„ცეკვა-ლაშქრობიდან“ „მკურნალ ბუნებამდე“

სავარჯიშოს დაბადება

რამდენიმე მოგზაურობის შემდეგ, რომელთაც ესპანეთში ხელოვან მეგობრებსა და ვირებთან სამი თვით ხეტიალი მოჰყვა, ცხოვრებამ მომთაბარეობის შეწყვეტა მაიძულა. ამ გადაწყვეტილების კომპენსირების მიზნით, ჩემს სახლთან ახლოს, საფრანგეთის სამხრეთში მდებარე მთებისკენ ავიღე გეზი. ამასობაში ნელ-ნელა ჩემს ბოლოდროინდელ პირად აღმოჩენებს მთებში ხეტიალისთვის სასიკეთო გამოყენებაც მოვუძებნე. ცეკვით უკვე ძალიან ვიყავი დაინტერესებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექნოში გამოჩნდა ჯგუფური ტრანსის სხვადასხვა სავარჯიშო თავისი ალტერნატიული გამოხატულებებით: რეივებით, ქლაბინგით, აფთერფართით და კლანდესტინფართით.[1] თუმცა წლების შემდეგ გადავაწყდი ჯულიენ ჰამილტონის სწავლებას „წამიერი კომპოზიცია“, რომელსაც მოჰყვა „კონტაქტური იმპროვიზაცია“, ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ისეთ მოცეკვავეებთან, როგორებიც არიან ივონა რაინერი და ლიზა ნელსონი. მოგვიანებით ეს სავარჯიშოები საკუთარ თავზე გამოვცადე და დავიწყე მათი შერწყმა ჩემს ხეტიალთან. მას შემდეგ, ამ ყველაფრის კეთების სიამოვნებით აღვსილმა, დავიწყე მეგობრების, შემსრულებლების, მოცეკვავეების მოწვევა. მათ ვთავაზობდი საფეხმავლო მარშრუტის მონაცემებს ან უფრო სტატიკურ, სომატურ აქტივობებს, რომლებშიც იმ სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი გარემოთი იყვნენ გარშემორტყმული, რომელთა შესახებაც საფუძვლიანი ცოდნა მქონდა და, შესაბამისად, შემეძლო, აღმეწერა მათი გეოლოგიური ფორმირება თუ ათასწლეულთა ისტორია, ასევე მომეთხრო ზოგიერთი ლეგენდა. როცა ჩემი შეთავაზებები მცირე ხნით დარჩენის შესახებ გახანგრძლივდა, ცეკვა-იმპროვიზაცია, უპირველესად, გარემოსთან ურთიერთობის ვექტორად იქცა. ის სავსე იყო სიზუსტის, აღმოჩენის, სიხარულისა და ზრუნვის პოტენციალით, რომლის ნაყოფსაც ყველა ვიზიარებდით. ასევე გავიგე, რომ სხვა ხელოვანებსაც გამოუმუშავებიათ მსგავსი მიდგომები. ყველაზე ახალი მიდგომები სამი ქორეოგრაფისგან ან ქორეოგრაფიული ჯგუფისგან მომდინარეობს. პირველი, ეს იყო ანა ჰალპრინი, ცნობილი ქორეოგრაფი კალიფორნიიდან. ა. ჰალპრინის სავარჯიშოს შესახებ მისი სტუდენტებისა და კოლეგების დახმარებით გავიგე. ასევე იყო  ქრისტინ ქუორაუდი, რომელმაც მინ ტანაკას მიერ შემუშავებული „სხეულის ამინდი“ (Body Weather) შეისწავლა და შემდეგ პირველი „ცეკვა-ლაშქრობების“ შექმნით თავისებურად გააგრძელა ეს საქმე. დაბოლოს, ჯგუფი „ტურისტ ეჯენსი“ რომელსაც ვირჯინია თომასი და მათიას პოისონი ხელმძღვანელობენ. ამ ჯგუფთან ერთად მას შემდეგ ვმუშაობდი, რაც თავად დავიწყე „ცეკვა-ლაშქრობა“ (TREK DANSE).

 

„ცეკვა-ლაშქრობა“ (TreK Danse) éco-somatic. ფოტო: რობინ დეკურსი

„ცეკვა-ლაშქრობა“

„ცეკვა-ლაშქრობა“ ხალისიანი და ინკლუზიური მსვლელობაა, რომელიც ახალ-ახალ რიტუალებს ქმნის ყოველ ჯერზე, როცა გიდებს ჩემ მიერ წარმოსახული მარშრუტებით დაჰყავთ მონაწილეები. ეს თანამოაზრე ადამიანები შეიძლება იყვნენ ქორეოგრაფები, მუსიკოსები, მსახიობები, ნატურალისტები, ცხოველთა მომშენებლები. ეს სავარჯიშო პოსტმოდერნული ცეკვითა და ტრანსისა თუ მომთაბარეობის ისტორიითაა შთაგონებული. მულტისენსორული გამოცდილებები კი წარმოდგენილია თამაშების, შეჯიბრებებისა და ინიციაციების სახით. კონკრეტული ლანდშაფტის ტიპის გათვალისწინებით, გამოიყენება სხვადასხვანაირი პროპრიოცეპტული (სხეულის შინაგანი აღქმის უნართან დაკავშირებული მოძრაობისა და წონასწორობის შეგრძნებები) ტექნიკები, მათ შორის, ემპათიური მსვლელობები, ბუტბუტი თუ ოკულტური ძიებები. ტურის განმავლობაში, შესვენებებისას, მონაწილეებს საშუალება აქვთ, უფრო ღრმად აღიქვან მიმართებები თუ კომპოზიციები იმ ეკოსისტემასთან, რომელშიც თავად იმყოფებიან. საზოგადოდ, „ცეკვა-ლაშქრობა“ მიზნად ისახავს, პოეტური ქმედება ემოციურ და სოციალურ სხეულად აქციოს, შესაბამისად, მას ახასიათებს მომნუსხველი პერფორმანსები, რომლებშიც მონაწილეები აღმოჩნდებიან მოჯადოებულ სამყაროში, სადაც რეალობა და გამოგონილი უცნაურადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული. გარემო მზრუნველი და მოკრძალებულია, გახსნილია ისეთი საკითხებისადმი, როგორებიცაა გენდერი, ჩვენი ცხოველური საწყისი, ჩვენი იმპულსები, ჩვენი სხეულისა და ცნობიერების სხვადასხვაგვარი მდგომარეობა.

„ცეკვა-ლაშქრობა“ რომ შევქმენი, ათ წელზე მეტი ვსწავლობდი მას. თუმცა თავდაპირველი განზრახვა არ ყოფილა, ის ტექნიკად ან პერფორმანსად მექცია. მხოლოდ ახლა ვუთმობ დროს მისი წარმომავლობისა და მასთან დაკავშირებული დეტალების სრულყოფილად გაგებას. წიგნებისა თუ დისერტაციების შესახებ ინტერვიუების გაცნობის შემდეგ, რომლებიც ცეკვისა და ეკოლოგიის ურთიერთმიმართებას შეეხებოდა,[2] გავიაზრე, რამდენად ვიყავი დავალებული სხვადასხვა ხელოვანის, ფილოსოფოსისა და თერაპიული პრაქტიკის მიმდინარეობისგან. ამის გაცნობიერებას ლოგიკურად მივყავარ ცვლილებისა და თანაკვეთის ახალ წერტილამდე ჩემს კვლევაში. „ცეკვა-ლაშქრობა“ პასუხს სცემდა სტიქიური მოვლენების დროს არსებულ უმოქმედო მდგომარეობას. მაყურებელი პირდაპირ ბიოტოპში, ანუ ჩვენ გარშემო არსებულ ჰაბიტატში, გადავიყვანე და შევთავაზე, ძლიერ შესაგრძნობი სავარჯიშოებით გამოეცადა, როგორია მცირეხნიანი მიგრაციის პირობები. ამ ფორმით ისინი უამრავ ონტოლოგიურ შრეს გამოიხმობენ: ჩვენს, როგორც მონადირე-შემგროვებელთა წარმომავლობას (საკვებთან დაკავშირებული თვითკმარობა და მუდმივი ეკოლოგიური შემგუებლობა), მომთაბარე ტომების ისტორიებს, რომლებიც იმავე მიზეზებით იდევნებოდნენ, დაბოლოს თანამედროვე თუ მომავალ მიგრაციულ ეკოტრაგედიებს. „ცეკვა-ლაშქრობა“ არის ცეკვის ხელოვნების ე.წ. „აუტსაიდერული“ მიმართულება, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია მომთაბარეთა წეს-ჩვეულებებთან და მათი ცხოვრების თავისებურ ანარეკლს წარმოადგენს.

