სტატიის შინაარსსა და ფაქტობრივ სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი

გმირის გზა ქართულ ჯადოსნურ ზღაპარში

ჯადოსნურ ზღაპარში უამრავი ეპოქისა და ჟანრობრივი ცვლილების კვალი ჩანს. ზღაპრის გმირში გაერთიანებულია მითოსური გმირისა და სარაინდო ეპოსის პერსონაჟის თვისებები. მის საქციელში ხშირად ირეკლება ისეთი ზნეობრივი ქცევის მოდელი, როგორიც ახლოს დგას ქრისტიანული ეთიკის პრინციპებთან. ზღაპარი არც მითია, არც აგიოგრაფიული თხზულება და არც სარაინდო-სამიჯნურო რომანი, მაგრამ ზღაპრის გმირი თავისი თვისებებით ჰგავს მითოსურ გმირსაც, წმინდანსაც და რაინდსაც.[1] მითოსურ-ეპიკური და ზღაპრის გმირების შედარებისას, პირველ რიგში,  უნდა გავითვალისწინოთ მათი ცხოვრების გზა.

 

ნადირობის სცენა ბრინჯაოს სარტყელზე სამთავროს სამაროვნიდან,  ძვ. წ. IX-VIII სს. ინახება საქ. სახ. მუზეუმში

მითოსურ-ეპიკური გმირის ცხოვრების მოდელი

მითოსურ და ეპიკურ ტრადიციებში გმირის ცხოვრების მოდელის აღწერა არაერთ მკვლევარს უცდია. მათ შორის ერთ-ერთი პირველია იოჰან გეორგ ფონ ჰანი.

1876 წელს იოჰან გეორგ ფონ ჰანმა (1811-1869) შეადგინა მითოსურ-ეპიკური გმირის ცხოვრების სქემა. როგორც იან დე ფრისი აღნიშნავს, ჰანმა გმირის ცხოვრება დაყო სამ ეტაპად: დაბადებად, სიჭაბუკედ და დაბრუნებად ან სიკვდილად. იგი ასახელებს ცამეტ მოტივს, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ გვხვდება რომაულ, სპარსულ, ინდურ და გერმანულ ეპოსშიც.[2] 

1936 წელს ლორდ რაგლანი შეეცადა დაედგინა გმირის არქეტიპი (Hero pattern) და ერთმანეთისგან განასხვავა 22 მოტივი.[3]

1954 წელს იან დე ფრისმა შექმნა მსგავსი მოდელი ზღაპრის გმირის ცხოვრებაზე, 1961 წელს კი მონოგრაფიაში „საგმირო სიმღერა და საგმირო თქმულება“ წარმოადგინა ეპოსისა და მითოსური გმირის ცხოვრების სქემა ინდოევროპულ მასალაზე დაყრდნობით.[4]

აპოლონის გველთან ბრძოლა 1581 წლის გრავიურაზე, ოვიდიუსის „მეტამორფოზებიდან“

დე ფრისის თვალსაზრისით, ეს სქემა ზოგადად ესადაგება როგორც მითოსს, ისე საგმირო ეპოსსა და ზღაპარს. იგი გამოყოფს ათ ეპიზოდს: 1) გმირის ჩასახვა; 2) გმირის დაბადება; 3) გმირს ყრმობაში საფრთხე ემუქრება; 4) გმირი ბავშვობაშივე ავლენს უჩვეულო ძალას; 5) გმირი დაუმარცხებელია; 6) გმირის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ქმედებაა ურჩხულთან ბრძოლა; 7) გმირი მოიპოვებს ქალწულს მას შემდეგ, რაც დაძლევს  განსაცდელს; 8) გმირი მოივლის ქვესკნელს; 9) თუ გმირი ბავშვობაში განდევნილია, შემდეგ ბრუნდება, ამარცხებს თავის მოწინააღმდეგეს და იბრუნებს თავის საკუთრებას;  10) გმირის სიკვდილი.

ეს მოდელები გარკვეულწილად აისახება ქართულ ჯადოსნურ ზღაპარშიც.

 

ლერწმის ქალი. ქართული ხალხური ზღაპარი. თბილისი, ნაკადული, 1982. მხატვარი ო. ჩხარტიშვილი.

გმირის განსაკუთრებული ძალა და „დავლათიანობა“

გმირის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები – სასწაულებრივი დაბადება, ურჩხულთან შებმა, ქალწულის განთავისუფლება — ზოგადად, გმირებისთვის დამახასიათებელი მოტივებია. ეს მომენტები არსებითია როგორც ქართულ ჯადოსნურ ზღაპრებში, ისე მითებსა და ეპოსში.

ზოგი გმირი სასწაულებრივადაა დაბადებული, მაგალითად, ასფურცელა, ივანე ცისკრისა, შავი თეიმურაზი და მისი ძმები, ადიხანჯალა და სხვები. მათ თანდაყოლილი აქვთ არაჩვეულებრივი ძალა, რომლის წყალობითაც აღწევენ მიზანს. ეს ჯადოსნური ძალა ძალიან ჰგავს მითოსური გმირების ღვთაებრივ ძალას, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს მთაში „დავლათიანობას“ (იღბლიანობას) უწოდებენ. 

ღვთაებრივი ძალა სწორედ იღბლიანობის, ანუ დავლათიანობის ნიშნად მიიჩნევა. ღვთაებრივი ძალის მაგალითია ამირანი, რომელსაც ჰქონდა ქრისტე ღმერთის მიერ დანათლებული გაქანებული ხის სიჩქარე, ზვავის სიმარდე, თორმეტუღელი ხარ-კამეჩის ღონე, მგლის მუხლი, საცრისოდენა თვალები და ოქროს კბილი.

ჯადოსნური ზღაპრის გმირიც „დავლათიანია“ — მაშინაც, როცა იგი მჩუქებლის ან შემწეს ფუნქციებს ითავსებს და მაშინაც, როცა ამ თვისებას მოგვიანებით იძენს.

მითოსური დავლათიანი გმირის მსგავსად, ზღაპრის გმირმაც შეიძლება დაკარგოს დავლათი — მაგალითად, ბანაობის დროს. თორღვაც ბანაობისას კარგავს თავის ჯაჭვს და მზის უმცროსი ასულიც თავის სამოსს, ურომლისოდაც ვეღარ გადაიქცევა ფრინველად.[5] ქაჩალ მებაღეს კი ოქროს ქოჩორს თავის დაბანის დროს შეამჩნევენ.[6]

დავლათი ისევე გაწირავს ზღაპრის პერსონაჟს, როგორც მითოსურ გმირს, თუმცა მისგან განსხვავებით ზღაპრის გმირი მაინც გადარჩება. დავლათიანი მითოსური გმირი გაბუდაყებით[7] და საკადრისი სასჯელით ამთავრებს სიცოცხლეს, ზღაპრის გმირს კი დავლათი არასოდეს გააბუდაყებს. ამ შემთხვევაში ზღაპრის გმირში შეიძლება დავინახოთ მორწმუნე ქრისტიანის იდეალი, რომელსაც ამპარტავნება ვერ ერევა.

 

ლერწმის ქალი. ქართული ხალხური ზღაპარი. თბილისი, ნაკადული, 1982. მხატვარი ო. ჩხარტიშვილი.

გზაჯვარედინი და გმირის არჩევანი

მითოსში ადამიანის ცხოვრებას ხშირად  განსაზღვრავს ბედისწერა, რომელსაც ის ვერ გაუწევს წინააღმდეგობას, ან თუ გაუწევს, ამაოდ. მითოსში ადამიანს არ გააჩნია ის თავისუფლება, რომელიც აქვს ზღაპრის გმირს საკუთარ ბედთან მიმართებით. ამ კუთხით ზღაპრის გმირი მოწამესა და რაინდს უახლოვდება.

