ახალი წლის პირველი დღის მაგია

ახალი წელი ახალი იმედებისა და რწმენის დასაბამი, შთამბეჭდავი, ფერადოვანი სანახაობებითა და ნაირგვარი რიტუალებით აღსავსე დღესასწაულია. სვანეთის ეთნოგრაფიულმა ყოფამ დღემდე შემოინახა ამ დღესასწაულთან დაკავშირებული უძველესი რწმენა-წარმოდგენები.      

ფოტოზე ახალი წლის პირველი დილა და  ხართან ერთად მეკვლეობის მისტიური კადრია აღბეჭდილი, რომელიც სვანეთში მოღვაწე ეთნოლოგის დინა კოჟევნიკოვას მიერ არის გადაღებული 1929 წელს, ზემო სვანეთის ლატალის თემის სოფელ მაცხვარიშში, გუარ გირგვლიანის ოჯახში. მასზე ასახული სიუჟეტი მნიშვნელოვანი ფრაგმენტია იმ ვრცელი მაგიური წეს-ჩვეულებებისა, რომლებიც ახალი წლის დღესასწაულზე სრულდებოდა — სახლის მეკვლის, ხარისა და  სამეკვლეო საგნებით სავსე გოდორით დიასახლისის კერიის გარშემოვლის რიტუალი.

ახალი წლის — ზომხას (სიტყვასიტყვით ზაი — წელიწადი, მახე — ახალი) დადგომას   მხიარულად და დიდი სამზადისით ხვდებოდნენ, რადგანაც ხალხის რწმენით, დამდეგი წლის კეთილდღეობა ბევრად იყო დამოკიდებული მათ მიერ შესრულებულ საწესო ქმედებებსა და რიტუალებზე.

დღესასწაულის ერთ-ერთ მთავარ მომენტს მეკვლეობა წარმოადგენდა. სვანეთში ბოლო დრომდე შემოინახა ახალი წლის პირველ დღეს ორი მეკვლის — სახლის, იგივე შინაური (ქორა მეჭშხი) და გარეშე მეკვლის (ქამე მეჭშხი) ოჯახში შემოსვლისა და კარგი ფეხის დაბედების ტრადიცია. ორივე მეკვლეს, ახალი წლის წინა დღეს, კენჭისყრით ირჩევდნენ, ასევე ირჩევდნენ მეკვლე ხარსაც.  

ალიონზე სახლის მეკვლე, სამეკვლეო ნობათით (ღორის თავი, სარიტუალო პურები, თხილის მრავალკვირტიანი ტოტი, ვერცხლის ფული...) დატვირთული, სათესლე გოდორითა და წყლის ცარიელი ჭურჭლით, წინასწარ შერჩეულ ოჯახის საუკეთესო ხართან ერთად  ჯერ წყაროზე ჩავიდოდა, ხელ-პირს დაიბანდა, ხარს წყალს დაალევინებდა, ჭურჭელს წყაროს წყლით გაავსებდა, ლოცვას წარმოსთქვამდა და ხართან ერთად სახლში ბრუნდებოდა. შინ შესვლამდე კალოზე შეჩერდებოდა, შუა ადგილას თოვლის „კოშკს“ დადგამდა, ზედ თხილის კვირტებიან ტოტს ჩაარჭობდა და ხართან ერთად ლოცვით გარს შემოუვლიდა.

საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მაჩუბში (საცხოვრებელი სახლი სვანეთში), მარჯვენა ფეხით შესული შინაური მეკვლე ლოცვა-ვედრებით კერიას სამჯერ შემოუვლიდა და თან ხარს შემოატარებდა. შემდეგ იქვე ბოძთან დააბამდა და თივას დაუყრიდა. ოჯახის წევრები მეკვლის მიერ ამოტანილ წყალს, რომელსაც პირობითად რძეს უწოდებდნ, დალევდნენ, ხელ-პირს დაიბანდნენ. ოჯახის უფროსი გობზე დაწყობილი სარიტუალო პურებით, ზედაშით (არაყი) და ღორის თავით ოჯახის წევრებს ჩამოუვლიდა და თითოეულს ლოცვით მარჯვნივ დაუტრიალებდა — ხელის ახსნის რიტუალს — „ლიშიაშალს“ შეასრულებდა. ამასობაში წინასწარ შერჩეული გარეშე მეკვლეც მოვიდოდა, რომელიც სახლში შესვლისას ტკბილეულს და მარცვლეულს მიმოაბნევდა და ლოცვა-კურთხევით კერას სამჯერ შემოუვლიდა. შინმყოფნი მას საახალწლო შემოსალოცით შეეგებებოდნენ, ტკბილეულთან ერთად მოწვეულ მეკვლეს სახლში შესვლისას თოვლის გუნდაც შეჰქონდა, როგორც სიწმინდისა და სისუფთავის სიმბოლო.

აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დღესასწაულში ქრისტიანულ რწმენებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი წინაქრისტიანულ წარმოდგენებსაც უკავია, რომლებიც გამრავლების, ნაყოფიერებისა და წინაპართა კულტებისადმი იყო მიძღვნილი. საწესო რიტუალების  შესრულებისას მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ხარი, როგორც ოჯახის სიძლიერისა და ბარაქიანობის სიმბოლო. სვანეთის ეთნოგრაფიულმა ყოფამ დღემდე შემოინახა ხართან, როგორც წმინდა ცხოველთან ერთად მეკვლეობის ტრადიცია, რომელიც  ძველად საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. საახალწლო ციკლის დღესასწაულებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა აგრეთვე ოჯახის წევრებისა და მეკვლის მიერ კერაში ცეცხლის დანთების რიტუალს და მასთან დაკავშირებულ მაგიურ ქმედებებს.

ავტორი :

მანანა ხიზანიშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციების კურატორი