ფოტო 1925 წლის ალპინისტური ექსპედიციიდან
გასულ 2022 წელს, საქართველოს ეროვნულ არქივში საარქივო ფოლკლორული მასალების კატალოგიზაციის პროექტზე მუშაობისას, მე და პროექტის ხელმძღვანელი სანდრო ნათაძე სვანების ცეკვისა და ფერხულის ამსახველ, ჩვენთვის უცნობ ფოტოებს წავაწყდით. ეს მასალა 1925 წელს გიორგი ნიკოლაძის ალპინისტურ ექსპედიციაშია გადაღებული და, შესაბამისად, ამავე ექსპედიციის ალბომში ინახება. ჩვენს რუბრიკაში სწორედ ამ კოლექციის ერთ-ერთ ფოტოს წარმოგიდგენთ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1925 წლის ივლისში სორბონის უნივერსიტეტის დოქტორის, წარმატებული მათემატიკოსის, მეტალურგის, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებლის, ლეგენდარული სპორტული მოძრაობა „შევარდენის“ ფუძემდებლის, გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, საქართველოდან ჩრდილო კავკასიის მიმართულებით ახალგაზრდა მთამსვლელთა ჯგუფი გაემგზავრა. ექსპედიციის წევრებს შორის ძირითადად იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. მათი მთავარი მიზანი კავკასიონის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე ასვლა იყო. ამავდროულად, ჯგუფის ზოგიერთი წევრის ინტერესს, ალპინიზმთან ერთად, კავკასიის რეგიონის ბუნებრივი რესურსების კვლევა წარმოადგენდა. ახალგაზრდა მკვლევართა შორის იყო შემდეგში ცნობილი მეცნიერი ნიკო კეცხოველიც, რომელმაც მოგვიანებით ამ მოგზაურობას საოცრად საინტერესო წიგნი „თოვლიან მთებში“ (1967 წ.) მიუძღვნა.
საექსპედიციო ჯგუფმა 1925 წლის 26 ივლისს თბილისიდან პიატიგორსკამდე (ქალაქი რუსეთში, სტავროპოლის მხარეში) მატარებლით იმგზავრა. შემდეგ კი გეზი კავკასიონის უმაღლესი მწვერვალისკენ აიღო. თავგადასავლებით სავსე ლაშქრობა თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდებმა გადაკვეთეს ჩრდილო კავკასიის სოფლები და მდინარე ბაქსანის ხეობა, ავიდნენ იალბუზზე, საქართველოსა და ყაბარდო-ბალყარეთის გამყოფი ბაბისმთის (დონღუზორუნი) გადავლით ჩავიდნენ სვანეთში, ფეხით მოიარეს მთელი ზემო სვანეთი და ბოლოს გზა აფხაზეთისკენ განაგრძეს. ექსპედიცია სოხუმში 8 სექტემბერს დასრულდა.
ექსპედიციის მარშრუტის ამ მშრალი ჩამონათვალის უკან იმალება არაერთი ამაღელვებელი ამბავი, რომელთა წაკითხვას ნიკო კეცხოველის ზემოხსენებულ წიგნში შეძლებთ. ამჯერად კი ფოტოს ისტორიას დავუბრუნდეთ.
ფოტო სვანეთშია გადაღებული, შესაძლოა თავად გიორგი ნიკოლაძის მიერ. სამწუხაროდ, უცნობია გადაღების ზუსტი ადგილი და მასზე ასახულ პირთა ვინაობაც. თუმცა კეცხოველის წიგნად ქცეულ საექსპედიციო დღიურებში აღწერილი სვანური ფერხულები და ცეკვები თითქოს სწორედ ამ სურათებს აცოცხლებს და მათ ერთგვარ მხატვრულ ანოტაციად აღიქმება.
ამ ჩანაწერების თანახმად, სვანებისა და ჯგუფის წევრების მეგობრობა ჯერ კიდევ ყაბარდო-ბალყარეთში დაწყებულა. მათ სოფელ კაჩკაროვოში (ბაქსანის ხეობა) გაუცნიათ ადგილზე მომუშავე ახალგაზრდები – გელა ქალდანი, რომანოზი და გრიგოლი (რომელთა გვარებსაც ავტორი არ ასახელებს). იალბუზიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს სვანები დიდი სიხარულით შეეგებნენ მათში განსაკუთრებული ემოციები გამოუწვევია სვანურ სიმღერა „ლილეს“ შესრულების დროს სტუმრების მხრიდან აყოლილ ბანს:
„იმ ღამეს ჩვენი სვანები ჩვენთან დარჩნენ, ცეცხლს ვუსხედით და ვუამბობდით ერთმანეთს ამბებს. საუბარი სიმღერამ შეცვალა. გრიგოლმა პირველმა დაიღიღინა „ლილე“, დიადი სვანური სიმღერა. ნელი და წყნარი იყო პირველად, მაგრამ ჩვენების ბანი რომ ისმინეს, თვალები გაუბრწყინდათ და ნელი ღიღინი ძლევამოსილ გუგუნად გადაიქცა“ (1).
სვანი ახალგაზრდები ექსპედიციის წევრების მეგზურები იყვნენ სვანეთისკენ მიმავალ გზაზე, ბაბისმთის რთული და სახიფათო ბილიკების გადავლისას, შემდეგ კი გულითადად უმასპინძლეს მათ უკვე სვანეთში, ნაკრის ხეობაში.
