სტატიის შინაარსსა და ფაქტობრივ სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი

ინტერვიუ ამირან არაბულთან

როგორ ხართ, როგორია თქვენი დღევანდელობა?

ძალიან რთული პერიოდია, ურთულესი არის დრო და ჩვენ, გვინდა თუ არა, ფეხს ვუწყობთ იმას, რაც ყოველი ჩვენგანის მდგომარეობას წარმოაჩენს და განაპირობებს. ვერ გეტყვით, რომ ძალიან კარგად ვარ, მაგრამ როცა ადამიანი კმაყოფილია საკუთარი საქმით, დაკავშირებულია თავის პროფესიასთან, მაშინ მას შეუძლია, ყოველგვარ სიავეს, ყოველგვარ უბედურებას მზად შეხვდეს. ადამიანის ცხოვრება ეს არის.  სამშობლობზე კარგად ადამიანი ვერ იქნება და მეც მინდა, რომ ჩემი ყოფნით და არსებობით რაღაც შევმატო თუნდაც ჩემს დარგს.

საიდან იწყება თქვენი მეხსიერება? როგორია გარემო, რომელსაც თქვენი პირველი შთაბეჭდილებები და განცდები უკავშირდება?

ამაზე ძალიან ხშირად მიფიქრია — ის წამები და წუთები, როცა ჩემი მეხსიერება იწყება. მახსოვს ძალიან ღრმა და ძალიან შორი ბავშვობიდან. მას შემდეგ უკვე 70 წელია გასული. პირველი მახსენდება ოჯახის წევრები — ის  დრო, როცა ცოცხლები იყვნენ ოჯახის წევრები —  ბებიები და პაპები, მშობლები და ძმები. იმათი ყოფნა ავსებდა და აშინაარსებდა ჩემს ყოველდღიურობას.

მახსენდება ძალიან მძიმე ზამთრები, როცა მუხლამდე თოვლი მოდიოდა ყოველ წელს ჩვენთან. რატომღაც, ბავშვობის წლებში განსაკუთრებით დიდი თოვლი მოდიოდა. მახსოვს, პაპა როგორ შემიფარებდა ხოლმე ტულუფში. [1]

თითქოს იმ ზამთარსა და იმ თოვლში ცხოველების ხმაც კი ისმოდა შინ, იმდენად იდუმალი და ჩაყუჩებული იყო იქაურობა, იდუმალი და ხმაურიანიც. მაშინ სოფელსა  და მთებში ადამიანები საკმაოდ ბევრნი იყვნენ და იმათთან ურთიერთობა ამ ყველაფერს ავსებდა, ახმიანებდა.

ამირანი ჯუთაში

უფრო მეტი გვიამბეთ ბავშვობის წლებზე, ყოველდღიურ ამბებზე.

პირველ რიგში, უნდა გავიხსენო ოჯახი. როცა ბავშვებს შინ შეიგულებდნენ მშობლები, იწყებოდა მათი დაძინებისთვის გამზადება. ჩვენთან არ იყო ტელევიზორი და, ბუნებრივია, არც ინტერნეტი — დღევანდელობისგან განსხვავებით, მაგრამ იყო ბევრი სხვა რამ. პირველ რიგში, ზეპირი მეხსიერება, რომელიც ინახავდა ბევრ ამბავს მთისას და ბარისას.

მახსოვს, გვქონდა ძალიან ძველი რადიო და როცა უზარმაზარი, დიდი სიმძიმის ელემენტები დაჯდებოდა, მამაჩემი და ჩემი სოფლელები, ძმები და ბიძაშვილები მიდიოდნენ ხევში ახალი ელემენტებისთვის და ის გვყოფნიდა გაზაფხულამდე. ამ რადიოში ვისმენდით, თუ რა ხდებოდა მსოფლიოსა და საბჭოთა კავშირში. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, ისეთი პერიოდი იყო, რომ ყველაფრით ვიყავით დიდ საბჭოეთზე დამოკიდებული.

ამირანი ჯუთაში

რას საქმიანობდნენ თქვენი მშობლები?

ჩემს მშობლიურ სოფელში, ჯუთაში, ოთხივე სეზონი ძალიან საინტერესო, ძალიან განსხვავებული იყო. იწყებოდა გაზაფხულზე ბუნებისა და ადამიანების გამოღვიძება — წარმოუდგენლად ლამაზი და, გარკვეული თვალსაზრისით, რომანტიკულიც. მშობლები გადიოდნენ სახნავად. იხვნებოდა და ითესებოდა ქერი, პური და ეს იყო აუცილებელი ყოველი ოჯახისთვის.

ქერისგან მზადდებოდა არაყი და ლუდი. ისინი ოჯახს ყოველთვის ულევად უნდა ჰქონოდა, რაც აუცილებელი იყო სტუმრის დახვედრისთვის.

თქვენ, ბავშვები, ამ ყველაფერში მონაწილეობდით?

რასაკვირველია. გაზაფხულზე ხარის რქებზე სანთლებს დაანთებდნენ და გავდიოდით. მთელი ის ტერიტორია — ყამირები — დანაწილებული იყო სოფლის მცხოვრებლებზე. იქაც ვიყავით ბავშვები სახნავსა და სათიბში. ვეხმარებოდით მშობლებს, როგორც შეგვეძლო.

მერე მოდიოდა ზაფხული. ხვნა-თესვის შემდეგ მთელი რიტუალები იყო ჩასატარებელი. ზაფხულში თიბვა იწყებოდა, ათენგენობის მერე. მახსოვს, მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ცელი ავიღე ხელში და მამაჩემთან ერთად დავიწყე თიბვა. შემოდგომაზე კი იწყებოდა სწავლა, სკოლაში წასვლა იყო ერთი დიდი სიხარული.

სწავლა და სკოლაში სიარული რამდენად მნიშნელოვანი იყო თქვენი მშობლებისთვის?

იყო სწავლაც და შრომაც. ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გვრჩებოდა სათამაშოდ და გასართობად. დიდებივით ვიყავით ჩართული ყველა საქმიანობაში, ვიცოდით ყველაფერი — მოთიბვა და თივის ბულულების დადგმა, ქერის მკა. როცა ქერი მარხილზე იდებოდა, მიგვქონდა სახლში. ოთხწლედის დასრულების შემდეგ უკვე მივდიოდით ხევში, ყაზბეგის რაიონში, და შემდეგ — სკოლა-პანსიონატში.

როგორი იყო მაშინდელი სკოლა, გარემო, მასწავლებლები და დამოკიდებულებები?

სკოლაში ყველა საგანს გვასწავლიდა ერთი მასწავლებელი — ვანო ჩაბაიძე, მოხევე, კოლორიტული პიროვნება. იმის ხელში იყო ჩვენი განათლება და, რაც მთავარია, ვემორჩილებოდით კარგი საქმეების კეთებაში. ვსწავლობდით და ეს პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ბალღის გადმოსახედიდან.

საბჭოთა კავშირის ხმა რამდენად აღწევდა თქვენამდე?

ჩვენთვის ბუნებრივი იყო საბჭოთა პერიოდი — ის საშინელება, რაც ახლავს საბჭოეთს. ეს ყველაფერი ისე იყო დამალული თუ შეფუთული, რომ საბჭოთა პერიოდის ამ სისაძაგლეებს ვერ ვიგებდით და ვისმენდით, ვერ ვაცნობიერებდით. ჩვენ ვიყავით მოტყუებულები ლამაზად, რომ ბავშვებს არ ეგრძნოთ საბჭოთა კავშირის ცხოვრების სიმძიმე.

რაც იყო ეს, უკვე ვიცით. მთავარი იყო იდეოლოგია და სული, რომლითაც უნდა აღზრდილიყო მოსწავლე. მაშინ ეს პირობითი ცნება იყო — ყველაფერი ექვემდებარებოდა საბჭოთა კავშირის წესწყობილებას და ამ წესწყობილებას ვერ დავემალებოდით და გავექცეოდით. ვთქვათ, დღესასწაულები რომ იყო, მასში მონაწილეობა გვევალებოდა.

პირველი შეხება ხალხურ სიტყვიერებასთან — როგორ დაუკავშირდა ფოლკლორს თქვენი ცხოვრება?

ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოვიდა ჩემთან. ,,მოვიდაში“ ვგულისხმობ, რომ პაპებისგან, ბებიებისგან ძალიან პატარა ასაკიდანვე გვესმოდა ის ამბები და თავგადასავლები, რომლებითაც სავსეა ხალხური სიტყვიერება.

მთელი ბავშვობა გატარებული მაქვს პაპაჩემის ძმის ოჯახში. პაპაჩემის ძმა, გიგი, ძალიან კოლორიტული პიროვნება გახდლათ. მისი მეუღლე იყო თარუა ბალიაური, მწერალ ლადო ბალიაურის და. ვეჯექი საათობით ბანზე, სოფელში და ვეკითხებოდი. ხანდახან შეკითხვაც არ მჭირდებოდა — დამინახავდა, დამსვამდა და მიწყებდა საუბარს ათასგვარ ამბავზე.

დღეს რასაც ვიკვლევ, სათავეს იღებს ჩემს ძალიან შორეულ ბავშვობაში და იმ ამბებში, პერსონაჟებსა თუ ზღაპრის გმირებში.

ზღაპრებს მიყვებოდა დედა — ძალიან ბევრი ვრცელი ზღაპარი და არაჩვეულებრივი მოყოლა იცოდა. მის მიერ მოყოლილი ამბები და ზღაპრები სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში. დღეს თუ რამე შემიძლია და საქმის კეთების ჩემეული მანერა მაქვს, წინაპრების დამსახურებაა.

მუშაობა ფოლკლორულ მასალებზე - ასპირანტურა

სკოლა-ინტერნატის დასრულების  შემდეგ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?

დიდად არაფერი შეცვლილა. წელი წელს ემატებოდა, იცვლებოდა გარემო, სადაც მე და ჩემს თანატოლებს, იმავე ჯუთელ ბიჭებსა და გოგონებს, გვიხდებოდა ცხოვრება.

ოთხწლედის შემდეგ ვსწავლობდი სნოში, შემდეგ — ინტერნატში და ჩავაბარე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაიწყო სულ სხვა ცხოვრება: ლექციები, სემინარები, ნიშნები და შეფასებები.

ინტერნატში სწავლისას ალბათ ფიქრობდით, როგორი იქნებოდა უნივერსიტეტი და ქალაქის ცხოვრება. გაამართლა ქალაქმა თქვენი წარმოდგენები?

რა თქმა უნდა, ქალაქში ჩამოსვლა სულ სხვა იყო — ჩაბარება უნივერსიტეტში.  თავმომწონეობის ელემენტიც იყო ამაში, რომ ჩააბარე გამოცდები, მოვხვდი უნივერსიტეტში. აქ ცხოვრების სხვა წესები და კანონები იყო.

რვა წელი ვცხოვრობდი სტუდქალაქში, სადაც იყო მთელი საქართველო: სვანები, ინგილოები, კახელები, მეგრელები, ყველა, ყველა... გვქონდა დიდი მეგობრობა და დიდი სიახლოვე. 

ახლო მეგობრები, ვისთან ერთადაც ამ პერიოდს ატარებდით…

ჩრდილოკავკასიელები… სერგეი პაზივი იყო ჩემი მეგობარი — არაჩვეულებრივი პიროვნება. ერთად ვიყავით რამდენიმე წელიწადს. ჩემთან ერთად იყო ასევე ოთარ ფუტკარაძე, ჟურნალისტი, სხვები და სხვები, ბევრი ძალიან.

როცა უნივერსიტეტს ამთავრებ, ბევრ რამეზე გწყდება გული და უნდა აკეთო ის, რაც წლებმა მოიტანა, გინდა თუ არა ეს.

სტუდენტობა (ექსპედიცია)

როგორი იყო მაშინდელი ექსპედიციები, რომლებსაც უნივერსიტეტი აწყობდა?

ექსპედიციებს აწყობდა ფოლკლორის კათედრა. აუცილებლად უნდა გავიხსენო  ჩემი და ძალიან ბევრის მეგობარი იურა ჯაფარიძე. ეს იყო დაბადებით ფოლკლორისტი — ადამიანი, რომელთან ერთადაც არ მოგწყინდებოდა და ბევრ რამეს ისწავლიდი. ამოულეველი კეთილშობილებისა და ხალხური ცოდნის მატარებელი იყო. სხვები და სხვებიც, მათ შორის, რასაკვირველია, გრივერ ფარულავა — ჩვენი წინამძღოლი ექსპედიციებში.

და იქიდან ჩამოტანილი თხელი რვეულები — გადახუნებული, დღემდე მაქვს შენახული ჩემს არქივში. მახსოვს, რომელი ლექსი, რომელი ფრაზა, რომელი სიტყვა სად ჩავიწერე — და ეს არის იმ პერიოდის საგანძური.

როგორ არჩევდით, ვინ უნდა ჩაგეწერათ? პროფესიული ცოდნის გარდა, ალბათ შინაგანი ინტუიციაც მნიშვნელოვანი იყო.

ჩემთვის საკმარისია, ერთი სიტყვა გავიგონო, ერთი ფრაზა დავიჭირო — რაღაც ისეთი, ნიშანდობლივი და თავისებური, არატრივიალური, არაჩვეულებრივი — და უკვე ვრწმუნდები, რომ ღირს ამ კაცთან ყოფნა. მერე უკვე ამ ადამიანებთან იწყება უფრო სერიოზული ურთიერთობა, როცა ხვდები, რომ ბევრი რამის მატარებლები არიან და ცდილობ, ეს არ დაიკარგოს. მაშინ ჩაწერილი მასალები დღემდე შემონახულია.

ეთერომ გაგვანდო, გულქანის (ვაჟა ფშაველას ქალიშვილი, გულქან რაზიკაშვილი) ჩაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ამირანის ბლოკნოტში მასთან შეხვედრის პატარა ფრაგმენტი ვნახეო. როგორ შეხვდით გულქანს პირველად?

ეს იყო ასპირანტურის დროს. ზაფხულში ჩემს სოფელში იყვნენ ამოსული ფოლკლორისტები და მათთან მქონდა ურთიერთობა. როცა შემოდგომაზე თბილისში ჩამოვედი, შემომთავაზეს, ჩარგალში წავიდეთო. იქ გავიცანი გულქან რაზიკაშვილი და მივხვდი, რომ ამ ადამიანთან ღირდა და ძალიან საჭირო იყო უფრო სერიოზული ურთიერთობა. ის ურთიერთობა არ ივარგებდა საამისოდ — მაინც გავლით ვიყავით. ყველას ეკითხებოდა, ვინ საიდან იყო. მაშინ მკითხა:

  • „ამირანო, ხევსური ხარო?

— კი, გულქან დეიდა, ჯუთიდან ვარ-მეთქი.

— მაშო, შენო, ბურნუთიანი ცხვირი არ გაგიკვირდება, ახლავე მოვსწევ, ახლავე გავილამაზებ ცხვირსაო.

 ასეთი რამ მითხრა და ჩავინიშნე მაშინვე ბლოკნოტში.

ეთერ თათარაიძე და გულქან რაზიკაშვილი (ბავშვი ანანო არაბული), ჩარგალი, ამირან არაბულის ფოტო.

ივანე წიკლაურის შედევრი „რამ დამაბერა“ პირველმა  თქვენ ჩაიწერეთ, როგორც ვიცი. მოგვიყევით ამის შესახებ.

1978 წელს ვიყავით ჩასული დედოფლსიწყაროში, სოფელ არხილოსკალოში, ექსპედიციაში. მაშინაც იურა ჯაფარიძე იყო ჩვენი ხელმძღვანელი. მთელი ორი კვირა დავყავით იქ. წამოსვლის წინ მივედით ივანე წიკლაურთან. ღვინო ჰქონდა საკუთარი ძია ივანეს. სუფრასთან ყოფნისას, როცა ვთხოვეთ, რამე წაეკითხა, გამოიტანა ფართო ფორმატის ცალხაზიანი რვეული და დაიწყო ამ ტექსტის კითხვა. მაშინვე მივხვდით, რომ შედევრთან გქვონდა საქმე. გამომატანა შემდეგ ეს ხელნაწერი.

რაც შეეხება ვახუშტი კოტეტიშვილს და ალექსი ჭინჭარაულს, რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ხალხური პოეზიის საღამოს ჩატარება გადაწყდა თბილისში, ინახულეს ძია ალექსი. მაშინაც გამოიტანა ივანემ ეს ლექსებიანი რვეული და ლექსი დაიბეჭდა ალმანახში ,,ქართული პოეზია“ ჩემი პატარა წინათქმით. ჩვენ, ბუნებრივია, შევიგრძენით სიდიადე, მაგრამ ვიდრე ვახუშტის ხელი არ შეეხო ამ ლექსს, ბოლომდე ვერ გავიაზრეთ, რასთან გვქონდა საქმე.

ქართული ზეპირსიტყვიერება და პოეზია ხომ წარმოადგენს ქართველი კაცის არქეტიპს? როგორ დაახასიათებდით, როგორია ის ზეპირსიტყვიერებაში თავისი ხასიათით, ბუნებით და ცხოვრების წესით?

ამაზე ხშირად მიფიქრია და ნაშრომის დაწერაც მომინდომებია, მაგრამ ბოლომდე ვერ გადავწყვიტე, ეტყობა, თორემ აქამდე დაიბეჭდებოდა.

ჩვენს ზეპირსიტყვიერებაში მოცემულია სამყაროს ხატი. რაც ხდება სამყაროში, იგივე ხდება ადამიანთა საზოგადოებაში. ის სამყარო, ის მსოფლხატი, რომელიც ჩამოყალიბებულია ქართულ ხალხურ შემოქმედებაში, ცხადად არის გამოკვეთილი ზეპირსიტყვიერებაში. ახლა ვატყობ, მიჭირს ჩამოყალიბება სათქმელისა, მაგრამ ეს არის ის, რაც გამოხატავს მისი შემქმნელი ერის ნიჭიერებასა და თავისთავადობას.

ნებისმიერი ზღაპარი, იგავი, ლექსი თუ ენის გასატეხი ხალხის დიდი ცოდნის გამონათება, დიდი ცოდნის გამოშუქებაა.

შეგვიძლია ხალხური სიტყვიერების მიხედვით, მისი კარნახით შევქმნათ ეს მოდელი, აღვადგინოთ, გავაცოცხლოთ, რომელიც არსებობს სინამდვილეში. ვთქვათ, მითოლოგიაში დევები და ქაჯები რომ არიან, ნამდვილია თუ ფანტაზიის ნაყოფი, ეს კითხვაც, ბუნებრივია, გაჩნდება გარკვეული დროის მერე.

თანამედროვე მკვლევართა შრომებში გატარებულია აზრი, რომ დევებში იგულისხმება ჩრდილო კავკასიელი ტომები და მათი წარმომადგენლები — დევები, რომლებთანაც მთიელებს და მთიულებს ჰქონდათ განუწყვეტელი ბრძოლა და ჭიდილი; იახსარისა და კოპალას მითები და სხვები აქედან იღებენ სათავეს. მეც მგონია, რომ ეთნოსებისა და ადამიანების ერთმანეთის მიმართ ეს მტრულად განწყობა, ხალხურ სიტყვიერებაში რომ არის ასახული, სინამდვილის ანარეკლია.

ხალხური სული და ცოდნა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჩანს თუ არა თანამედროვე პოეზიაში?

დღეს უკვე ე. წ. სახალხო მთქმელები, პოეტები კალამს და ფურცელს არ ხმარობენ —  ყველაფერი გადასულია კომპიუტერში. ბუნებრივია, რომ დღევანდელი ადამიანის გონებაში, ცნობიერებაში ბევრი რამ იცვლება, აი, ამის გავლენით. სხვა საუკუნე მოვიდა, თან ძალიან სწრაფად. ასე მალე თუ შეიცვლებოდა რადიკალურად კაცთა ცხოვრების წესი და არსი, ვერ წარმოიდგენდა ადამიანი.

ჩემთვის ტექნიკა და კომპიუტერი სიცოცხლისაგან დაცლილი საშუალებებია. იქნებ ასე არც არის, უბრალოდ, მე აღვიქვამ ასეთად, რადგან სხვანაირ სამყაროში ვიზრდებოდი და ვყალიბდებოდი. სულ სხვა ინტიმი აქვს ფურცელთან ურთიერთობას, სულ სხვა იდუმალი ხმები მოდის იქიდან, სულ სხვანაირი. წარმოუდგენელია, რუსთაველზე რომ არაფერი ვთქვათ, გალაკტიონის ურთიერთობა ტექნიკურ საშუალებებთან — გაგვეღიმება.

ბევრი რამე იცვლება ტექნიკის გავლენით. ჩვენ უნდა ვეცადოთ, გამოვგლიჯოთ, თუკი რამე დაგვეკარგება ზედმეტი გატაცებით ამ სისტემაში.

თქვენს ცხოვრებაში რა როლი ითამაშა პოეზიის საღამომ ,,ლექსო, არ დაიკარგები“?

ეს არის ომარ წიკლაურის ლექსის ფრაგმენტი: „ლექსო, არ დაიკარგები, ნათქვაამოო ომარისაო“ — ხევსური კაცის ლექსია. იმ პოეზიის საღამოებზე გამოჩნდა მისი გვარ-სახელიც. ძალიან კარგი სათაური მოინახა მაშინვე — ოპტიმისტური, იმედიანი განწყობილებაა ამ ლექსში გადმოცემული. ამის გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელია. თუ ლექსი დაიკარგა, მაშინ ჩვენი კატეგორიის ადამიანების არსებობა სანახევროდ ეღირება, ალბათ. ამ ფრაზას ჩემთვის აქვს ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი ფასი. ღირებულება გააჩნია ყველაფერ ამას.

თქვენ თუ გიცდიათ ლექსის წერა?

ბავშვობაში ვწერდი, მოწაფეობაში და მერე უკვე თბილისშიაც, სტუდენტობაში, მაგრამ ვატყობდი, რომ ჩემგან არ გამოვიდოდა ის, ვინც სჭირდება ლექსის წერას, ამიტომ დავანებე თავი. კიდევ კარგი, დროზე მივხვდი.

ფოტოგრაფია როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

ესეც იშვიათი რამე იყო. ჩემს ძმას, შაბურას — ჩემზე უფროსი იყო და ჩემზე წინ სწავლობდა უნივერსიტეტში, ფილოლოგიური დაამთავრა მანაც, აღარ არის ცოცხალი — აჩუქეს აპარატი რაღაც წარმატებისთვის: ჩაიკა, რომელიც იყო ძალიან პატარა. კადრები იყოფოდა ორად. ფოტოების გადაღების ინტერესი ჯერ კიდევ შორი ბავშვობიდანვე მქონდა. მაშინ გჭირდებოდა ფირი, ბუნებრივია, შავ-თეთრი, და დღემდე მაქვს შემონახული რამდენიმე ფოტო, სადაც ჩემი თანატოლები სხედან ან მიდიან, მათი მოძრაობებია ასახული, იმ წლების და ათწლეულების ისტორიაა შემონახული.

შემდეგ ძალიან გადავერთე და ოთარ ფუტკარაძესთან ერთად ვამჟღავნებდი ამ ფოტოებს. როცა საშრობი არ გვქონდა, კარადებზე მივაკრავდით ხოლმე და ვბეჭდავდით პრიმიტიულად.

