ალილო - შობის მახარებელთა სიმღერა

ზამთრის საღამო, თოვლით დაფარული სოფლის ბილიკები, სარკმლებიდან მოციმციმე ცეცხლის ალი, ჰაერში დატრიალებული კვამლის სურნელი, ბუხრის პირას ტკბილეულის მოლოდინში მოკალათებული ბავშვები და სამზადისში მყოფი დიასახლისები... შებინდებულზე, ორღობეში მიმავალთა სიმღერა კარმიდამოების სიჩუმეს არღვევს და ადამიანების გულებს, იმედითა და სიხარულით ავსებს. ასეთი წარმომიდგენია შობის საღამო ძველ, შორეულ საქართველოში.

საშობაო სიმღერები მთელ საქრისტიანოშია გავრცელებული. ჩვენში მათ ალილოებს უწოდებენ. ალილო შობის ღამეს კარდაკარ ჩამოვლის რიტუალის აუცილებელი ნაწილია. ამ რიტუალის მონაწილეები ­– მეალილოეები შობის მახარებლებს განასახიერებენ. მათი გამოჩენა მასპინძლებისათვის დიდი პატივია, ამიტომაც  სიხარულით ეგებებიან და ასაჩუქრებენ.

საქართველოს მთასა თუ ბარში, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში ნაირგვარ ალილოებს მღეროდნენ. ერთ სოფელსაც კი შეიძლებოდა საკუთარი ვარიანტი ჰქონოდა. ამაზე მეტყველებს დღემდე შემორჩენილი სახელწოდებები: ართანული, შილდური, კონდოლური, კვაცხუთური, ცახური, აკეთური, მაკვანეთური და სხვა. ალილოებით აღმოსავლეთ საქართველოდან განსაკუთრებით გამოირჩევა კახეთი, დასავლეთიდან – რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო და გურია.

შობის მახარებლები სიმღერის დასაწყისში, როგორც წესი, შობის შესახებ იუწყებიან: ოცდახუთსა ამ თვესაო, ქრისტე იშვა ბეთლემსაო. ისინი ხაზს საკუთარ სტატუსსაც უსვამენ – ჩვენ მათხოვრები არა ვართ, ქრისტეს მახარობლები ვართო აღნიშნავენ. მეალილოეები, შობის მილოცვასთან ერთად, მასპინძლებს მატერიალურ კეთილდღეობას – პურ-ღვინის სიუხვესა და საქონლის სიმრავლეს უსურვებენ: ღმერთმა ისე აგაშენოს, როგორც შიოს მარანიო, პური-ღვინო ბევრი მოგცეს, საწველელი მრავალიო. ლოცავენ წინაპრებსაც:  ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული, ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.

ქართული საშობაო სიმღერები ყველა კუთხეში თავისებურია. მაგალითად, კახურ ალილოებში გაბმულ ბანზე ერთმანეთს ორი მაღალი ხმა ენაცვლება, ისინი სიმღერას სახასიათო მელიზმებით – ჩახვევებით ასრულებენ. გურულ, იმერულ და მეგრულ ვარიანტებში  სადღესასწაულო განწყობასთან ერთად, მსემენლი შეამჩნევს ხმების მეტ სისხარტესა და სიმსუბუქეს. შედარებით დინჯი და ომახიანია რაჭული, ლეჩხუმური და სვანური ალილოები.

არავინ იცის, ვინ იყო ამა თუ იმ ალილოს პირველი მთქმელი, ან როდის გაჩნდა ეს სიმღერები, მაგრამ მათი  მუსიკალური ენა და შესრულების რიტუალური კონტექსტი მათ სიძველეზე მეტყველებს. მეცნიერები ალილოების სახელწოდებას ებრაულიდან ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში გადმოსულ, ღმერთის სადიდებელ – ალილუიას  უკავშირებენ. ალილო ქრისტეს დაბადებით გამოწვეული სიხარულის სიმღერაა და მის ხალხურ რიტუალში, ზამთრის მზებუდობისას აღსანიშნავი მზის დაბადების, სიბნელეზე სინათლის გამარჯვების წინარექრისტიანული დღესასწაულის ექოც მოისმის.

ალილოზე სიარულისა და შობის სიმღერით მილოცვის შესახებ საინტერესო ცნობები გვხვდება წინა საუკუნეების ჟურნალ-გაზეთებში. 1861 წელს, ჟურნალ ცისკარში, ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში მწერალი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი ძველ ამბავს იგონებს, რომელიც როგორც თავად აღნიშნავს ოცდაათი წლის წინ მომხდარა. შობის საღამოს, ორბელიანების ფანჯრების ქვეშ, უცნობ მომღერლებს ხმაშეწყობილი ალილო წამოუწყიათ, მეალილოეები იმერლები აღმოჩნდნენ. სიმღერით მოხიბლულმა მასპინძლებმა ისინი სახლში შეიპატიჟეს და სხვა იმერული სიმღერებიც სიამოვნებით მოისმინეს (1). 

ანსამბლი „მთიები“ ალილოზე

ალილოზე დადიოდნენ საქველმოქმედო მიზნებითაც. მაგალითად, 1897 წლის 24 დეკემბრის გაზეთი ცნობის ფურცელი იუწყება საგანგებოდ ალილოსთვის შემდგარი გუნდის შესახებ. საინტერესოა, რომ გუნდის წევრების უმეტესობა გოგონები არიან, მათი მიზანი კი ქალაქში ქალთა სკოლის დაარსებისათვის ფულის შეგროვება ყოფილა (2).

ალილოს რიგ შემთხვევებში არასასურველი გავლენებიც დასტყობია. 1902 წელს, გაზეთი ივერია გვამცნობს, რომ ძველთაგანვე გავრცელებული ხმაშეწყობილი გალობა, ზოგიერთ მეტიჩრებს გარდაუქმნიათ და სრულიად სხვა, გაუგებარ კილოსა და ენაზე გაუცვლიათ. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ შობის წინა დღეებში ალილოს ნაცვლად ყმაწვილები გალობენ შობის ტროპარს რუსულ ენაზე სლავიანურად, ათასნაირად დამახინჯებულს, როგორც შინაარსით, ისე კილოთი (3). ეს და მსგავსი შემთხვევები, XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების, განათლების კერებში რუსულ ენაზე სწავლების, ქართული ენისა და კულტურის შევიწროვების ლოგიკური შედეგი იყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ალილოს წინ კიდევ უფრო დიდი განსაცდელი ელოდა. ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ შობა აკრძალულ დღესასწაულად იქცა.

მთავრობა ჟურნალ-გაზეთებით, ბროშურებით, მოხსენებებით, ლექციებითა თუ თეატრალური წარმოდგენებით ცდილობდა რელიგიური დღესასწაულების ჩახშობას. შობის წინააღმდეგ ანტირელიგიურ მოძრაობა მებრძოლ უღმერთოთა კავშირს  სპეციალური  სამოქმედო გეგმაც დაუსახავს. საქართველოს ეროვნული არქივში დაცული დოკუმენტის მიხედვით, ანტისაშობაო კამპანიას 1936 წლის 15 დეკემბრიდან 1937 წლის 20 იანვრამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად უნდა ემუშავა. ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია შობის საწინააღმდეგოდ ჩასატარებელი აქტივობების ვრცელი ნუსხა (4).

საბჭოთა ეპოქაში ალილოზე ჩამოვლის რიტუალი ყოფიდან თანდათან გაქრა, მაგრამ თავად სიმღერა ხალხის მეხსიერებამ აკრძალვების მიუხედავად, მაინც შეინარჩუნა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციების ჩანაწერებში საშობაო სიმღერებსაც შეხვდებით.

1980-იანი წლებიდან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, იდენტობის ხელახალი ძიების პროცესის კვალდაკვალ, გაჩნდა  ალილოს რიტუალის ყოფაში დაბრუნების ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგ ედიშერ გარაყანიძესა და ანსამბლ მთიებს ეკუთვნოდა. წამოწყებას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. ქართული ტრადიციული მუსიკის შემსრულებელი ანსამბლები ცდილობენ სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში ალილოზე დღესაც იარონ. შობის საღამოს შეიძლება გაიგონოთ ალილოზე მოსიარულე ბავშვების არც თუ ისე ხმაშეწყობილი სიმღერაც, მათთვის ეს ტრადიცია ერთგვარ სახალისო თამაშობად ქცეულა. ამგვარი ალილოობის მონაწილე გასული საუკუნის 90-იანებში  თავადაც ვყოფილვარ. შემიძლია ვთქვა, რომ შობის მაგიით გამოწვეულ სიხარულსა და აღტაცებას – მაშინდელი  გაჭირვების, ომის, სიცივისა და უიმედობის ხანაც ვერაფერს აკლებდა.

  

ასეა, ალილოობა, კარდაკარ სიარულით, მილოცვითა და საჩუქრებით, ადამიანებს დადებითი ემოციებით ავსებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას გამორჩეულად შესრულებული ალილო  არ ახლავს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კარგი სიმღერა რიტუალს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ადრე, როგორც ჩანს, ქორწილში მეფე-პატარძლის მხლებელი მომღერალი მაყრის მსგავსად, მომღერალი მეალილოეც განსაკუთრებულად ფასობდა. ერთ ძალიან ლამაზ საშობაო მოთხრობაში ზამთარი,  რეზო ინანიშვილი თავის ბავშვობის, ჯერ კიდევ შემორჩენილ, ალილოობას აღწერს და გვიამბობს, თუ როგორ გამოჩნდნენ კახეთის სოფელ ხაშმში, მოსაღამოვებულზე, პირველი მეალილოეები – პატარა ბიჭები,  დიდი კომბლებით. მათ სიმღერა სულმოუთქმელად თქვეს, მასპინძლებისგან მიღებული სანოვაგე ხურჯინში ჩაალაგეს და სხვა ეზოებისკენ გასწიეს. შემდეგ მოვიდნენ სხვებიც, ცოტა მოზრდილები, მათაც იმღერეს თითქოს უფრო დინჯად, მაგრამ პაპა, რომელიც ძველი ყაიდის კაცი იყო, სულ სხვა მეალილეებს ელოდა. მოლოდინი გვიან ღამით გამართლდა, ალაყაფთან გაისმა შეძახილი: აგაშენოთ!  ეს იყო ათიოდე მამაკაცისაგან შემდგარი გუნდი, სოფლის მღვდლის თაოსნობით. მათ მიერ შესრულებული კახური ალილო და ზამთარი მწერლისთვის სამუდამო მოგონებად დარჩა (5).

ართანელი ლოტბარი და მომღერალი ანდრო სიმაშვილი კი იგონებდა, 1920-იანი წლების ბოლოს, ჯერ კიდევ ბავშვი როგორ გააღვიძა შობის ღამეს გამოჩენილი მეალილოეების შეძახილმა აგაშენოთ! და როგორ მონუსხა მათ მიერ შესრულებული ართანული ალილოს შთამბეჭდავმა ჟღერადობამ.  შედეგ კი.... დადგა დრო, როდესაც ალილოს, საკონცერტო პროგრამაში ვერ შევიტანდით, სარიტუალო იყო და იმიტომ. მაშინ ვმღეროდით სამამულო ომის გმირებზე, კოლექტივიზაციაზე, შრომაზე. ბევრი ტრადიციული სიმღერა დავიწყებას მიეცა (6). 1960-იან წლებში სიმაშვილების ოჯახში შეკრებილ სტუმრებს ძველი ამბების გახსნებისას უკვე მივიწყებული ალილოც მოუგონებიათ, მოსმენილი სიმღერა კი ლოტბარს აღუდგენია და 1979 წელს ერთ-ერთ კონცერტზე კიდეც შეუსრულებია. ართანული ალილოს ეს ისტორია საბჭოთა საქართველოში ალილოების თავს გადახდენილი ამბის ერთგვარი ილუსტრაციაა.

 

ალილოს პირველი სანოტო ჩანაწერი 1886 წელს დაიბეჭდა, სიმღერა ჩეხ ლოტბარს იოსებ რატილს გადაუტანია ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე. 1907 წელს კი გაჩნდა პირველი ხმოვანი ჩანაწერიც, ინგლისურ ხმის ჩამწერ ფირმა გრამაფონს გიგო ერქომაიშვილის გუნდისაგან სხვა სიმღერებთან ერთად გურული ალილოც ჩაუწერია.

სხვადასხვა კუთხის ალილოებს საქართველოში ათწლეულების შემდეგ ისევ ისმენენ, სწავლობენ და სიხარულითაც ასრულებენ. როგორც ჩანს, ამ სიმღერებს ადამიანების მეხსიერებიდან წაშლა და დავიწყება არ ეწერა. 

 

დამოწმებანი

  1. 1.ჯამბაკურ-ორბელიანი ალექსანდრე, „ივერიანელთა გალობა, სიმღერა და ღიღინი“. ცისკარი, 1861, #1
  2. 2.„ალილოსთვის შემდგარი ხორო“. ცნობის ფურცელი, 1897, #410, გვ.2
  3. 3.ვაშაძე, ბ. „ეხლანდელი ალილო და ჭონა“. ივერია, 1902, #81. გვ. 3
  4. 4.საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი #1547, საქმე #52
  5. 5.რევაზ ინანიშვილი, ზამთარი https://scroll.ge/14514/revaz-inanishvili-zamthar/
  6. 6.კვიჟინაძე, მარინა (2015). ანდრო სიმაშვილი. თბილისი: უსტარი

ავტორი :

თეონა რუხაძე - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი