„ჩაკრულოს“ ერთი ქართლური ვარიანტის ამბავი
ამ წერილში მოგითხრობთ საინტერესო ისტორიას იმის შესახებ, თუ სად, როდის და როგორ ჩაიწერა სიმღერა „ჩაკრულოს“ ერთ-ერთი ქართლური ვარიანტი. „ერთ-ერთი ქართლური ვარიანტი“ შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან არსებობს სიმღერა „ჩაკრულოს“ არაერთი ქართლკახური ვარიანტი.
ქართული მუსიკალური ფოლკლორის შეგროვება მე-19 საუკუნის დამლევს დაიწყეს გამოჩენილმა მუსიკოსებმა დიმიტრი არაყიშვილმა, ილია კარგარეთელმა, ზაქარია ფალიაშვილმა, ზაქარია ჩხიკვაძემ და სხვებმა.
განსაკუთრებით მდიდარი მასალა ჩაიწერა და შემოგვინახა ქართლის სოფელ საქაშეთში დაბადებულმა და აღზრდილმა კომპოზიტორმა, ლოტბარმა და ხალხური შემოქმედების შემკრებმა გიორგი სვანიძემ. მან თითქმის 35 წელი მიუძღვნა ხალხური შემოქმედების ნიმუშებისა და ზეპირსიტყვიერი მასალის შეგროვებას. ამ მიზნით ფეხით დადიოდა ქართლ-კახეთის სოფლებში, ხვდებოდა იქაურ გლეხებსა და აზნაურებს და იწერდა მათგან ძველ სიმღერებსა და თქმულებებს.
გიორგი სვანიძემ ეს საქმიანობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყანაში მძიმე დრო იდგა. ის 1916 წელს ქართლის შუაგულში — გორში — დასახლდა და სწორედ აქედან შეუდგა ხალხური მარგალიტების მოძიებასა და შეკრებას.
1938 წლიდან სვანიძე ხელმძღვანელობდა გორის ეთნოგრაფიულ გუნდს. სწორედ ამ წლის ზაფხულს უკავშირდება სიმღერა „ჩაკრულოს“ წარმოშობის ისტორიისა და თვით სიმღერის ჩაწერის ამბავი.

გორის ეთნოგრაფიული გუნდი. ხელმძღვანელი — გიორგი სვანიძე. 1938 წელი
ტიღა ტლაშაძის მონათხრობი
ზაფხულის ერთ დილას გიორგი სვანიძეს სახლში ეწვია ქართლში სახელგანთქმული, 100 წელს მიტანებული მომღერალი ტიღა (ვანო) ტლაშაძე.[1] მისგან გიორგის დაახლოებით 25 წლის წინ ჰქონია ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა, თუმცა, როგორც ჩანს, ტიღას კიდევ ბევრი ჰქონდა მოსაყოლი. მოხუცმა იცნო გიორგი და ჰკითხა:
,,რატომ დამიბარეთ, ბატონო? იქნებ რომელიმე სიმღერა გამოგრჩათ და არ ჩაგიწერიათ? აბა, მითხარით.“
გიორგი სვანიძემ მას „ჩაკრულო“ დაუსახელა, რადგან მას აქამდე „ჩაკრულოს“ მხოლოდ ტექსტი ჰქონდა ჩაწერილი რამდენიმე ვარიანტად.[2]
ტიღამ კი მიუგო:
,,ეგა, შვილო, ისეთი ძნელი მოსანახია, როგორც რომ ძირ-ტკბილა.[3] ეგ სიმღერა ხუთი თითივით ვიცით ქართლში მე, გიორგი ტატიშვილმა და კახელმა მესტიაშვილმა. ნასწავლი მაქვს პაპისაგან, ვიცი მისი ისტორიაც. პაპაჩემი დიდი მოყვარული იყო სიმღერებისა, „ჩაკრულოზე“ იტყოდა ხოლმე:
„ჩაკრულო ტანით მაღალო, ბევრად სჯობიხარ სხვასაო
ვისაც ზეცის ხმა არ შესწევს, ტყვილად შეირცხვენს თავსაო“[4]
შემდეგ ტიღა ტლაშაძემ უამბო გიორგი სვანიძეს ძველი თქმულება, რომელსაც ხალხში „ჩაკრულოს“ წარმოშობას უკავშირებდნენ.
მისი თქმით, ძველად, ვერაგი და დაუნდობელი მუხრანბატონი გლეხებს სასტიკად ავიწროებდა. ამის გამო ბევრი გლეხი ცდილობდა მისგან თავის დაღწევას.
ერთი მოუდრეკელი გლეხი „ცერცვა“ ბატონს სულ დალურჯებული ჰყავდა, სხვა გლეხები მას ლექსით მიმართავდნენ ხოლმე:
„ძმაო ცერცვა, ნუ ჯიუტობ, რაზე აკლავ ამ მხეცს თავსა,
გირჩევ, ეხლავ თავს ვუშველოთ, ვიდრე გაგვაძრობდეს ტყავსა.“[5]
თქმულებაში შემონახულია ბატონის რამდენიმე მოურავის — ქისტოს, კუზანასა და ფილიპეს — სახეებიც. განსაკუთრებით გამოირჩევა ფილიპე მოურავის ამბავი: ერთ ღამეს იგი ბატონისგან შევიწროებულ ხუთშვილიან ქვრივს გაქცევაში დახმარებია. ბატონივით ავი მოურავი კუზანა შესწრებია ამ ამბავს და ფილიპე დაუსმენია ბატონთან, რომელსაც ფილიპე სასტიკად გაუმათრახებია. ბატონს თურმე არც ქისტო ჩამორჩებოდა უჟმურობაში:
„ქისტო ცალფეხით კოჭლია, ნამუსს ხელ-აღებულია,
ვინც იმას კარგად გაიცნობს, ვერ გაიგებს, რა რჯულია…
კუზანა კუზიანია, თუმცა არა აქვს კუზია,
მის თვალში მთისა არწივი მხოლოდ ქინქილა ბუზია…
ფილიპე არის წვრილშვილი, გულით ხალასი ოქროა”[6].
გამწარებულ გლეხებს კუზანა მოურავი, რომელმაც ბატონთან დაასმინა გლეხების ჭირ-ვარამის გამზიარებელი კეთილშობილი მოურავი ფილო, მოუკლავთ:
„კუზიანს რა გაასწორებს, თუ არ სამარეს მიწაო,
კუზანა მყრალი და ბილწი, მკვდარიც კი წააბილწაო“[7].
კიდევ ერთი, ნუგუზალა მოურავიც ჰყოლია ბატონს, რომელსაც გამორჩეულად და ვრცლად ახასიათებენ ხალხური მთქმელები:
„ნუგუზალა მდევს წააგავს, გულით ხომ კეთილიაო…
… მისი ნამღერი ჩაკრულო ენატრებოდა ბევრსაო,
სადაც ის ჩაერეოდა, შეარიგებდა მტრებსაო.
ბატონი ჭირივით სძულდა, ანუგეშებდა გლეხსაო…“[8]
ტიღას გადმოცემით, ამ ლექსს ფანდურზე მღეროდნენ. მას ,,ჩაკოჭილს“ ეძახდნენ თურმე, რადგან ხმების „ჩაკოჭვას“ (ანუ ხმების მტკიცედ შეწყობას) მოითხოვს.[9]
ტიღას თქმით, ეს სიმღერა პაპისაგან შეუსწავლია, შემდეგ კი თავისი ამფსონებისთვის (მეგობრებისთვის) — გიორგი ტატიშვილისა და მესტიაშვილისთვის უსწავლებია. ასე რომ, სულ სამ კაცს სცოდნია. თავიდან ისინი ფანდურზე დაამღერებდნენ ვრცელი ტექსტით, ხოლო შემდეგ გასამხმიანდა. თავად ვანო ტლაშაძე ამბობს, რომ ეს სიმღერა ფანდურზე იმღერებოდა, ხოლო შემდეგ გამრავალხმიანდა.[10]

გორის ეთნოგრაფიული გუნდი 7 ნოემბრის ზეიმზე. ხელმძღვანელი — გიორგი სვანიძე. 1938 წელი.
მოგვიანებით მესტიაშვილს ეს სიმღერა კახეთში კარგი ხმის პატრონებისთვის უსწავლებია. რამდენადაც ქართლში ივიწყებდნენ ამ სიმღერას, იმდენად კახეთში ავრცელებდნენ.
„შევატყვე, მოხუცი ძალზე დაიღალა და მეტი აღარ შემიწუხებია“ — ამბობს გიორგი სვანიძე. მეორე დღეს დიდი მადლობით გაუცილებია მოხუცი სადგურამდის.[11]
ტიღა ტლაშაძე იმ ტლაშაძეთა გვარის წარმომადგენელია, რომლებიც მეფე ვახტანგ მეექვსემ სოფელ ატენის დანახვისის ეკლესიის მსახურებად და მცველებად ჩამოასახლა და მიწებიც უბოძა. ტიღას წინაპარად ითვლება ცნობილი ქართველი პოეტი, ისტორიული პოემის „კათალიკოზ-ბაქარიანის“ ავტორი, მეფის კარის მოძღვარი და სრული მგალობელი, იესე ტლაშაძე.
„ჩაკრულოს“ ეტიმოლოგიისათვის:
საინტერესოა სიმღერის სახელწოდებაც — რას ნიშნავს სიტყვა „ჩაკრულო“? რატომ დაერქვა ამ სიმღერას სწორედ ეს სახელი?
გორელი ტლაშაძეების საგვარეულო ძველთაგანვე გამოირჩეოდა ეკლესიის მსახურებით, მგალობლობითა და მუსიკალური ნიჭით.[12] სწორედ ამგვარ ხალხურ მონათხრობებს ეფუძნება „ჩაკრულოს“ ეტიმოლოგიასთან დაკავშირებული ცნობები, რომლებიც გიორგი სვანიძეს კიდევ ერთი უხუცესი მომღერლისაგან, ისაკა ძიმისტარელისგან ჩაუწერია.
ტიღას თქმით, „ჩაკრულოს“ ჩაკოჭვას ეძახდნენ. ისაკაც ამ სიტყვას „ჩაკრულთან“ ანუ მჭიდროდ შეკრულთან აკავშირებს და სიმღერის შესრულებას ურემზე ტვირთის დამაგრებას ადარებს: „როცა ურემზე ჩალას, თივას ან სხვა საპალნეს დავუდებდით, მამა გადმომძახებდა: კარგად ჩააკარი, შვილო, თოკითა, თორემ დადებული გიმტყუნებს და ხალხი დაგვცინებსო… როგორც „ჩაკრულოს“ უნდა ძლიერი და მჭექარე ხმა, ისე ურემზე დადებულს გათანგვა არ მოსჭარბდებაო”.[13] სვანიძის აზრით, „ჩაკრულო“ ნიშნავს ძლიერ, რიხიან და მტკიცე სიმღერას, რომლის შესრულებაც ძლიერ ხმასა და ოსტატობას მოითხოვს.[14]

გიორგი სვანიძის ჩაწერილი „ჩაკრულო“ შემსრულებელი — ივანე (ტიღა) ტლაშაძე. 1938 წელი
ილუსტრაცია: სიმღერა „ჩაკრულოს“ ერთ-ერთი ვარიანტის ტექსტი, რომელიც გორის ეთნოგრაფიულმა ანსამბლმა „რიხმა“ შეისწავლა და გააცოცხლა:
„მუხრან ბატონის ყმა ვიყავ, დავძრწოდი კარ და კარაო,
ხან ტყეში, ხან კი მინდორში ვტრიალებდი ვით ჯარაო.
თუ ნერწყვი გამიშრებოდა, სხვამ რომ არ შემიბრალაო,
ფამფარა უნდა მეღეჭა, მეტი რა მქონდა ჩარაო.
ხან ჩაკრულოსა ვწურავდი ჩემი ხმის ანაბარაო,
ხან გამჩენს ვეხვეწებოდი, ამდენი ტანჯვა კმარაო.
ბატონის ხელში ერთგული ცასა ჰგავს შემოღრუბლულსა,
პირზედა კლიტე დადებულს, ჯურღმულში ხელებშეკრულსა,
მუხრან ბატონის ხელშია რომელ გლეხს გაუხარია,
მისგან ნაბოძი თაფლიც კი ძირმწარეზედა მწარეა.“[15]
სიმღერა „ჩაკრულო“ ქართული მრავალხმიანობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნიმუშად ითვლება. იგი არა მხოლოდ მუსიკალური ოსტატობის მაღალ დონეს მოითხოვს, არამედ ხალხური მეხსიერების მნიშვნელოვან ნაწილსაც ინახავს.
ხალხში კი, როგორც გიორგი სვანიძე აღნიშნავს, ამბობდნენ:
„ჩაკრულო ყველგან გაამებს —
ტყის გზაზე თუ ქორწილშია;
ყველგან ხიფათს გადარჩები,
ხმა გაიწრთოს ჭიდილშია.“[16]
[1] უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი. ფონდი №50 (გამომცემლობა „ხელოვნება“), ანაწერი 2, საქმე №436. სვანიძე, გ. ქართული ხალხური სიმღერები და მათთან დაკავშირებული თქმულებები. ნაწ. II, გვ. 138.
[2] სვანიძე, გიორგი. 2021. ქართული ხალხური სიმღერები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საარქივო მასალები. თბილისი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. გვ.51.
[3] ძირტკბილა — სამკურნალო მცენარე, რომლის ფესვი ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა.
[4] უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (უიცა). ფონდი №50, ანაწერი 2, საქმე №436, გვ. 140
[5] იქვე, გვ. 142.
[6] იქვე, გვ. 144.
[7] იქვე, 143.
[8] იქვე, 149.
[9] უიცა, ფ-50, ანაწ. 2. საქმე N436, გვ. 150
[10] უიცა, ფ-50, ანაწ. 2. საქმე N438, გვ. 152
[11] უიცა, ფ-50, ანაწ. 2. საქმე N436, გვ. 151
[12] მათი შთამომავალი თეკლა ნაფიშვილი გორის სალოტბარო სკოლის მომღერალი და მგალობელია.
[13] სვანიძე 2021, გვ. 51-54.
[14] იქვე.
[15] უიცა, ფ - 50 ანაწ. 2, საქმე N438, გვ. 152.
[16] სვანიძე 2021, გვ. 54