აზარფეშა
შესავალი
უახლესმა სამეცნიერო აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები უძველესი დროიდან ეწეოდნენ მიწათმოქმედებას. არქეოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ სამხრეთ კავკასია, მათ შორის თანამედროვე საქართველოს ტერიტორია, ერთ-ერთი ადრეული ცენტრი იყო როგორც მარცვლოვანი (მათ შორის, ხორბლის), ისე ვაზის კულტივაციის თვალსაზრისით. ხოლო თიხის ჭურჭელში მიკვლეულმა ყურძნის გაქვავებული წიპწების თანამედროვე ტექნოლოგიურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ძვ. წ. VI ათასწლეულში აქ უკვე არსებობდა ღვინის წარმოების განვითარებული ტრადიცია[1]. ეს მონაცემები მიუთითებს მეღვინეობის მრავალათასწლოვან ისტორიულ უწყვეტობაზე.

მიწათმოქმედების, ხელოსნობის, სტუმარმასპინძლობის, კულინარიის, ფოლკლორის, მრავალხმიანი სიმღერისა და გალობის, პურობისა და ლხინის ტრადიციები მიუთითებს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე. მევენახეობა-მეღვინეობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ერის ფორმირებაზე, მის ყოფასა და ტრადიციებზე. ღვინის ჭურჭლისა და სასმისების ასეთი სიმრავლე და მრავალფეროვნება ასახავს მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას, რომელიც გარკვეული ფორმით ჩვენამდეა შემონახული.
წინამდებარე სტატია ეხება ერთ გამორჩეულ ქართულ ღვინის სასმისს - აზარფეშას - და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს.
აზარფეშა: მისი რაობა და ისტორიული გზა
აზარფეშა არის ღვინის სასმისი, გრძელსახელურიანი ფიალა. მზადდებოდა, ძირითადად, ვერცხლისაგან, გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და უმეტესად ასოცირდებოდა დიდგვაროვან და შეძლებულ ფენებთან. არსებული ნიმუშების უმეტესობა მე-19 საუკუნეს განეკუთვნება, თუმცა მუზეუმებსა და საცავებში შემორჩენილია მე-17–18 საუკუნის აზარფეშებიც.[2]
ამ სასმისის სიგრძე (ტარიანად) 20–35 სანტიმეტრამდეა, ხოლო ჯამის დიამეტრი 8-15 სანტიმეტრის არეალში მერყეობს. ტარი მოქლონებით არის დაკავშირებული ფიალასთან. უმეტეს შემთხვევაში, შეერთების ადგილას, სიმყარისათვის, გამოყენებულია მესამე ნაწილიც, რომელსაც, პირველადი დანიშნულების გარდა, დეკორატიული ფუნქციაც გააჩნია.
დამზადების ტექნიკა და მრავალფეროვნება
აზარფეშა, ისე როგორც ვერცხლის სხვა მრავალი სასმისი, არსებობს როგორც სადა, ისე გამშვენებული. მათ შესამკობად ოქრომჭედლები იყენებდნენ მრავალფეროვან ტექნიკას: ვერცხლზე კვეთას, ჭედვას, სევადას, ფილიგრანს, ზარნიშს, რომელთა მეშვეობითაც ქმნიდნენ სასმისის როგორც სადა, ისე გამშვენებულ ნიმუშებს.[3]
ჩვენამდე მოღწეული აზარფეშების აბსოლუტური უმრავლესობა ვერცხლისაა. არსებობს ოქროს მცირე დეტალებით შემკული ვარიანტებიც. სრულად ოქროს აზარფეშა ამ ეტაპზე არ არის გამოვლენილი, მაგრამ საარქივო დოკუმენტებსა და მზითვის წიგნების ჩამონათვალში დასტურდება მათი არსებობა (საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ოქრომჭედლობის კოლექციები; საარქივო და მზითვის წიგნების მონაცემები).[4]

მცირე რაოდენობით შემორჩენილია ბილონის[5] და თითბრის აზარფეშები (უშგულის მუზეუმი; აგრეთვე გუდიაშვილის მოედნის რეკონსტრუქციის დროს ქვევრში მიკვლეული ნიმუშები).
დეკორი და სიმბოლიკა
როგორც ღვინის სხვა სასმისებზე, ისე გამშვენებულ აზარფეშაზე, მრავალფეროვანი ორნამენტების გარდა, ხშირად გამოისახებოდნენ ქართველი ხალხისათვის სათაყვანებელი პიროვნებების სახეები. თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, მეფე ერეკლეს, მურზაყან დადეშქელიანის ჭედურპორტრეტებიანი აზარფეშები მრავლად გვაქვს შემორჩენილი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოქრომჭედლობის კოლექციები).
აზარფეშების მცირე ნაწილი შემკულია ძვირფასი თვლებითაც. აღსანიშნავია აზარფეშას თასის ფსკერზე დამაგრებული ირმის მინიატიურული ფიგურა, რომლის თავიც ბრუნვადია. ირემი წმინდა ცხოველად მიიჩნეოდა როგორც წინაქრისტიანულ, ისე შემდგომ პერიოდში.[6]

აღმოსავლეთ ევროპის ბალკანურ კულტურაშიც ცნობილია სასმისები, რომლებზეც ირმის ფიგურებია გამოსახული (მაგ., სერბული ვერცხლის სასმისები, XVI ს.)[7]. აზარფეშებში, გარდა ირმისა, იშვიათად გვხვდება მტრედის ფიგურებიც, რომელთაც ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვთ.[8]
აზარფეშის ანალოგები სხვა კულტურებში
მსოფლიოს ხალხთა კულტურებშიც მოიპოვება მსგავსი სახის ტარიანი სასმისები. მაგალითად: რომაული ტრულა (trulla), ბერძნულ-რომაული პატერა (patera) —რელიგიური რიტუალისთვის; ვიკინგების კოვში (kovsh), რომელიც სლავურ კულტურაზეც გავრცელდა; შოტლანდიური ვისკის ორყურიანი ქუაკი (quaich), რომელიც დაძმობილების რიტუალისთვის არის განკუთვნილი; იაპონური ჰიშაკუ (hishaku) — ძირითადად, ბამბუკის (ზოგჯერ, მეტალის) სახელურიანი ჩამჩა, რომელიც ჩაის მომზადებისა და სმის ცერემონიისთვის გამოიყენება.
აფრიკულ კულტურაშიც არის მწარე გოგრის ქერქის სახელურიანი ჩამჩები. მსგავსებისა და პარალელების მიუხედავად, ქართული ტრადიციული სასმისი აზარფეშა ზემოთ ჩამოთვლითაგან გამოირჩევა როგორც ფორმით, ისე შინაარსითაც.
ისტორიული წყაროები
უცხოელი მოგზაურები საქართველოს ყოფის აღწერისას ხშირად ახსენებენ აზარფეშას ქართველთა ლხინის დროს.
მაგალითად, ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი საქართველოს 1670-იანი წლების დასაწყისში ესტუმრა და მრავალი საინტერესო ცნობა დაგვიტოვა.[9] იგი ამავე დროს იუველირიც იყო და, ბუნებრივია, მისი ყურადღება ძვირფასმა სასმისებმა, მათ შორის, აზარფეშამაც მიიქცია:
„მეტად საკვირველი იყო სუფრის იარაღი და ავეჯეულობა, სუფრაზე იდო ასოცამდე ღვინის სასმელი ჭურჭელი: ბადიები, თასები, ყანწები, კულები, თორმეტი აზარფეშა და სხვა. აზარფეშები თითქმის ყველა ვერცხლისა იყო…“ [10]

უფრო ადრე, 1650-იან წლებში, იტალიელმა მისიონერმა დონ ქრისტოფორო დე კასტელმა თავის უნიკალურ ალბომში ასახა ქართული სუფრის სცენებიც, სადაც წარმოდგენილია ლხინის კულტურა და სუფრის ჭურჭელი.[11]
სუფრის კულტურა და აზარფეშის ფუნქციური კონტექსტი
სუფრისა და პურობის, თამადისა და სადღეგრძელოს ფენომენი ქართული ყოფის განუყოფელ და ცოცხალ ტრადიციას წარმოადგენს. ისტორიული პროცესების მიუხედავად, სტუმართმოყვარეობა და ერთობით ლხინი დღემდე ერთ-ერთ მძლავრ სოციალურ და კულტურულ წესად რჩება.
აზარფეშის ფუნქციური და სიმბოლური არსებობაც სწორედ ამ გარემოში იკვეთება, სადაც ჯერაც არ დაუკარგავს პირველადი დანიშნულება. იგი არა მხოლოდ სასმისია, არამედ სოციალური ურთიერთობის ნაწილიცაა. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა აზარფეშის ტარზე არა მხოლოდ მფლობელის ვინაობის, არამედ ლექსებისა და შაირების ამოტვიფვრა.
აზარფეშის წარწერები: ლიტერატურული და ეპიგრაფიკული ტრადიცია
აზარფეშის ტარზე გვხვდება სხვადასხვა ტიპის წარწერა: ლიტერატურული ციტატები, ხალხური ტექსტები და პირადი ხასიათის მინაწერები, რაც მის კულტურულ ფუნქციას კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს.
ლიტერატურული, ხალხური და ეპიგრაფიკული ტექსტები
- ლიტერატურული წყაროები
აზარფეშის წარწერებში გვხვდება ,,ვეფხისტყაოსნიდან“ ამოღებული ფრაზები:
„ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული…“[12]
„ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი ძნელია…“[13]
- ხალხური ტრადიცია:
ხალხურ ლექსებსა და სადღეგრძელოებში აისახება სუფრის კულტურის ფორმულების ტიპის გამონათქვამების მდიდარი ტრადიცია. ეს ტექსტები იმპროვიზაციული ხასიათისაა და ვარიანტულობით გამოირჩევა.
სუფრასთან დაკავშირებული გამონათქვამები სტუმრის მიღების სიხარულსა და ოჯახის კეთილდღეობას გამოხატავს:
„სახლო, სალხინოდ ნაგებო, სამხიარულოდ ნაცვეთო…“
„სტუმარი მოვა და წავა, სახლსა ბარაქა დარჩება…“
„მასპინძელსა მხიარულსა ჰყავს სტუმრები საყვარლები…“
გვხვდება აგრეთვე სადღეგრძელოს ტიპის ტექსტებიც:
,,დიდება ღმერთსა, კიდევ დავლევ ერთსა.
ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, სტუმარ-მასპინძელსა.“
ზოგჯერ სუფრის ატრიბუტიც, როგორიცაა, მაგალითად, აზარფეშა, პერსონიფიცირებული და ამეტყველებულია:
„აზარფეშა ვარ ღვინისა, გამხურებელი ტვინისა,
პურად კაცთან მალხინე, ღვინოს ნუ მისხამ ძვირისა…“
„აზარფეშა ვარ ვერცხლისა, სასმელად წითლის ღვინისა,
სამხიარულოდ სტუმრისა, მასპინძელ მურზაყანისა…“
ეს ფორმულები წარმოაჩენს ქართული სუფრის კულტურის პოეტურ და ცოცხალ ბუნებას, სადაც ნივთი, სიტყვა და რიტუალი ერთ მთლიან სიმბოლურ სივრცედ აღიქმება.

- ეპიგრაფიკული და ინდივიდუალური მინაწერები
აზარფეშებზე ხშირად გვხვდება პირადი ხასიათის წარწერებიც. ასე, მაგალითად:
„აზარფეშა ვარ კოლა ერისთავისა"[14]
„ლევან დადიანი"[15]
„ქ. თა. გივი ბარძიმის ძის ამილახვარის ვარ"[16]
ეს ეპიგრაფიკული მასალა ასახავს აზარფეშის, როგორც სტატუსის დამადასტურებელი ნივთის, სოციალურ და კულტურულ მნიშვნელობას.
აზარფეშა ქართულ პოეზიაში
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აზარფეშის პოპულარობამ პიკს მიაღწია. სწორედ ამიტომ, ჩვენამდე მოღწეულ ნიმუშთა უმეტესობა ამ პერიოდშია დამზადებული.
აზარფეშა ქართულ პოეზიაში გვხვდება როგორც სუფრისა და ლხინის კულტურის ერთ-ერთი სიმბოლური სახე. იგი ზოგჯერ პირდაპირ სახელდება, ზოგჯერ კი სუფრის ზოგადი პოეტური კონტექსტის ნაწილია.
ნიკოლოზ ბარათაშვილი და გრიგოლ ორბელიანი ქართულ პოეზიაში სუფრისა და ღვინის თემას ერთობისა და ადამიანური ემოციის სივრცედ წარმოადგენენ:

„ამავსებ ღვინით, აგავსებ ლხინით, შესვი? გაამოს!“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის „აზარფეშაზედ“)
„ბედსა რად ჰსწყევლი? რად ჰსწუსხარ? რას გარგებს სულმოკლეობა?
დალიე, ქვეყანა შენი იქნება“ (გრიგოლ ორბელიანი)[17]
ამ ტექსტებში აზარფეშა პირდაპირ არ სახელდება, თუმცა სუფრისა და ლხინის იდეა ქმნის იმ კულტურულ ფონს, რომელშიც ასეთი სასმისები ბუნებრივად ფუნქციონირებდა.
გრიგოლ ორბელიანი სალხინო ღვინის ჭურჭლად აზარფეშას მოიხსენიებს:
,,კახურის ღვინით აღვსილი აზარფეშაცა ხელს გვეპყრას“ [18]
აკაკი წერეთელი სუფრის დინამიკას შემდეგნაირად აღწერს:
„გახურდა ლხინი ჩვეულებრ, შეიქნა ყანწის ტრიალი!..
ხელიდან ხელში გადადის თას-აზარფეშა-ფიალი!…
და ვინც ბევრს არ ჰსვამს, შიგდაშიგ არაკრაკებენ „კულითა!“…
გაჩნდა ღიღინი, გალობა, სიმღერა კრიმანჭულითა.“[19]
აქ აზარფეშა სუფრის რიტმისა და მოძრაობის პოეტურ სიმბოლოდ მოსჩანს.
ეს ტენდენცია მე-20 საუკუნის პოეზიაშიც გრძელდება.
გალაკტიონ ტაბიძე:
„ძვირფასი თასი, აზარფეშა ჩქარა მოიტა!
ო, ყველაფერო, ავსებულო ამ ოქროითა"[20]
გოგლა ლეონიძე:
„ასი მაყარი გვიცინოდა, როგორც მაისი.
თამადის ხელში აზარფეშა ათჯერ აივსო,
თარის წკრიალში ვჩურჩულებდი შენი მხლებელი.“[21]
ლადო ასათიანი:
,,თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა
და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.“[22]

სოციალური ფუნქცია და ისტორიული ბედი
საყურადღებოა, რომ აზარფეშა არ იყო მამაკაცთა ექსკლუზიური სასმისი. ხშირად მათზე მფლობელი ქალბატონების სახელებია ამოკვეთილი, რაც მიუთითებს მასზე, როგორც საოჯახო კულტურის ნაწილზე. იგი ასევე წარმოადგენდა მზითვის საპატიო ნაწილსაც.[23]
მე-20 საუკუნეში, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, მრავალი აზარფეშა განადგურდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მოსახლეობის მიერ შეწირული ძვირფასეულობის ჩამონათვალში აზარფეშებიც ფიგურირებს. 1990-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს ბევრი მათგანი უცხოეთში გაიყიდა.
აზარფეშას, სადღესასწაულო, სიმბოლური და პოეტური დატვირთვის გარდა, გამოარჩევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება — ზომიერი ტევადობა. სტანდარტული აზარფეშა დაახლოებით 50-60 მილილიტრიანია, რაც მიუთითებს ღვინის მოხმარების კულტურულ ნორმებსა და ზომიერებაზე.
აზარფეშისადმი ინტერესი ბოლო ათწლეულებში გაიზარდა და, როგორც არაერთი ისტორიული ნიმუში საქართველოში, ის თანამედროვე ყოფაში ბრუნდება. ოქრომჭედლებმა კვლევაც დაიწყეს მისი ახალი ვერსიების დამზადება, რაც ტრადიციის განახლების ტენდენციაზე მიუთითებს.
გამოყენებული წყაროები:
[1] McGovern, Patrick E., Jalabadze Mindia, Stephen Batiuk, Michael P. Callahan, Karen E. Smith, Gretchen R. Hall, Eliso Kvavadze, et al. 2017. “Early Neolithic Wine of Georgia in the South Caucasus.” Proceedings of the National Academy of Sciences 114 (48): E10309–E10318. https://doi.org/10.1073/pnas.1714728114
[2] საქართველოს ეროვნული მუზეუმი. „აზარფეშა (XIX ს.). ვერცხლი, სევადა.“ თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექცია.
[3] კვანტიძე, გულნარა. 2014. „ეთნოგრაფიული სურათები XVII–XVIII სს. საქართველოს ისტორიიდან (ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევა)“. სადოქტორო დისერტაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.
[4] Visual Anthropology Archive (Ilia State University). “Azarpesha.”
https://visualanthropology.iliauni.edu.ge/ethno/index.php/აზარფეშა
[5] ვერცხლის შემცველი შენადნობი, რომელიც ძვირფას ლითონად არ მიიჩნევა.
[6] საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. Wikidict. ირემი. იხ. აგრეთვე: „ირმის მითოლოგემა და მითისქმნადობა ვაჟა-ფშაველას პროზაში.“ Spekali, no. 17 (2017). https://doi.org/10.55804/jtsuSPEKALI-17-7.1
[7] Serbian Orthodox Church Museum. Gilded Silver Cup with Deer Figurine. 16th century. Belgrade.
[8] „აზარფეშა.“ ქართული ენციკლოპედია. https://georgianencyclopedia.ge/ka/form/20019
[9] Chardin, Jean. 1711. Voyages de Monsieur le Chevalier Chardin en Perse et autres lieux de l’Orient. 10 vols. Amsterdam.
[10] შარდენი, ჟან. 1935. მოგზაურობა საქართველოში. თარგმნა ვასილ ბარნოვმა. თბილისი: სახელმწიფო გამომცემლობა. გვ. 104-105
[11] კასტელი, დონ კრისტოფორო დე. 1976. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ (1628–1654). თბილისი: მეცნიერება.
[12] რუსთაველი, შოთა. n. d. ვეფხისტყაოსანი. ელექტრონული გამოცემა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf (წვდომა: 2026-05-04).
[13] იქვე.
[14] „მეტყველი სასმისები“. n.d. Vinoge.com. https://vinoge.com/istoria/metyveli-sasmisebi (წვდომა: 2026-05-04).
[15] იქვე.
[16] იქვე.
[17] კაკალაძე, ეთერ, და ნინო ბერიძე, რედ. n.d. „აზარფეშა“. სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=54&t=10857 (წვდომა: 2026-05-04).
[18] ეს გაზაფხულიც მოვიდა: პოეზია. წიგნი 10 (სერია: სასკოლო ბიბლიოთეკა). 2007. თბილისი: გამომცემლობა „ბაკმი“. გვ. 74.
[19] წერეთელი, აკაკი. n.d. პოეზია. კრებული 1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/64-akaki-tseretheli-krebuli-poezia-1.pdf (წვდომა: 2026-05-04).
[20] ტაბიძე, გალაკტიონ. n.d. „ოქრო“. poetry.ge. https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/3925.oqro.htm (წვდომა: 2026-05-04).
[21] ლეონიძე, გიორგი. n.d. „თაისი“. poetry.ge. https://poetry.ge/poets/giorgi-leonidze/poems/2163.taisi.htm (წვდომა: 2026-05-04).
[22] ასათიანი, ლადო. n.d. „გულბაათ ჭავჭავაძე“. poetry.ge. https://poetry.ge/poets/lado-asatiani/poems/zoezo-gulbaat-chavchavadze (წვდომა: 2026-05-04).
[23] ლუარსაბ ტოგონიძე, პირადი კოლექცია (აზარფეშა ქალის სახელის წარწერით), გამოუქვეყნებელი მასალა.