიალექტზე მხოლოდ ხმით ნატირლებია ამოთქმული და მერე დამახსოვრებული. 

რომ არ ყოფილიყო ,,ლექსო, არ დაიკარგები“, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება?

არც არაფერი, ლელა რომ არ ყოფილიყო და ციური აზიკური. ერთად მღეროდნენ, იმ საღამოსთვის ჩამოიყვანეს. ლელა მოვიდა ჩემთან გარმონით და ფანდურით. ვახუშტი კოტეტიშვილი და ალექსი ჭინჭარაული უძღვებოდნენ საღამოს.

ჩემს მეგობარს ვუთხარი, სანამ ლელა ჩამოვიდოდა, არც ვიცოდი, რომ მონაწილეობდა: ,,ნეტა ვინმე მაინც ვიცოდეთ, რომ იქ მიდის და კულისებიდან რომ გვაყურებინოს ამ საღამოს-მეთქი.“

ლელამ: ,,ხვალ ხალხური პოეზიის საღამოზე ვმონაწილეობთო, დილით მივდივარ და შენც უნდა გამომყვეო.“

,,მე? მე რა ვიმღერო ან რა დავუკრა-მეთქი“ — ვუთხარი. მიპასუხა: ,,შენი ლექსები უნდა წაიკითხოო.“

როგორც აღმოჩნდა, ციური მივიდა და ვახუშტის უთხრა, რომ ლელას და წერს ძველ თუშურ დიალექტზეო და დაინტერესდნენ.

ის ადამიანები, რომლებმაც თქვენზე დიდი გავლენა იქონიეს და მიგაჩნიათ, რომ მკითხველმა უნდა იცოდეს.

სულ მახსოვს დეიდაჩემებთან ყოფნა. ამ დებს, ძმები რომ არ ჰყავდათ და ტრაგედიები გამოიარეს, უგონოდ უყვარდათ ერთმანეთი. ჩვენ, დეიდაშვილებს, არაფერი გვქონდა გაყოფილი, ერთად ვიძინებდით.

დედა ყოველთვის მიდიოდა მთაში და დიშვილებს აუცილებლად გაიყოლებდა. ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი — როგორ უხმოდ უყვარდათ ერთმანეთი. სულ ვფიქრობდი: დედა როგორი დაღლილია და მარტო სარეცხი როგორ უნდა გაგვირეცხოს ამდენ ბავშვს-მეთქი და ვითომც არაფერი, ისე აკეთებდა ყველაფერს. 

ასეთი სიყვარული იდგა და-ძმებს შორის, გულუხვობა. დედა იყო ძალიან გამღები. სოფელში გვყავდა ერთი მარტოსული პაპა. ცხელი სადილი, საუკეთესო ყველაფერი ჯერ პაპასთვის მიგვქონდა. ეს გამღებობა და გამცემლობა დედამ გვასწავლა. 

ასეთი ხალხი და ასეთ გარემოში ყოფნა გვქმნის ადამიანებად. ქვრივი ქალები — მათი მოთმენა, ობოლი ბალღები. სულ თავშესაფარი იყო ჩვენი სახლი. დედა გვეტყოდა: ,,თუ შეშაზე წავლენო ეგ ბალღებიო, გაჰყევით თქვენცო და თითო ღერი შეშა მაგათთვის ბევრს ნიშნავსო“. ასეთი რაღაცები გაფიქრებს. ეს, რაც შინაურებს შეეხება.

დედა და მამა მაგალითია, მათი ურთიერთობაც. ისე დაბერდნენ, რომ მამას ,,აქ ზიხარ და ცოტა იქით გაიწიეო“ არ უთქვამს. სიზმრებსაც კი ერთმანეთს უყვებოდნენ. წესი იყო, რაც შეიძლება მეტი სითბო უნდა ეთესათ!

მერე სკოლაში როგორი მასწავლებელი მყავდა — მაგდა ბაიხოიძე. ბიოლოგიას მასწავლიდა. მე ან ბიოლოგი უნდა გამოვსულიყავი, ან ფილოლოგი. ,,ეთერო სისხლძარღვებს დაჰყვებაო“, ამბობდა მაგდა მასწავლებელი. ახლაც შემიძლია გადაცემის ყურება საათობით ბიოლოგიაზე. რომ არა მაგდა მასწავლებელი, ასე არ მეყვარებოდა, ეს იყო ეტალონი. რუსულის მასწავლებელი თინა თურქოშვილი, ღვთაებრივი ქალი. 

შემდეგ უნივერსიტეტი. ჩემი და ამირანის მასწავლებელი იურა (გიორგი) ჯაფარიძე — თუ რამე სიმი გაგვიკრთა, მის მაგალითზე მოხდა. ვთვლიდით, რომ მის მასალასა და კვლევაზე მნიშნელოვანი არ არსებობდა ზეპირსიტყვიერებაში. ზურაბ კიკნაძეზე აღარაფერს ვამბობ. 

