ერთი საშობაო საგალობლის შესახებ
ქრისტეშობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი ძირითადი და მისტიკური დღესასწაულია. ქრისტიანულ ეკლესიაში მაცხოვრის შობის აღნიშვნის ორი თარიღია დაკანონებული, ძველი სტილით – 25 დეკემბერი, ახალი სტილით - 7 იანვარი. საქართველოში შობას 7 იანვარს აღვნიშნავთ.
ახალი აღთქმის მახარებლებამდე მესიის მოვლინების შესახებ ძველი აღთქმის არაერთი წინასწარმეტყველი გვაუწყებდა, მათ შორის ესაია, დანიელი და იერემია. ქრისტეს შობის შესახებ მოთხრობილია ორი მახარებლის – მათეს და ლუკას სახარების პირველ თავებში. სახარებიდანვე ცნობილია, რომ პირველი სადიდებელი გალობა, რომელიც ანგელოზებმა ბეთლემში უფლის ხორციელად შობას მიუძღვნეს, იყო „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“:
„და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (1).
გამორჩეული საუფლო დღესასწაულის – ქრისტეშობის საცისკრო სადღესასწაულო მსახურება საგალობლით, ე. წ. მცირე „დიდება მაღალთა შინათი“ იწყება. სწორედ ამ საგალობლის ისტორიაზე მსურს მოგითხროთ. ის თავდაპირველად მაცხოვრის შობას უკავშირდებოდა, მოგვიანებით კი ცისკრისა და წირვის მსახურების პირველი ლოცვა გახდა. ცისკრის მსახურებაში ამ საგალობლის მეშვეობით შემოდის ახალი აღთქმის თემატიკა და მორწმუნე ადამიანისთვის იხსნება ღმერთთან მისასვლელი კარი.
ქრისტიანული ღვთისმსახურება სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: მწუხრი, ცისკარი და წირვა. ცისკრისა და წირვის მსახურება შეგვახსენებს ახალი აღთქმის პერიოდს: იესო ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებას ადამიანთა ხსნისათვის და მის ბრწყინვალე აღდგომას. ცისკარი ძველად გამთენიისას სრულდებოდა, რაზეც მისი დასახელებაც მეტყველებს. შობის ვარსკვლავი იყო ერთ-ერთი ის ნიშანი, რომლის მეშვეობითაც მოგვებმა ბეთლემის გამოქვაბულში მიაგნეს მაცხოვრის შობის ზუსტ ადგილს. ქრისტეს მოვლინების შესახებ წარმართმა მოგვებმა ჰეროდეს მწიგნობრებისგან შეიტყვეს, ხოლო დაბადების სავარაუდო ადგილის შესახებ იცოდნენ:
„ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად“ (2).
ცისკრის ვარსკვლავის გამოჩენისა და ცისკრის მსახურების აღვლენის დრო სიმბოლურად ერთმანეთს უკავშირდება.
რაც შეეხება წირვის მსახურებას, აქ „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“ ჩართულია არა საგალობლის, არამედ ლოცვის სახით. არსებობს დიდი და მცირე „დიდება“. მცირე „დიდების“ სრული ტექსტი ასეთია: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (საგალობლის I ნაწილი). „უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა“ (II ნაწილი). საგალობლის შესრულებისას I ნაწილში არსებული ტექსტი მეორდება სამჯერ, ხოლო მეორე ნაწილის ტექსტი – ორჯერ. ცისკრის მცირე „დიდება“ ხმაზე ან ჟანრზე მითითებას არ შეიცავს. ქართული გალობის ხელნაწერ წყაროებში „მცირე დიდების“ სულ ორი სანოტო ვერსია გვხვდება, ერთი აღმოსავლეთის სკოლისა (აუდიო 1) და მეორე დასავლეთის, კერძოდ გელათის სამგალობლო სკოლის ნიმუში (აუდიო 2).
აუდიო მაგ. 1.
აუდიო მაგ. 2.
საინტერესოა, რომ აღნიშნული საგალობლის ტექსტს, ქრისტეშობის სადღესასწაულო მსახურებისას, სხვა საგალობელთა ტექსტებში არაერთგზის ვხვდებით. მათ შორის, ყველაზე ხშირად შობის სადღესასწაულო დასდებლებში (დასდებელი – საგალობლის სახეობა, რომელიც მრავალსტროფიანი, მრავალმუხლიანი სტრუქტურის მქონე სამგალობლო კომპოზიიციის, დასდებელნის შემადგენელ ერთეულს წარმოადგენს). როგორც ჩანს, ეს ტექსტი ლაიტმოტივად გასდევს ქრისტეშობის სადღესასწაულო მსახურებას.
ცისკრის მსახურების დასასრულს არსებული „დიდება მაღალიანი“ ბევრად უფრო მასშტაბური საგალობელია. ცისკრის მსახურების ბოლოს მღვდელმსახური წარმოსთქვამს შემდეგ სიტყვებს: „დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი“. მღვდლის ამ სიტყვებს გადავყავარათ ქრისტიანობის უძველეს ხანაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ პერიოდს, როცა ძველად ღამისთევის ლოცვა გრძელდებოდა მზის ამოსვლამდე და მღვდელი კი კიდევ ერთი ახალი დღის გათენებისათვის მორწმუნე მრევლის სახელით მადლობას სწირავდა გამჩენ ღმერთს.
„ხილული ნათლის ქვეშ მორწმუნენი გულისხმობენ სარწმუნოებრივ-ღვთაებრივ ნათელსაც, რომელსაც ეზიარნენ იესო ქრისტეს წყალობით. გუნდი გალობს „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა...“, რომელსაც დაასრულებს საგალობლით „წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდაო შეგვიწყალენ ჩვენ“ (3).
ამ საგალობლით მორწმუნე ერი, ანგელოსთა დასი, ზეციური თუ ქვეყნიური ეკლესიები ადიდებენ შემოქმედს. მცირე დიდებით იწყება და დიდი „დიდება მაღალიანით“ სრულდება ცისკრის მსახურება. ეს საგალობლები ერთგვარ თაღს კრავენ და ხაზს უსვამენ ქრისტეს მოვლინების მნიშვნელობას კაცობრიობისთვის.
დასასრულ, გადავინაცვლოთ ყოველი სადღესასწაულო მსახურების, ლხინისა და ჭირის შეუცვლელ ნაწილზე, რომელსაც ქართული სუფრა ან ტრაპეზი ეწოდება.
აუდიო მაგ. 3.
როგორც წინაპართა გადმოცემიდან ვიცით, ქართული სუფრა საღმრთო ლიტურგიის ერთგვარი გამოძახილი იყო, რაც ყველაზე მეტად ვლინდებოდა სადღეგრძელოებისა და მისი თანმხლები სალხინო საგალობლების (რაც დღეს, ფაქტობრივად, დაკარგულია) წარმოთქმის ნაწილში, ასეთი სალხინო საგალობლის მაგალითია „დიდება ღმერთსა“ (აუდიო 3). ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოს თქმის ჩამოყალიბებულ იერარქიას ვხვდებით: პირველ სადღეგრძელოდ ღვთის სადიდებელს ამბობენ, მეორეს – მშვიდობისას (მაგალითად, გურიაში პირველად მშვიდობის სადღეგრძელოს წარმოთქვამენ) და მხოლოდ ამის შემდეგ ამბობენ ოჯახის, ნათესავების, წინაპრების, მიცვალებულთა და სხვა სადღეგრძელოებს. როგორც ჩანს, ეს იერარქია ზედმიწევნით მიჰყვება განხილულ საგალობელში განვითარებულ ხაზს – „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა“.
ღმერთმა მრავალი მშვიდობიანი ქრისტეშობა გაგვითენოს!
დამოწმებანი:
- 1.ახალი აღთქუმაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ლუკა, 2:13-14. თბილისი: საქართველოს საპატრიარქო, გამომცემლობა ალილო
- 2.იქვე, მათე, 2:9-10.
- 3.ეკლესიის საუნჯე. მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მოძღვრების საფუძვლები. შემდგენელი: დავით შონვაძე. 2013. თბილისი. გვ. 456
აუდიო მაგალითები:
აუდიო მაგ. 1. „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“ (აღმოსავლეთის სკოლა). ანსამბლი ბასიანი. 102 ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული საგალობელი. დისკი III. Track 18. 2013
აუდიო მაგ. 2. „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“ (გელათის სკოლა). ანსამბლი ანჩისხატი. საგალობელი ჩაწერილია დისკზე (Track #20), რომელიც დართული აქვს სანოტო კრებულს „ქართული საეკლესიო გალობა“ გელათის სკოლა. მწუხრი-ცისკარი-წირვა. 2001
აუდიო მაგ. 3 დიდება ღმერთსა და სამნაირი მრავალჟამიერი (Track 5). გიგო ერქომაიშვილი 1907. ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები და უნიკალური ფონო ჩანაწერები. 2007
ფოტო გარეკანზე - ატენის სიონი. შობა. XI საუკუნე