ზღაპრის გმირი შეგნებულად მიდის ფათერაკებით აღსავსე გზაზე. მის სახეში  მრავალფეროვნად ვლინდება ეს თვისებები, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევანის უნარი.

არჩევანი შეიძლება შეგვხვდეს მითოსშიც, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ჯადოსნურ ზღაპარში. მაგალითად, „განხეთქილების ვაშლის“ მითი სწორედ არჩევანის თემას ეხება. ტროას უფლისწულის არჩევანი კი, თავისი შედეგით, მკვეთრად განსხვავდება ზღაპრის გმირის არჩევანისაგან. პარისისთვის მისი არჩევანი საბედისწერო გამოდგა მაშინ, როცა ზღაპრის გმირები თავიანთი არჩევანით მარადიულ ბედნიერებას მოიპოვებენ.

ზღაპრის გმირი ირჩევს ურთულეს გზას, რომლის საბოლოო შედეგიც ბოროტების დამარცხება და სიკვდილის დათრგუნვაა. ამიტომ ამ შემთხვევაში ზღაპრის გმირი უფრო ახლოს  დგას ქრისტიან მარტვილთან, ვიდრე - მითოსურ გმირთან.

ქრისტიანულ ტრადიციაში მარტვილის მიერ არჩეული გზა სრულად გაცნობიერებულია და ამ გზის მოთმინებით გავლა მარადიულ ბედნიერებას უკავშირდება. ქრისტესთვის მარტვილობა არა მხოლოდ ჭეშმარიტების შეცნობასა და რწმენას, არამედ სიცოცხლის დათმობასაც გულისხმობს. ადრექრისტიანულ ეპოქაში წმინდანობისკენ მიმავალი უმოკლესი გზა სწორედ მარტვილობა იყო და იგი სიკეთის სიმბოლოდ იქცა.

ჯადოსნური ზღაპრის გმირი, ხშირად უმცროსი ძმა, თავიდანვე ირჩევს ძნელ გზას და ეს არჩევანი, როგორც წესი,  გზაჯვარედინზე ხდება.

გზაჯვარედინი უძველესი მითოსური სიმბოლოა და როგორც კოსმოგონიური ნიშანი, ოთხ მიმართულებად გაყოფილი სამყაროს ცენტრს წარმოადგენს. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი ხვდება საკუთარ ბედისწერას. ზღაპრის გმირის არჩევანში სწორედ მისი ნების თავისუფლება გამოიხატება, რაც მისი პიროვნების გამოვლენის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

წარწერა გზაგასაყარზე ცნობილი მოტივია მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში და ხშირად სწორედ აქ  იწყება სამი ძმის ამბავი.

ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ერთ ჯვარედინ გზაზე გავიდნენ. ერთი დიდი ქვა იყო და იქ დაისვენეს. იმ ქვაზე ეწერა: ამ გზით წავიდეს მგზავრი — ისევ დაბრუნდეს, ამ გზით წავიდეს — ან დაბრუნდეს ან არა და ამ გზით წავიდეს — სულ ვეღარ დაბრუნდესო. ერთი გზაც თავიანთი სახლის გზა იყო. ეს ქვა ზედ შუაზე იდვა ოთხივე გზებისა და ყოველი წარწერა თავ-თავისკენ ჰქონდა მიქცეული.

— შინ რომ მივიდეთ, რა გავაკეთოთ, — სთქვეს, — მტერი სულ გაანადგურებდა იქაურობასო, და აირჩიეს სხვადასხვა გზით წასვლა. უფროსმა ძმამ აირჩია ის გზა, რომელზედაც ეწერა: წავიდეს, ისევ დაბრუნდესო. საშუალომ აირჩია მეორე — ან დაბრუნდეს, ან არაო; უნცროსმა კი მესამე გზა —  წავიდეს, ვეღარ მოვიდესო. ბევრი ურჩიეს ძმებმა: ჩვენი გზა აირჩიე, მაქეთ ნუ წახვალო, მარა არ გაიგონა.[8]

ეს მოტივი ძალიან ხშირია როგორც ქართულ, ისე ევროპულ და მცირე და შუააზიურ ზღაპრებში.

ლერწმის ქალი. ქართული ხალხური ზღაპარი. თბილისი, ნაკადული, 1982. მხატვარი ო. ჩხარტიშვილი. 

ქვესკნელში ჩავარდნა და გმირის დაბრუნება

გზაჯვარედინის ეპიზოდს ჩვეულებრივ მოსდევს ძმების ბეჭდების დატოვება ქვის ქვეშ, მერე კი უფროსი ძმების ღალატი, რის შედეგადაც უმცროსი ძმა ქვესკნელში ხვდება. ქვესკნელში ჩასვლა და იქიდან დაბრუნება შეიძლება სიმბოლურად დავუკავშიროთ მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ საუკუნო ცხოვრების იდეას.

უმცროსი ძმის არჩევანი, რომელიც ზღაპრის დასაწყისში თითქოს მექანიკურად კეთდება, საფუძველში ბევრად ღრმაა. იგი ყველაზე ძნელ გზას ირჩევს, რადგან ეს ის გზაა, რომელიც მიზნისკენ მიდის. უმცროსი ძმა რჩეულია და თავად აკეთებს არჩევანს. ამიტომაც ბრუნდება სახლში გამარჯვებული, თანაც ძმების „ცრუქორწილზე“ [9]. ზღაპარში ეს მარტო შინ დაბრუნება კი არ არის, არამედ - ბოროტების მხილებაც და დასჯაც.

მაგალითისთვის მოვიტანთ სამი ძმის ზღაპრის ქართლურ ვარიანტს, რომლის ფინალიც, შეიძლება ითქვას, ჯადოსნური ზღაპრის კვინტესენციაა:

მამაჩემო, ერთი სადღეგრძელო უნდა ვთქვაო.

აიღო ჭიქა და თავი თავგადასავალი სუ ყველაფერი თქვა, თუ როგორ უღალატეს ძმებმა, ქვეშკნელ როგორ ჩავარდა, როგორ ამაიყვანა ფაშკუნჯმა, გველეშაპები როგორ დახოცა, სუ ყველაფერი უთხრა. ხემწიფემ გაიგო თუ არა ეს ამბავი, თავის უფროს და შუათანა შვილს უთხრა: რახან თქვენ ძმის მოღალატეები ყოფილხართ, ჩემ ქვეყანაში აღარ დაგინახოთო და ერთიანად გამოყარა გარეთ. იმათი საცოლოები სხვა ბიჭებზე გაათხოვა. გადიხადა კაი ქორწილი. ხემწიფობაც თავი ბოლოლა შვილს დაუტოვა და ყველაფერი.[10]

უმცროსი ძმა ისევე უარყოფს მამის წინაშე თავის ძმებს, როგორც მათ უარყვეს, როცა ქვესკნელში ჩააგდეს და მთელი მისი მონაპოვარი მიითვისეს.

ზურაბ კიკნაძე სტატიაში ,,ჯადოსნური ზღაპრის ესქატოლოგია“ ეპიგრაფად იყენებს მაცხოვრის სიტყვებს იოანეს სახარებიდან და მიუთითებს, რომ ეს სიტყვები ზღაპრის გმირის სახელითაც შეიძლება ითქვას: „გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტევებ სოფელსა და მივალ მამისა“.[11]

დევნისგან გადარჩენით ბევრი ზღაპარი მთავრდება. გმირი ბრუნდება სახლში და, თუ საცოლე იშოვა, ირთავს მას. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ზოგჯერ ზღაპარი გმირს ახალ განსაცდელს უქმნის, კვლავ გამოჩნდება მისი მტერი, გმირს მოსტაცებენ ნაშოვნს, მას კი კლავენ. ერთი სიტყვით, კვლავ მეორდება ,,კვანძის შემკვრელი მავნეობა”, ზოგჯერ იმავე ფორმით, რაც დასაწყისშია, ზოგჯერ კი სხვა, ამ ზღაპრისთვის ახალი ფორმით.[12]

 

ლაზური ზღაპრები. 1970. მხატვარი გ. ლომიძე

ცრუგმირი და ჭეშმარიტი გმირის შეცნობა/გამოცნობა

სანამ გმირი შინ დაბრუნდება, ძმები იტაცებენ მის მონაპოვარს, მას კი ჭაში აგდებენ. ამით იწყება ახალი ეპიზოდი.

ჭაში ჩავარდნის შემდეგ უმცროსი ძმა ქვესკნელში ხვდება. ხელახლა იწყებს ძიებას, მოიპოვებს ჯადოსნურ საშუალებას ან შემწეს და კვლავ ამოდის მიწაზე. შინ მისულ გმირს ვერ ცნობენ. ცრუგმირი ითვისებს  გმირის უფლებებსა და სახელს. როგორც წესი, მეფე ან მეფის ასული გმირსა და ცრუგმირს ძნელ დავალებას აძლევს, რის შედეგადაც გამოაშკარავდება ნამდვილი გმირი. მას ცნობენ ნიშნით, დაღით ან მისთვის გადაცემული რაიმე საგნით. ცრუ გმირს ამხელენ და სჯიან – ,,რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოი, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს“[13] უმცროსი ძმის დაბრუნება შეიძლება შევადაროთ უმაღლეს სამსჯავროს. უმცროსი ძმა შესაბამისად დასჯის უფროს ძმებს, რომლებმაც ის გაწირეს და ქვესკნელში ჩააგდეს. იგი მეფე-მამის წინაშე ამხელს მათ.

გმირი ქორწინდება. აქ მთავრდება ზღაპარი და შეიძლება კვლავ გავიხსენოთ სახარების სიტყვები: ,,და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა“.[14]

ზღაპარში „დევის სანახევრო“ ხელმწიფე ბრძოლის შემდეგ ხელს შეუხვევს თავის სიძეს, რომელიც უცნობი ეგონა:

იმ დროს ამ მისმა სიძემ სისხლიანი ხმალი გაისო-გამაისო, ვითომ ხმალსა ვწმენდავო. ამ წმენდაში ხმალს ხელი შააჭრა. ამაიღო ხელმწიფემ თავისი ხელსახოცი და ხელი იმით შეუხვია... ...ხელმწიფემ დაიბარა, თავის სახელმწიფოში თუ ვინმე ჰყვანდა და სულ ყველას ხელს აბანინებდა თითონ თავისი ხელითა. დააბანინა ყველას ხელი და ახლა იმ ქაჩალ მებაღესთან მივიდა და უთხრა: გამოშალე, ხელი უნდა დაგაბანინოვო. მებაღემ უთხრა: მე რა ღირსი ვარ, რომა შენ ხელი დამაბანინოვო? არ მოეშვა ხელმწიფე. გამოშალა მარცხენა ხელი, მარჯვენას არ აჩვენებდა. გამააშლევინა მარჯვენა ხელი, დახედა და თავისი ხელსახოცი იმის ხელზე იცნო. ააყენა მაშინვე, ჯერ დაჰკოცნა, მერე წაიყვანა და თავის ტახტზე დასვა, შენ მებაღეობის ღირსი არა ყოფილხარო. მერე უთხრა ამ სიძემ ხელმწიფესა: აბა, მე რომ მწუნობდითო და თქვენი სიძეები, ნაზირ-ვეზირები მოგწონდათო, მე ვჯობნივარ თუ ეგენი მჯობნებიან.[15]

ლაზური ზღაპრები. 1970. მხატვარი გ. ლომიძე

ზღაპარში „არვიცია“  ბრძოლის იგივე მოტივია, რაც „დევის სანახევროში“, მაგრამ აქ გმირი განგებ გაიჭრის მკლავს, რომ ხელმწიფემ შეუხვიოს: „მერე ხმალზე ძალათ დაიჭრა მკლავი, მაშინ მივარდა თავისი სიმამრი, ამოიღო ბაღდადი და შეუხვია მკლავი“.[16]

„ხრისტაგანი და ბელთაგანი გმირების ზღაპარი“: „ხმლის ჩაგებისას ქოჩორამ მარცხენა ხელის თითი გაიჭრა. ხელმწიფემ საყელოს ბანტი გაიხსნა და იმით თითი შეუხვია“.[17]

„ბატების მწყემსი“:

გაუსწრო ფადიშაჰსა და მის ლაშქარს, მტერი დაამარცხა და გამობრუნდა. ბრძოლაში თითი გასჭროდა. ფადიშაჰმა უმცროსი ქალიშვილის მიერ მოქარგული ცხვირსახოცით შეუხვია ხელი... ...ფადიშაჰის უმცროსმა ქალიშვილმა ქმარს შეხვეული თითი რომ დაუნახა, თავისი მოქარგული ცხვირსახოცი იცნო. ქმარი კი არაფერს უმხელდა. მაშინ ქალიშვილმა მამას შეუთვალა: შენი ცხვირსახოცი ჩემს ქმარს, ბატების მწყემსს აქვსო. ფადიშაჰს გაეცინა: ვისაც მე თითი შევუხვიე, ის მხედარი შენი ქმარივით ჯორზე კი არ იჯდაო! ბატების მწყემსს გაეცინა ფადიშაჰის სიტყვებზე.[18]

„მგელკაცა“

მერე რომ გათავდა ომი, ქაჩალ მებაღე მობრუნდა უკან და თავის ხმალს რომ აგდებდა ბუდეში, ამ დროს თავისსავე ხმლით ცოტა ხელი გაიჭრა. დაინახა თუ არა ხელმწიფემ, გაქანდა მაშინვე, ამოიღო თავისი ჯიბის ბაღდადი და შეუხვია დაჭრილი ხელი. როცა ხელმწიფეს უმცროსი ქალიშვილი თავის ქმარს შეახსენებს, ხელმწიფე პასუხობს: „შენ ქმარს იქ რა უნდოდა, მე მაგითი ღვთისაგან გამოგზავნილ ანგელოზს შევუხვიე ხელი და შენ შენ ქმარს იმას აბადლებო?[19]

 

ლაზური ზღაპრები. 1970. მხატვარი გ. ლომიძე

ზღაპრის გმირი და ზნეობრივი გამარჯვება

როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, გმირი, რომელიც რაინდულ თავმდაბლობას იჩენს, ზღაპარში თავდაპირველად  „უკუანაისკნელია“, ბოლოს კი — „პირველ“. ამ შემთხვევაში ზღაპრის ლოგიკა ქრისტიანულ ზნეობრივ ნორმებს ემთხვევა.

მითოსის, ეპოსისა და ზღაპრის გმირების საერთო თვისებები – ნახევრად ღვთიურობა, რჩეულობა, ბოროტ ძალებთან ბრძოლა და სხვა – უნივერსალური ცნებებია არა მხოლოდ სხვადასხვა ხალხის ფოლკლორში, არამედ რელიგიურ სიმბოლიკაშიც. ცხადია, ყველა ზღაპარში საგრძნობი იქნება იმ რელიგიის გავლენა, რომელი აღმსარებლობის საზოგადოებაშიც ის არსებობდა.

ქართული ზღაპრის გმირები ატარებენ მითოსურ-ეპიკურ ნიშნებს, რომლებშიც შეიძლება ქრისტიანობამდელი რელიგიის ამოცნობა. ისინი არიან მითოსური წარმოშობის, აქვთ ეპიკური გმირისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ხოლო მათი მოქმედება ქრისტიანული ეთიკით არის გამსჭვალული.

დეტალი ბრინჯაოს სარტყლიდან.

სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება და ამ  ბრძოლის დასრულება სიკეთის გამარჯვებით ხალხური ზღაპრის კვინტესენციაა. ეს არის ზოგადად ჯადოსნური ზღაპრის  ძირითადი პრინციპი, რომელიც მის სტრუქტურას განსაზღვრავს.

გმირის გზა — არჩევანი გზაჯვარედინზე, განსაცდელის გავლა, ქვესკნელში ჩავარდნა და საბოლოოდ სიმართლის გაცხადება — სწორედ ამ ზნეობრივ გამარჯვებამდე მიდის. არსებითად, ზღაპრის მთავარი იდეა ისაა, რომ გმირი არა მხოლოდ ფიზიკური ძალით, არამედ ზნეობრივი არჩევანითაც იმარჯვებს.

 

[1] მითოსური გმირი — მითოლოგიურ სამყაროში მოქმედი ნახევრად ღვთიური პერსონაჟი; ეპიკური გმირი — ისტორიულ-საგმირო ამბის ცენტრალური ფიგურა; ზღაპრის გმირი — გამოგონილი ფანტასტიკური ამბის პერსონაჟი, რომლის ცხოვრება ზნეობრივ არჩევანსა და განსაცდელის გადალახვაზეა აგებული.

[2] Vries, Jan de. 1961. Heldenlied und Heldensage. Bern/München: Francke, p. 281.

[3] Raglan, Lord. 1965. The Hero of Tradition.  In The Study of Folklore, edited by Alan Dundes, 142–157. Berkeley: University of California Press. pp. 142-157.

[4] Vries, Jan de. 1961. Heldenlied und Heldensage. Bern/München: Francke.

[5] უმიკაშვილი, პეტრე. 1964. ხალხური სიტყვიერება, ტ. III: „მზის სიძე“. გვ. 176 -183. თბილისი: ლიტერატურა და ხელოვნება.

[6] იქვე: „დევის სანახევრო“. გვ. 143-153. იქვე: „უშვილ-უძეო მონადირე“ (გვ. 258-263). ჩიქოვანი, მიხეილ (შემდგ.). 1960. ხალხური სიბრძნე. ხუთტომეული, ტ. I: „მეცხვარე ბრმა დევი და ფეიქრის შვილი“. გვ. 143-150. თბილისი: ნაკადული.

[7] გაბუდაყება (მთიულ.) – გამდიდრებული კაცის საყმოსგან გამოცალკევების მცდელობა. თემი გაბუდაყებულს იკვეთდა, სრულ იზოლაციაში აქცევდა, რაც მის შიგნით შექმნილი პრეროგატივების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებას წარმოადგენდა. ტერმინი „გაბუდაყება“ ქართულ სამეცნიერო სივრცეში ზურაბ კიკნაძის შემოღებულია.

[8] ჩიქოვანი, მიხეილ (რედ.). 1956. ხალხური სიტყვიერება, ტ. V. „სასწაულმომქმედი პერანგი”. გვ. 62. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

[9] კიკნაძე, ზურაბ. 1991. ჯადოსნური ზღაპრის ესქატოლოგია,  სკოლა და ცხოვრება, N1, გვ. 13–18.

[10] ღლონტი, ალექსანდრე. 1948. ქართლური ზღაპრები და ლეგენდები: „ბოლოლა შვილი“. გვ. 248. თბილისი: საბჭოთა მწერალი.

[11] კიკნაძე 1991, გვ. 13.

[12] პროპი, ვლადიმერ. 1984. ზღაპრის მორფოლოგია. თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო მარიამ კარბელაშვილმა. თბილისი: მეცნიერება. გვ. 99

[13] ლუკა 8:17

[14] მათე 25:46

[15] უმიკაშვილი 1964. გვ. 243.

[16] ჩიქოვანი 1956. გვ. 9.

[17] ძიძიგური, შოთა (რედ.). 1991. ქართული ხალხური სიტყვიერება: მეგრული ტექსტები, ტ. II. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობა. გვ. 83.

[18]  თანდილავა, ზურაბ (შემდგ.). 1970. ლაზური ზღაპრები. თბილისი: ნაკადული. გვ. 105.

[19] ჩიქოვანი 1956, გვ. 267 – 268.