ბევრი გამომრჩება, რადგან ჩემს დროს ჯერ კიდევ არაჩვეულებრივი პროფესურა იყო. 

ისეთი ავტორი, მთქმელი, რომელზეც გული გწყდებათ, რომ არ იცის ფართო საზოგადოებამ? ვინ არის ისეთი, ვის შემოქმედებასაც მთელს ქვეყანას გააცნობდით?

იოსებ ბაიაშვილი, ფშაველი მელექსე, ივანე წიკლაური (ხევსური) და მიხა ხელაშვილი — სრულიად გენიოსები. მეტს ვერ ჩამოვთვლი, იმდენი გენიოსი მთქმელია. 

ჩვენს ყოფაში ახლა არიან ასეთი მთქმელები?

რა თქმა უნდა, არიან, თან ძალიან ძლიერები. კაფიაზე აღარ ვამბობ — ეს ცალკე ამბავია. თუ მივხედავთ, სწორ კონსულტაციას გავუწევთ, სიმართლეს ვეტყვით, რა ადგილას არიან ახლა.

რა ცვლის პოეტს, რა ავითარებს?

პრაქტიკა, ფიქრი და რწმენა, რომ შეუძლია განვითარდეს. შენ უნდა დაუდგე გვერდით, თუკი რამე გკითხა. მე არ მიყვარს, როცა ატყუებ ადამიანს. ბევრი გამინაწყენებია, რადგან ვეუბნები, რომ ახლოსაც არ არის ლექსი, ლექსადაც არ ვარგა. უფროსებისთვისაც მითქვამს.

თანამედროვე მთქმელებსა და ძველ მთქმელებს რა აქვთ საერთო და რა —განმასხვავებელი?

ლექსი არის დრო — რა საზოგადოებაში ცხოვრობ, რა პოლიტიკურ სიტუაციაში ცხოვრობ. ყველა დროს თავისი ამბავი აქვს. ახლა ,,ვეფხვი და მოყმეს ბალადას“ ვერავინ დაწერს. მაგალითად, რატომ რჩება ზოგის სახელი მოკაშკაშედ ზეცაში? ივანე წიკლაურს აქვს ლექსები, რომ სიტყვას კი არა, ბგერას ვერ ამოაგდებ. ამ დროს განათლება რა? ამას განათლება კი არა, შეგრძნება სჭირდება დროის და სიმართლისა და, რა თქმა უნდა, ნიჭიც. 

აი, ივანე წიკლაურთან არის ასეთი ფრაზა: ,,კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო, სანთელო ქარაფებისა.“ ვისია ეს სტრიქონი? მიხა ხელაშვილის. როცა მიხა აკრძალული იყო და იმალებოდა მისი სახელი, არის ასეთი წერილი, რომელშიც ივანე ყვება: ,,ესო, ერთი მელექსის არისო (ვითომ აღარ ახსოვს), მე იმდენად მომეწონაო, რომ არ დაკარგულიყოო, ჩემს ლექსში შევიტანეო“. ეს არ აკნინებს ივანეს. მან მთელი შეგნებით გადაარჩინა. ხალხურში თავისუფლად დაშვებულია, სხვისი კაი სტრიქონი მოგეწონოს — ის ან შესავალში შეიტანო და ამის ხმაზე ააწყო, ან სადღაც შუაში. 

გამიხარდა, რომ თქვით, დღესაც არიანო ძალიან ძლიერი მთქმელები და მელექსეები. თქვენ ახლა დაიწყეთ სალოტბარო სკოლებში ზეპირსიტყვიერების შეტანა. რას ელით ამ პროექტისგან? თითქოს არის განცდა, რომ ამის მიმართ ახალგაზრდების ინტერესი არ არის, თუმცა თქვენ საპირისპიროს ამტკიცებთ. 

ჯერ ამას ღონე არ მოუკრებია, ჯერ ვეცნობით სალოტბარო სკოლებს. ახლა ვაძლევთ ბავშვებს ზეპირსიტყვიერებაში დავალებას, რომ შემიკრიბონ ორ-ორი ნიმუში: ,,ვეფხვი და მოყმე“ და სვანური ,,თამბი“ (სვანური ხალხური პოეზიის ნიმუში), რომლებიც ჰგვანან ერთმანეთს. ამით ახლა უბრალოდ ვაჩვევთ, თუ ვინ მოაგროვა ყველაზე ღირებული ვარიანტები ან ერთზე, ან მეორეზე და ეს არ არის მხოლოდ სალექსო ვარიანტები. 

ელით, რომ იპოვით მელექსეს?

მაქვს მოლოდინი, ქართველი კაცი სანამ არსებობს, ზეპირსიტყვიერება არ მოკვდება; არც სიმღერა მოკვდება, არც ცეკვა, მაგრამ გააჩნია, როგორ შეინახავ ამას. 

როგორ უნდა შეინახონ? 

უნდა კრებდე, ათვალიერებდე, აანალიზებდე იმას, რა იყო საუკუნის წინ. აქ, ზეპირსიტყვიერებასა და ფოლკლორში, დროს ვერ დაადგენ, ეს მხოლოდ ხანდახან შეიძლება მოხდეს. 

ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე, გორის სკოლაში რომ მივდიოდი. ამირანს ვკითხე, რა მივცე დავალებასავით, რომ მოვსინჯო-მეთქი.

 „ეო, მეო, დივლიდალალეო“ და უთხარი, რომ განაგრძონო.

როცა ჩავედი გორში, სალოტბარო სკოლაში, გამოვიდა გორელი ბიჭი და: ,,ვიცი, რაც უნდა გითხრაო“:

„ეო, მეო, დივლიდალალეო. 

საყვარელო დედიკო, 

შენ გენაცვალეო“ .

წამიერად გაგვითბა გული. ციცქნა ბიჭი, რომელმაც ნამდვილი გვითხრა და ამოთქვა. 

ჯერ უნდა შეკრიბონ, უნდა გაეცნონ, ლექსის დაწერას ვერ დავავალდებულებთ. ეს იყო სავარჯიშო ხუმრობა. 

ჩემი მიზანია კარის გახსნა — აბა, შედი და ნახე, ვუამბო და მივცე ყველაზე ღირებული, დავავალო ყველაზე ღირებული. ნელ-ნელა ისე შეუყვარდებათ ამის კეთება. ვიყავი ასევე ლაფანყურში და დარწმუნებული ვარ, რომ მასალებს დაგვახვედრებენ.

ოჯახი — რა როლი აქვს თქვენთვის ოჯახს? გზა, რომელიც ოჯახის შექმნიდან გამოიარეთ…

ნუცუბიძეზე ვცხოვრობდით 90-იან წლებში, მე-13 სართულზე. პირველი სართულიდან ვედროებით აგვქონდა წყალი. შუქი არ იყო. სამ შვილს ნავთქურაზე გაცხელებული წყლებით ვაბანავებდი. როგორც ყველას, ასეთი წლები გვაქვს გამოვლილი.

ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული და მინდია არაბული. 1982 წელი. ზურა გომურაშვილის ფოტო.

ოჯახის ამ ტვირთს ხელი არ შეუშლია?

შეუშლია ბევრჯერ, ზეცაში ხელს ვიწვდნენ, მაგრამ შეუშლია, რა თქმა უნდა. ბევრჯერ მეტს გავაკეთებდი. ერთი ეტაპი დაიწყო ჩვენი ცხოვრების, როცა მე და ამირანი ერთად დავსახლდით, მას მერე ცალკე ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. 

ამირანი — როცა ასეთი კვეთაა პროფესიაში, მარტივია თუ რთული?

საქმე ორივესთვის პირად რაღაცებზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამიტომ, ადვილად შევძელით, გავერთიანებულიყავით და დაგვეწყო ფიქრი დიდ კვლევებზე, გაანალიზებაზე. ჩვენდა უნებურად ხდებოდა ეს.

ჩემგან დამოუკიდებლად უფრო ადრე ექსპედიციაში ჰყავს ამირანს გულქანი ჩაწერილი. ამირანის წითელ ბლოკნოტში შეკრებილი ეს დიალოგები რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ გულქანი უნდა მენახა, მანამდე არ მაინტერესებდა. 

რომ მოვიდა სახლში, პირდაპირ ვუთხარი, ჩარგალში ხომ წაგვიყვან მე და ბავშვებს-მეთქი? — ჩარგალში რომ არავინ გვყავსო? — გულქანი ხომ იქ არის-მეთქი?  დამთანხმდა.

მეორე დღეს წამიყვანა. გულქანს ვერ ჩავწერდი, ამირანს ჩემთვის ხელი რომ არ შეეწყო.

არ ვიცი, როგორ ხდება ადამიანების ასეთი შეხვედრა! ამ დროს ამირანმა ბევრი საუბარი სულაც არ იცის. ახლა მდგმურები გვყავს და დილიდან საღამომდე გაუჩერებლად ლაპარაკობს ეს ცოლ-ქმარი და ერთ დღეს ვუთხარი: ,,ამირანო, 45 წელი გავიდა, რაც ერთად ვართ. ესენი ერთ დღეში რომ ლაპარაკობენ, 45 წელი არ გვიალაპარაკია-მეთქი “(იცინის).