აქ გატარებული დღეების მოგონებისას ნიკო კეცხოველი ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივთა რელიგიურობაზე, ტრადიციებისადმი ერთგულებაზე, მებრძოლ ხასიათზე, სტუმართმოყვარეობაზე. ცხადად გვიხატავს ერთი საუკუნის წინანდელი სვანური სოფლის ატმოსფეროს – სიმღერით, დაკვრით, ცეკვითა და ფერხულით თანმხლებ ყოფას:
„გაშალეს სუფრა. გელამ ხბო დაგვიკლა თურმე, ქალებმა ხაჭაპურები დააცხვეს და გაჩაღდა საგულისგულო ქეიფი. გელა თავს დაგვტრიალებს. მისი მეზობლებიც მოსულან – ჩვენი გართობა სურთ. უხარიათ, რომ ჰინგითაუ (ასე უწოდებენ სვანები იალბუზს – თ.რ.) ასე ადვილად და მშვიდობით დავძლიეთ. ქართველების სახელი ყველგან წავაო, გვეუბნებიან. უკვე გუგუნებს სვანური „ლილე“, გუგუნებს ძლიერად, ამაყად. მხიარულმა და ლამაზმა „ჰოუ ბუბა ქაქუჩელამ“ დაირბინა მთის ხევები და ორწოხები. საკვირველია, რომ ამ სალ კლდეებში, სადაც ყოველი ნაბიჯი ბრძოლაა არსებობისთვის, ასეთი კეკლუცი და სხარტი სიმღერა წარმოიშვა, თუმცა ამ სიკეკლუცეშიც ისმის ზოგჯერ ნაღველი და სევდა. „შაიმოდი შამარერა“, – მღერის გუნდი და ტრიალებს ფეხის თითებზე გელა, მსუბუქად უვლის გრიგოლი“ (2).
წიგნის სხვა ადგილას ავტორი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ატარებდა დროს ერთად შეკრებილი სოფლის მოსახლეობა. აღწერს ტრადიციულ სპორტულ თამაშობებსა და ფერხულებს, წყვილთა ცეკვას, ქალთა თამაშსა და ფეხის წვერებზე დგომას:
„წყვილ-წყვილად გადახვიეს ხელი ერთმანეთს და თანაბრად, მწყობრად ჩამოუარეს. რიტმი უჩვეულოა. თუ ერთსაც შეეშალა, წყვილის თამაშობა ჩაიშლება. ჩამოვლა სწრაფია და მარდი. მთელმა წრემ წყვილ-წყვილად უნდა ჩაიაროს. კოპწია და ეშხიანია ქალთა თამაში და ცეკვა, ფეხის წვერებზე შედგომა“ (3).
1925 წელს ალპინისტური ექსპედიციის მიერ სვანეთში გადაღებულ ამ ფოტოზე ვხედავთ მწკრივში მდგომ სვან მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ტაშს უკრავენ მათ წინ მოცეკვავე ქალებს და, სავარაუდოდ, მღერიან კიდეც. სურათი სოფლის მოსახლეობის შემოსვის მაშინდელ სტილზეც გვიქმნის წარმოდგენას. მამაკაცები ატარებენ ტრადიციულ სვანურ ქუდს, რომლის ფორმაც შემდგომ წლებში შესამჩნევად შეიცვალა. სახასიათოა ქალთა ჩაცმულობაც, თეთრი თავსაბურავები, რომლებსაც, როგორც წესი, სვანი ქალები დღეობებსა და განსაკუთრებულ შემთხვევებში იხურავდნენ. სხვათა შორის, ამგვარადვე შემოსილი მამაკაცებისა და ქალების ერთობლივი ფერხული 1926 წლის ზაფხულში, გიორგი ნიკოლაძის ექსპედიციიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, უშგულში ვიდეოფირზე აღუბეჭდავთ ამერიკელ მოგზაურებს, ცოლ-ქმარ უილიამ და მერიონ ვასერმანებს. უნიკალურ კადრებში ჩანს გიორგი ნიკოლაძეც, რომელიც ამჯერად ამერიკელების მეგზური ყოფილა სვანეთში. სტუმრები გაუკვირვებია კავკასიის მიუვალ მთებში მცხოვრები, ტრადიციულად მოაზროვნე, მკაცრი წესების მიმდევარი ხალხის ფერხულებში ქალებისა და მამაკაცების სიახლოვეს. სვანურ სიმღერაში, ფერხულსა თუ ცეკვაში ქალების აქტიური ჩართულობის შესახებ არსებული გადმოცემების მართებულობას ჩვენი რუბრიკისათვის შერჩეული ფოტოც ადასტურებს.
დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ გიორგი ნიკოლაძის ალპინისტური ექსპედიციის ამსახველ ფოტოკოლექციაში ამ ექსპედიციის მონაწილე ახალგაზრდა ქალებიც ფიგურირებენ. 1925 წლის 12 აგვისტოს მათ მამაკაცებთან ერთად მიაღწიეს იალბუზს. ნიკო კეცხოველის თანახმად, მარო ბეჟანიშვილი, მარო ტყავაძე, ელიკო ლორთქიფანიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი და ლიდუსი ჩხეიძე იყვნენ პირველი ქალები, რომლებმაც კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე დადგეს ფეხი.
დამოწმებანი:
- 1.კეცხოველი, ნიკო. თოვლიან მთებში. http://environment.cenn.org/app/uploads/2016/10/niko_ketskhoveli_tovlian_mtebshi.pdf გვ. 30.
- 2.იქვე, გვ. 40.
- 3.იქვე, გვ. 41.
ფოტო გარეკანზე: სვანების ცეკვა. საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი.