დიდი მგალობელი – დავით შოთაძე (დავით ჩხარელი)
ქუთაისში არსებულ უძველეს საერო დანიშნულების ნაგებობათაგან აღსანიშნავია ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი „ოქროს ჩარდახი“, რომელიც იმერეთის მეფეთა სასახლე ყოფილა.
„ოქროს ჩარდახი“ (ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო)
სასახლის ტერიტორიაზე სხვა შენობა-ნაგებობებთან ერთად იდგა სამეფო კარის ეკლესია, სადაც, საარქივო ცნობებზე დაყრდნობით, იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონ II-ის, მმართველობის დროს (1789-1810) გალობდნენ ძველი დროის საუკეთესო მგალობლები.
ერთ-ერთი მგალობელი ყოფილა დავით შოთაძე, ცნობილი, როგორც დავით ჩხარელი. მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ: „დროსა მეფობისასა მსახურებდა მეფის კარის მგალობლად და ჩყბა (1821 – ბ. მ.) წლიდგან განწესებულ არს ქუთაისის სობოროსა შ ~ა მგალობლად“[1].
დავით იესეს ძე შოთაძე დაბადებულა 1768 წელს თერჯოლაში, დაბა ჩხარში. სასულიერო განათლება გელათის მონასტერში მიუღია და აქვე შეუსწავლია გალობაც: „გელათი წინეთ გალობის ბუდე იყო. როგორც ვიცით, ჩვენი სახელოვანი გალობლები, განსვენებული: ანტონ დუმბაძე, სინო კანდელაკი, დავით ჩხარელი (შოთაძე) და სხვა საუკეთესო გალობლები გელათში იყვნენ გაზდილი“.[2]
ზოგიერთ საარქივო ცნობაში ის მოხსენიებულია, როგორც დავით დეკანოზიშვილი. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მამამისის, იესეს, დეკანოზობა ყოფილა.
იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ (1810) მანამდე არსებული ოთხი (ქუთაისის, გელათის, ხონისა და ნიკორწმინდის) ეპარქიის ნაცვლად ერთი ახალი – იმერეთის ეპარქია შეიქმნა და აქაც, რუსეთის მსგავსად, მგალობლებისთვის საეკლესიო შტატები დაწესდა: „ქუთაისის საკათედრო ტაძარში 5 შტატი, გელათის მონასტერში – 1 (შემდგომ ესეც გააუქმეს). 1810-1812 წლების შავი ჭირითა და სტიქიური უბედურობებით ისედაც შემცირებული მგალობლები ხსენებული შტატების დაწესებამ კიდევ უფრო უარეს დღეში ჩააგდო“.[3]
დავით შოთაძესთან ერთად კარის ეკლესიასა და საკათედრო ტაძარშიც მგალობლებად იყვნენ იმერეთში გალობით განთქმული გვარის – კანდელაკის საუკეთესო წარმომადგენლები: ოქროპირ და სიმონ კანდელაკები.
სიმონ კანდელაკის გალობის ცოდნაზე იტყოდნენ: „ის არის უკეთესი მგალობელი იმერეთში, გურიაში და სამეგრელოში... თვითონ კი პატივცემული მოხუცი პირმოუთვნელად ამბობს: „დავით ჩხარელს“ (გვარად შოთაძე იყო, მშვენიერი მგალობელი დაბა ჩხარიდგან) ოცი იმისთანა ჭრელი ჩაჰყვა საფლავშიო, რომ ზევით აღრავის დაგვრჩენიაო“.[4]
ეგზარქოსი მოსე ბოგდანოვ-პლატონოვი (1832-1834) (სურათი ვიკიპედიიდან)
1833 წელს მოხდა უპრეცედენტო ამბავი, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არავის ახსოვს. საქართველოს ეკლესიის იმჟამინდელი ეგზარქოსი მოსე ბოგდანოვ-პლატონოვი (1832-1834), თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, სრულებითაც არ აღმოჩნდა გულგრილი ქართული საეკლესიო გალობისადმი. იგი წერილს სწერს იმერეთის ეპარქიის მმართველს, მთავარეპისკოპოს სოფრონს და სთხოვს, თბილისში გაუგზავნოს ეპარქიის საუკეთესო მგალობლები ძველი იმერული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე ჩასაწერად:
„შეხვედრისა საჭიროებისა გამო, უმორჩილესად გთხოვ, თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, გამომიგზავნოთ მე შემდგომ წმინდისა პასექისა თქვენის მგალობელთაგანი სამი კაცი მგალობელი, მცოდნენი კარგად იმერულისა საეკლესიო გალობისა, რომელნიცა მოვლენ რა თბილისს ხუთს ანუ ექვს დღეს, შემდგომ გამოიგზავნებიან კვალად თქვენდამი“.[5]
იმერეთის ეპარქიის მმართველმა, მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა თბილისში გასაგზავნად შეარჩია სამის ნაცვლად ოთხი მგალობელი – ოქროპირ კანდელაკი, სვიმონ კანდელაკი, მღვდელი სვიმონი და დავით შოთაძე. რამდენიმე დღის შემდეგ დიდად კმაყოფილი ეგზარქოსი მოსე მგალობლებს სამადლობელი წერილით უკან აგზავნის.
დავით შოთაძე ცნობილი იყო არა მარტო როგორც მგალობელ-შემსრულებელი, არამედ მრავალი გამოჩენილი მგალობლის აღმზრდელი და მასწავლებელი, მათ შორის: ოქროპირ იესეს ძე კანდელაკისა, ივანე გიორგის ძე კანდელაკისა და თავისი ვაჟის, შემდგომ გამოჩენილი მგალობლის, გიორგი, იგივე გოგინა შოთაძისა, რომელიც მამის მსგავსად ქუთაისის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო. გოგინას ოსტატობას მოწმობს აკაკი წერეთლის სიყმაწვილის დროინდელი მოგონებებიდან ერთი ეპიზოდი, რომელშიც აღწერილია გურული და იმერული გალობის გამოცდილი და ცნობილი მგალობლების ორ გუნდად გალობა:
„ზარების დახშირებულმა რეკამ სადგურიდან გამოიწვია მღვდელმთავარი და ისიც გამობრძანდა. აიაზმითა და საკმელ-საცეცხლურით მიეგება კრებული, ორის მხრით მგალობლები წამოუძღვენ ეკლესიისაკენ. ერთს გუნდს იმერლები შეადგენდნენ: ოქროპირ კანდელაკი, გოგინა შოთაძე და სინო კანდელაკი, მეორეს – სტუმარი გურულები: დათა გუგუნავა, ყარამან თავდგირიძე და ანტონ დუმბაძე. კანდელაკური სადა გალობა იყო და გურული კი – კრიმანჭული. ხალხი გაიტაცა მათმა გალობამ, მაგრამ ორ მხარედ კი გაიყო: ერთს გურულები უფრო მოწონდა და მეორეს კი – იმერლები. ახალგაზდები უფრო გურულებისკენ იყვნენ. „არა! – ამბობდნენ მოხუცებულები, – სად კანდელაკური და სად გურული კრიმანჭული? მართალია, ესენი დაბერდნენ, ხმა დაუპატარავდათ და ისინი კი ახალგაზდები, ხმაძლიერი არიან და კილოზედაც ამბობენ, მაგრამ... მაგრამ მაინც სულ სხვა არის!“[6]
მდიდარი ოცდათოთხმეტწლიანი სამგალობლო ღვაწლის შემდეგ, 1845 წლის 4 ივლისს, დავით შოთაძე საკათედრო ტაძრიდან გაათავისუფლეს: „ჩყმა წელსა 4 ივლისს. შემთხვევისა გამო, მოხუცებულობისა და ვერღა შემძლებელობისა მსახურებად ქუთაისის სობოროს მგალობლის დავით შოთაძისა, მე განვათავისუფლე ისი თვისის თანამდებობისაგან მოსპობითა ჯამაგირისათა პირველისა მაისიდამ ამა წლისა, რომელსა მაგიერად განვაწესე მგალობლად ბესარიონ ოქროპირის ძე კანდელაკი“.[7]
სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია და ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ, ზუსტად რომელ წელს გარდაიცვალა და სად არის დაკრძალული ღვაწლმოსილი მგალობელი.
არქივებმა შემოგვინახა ისტორია კიდევ არაერთი ღვაწლმოსილი, თუმცა ნაკლებად ცნობილი მგალობლისა, რომელთა ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა ძალზე მნიშვნელოვანია. მომდევნო ნომრებში კვლავაც შემოგთავაზებთ მასალას, რომლის დიდი ნაწილი პირველად გამოქვეყნდება.
[1] თბილისის სახელმწიფო არქივი, ფონდი 489, საქმე 6304 (1838).
[2] ხუნდაძე, რაჟდენ. „ქართული გალობა“ („რა მდგომარეობაში იყო ქართული გალობა წინეთ და რა მდგომარეობაშია დღეს“). „შინაური საქმეები“. 1910, #18, გვ. 10.
[3] კეზევაძე, მერაბ (2006). დოკუმენტები იმერეთში საეკლესიო გალობის ისტორიისათვის. ქუთაისი: საგამომცემლო ცენტრი. 2006, გვ. 8-9.
[4] ივერიელი, ლ. „ქართულს გალობაზე“. „ივერია“. 1878, #38, გვ. 8.
[5] კეზევაძე, მერაბ. დასახელებული ნაშრომი, გვ. 10.
[6] წერეთელი, აკაკი. „მოგონება (ფეხთა ბანა)“. „კვალი“. 1894, 3 ივლისი, #28, გვ. 4.
[7] ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი 21, საქმე 3327.