ვიღაცამ მკითხა:

—,,გეუბნება ამირანი, რომ უყვარხარ?“

— ,,არ უთქვამს 45 წელია და არ ვიცი-მეთქი“, ვუპასუხე.

განმასხვავებელი რა გაქვთ?

ერთი ლექსი მაქვს, მე წამიერად გადამწყვეტი რაღაცებისა და ისო — მდუმარი. მოვძებნი ამ ლექსს. მე ისეთი, ეს ასეთ.

მივხვდი, რომ ამირანი არის რაღაცით ტრადიციული კაცი, ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ სხვა მხარეს. გაიზარდა ღვთიურ ოჯახში, საოცარი მშობლების ხელში. ეს ბევრს ნიშნავს. 

ერთხელ ვიყავით ჯუთაში. მამა დილით რომ გამოვიდა და შვილებს ეუბნება: ,,შენ წახვალ ამ სათიბში, შენ იქ წახვალ, შენ იქ წახვალ, მე იქ წავალ.“ ვიფიქრებდი, ახლა ერთ-ერთი მაინც ეტყვის: ,,მე დღეს არ მცალია“ ან ,,ცოტა გვიან წავალ.“ უხმოდ აკეთებდნენ. რა კულტურა იყო სახლში, არ ვიცი. ბგერა არ დაუბრუნდებოდა ხევსურ მამას. ეტყობა, სადაც იზრდება ადამიანი, ეგეც რამე ამბავია.

ეთერ თათარაიძე და მარიამ (ძილა) ფიცხელაური (ამირანის დედა). ამირან არაბულის ფოტო.

როგორ გაიცანით ერთმანეთი?

როცა პირველად გამოვედი, იქ ყოფილა ამირანი და ამირანის მამა. სახლთან რომ მოდიოდნენ და ყვავილებს მიტოვებდნენ, ერთ-ერთ ჯგუფს მოჰყვა, მარტო არასდროს მოსულა. მოვიდა ბაბუა ალუდაური, ტარიელ ხარხელაური და ამირან არაბული. ვკითხულობდით ლექსებს. ესენი დიდხანს დარჩნენ და მივხვდი, რომ ლექსები ძალიან აინტერესებდათ. შემდეგ კვირაში კიდევ მოვიდნენ. შემდეგ ამირანი სულ ვიღაცასთან, კურსელებთან ერთად მოდიოდა. მერე დაიწყო უნივერსიტეტში მოსვლა. ერთხელაც შემოვიდნენ ჩემთან, ნათელა ქუთელიას ლექციაზე. ტარიელი უკვე ცნობილი პოეტი იყო. 

წავიდნენ უკან და შეიმალნენ, შემოვიდა ლექტორი, რაღაც დროის შემდეგ შეამჩნია ესენი და თქვა:

—,,აბა, ამოძვერით მანდედან! ამოძვერით და თქვით, რომელს გიყვართ ეთერო? რაზე შემორბძანდით? ვინ დაგპატიჟათ?“ 

ძალიან შემრცხვა, მე რა შუაში ვარ-მეთქი. 

ამოძვრნენ, გაწითლდა სამივე, ეს არ მავიწყდება. შემდეგ დასვა სამივე და უთხრა:

— ,,მე ზუსტად ვხვდები, რომ აქიდან რომელიმეს ეთერო უყვარსო.“ 

ბოლოს რომ ავად იყო, მაშინ მივხვდი, არ შემიძლია, ვიცოცხლო, ის თუ არ იქნება. იმიტომ, რომ ძალიან ცარიელი დარჩება სამყარო ჩემთვის, მიუხედავად ამ უთქმელი ადამიანისა, ყველაფერი ვიცი — როდის რა უნდა და მან ჩემზე იცის. ძნელია, რომ ეჩვევი. ჩვენ დიდი ხანია, შევწყვიტეთ სიყვარულზე ლაპარაკი. 

თუ კამათი რამეზე გვქონია, ეს იყო პროფესიული კამათი, ცხოვრებისეულიც ყოფილა, მაგრამ ის, რომ მე მისთვის სულერთ ვარ, ეგეთ რამ არ მიგრძვნია. ახლა ალბათ ავურევთ ნელ-ნელა (იცინის).

ახლა ვის სჭირდება ყველაზე მეტად სიტყვა?

ყველა ჭკვიან ქართველს უფრო სიღრმეში წასასვლელად, უფრო ღრმა ფიქრისთვის თავის სამშობლოზე. მის გარეშე არც ოჯახი გვეყოლება, არც შვილები ბედნიერი. შენი სამშობლო და შენი კულტურაა მთავარი ამბავი, რომ იცოდე. სიტყვის კულტურის ცოდნა ნიშნავს, რომ ძალიან ღრმად გიყვარს შენი ქვეყანა.