„ბატონების ნანინა“ — წყალობისმიერი ეპოქის კვალი ქართულ სიმღერაში

ხანდახან, სიმღერაზე არანაკლებ საინტერესო ის გარემო და ვითარებაა, რომელშიაც იგი ითქმოდა. ამ თვალსაზრისით, ქართულ ხალხურ ტრადიციაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია სიმღერას, რომელსაც, ძირითადად, „ბატონების“ სახელით მოიხსენიებენ და იცნობენ. სწორედ „ბატონების“ შესახებ მინდა ამ წერილში გიამბოთ. რა არის „ბატონები“ და რა ვიცით ამ უხილავი არსებების შესახებ, რომელთა საამებლადაც უამრავი ლამაზი სიმღერა შეიქმნა?

ჩვენი წარმოდგენით, ძირითადად, ბატონები ბოროტი სულები არიან და ისეთ დაავადებებს იწვევენ, როგორებიცაა: წითელა ბატონები, ყვავილ-ბატონები, ყივანახველა და სხვ. მეტიც, ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, შავი ჭირის წყაროც ბატონებია. ხალხურ წარმოდგენაში ეს ბოროტი სულები ჩაიბუდებენ ადამიანის (ხშირად ბავშვის) სხეულში და აავადებენ მას. მათ საკუთარი წესები აქვთ, რომელთაც კარნახობენ ადამიანებს. ავადმყოფის ოჯახის წევრების მიერ ამ წესების უგულებელყოფა განარისხებს ბატონებს და მათ თან „მიჰყავთ“ ავადმყოფი, ანუ კლავენ. ბატონების „ნანაც“ ამ წესების შემადგენელი ნაწილია და ამ სიმღერას სწორედ ბატონების საამებლად მღერიან.

უცნაურია, რომ ამ „ბოროტი“, „მკვლელი“ სულების საამებლად ასეთი ლამაზი და მშვიდი სიმღერები იმღერება. ისიც უცნაურია, რომ ბატონები არ ითხოვენ მსხვერპლის შეწირვას ავადმყოფის გადარჩენის სანაცვლოდ. ბუნებრივი იქნებოდა, რომ ბოროტ სულებს ავადმყოფის სანაცვლოდ კურატი, ცხვრის, ციკნის ანდა სულაც ქათმის დაკვლა მოეთხოვათ, როგორც ეს ხალხური რიტუალების უმეტესობას ახასიათებს. ბატონებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ: იმ სახლში, სადაც ისინი დაბრძანდებიან, არ უნდა იყოს ჩხუბი და ყვირილი, არავინ უნდა დათვრეს, არ შეიძლება ცხოველის (ფრინველის) დაკვლა…  სახლი ლამაზად უნდა მოირთოს და შეიმკოს. ავადმყოფის ოთახი იებითა და ვარდებით (ბატონების საყვარელი ყვავილები) უნდა იყოს მოფენილი და სტუმარი იქნება თუ მასპინძელი, ავადმყოფისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე და მის კარგ განწყობაზე უნდა ზრუნავდეს. სწორედ ამ მიზნით ითქმოდა/იმღერებოდა ბატონების ნანებიც.

არც ბატონების ტექსტებშია რაიმე ისეთი, რაც მათ ბოროტებაზე მიგვანიშნებდა. პირიქით, „ჩიტიც არ აგვიფრენია“ — ესაა ლექსის განწყობა და ძირითადი მოტივი. ამ ტექსტების მიხედვით ბატონები, შვიდნი და-ძმანი ავადმყოფობის განმკურნებლები ჩანან და არა მისი გამომწვევები. მეტიც, „ბატონების“ ტექსტების უმრავლესობა იწყება მიმართვით — „ბატონებო მწყალობლებო“ და სწორედ ეს სიტყვა — „წყალობა“ — ახასიათებს ყველაზე კარგად ბატონებს.

ილუსტრაცია წიგნიდან „მხიარულ-ბრაზიანი ბატონები“, მხატვარი - ქეთევან
ძიძიგური

რაკი „წყალობა“ ვახსენეთ, სანამ ბატონების შესახებ საუბარს გავაგრძელებთ, აუცილებელია განვიხილოთ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნების — წყალობა და მსხვერპლი — მნიშვნელობა და შინაარსი. უკვე კარგა ხანია ცდილობენ ზღვარისა და დაპირისპირების გაქრობას ამ სიტყვებს შორის. არადა, ბიბლიაშიც კი, რომლისთვისაც მსხვერპლი მთავარი საკითხია, გარკვევით წერია: „არა მნებავს მსხვერპლი, არამედ მხოლოდ წყალობაჲ“. აღთქმული ქვეყანაც, სადაც თაფლის ნაკადულები და  რძის მდინარეები მოედინებიან, სინამდვილეში წყალობის სამყაროა (რძე და თაფლი წყალობის სიმბოლოებია. ცრემლი და სისხლი — მსხვერპლის). სამწუხაროა, რომ ჩვენმა ცივილიზიციამ მოახერხა და წყალობა სისულელედ გამოაცხადა, ხოლო მსხვერპლი — აუცილებლობად და ლამის სათნოებადაც კი.

რა არის წყალობა? წყალობა ისეთი ურთიერთობაა, რომლის დროსაც, ურთიერთობაში მონაწილე ყველა სუბიექტი ბედნიერია. ამის საუკეთესო მაგალითი დედისა და ჩვილის ურთიერთობაა: დედა კვებავს შვილს თავისი რძით და ამ დროს ჩვილი ბედნიერია. ის კი არა, შესაძლოა, დედა უფრო ბედნიერიც კი იყოს. აქ უმთავრესი ისაა, რომ წყალობისმიერი ურთიერთობისას მიმღებიც ბედნიერია და გამცემიც.

სრულიად განსხვავებულია „მსხვერპლისმიერი“ ურთიერთობა. ასეთ დროს ძლიერი იღებს ყველაფერს, რაც სურს. შეუძლია წაართვას, მოპაროს, შეაშინოს, მოკლას, გააუპატიუროს და სრულიადაც არ ანაღვლებს როგორ იტანჯება ამ დროს გამცემი. გასაგებია, რომ სახელმწიფო, რომლის არსებობისათვის ძალადობა აუცილებელია, წყალობას ვერ დაეფუძნება. შესაბამისად, სახელმწიფო რელიგიები თუ იდეოლოგიები აუცილებლად მსხვერპლისმიერი იქნება. დღეს ჩვენ სწორედ მსხვერპლის სამყაროში ვცხოვრობთ. წყალობის სამყარო კი მხოლოდ ზღაპრებში, რიტუალებსა და ლიტერატურულ ქმნილებებში არსებობს.

წყალობის სწორედ ამგვარი მნიშვნელობა და შინაარსი შემოინახა „ბატონების“ რიტუალმაც. მოწმეც ვყოფილვარ და თავადაც განმიცდია ამგვარი წყალობის ძალა. ბავშვობაში ყველა ზაფხულს სოფელში, ბებიასთან ვატარებდი. ჩემთან ერთად იქ ჩემი ძმა და დეიდაშვილებიც იყვნენ ხოლმე. ერთხელ ერთი ჩემი დეიდაშვილი ავად ახდა. წითელა ბატონები შეეყარა. როგორც კი ბებია დარწმუნდა, რომ სახლში ბატონები „დაბრძანდნენ“, ყველა ბავშვი შეგვკრიბა და ახალი წესები გამოგვიცხადა: არ შეძლებოდა ჩხუბი და ყვირილი, არ უნდა მოგვეთხოვა ქათმის ხორცი, რადგან ქათმის დაკვლაც არ შეიძლებოდა. ბავშვები ვიყავით და არ ვსვამდით, მაგრამ მაინც გვითხრა, რომ დათრობაც არ შეიძლებოდა. უნდა მოგვენდომებინა და ავადმყოფი გავემხიარულებინა…

წესებს დავემორჩილეთ და მათ აღსრულებას შევუდექით. ავადმყოფის ოთახი წითელი ნაჭრებით მოირთო; ყოველ დილას შეგვქონდა ლამაზი და სურნელოვანი წითელი ვარდები და იის ფოთლები (რადგან იების ყვავილობა უკვე დამთავრებული იყო). მიზნად დავისახეთ, რომ ბატონებისთვის გვეამებინა....  საოცარი დრო დადგა: ბატონების გამო სახლი „წყალობის სამყაროდ“ გადაიქცა. ყველანი ბედნიერები ვიყავით. როცა ავადმყოფი გამოჯანმრთელდა, ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ თან გული გვწყდებოდა, რომ ბატონების წესების დაცვა აღარ გვევალებოდა. მახსოვს, ისიც კი ვთხოვე ბებიას, რომ  ეს წესები, ავადმყოფის გამოჯანმრთელების მიუხედავად, მაინც დაგვეტოვებინა სახლში...

ახლა რომ ვიხსენებ, საოცრებად მეჩვენება, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო წყალობის სამყაროში ცხოვრების გამოცდილება მიეღო ადამიანს. ამ წესებს მაშინ ბევრ ოჯახში იცავდნენ (შესაძლოა, სადღაც დღესაც ასრულებდნენ).           

ბატონების რიტუალის, მისი თანამდევი წესებისა და ტექსტების ამგვარი გააზრების შემდეგ, ბუნებრივად იბადება კითხვა: და მაინც ვინ არიან ბატონები? და ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გარკვეული ახსნა და პასუხიც ეძებნება ამ კითხვას.