ამ ყველაფერმა თანამოაზრეებში ძლიერი გამოძახილი პოვა – სხეულის მოვარჯიშეები და პროფესიონალი მოცეკვავეები თავიანთი გამომსახველობის ჩვეულ საზღვრებს გასცდნენ. მათ კი სხვადასხვა ყაიდის უამრავი მიმდევარი შეუერთდა. სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფისა თუ ინსტიტუციის მიერ (ასოციაციების, ეროვნული დაწესებულებების, ქორეოგრაფიული თუ სახელოვნებო ცენტრები) წახალისებული და მოტივირებული „ცეკვა-ლაშქრობა“, თავისი ფორმალური განვითარების თვალსაზრისით, მაინც კონფიდენციალური დარჩა. მხოლოდ განდობილებმა და თავად მოცეკვავეებმა იცოდნენ მის შესახებ. ამის მიზეზი გახდა მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობა (20-იდან 100 ადამიანამდე), ხანგრძლივობა (ერთი ან ორი დღე). თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის თავდადება აღმოჩნდა, რასაც „ცეკვა-ლაშქრობა“ მოითხოვს: ოთხ კედელს მიღმა გარისკვა, ძალისხმევა სიარულისას, ცეკვის ცოდნა… ერთი სიტყვით, რამდენიმე კრიტერიუმი, ყველას აღარ ჩამოვთვლი. კოვიდპანდემიის შემდეგ ინსტიტუციებმა მიზნად დაისახეს, ჩვეული პროგრამის ფარგლებს გარეთ გასულიყვნენ და დეპოზიტორებთან თანამშრომლობით სოფლებში უფრო დიდი, შინაარსობრივი აქტივობები წამოეწყოთ. წლების განმავლობაში საკმარისი დრო მქონდა, გარემოსა და კულტურულ ფაქტორებთან დაკავშირებულ დეტალებზე მეფიქრა. ამჟამად ჩემი ყურადღება შემდეგი გაჩერებისკენაა მიპყრობილი – პოსტმომთაბარე ბანაკი, ერთგვარი ეკოსაკითხების ადგილი, რომელსაც ახლა ვაშენებ და რომელსაც „მკურნალ ბუნებას“ ვუწოდებ.

 

 „ცეკვა-ლაშქრობა“ (Trek Danse) სემნოზი. ფოტო: რობინ დეკურსი 

მეჯლისები და ბანდიტები

ამასობაში ახალი პროექტების შექმნის ბედნიერებაც მქონდა. „კონტაქტბალი“ არის პროექტი, რომელიც საფუძველს უდებს და პოპულარულს ხდის შეუზღუდავ, ტრანსში გადასულ იმპროვიზაციულ ცეკვას. ღრმა განტვირთვიდან ყველაზე დახვეწილ გარდასახვამდე, სოლოდან კვარტეტამდე, სამეჯლისო ცეკვების დარბაზებიდან რეივამდე „კონტაქტბალი“ ძირეულად ცვლის და გადაახალისებს ტრადიციული მეჯლისის იდეას. არანაირი წინასწარი ცოდნა არ მოითხოვება. მთავარი ყურადღება მიპყრობილია თანხმობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაყურებელი, როგორც ორგანიზმი. ცეკვა, როგორც სამუშაო რეჟიმი. ინტერაქციული თამაშების რამდენიმე წყება, რომლებიც ქმნიან ამ ხალისიან ცერემონიას. მრავალხმიანი ორკესტრი ჯერ მაყურებლისთვის გარემოს ამზადებს, ჯადოსნურ სასმისად რომ აქციოს ის და კარები გაუხსნას წარმოუდგენელ სანახაობას: სომატურ ტრანსს, აკუსტიკურსა და მრავალშრიან დღესასწაულს. თითოეული მოწვეული მუსიკოსი ასევე ავტორ-კომპოზიტორია. ისინი აახლებენ იმ საზოგადოებების მუსიკალურ ჟანრებს, რომელთაგანაც თავად მიიღეს საზრდო. ეს იქნება ფოლკი, ფულანი, ტანგო, მანდინგო, ტექნო, ქანთრი თუ ტარანტელა. ისინი იღებენ გამოწვევას, წარმოადგინონ თავიანთი ნაწარმოებები, შემდეგ კი ერთად ჩაერთონ იმპროვიზაციაში ელემენტარული, ფილოგენეზური და კოსმოგონიური შთაგონების უნივერსალური ნიშნების მიხედვით. ამ მუსიკოსების ნაწილი დიდმა რეჟისორმა ვინსენტ მუნმა გამაცნო. მან გადაიღო მუსიკალური დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციკლი მსოფლიოში, რომელიც ხელმისაწვდომია შემოქმედებითი ადამიანებისთვის ინტერნეტში. შთამაგონებელი ფოლკ და როკხელოვანებისაგან, „არკეიდ ფაიასგან“ (Arcade Fire),  „ერიემისგან“ (R.E.M), „ბეირუთისა“ (Beirut) თუ „ლასა დე სელასგან“ (Lhasa de Sela) მიღებული რჩევების გათვალისწინებით, იგი გარეთ გავიდა, რათა ქუჩებში, პარკებსა და ტყეებში დაეკრა. ასე იპოვა საკუთარი გზა ახალი თემებისკენ, რომლებიც უფრო მეტ რამეს ხსნიდნენ და ნაკლებად დასავლური ორიენტაცია ჰქონდათ. ეს მოიცავდა ყველა ტიპის მუსიკის შექმნას, მათ შორის, ექსპერიმენტულის, ტრადიციულის, რელიგიურის, რიტუალურისა და შამანურის, ასევე შედარებით ახალ ინტერესს ცეკვის, განსაკუთრებით – ახალი კოლექტიური, რიტუალური ცეკვების მიმართ. მას შემდეგ ვინსენტი და მე ერთად ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, „ბანდიტს“ (BANDITS) – იმპროვიზაციის მარათონი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვსტუმრობ საქართველოს მასთან ერთად. ჩვენ უნდა გადავიღოთ ფილმი სვანეთში ლიფანალის ტრადიციული ფესტივალის შესახებ, რომელიც ეძღვნება საკუთარი იდენტობის დაკარგვისა და ხელახლა შობის ფაზაში მყოფ გარდაცვლილთა სულებს.

„ბანდიტები“ (BANDITS). ფოტო: ვინსენტ მუნი 

პროექტმა „ბანდიტსმა“ ახალი ფილმის გადასაღებად რეჟისორ ბოჯინა პანაიოტოვასთან ერთად შეგვკრიბა. პროექტის ფარგლებში იმპროვიზაციის მარათონი ხელმეორედ გაიმართება. რამდენიმე დღის განმავლობაში შემსრულებლები და მოცეკვავეები მონიშნულ ტერიტორიაზე იხეტიალებენ: უბნებში, პარკებში, სოციალურ-პროფესიულ სივრცეებში, სოფლებში, ლანდშაფტებზე და ა.შ. ათლეტური და არტისტული წარმოდგენები იწყება წვეულებითა და მუსიკით, საერთო იდეის რწმენით. მაყურებელს შეუძლია გაჰყვეს და ურთიერთობა ჰქონდეს ათლეტებთან, რომლებსაც დანომრილი მაისურები აცვიათ. მაყურებელს ასევე შეუძლია დაესწროს მათ ყოველდღიურ შეხვედრებს კომპოზიციის უშუალო მიმდინარეობისას. ეს ასობით საათი სრულდება მათი ჩვენთან დაბრუნებით. სოციალური სივრცის პოეტური და მგრძნობიარე პორტრეტი – მცხოვრებლების, ადამიანების თუ ცხოველების – ამ პროექტის მიზანია, შევუერთდეთ ჩვენ გარშემო არსებულ რეალობის კარნავალს. ეს პროექტი პერუსა და ეკვადორში დაიბადა არტისტული ვიზიტისა და შუარ შამანებთან შეხვედრისას. ის მიზნად ისახავს, მაყურებელს გამოაცდევინოს ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ახლებური იმპროვიზაციული ტექნიკებითაა წარმოდგენილი, ასევე, ხელახლა აღმოაჩენინოს უძველესი პოეტური და სხეულის გამომსახველობითი სავარჯიშოები. პროექტის უახლესი რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იყო 40 მარათონელისთვის. მას შემდეგ „ბანდიტსი“ ვითარდება და იქცევა უფრო და უფრო გამოკვეთილად სამოქალაქო პროექტად, რომელსაც ყოველდღიურობის წიაღში შემოაქვს ჩვენი ქმედებებისა თუ ჩვევების ბიომრავალფეროვნება, მგრძნობიარე, უსიტყვო, განსხვავებული და საუბარს იწყებს ჩვენს ყველაზე მთავარ მოკავშირეებთან: ზღვრებზე მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან, მოხუცებთან, ბავშვებთან, ცხოველებთან.

Bal Contact. ფოტო: პენელოპ მაღკადე

სამადლობელი სიტყვა

„ცეკვა-ლაშქრობა“ ჩატარდა არაერთ ადგილას. მის განხორციელებაში მხარი დაგვიჭირა ბევრმა პარტნიორმა, მათ შორის: Le Bureau des Guides, L'Agence Touriste, Petites Planètes, FAI-AR, 1001 Spirales, La Folie Kilomètres, Le Bruit du Frigo , Mulhouse Festival, Escales Danse, CDCN Avignon, CDCN Grenoble, CCNC de Caen, Le Carreau du Temple, Théâtre de Grasse, Common Points - Scène Nationale de Cergy, Le 3 BIS F, Théâtre National de Bonlieu- Annecy, Nuit Blanche - Paris City Hall, FRAC PACA, PACA Regional Council, Vaucluse Departmental Council, DRAC PACA…

ავტორის შესახებ

რობინ დეკურსი ფრანგი მწერალი, ქორეოგრაფი, ვიზუალური არტისტი და „ცეკვა-ლაშქრობის“ შემქმნელია. „ვილა არსონსა“ (Villa Arson) და „ბეუს არტსში“ (Beaux Arts) (მექსიკა) სწავლის შემდეგ მის საქმიანობაზე გავლენა იქონია აზიაში, ლათინურ ამერიკასა და, განსაკუთრებით, სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობამ. მისმა შეხვედრებმა თანაშემწისა თუ სტაჟიორის როლში ისეთ სუპერგმირებთან, როგორებიცაა: „პოსტმოდერნ დენსი“ (Post-Modern Dance), „ფლაქსას, საუნდ პოეტრი“ (Fluxus, Sound Poetry) და ასევე „სიეთა ენდ ლითრიჩა“ (theater and literature)[3]  მას იმპროვიზაციისა და ტექნიკის სწრაფი ინტეგრირების საშუალება მისცა. ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი ნამუშევრები, მათ შორის, „ცეკვა-ლაშქრობა“, ხშირად არის წარმოდგენილი ფესტივალებზე, თეატრებში, ხელოვნებისა და ქორეოგრაფიულ ცენტრებში. რობინ დეკურსზე გავლენა მოახდინა ტექნომ, ტრადიციულმა და ექსპერიმენტულმა სცენამ, ასევე ძირძველი ხალხების სწავლებებმა. გარემოსთან დასაკავშირებლად იგი იყენებს სხვადასხვა ალტერნატიული ურთიერთობის ფორმას დიდი, ინკლუზიური პერფორმანსების სახით. აერთიანებს რა ეთოლოგიურ და ვიწროპოლიტიკურ პროცესებს, მისი მიდგომა, რომელიც ე.წ. „ეკოსომატურ” ხელოვნებასთან ასოცირდება, კონფერენციებისა და პუბლიკაციების განხილვის საგანია; რობინ დეკურსი თანამშრომლობს არაერთ შემოქმედთან, ქუჩისა თუ ცირკის არტისტებთან, მოცეკვავეებთან, კომპოზიტორებთან, რეჟისორებთან, მკვლევრებთან, პრაქტიკოსებთან.

 

http://www.documentsdartistes.org/decourcy

https://www.avaleur.net

 

[1] კლაბინგი (clubbing) გულისხმობს ღამის საცეკვაო წვეულებებს ღამის კლუბებში, ფესტივალებსა თუ სხვა ადგილებში, სადაც ძირითადად ელექტრონულ მუსიკას უსმენენ და ცეკვავენ. რეივი (rave) არის თავად საცეკვაო წვეულება. აფთერფართი (after-party) არის წვეულება, რომელიც იმართება სხვა აქტივობის, ძირითადად, წვეულების ან კონცერტის შემდეგ. კლანდესტინფართი (clandestine party) არის არალეგალური, არალიცენზირებული, ფარულად გამართული წვეულება.

[2] იხილეთ, მაგალითად, Marie Bardet, Joanne Clavel, and Isabelle Ginot, Écosomatiques: penser l’écologie depuis le geste (Montepellier: Éditions Deuxième Époque, 2019).

[3] ლისა ნელსონი, ჯულაენ ჰამილტონი, ჯონ გიორნო, ივონა რაინერი, პოლ მაკ-კარტნი, პატრის შერო, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო

ავტორი :

რობინ დეკურსი - ფრანგი მწერალი, ქორეოგრაფი, ვიზუალური არტისტი და „ცეკვა-ლაშქრობის“ (Trek Danse) შემქმნელი