შემდეგ ჩემს სტუდენტურ ცხოვრებაში გამოჩნდა სანდრო მამასახლისი — ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ნიჭიერი პიროვნება — და გვქონდა გასვლები ზამთარში. მას შემდეგ ფოტოაპარატი აღარ მომიშორებია. ახლა, ალბათ, მაქვს ერთი ტომარა ფირი. ფოტოების ამორჩევა და ფოტოგამოფენის ცალკე გაკეთება შეიძლება, იმდენი მასალაა.

„მარტო ხე", ჯუთა, ამირან არაბულის ფოტო.

გოდერძი ჩოხელთან და ზვიად გამსახურდიასთან თქვენი მეგობრობის შესახებ რომ მითხრათ.

მე და ზვიადი მეგობრები არა, მაგრამ თანაშრომლები ვიყავით ლიტერატურის ინსტიტუტში, ერთი კედელი გვყოფდა. ვმონაწილებიდით სესიებში, დისერტაციების დაცვებში, ოპონირებაში. ძალიან აინტერესებდა მას ფოლკლორი. როცა  საკანდიდატოს ვიცავდი, სიტყვაც თქვა.

გოდერძი გავიცანი სტუდქალაქში. მერვე კორპუსში ცხოვრობდა, მე ვიყავი მეშვიდეში. ჩაიკეტებოდა ხოლმე საათობით, ხანდახან დღეობით, და წერდა. მერე უკვე ვხვდებოდით, რომ დაამთავრა რომანი. ძალიან ხშირად ვიყავით ერთად.

რა როლი აქვს თქვენთვის ოჯახს? საქმე, რომელიც თქვენ გაქვთ — ექსპედიციები, გასვლები —  ალბათ არ გაძლევდათ ოჯახთან ხშირად ყოფნის საშუალებას.  როგორ ახერხებდით შვილებისთვისაც ყურადღების მიქცევასა და საქმისთვისაც?

ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ვითარება იყო. გამოუცდელი ვიყავი. ოჯახთან ურთიერთობასა და ოჯახში ყოფნას თავისი წლები სჭირდება. ეს რომ შეიძინო, ბევრ რამეს უნდა დააკვირდე, გაითვალისწინო და არ დაუშვა შეცდომა. სერიოზული შეცდომა არ დამიშვია, მაგრამ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. ალბათ მშობლების ბაძვით, მათთან ურთიერთობით და ზეპირი სწავლებებით, რომელიც ყოველ ქართულ ოჯახში არის, გავდივარ ამ გზას.

ოჯახი მაინც ემსახურება შვილების სწორად აღზრდას. ის მეთოდები, რომლებიც მაშინ იყო მთებში შვილების აღზრდის, უნიკალური და განუმეორებელია. ჩვენ შეიძლება იმდენს აღარ ვურთიერთობთ ამ სიბრძნესთან, ცოდნასთან, მაგრამ ამის გარეშე მაინც არ არსებობს არაფერი. რაღაცები სპონტანურად და თავისუფლად ყალიბდება — ადამიანის ჩარევა რომ არ სჭირდება, ისე. თაობათა შორის ურთიერთობაც ძალიან დიდი რამე არის ჩვენს ცხოვრებაში.

ეთერ თათარაიძე შვილებთან ერთად, გერგეტის სამება, ამირან არაბულის ფოტო.

ეთერო — როგორია როცა მეუღლეებს საერთო ინტერესები აქვთ? გიწევდათ ხშირად ერთად გასვლა სახლიდან, მაგალითად,  ექსპედიციებში? პირველ რიგში, ეთეროზე რომ გვითხრათ და ოჯახში ამ პროფესიულ კავშირზე.

ალბათ მაშინ, როცა მეუღლეებიდან ორივე ერთი პროფესიისაა, ბევრი რაღაც ცოტა რთულად გადასალახია, ხანდახან, პირიქით — ერთი პროფესიის მიმდევრობა გიმსუბუქებს იმ საქმეს, რომლის მსახურიც ხარ. საქმიანობასა და ცხოვრებაში ეთერი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს დღემდე, ხელი არ შემიშალოს. ამას ძალიან ხშირად ხვდება უსიტყვოდ, მეც ვხვდები ხოლმე, როდის დგება ასეთი მომენტები.

ჩვენ ბევრი რაღაცა გვაქვს წამოწყებული, რაც ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია. ეტყობა, არც ისე იოლია ამ ყველაფრის გადააზრება. როცა არჩევანზე მიდის საქმე, ეთერი შეუცდომელ არჩევანს აკეთებს — სჯობს ის გააკეთო და არა ის; ის უფრო მნიშნელოვანია; ის უფრო მალე დაიკარგება...

ამიტომ, ჩვენ გვიხდება ხანდახან წონასწორობის დაცვა და საბედისწერო ხიდებზე სიარული. მით უმეტეს, მაშინ, როცა ოჯახს ხარ მოკიდებული, შვილები და შვილიშვილები გახვევია გარს და უკვე მათთვის გიწევს ანგარიშის გაწევა. ვერ იქნები იზოლირებული, ვერ იქნები მოწყვეტილი; სჭირდებათ შენი თავი პატარებსაც, დიდებსაც. შუალედური რგოლი ხარ და ამ რგოლისთვის ადგილის მონახვა ადვილი არ არის.

ასე რომ, აუცილებელია ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა, რომ არ დაიკარგოს რაღაც არსებითი და ძვირფასი ჩვენს ცხოვრებაში.

ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

ახლა რომ უყურებთ განვლილ ცხოვრებას, არის რამე, რაზეც გული გწყდებათ, რომ ვერ შეძელით ან, პირიქით, გამარჯვებად მიგაჩნიათ?

გულისწყვეტა არის ის, რომ ყოველთვის მინდა რაღაც გავაკეთო, მოვასწრო. რაღაც გამოდის, რაღაც ვერ გამოდის. გამოვეცი ორი წიგნი, „სულუქცევრად საკითხავი“ და ვეცადე, ხალხური ისტორიები მომეთხრო ისე, როგორც მქონდა გაგებული, ჩაწერილი სხვებისაგან. როგორც ამბობენ, თავისი მკითხველი ჰყავს ამ წიგნებს.

,,სულუქცევარი“ სულმოუთქმელად საკითხავი წიგნებია — იგულისხმება მოცულობითი შეზღუდულობა. კმაყოფილი ვარ, რომ ეს მოვასწარი და გავაკეთე.

თუ ჩემი შემდგომი თაობა აღმოჩნდება ჩემი ნაწერების და ნამუშევრების გამგრძელებელი, ბევრ რამეს მზამზარეულს ნახავს დიდი მოთხრობისთვის, რომანისთვის, ნოველისთვის.

ეთეროსაც ვკითხე და, თქვენი აზრითაც, ახლა ყველაზე მეტად ვის სჭირდება სიტყვა?

ახალგაზრდობას. მოხუცისთვის შენი გამოცდილების გაზიარება შეიძლება ღიმილისმომგვრელი იყოს. მე მგონია, რომ უფრო ახალგაზრდებს სჭირდებათ, მათში უნდა გამოვარჩიოთ განსაკუთრებით ნიჭიერები და შრომისმოყვარეები.

შრომისმოყვარეობა განაპირობებს და განსაზღვრავს ბევრ რამეს, ამის გარეშე სრულფასოვანი არ იქნება ჩვენი ნაშრომი და ნამუშევარი. ასე რომ, ეს ცოდნა და ცოდნის გადაცემა უნდა ხდებოდეს უფროს-უმცროსებს შორის.

 

თუშეთი, დართლო და კვავლო, ამირან არაბულის ფოტო.

 

[1] „ტულუფი“ ერქვა ცხვრის ტყავისგან შეკერილ თბილ შემოსაცმელს.