ილუსტრაცია წიგნიდან „მხიარულ-ბრაზიანი ბატონები“, მხატვარი - ქეთევან
ძიძიგური

ვფიქრობ, ოდესღაც საქართველოში ცხოვრობდნენ „კანონგარეშე“ ადამიანები, რომლები თემებად ცხოვრობდნენ მიუვალ ადგილებში. მიუვალ ადგილებში იმისათვის, რომ მიუწვდომელნი ყოფილიყვნენ ამა ქვეყნის ძლიერთათვის. მათი თემები წყალობის პრინციპებს ემყარებოდა. ისინი ავადმყოფობებისაგან განკურნების ცოდნასაც ფლობდნენ, კარგადაც მღეროდნენ და სხვა უნარებითაც იყვნენ დაჯილდოებულნი. თუ ვინმე ავად გახდებოდა, „ბატონების მსახურს“ (რომელიც ყველა სოფელში ცხოვრობდა) მიმართავდნენ დასახმარებლად.

„ბატონების მსახური“ ბატონებისაგან ნდობით აღჭურვილი პირი იყო და მას ბატონებსა და ავადმყოფის ოჯახს შორის შუამავლობა ევალებოდა. ის უხსნიდა ოჯახს, როგორ მოქცეულიყვნენ და რომელი წესები უნდა დაეცვათ, რომ ბატონებს მათ სახლში სტუმრობა შესძლებოდათ და მათ სათანადოდ დახვედროდნენ. თუ ოჯახი შესაფერისი იყო, ისინი თავად მიდიოდნენ ბატონებთან და სთხოვდნენ ავადმყოფის მონახულებას. ბატონები ავადმყოფის განკურნებამდე მის სახლში რჩებოდნენ, სადაც მყარდებოდა წყალობის კანონები, რადგან უამისოდ მათ იქ ყოფნა არ შეეძლოთ. ისინი მკურნალობდნენ ავადმყოფს, უმღეროდნენ, ყველა მსურველს ასწავლიდნენ სიმღერასა და სხვა კეთილ საქმეებს. მათი სოფელში ყოფნა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ დროს სოფლელები ბედნიერების გამოცდილებას იღებდნენ და ბატონების წაბრძანების შემდეგაც ცდილობდნენ ამ წესების დაცვას. ბატონების ძალა და მათი ავტორიტეტი საფრთხეს წარმოადგენდა ხელისუფლებისთვის, რომელთაც განდევნეს და/ან გაანადგურეს ბატონები. მათ ნაცვლად ხალხმა გააგრძელა წესების შესრულება და ის რაც დღემდე შემორჩა, სწორედ  ამგვარი თვითშემოქმედების და ინტერპრეტქციის შედეგი უნდა იყოს.

სინამდვილეში, ვინ იცის, იქნებ სხვაგვარად იყო ყველაფერი. თუმცა ისიც კი, რამაც დღემდე მოაღწია, ნამდვილად ახერხებს ადამიანებისთვის წყალობის სამყაროში ცხოვრების, ანუ ბედნიერების გამოცდილების მიცემას, რაც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი რამაა დღევანდელ მომხმარებლურ, მსხვერპლისმიერ სამყაროში.

ეპილოგი:

„ბატონების“ ამგვარმა გააზრებამ ერთი სურვილი ამიკვიატა. იქნებ გვეცადა და წელიწადში თუნდაც ერთხელ ბატონების კვირეული მოგვეწყო. ამისთვის  საუკეთესო დრო ალბათ გვიანი გაზაფხულია, როცა იებიც ყვავიან და ვარდებიც. ეს იქნებოდა დღესასწაული სასმელისა და ხორცის გარეშე. წყალობის კანონების შესრულება აქცევს ამ ერთ კვირას დღესასწაულად. ერთმანეთთან სტუმრად ივლიან; გემრიელ კერძებსაც მოამზადებენ და დააგემოვნებენ, იმღერებენ, ერთმანეთს საჩუქრებით გაახარებენ… და სულაც არაა აუცილებელი, რომ ვინმეს წითელა ბატონები შეეყაროს. აი ამ რეალობაში იქნებოდა ბატონების ნანები „საკუთარ სახლში“, რადგან სცენა ვერასოდეს გახდება ამ სიმღერის ბუნებრივი სივრცე.

 

ფოტო გარეკანზე: ილუსტრაცია წიგნიდან „მხიარულ-ბრაზიანი ბატონები“, მხატვარი - ქეთევან ძიძიგური

ავტორი :

გია რაზმაძე - ფიზიკოსი, კომპანია Juniperus-ის სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დირექტორი