ახალი ტექნიკით ტრადიციის კვალდაკვალ
საოჯახო სახელოსნო „Giorgo Biani/ჯორჯო ბიანი“
ნინო გიორგობიანი საოჯახო სახელოსნო „Giorgo Biani/ჯორჯო ბიანის“ დამფუძნებელი, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის დოქტორანტია. მისი სადოქტორო კვლევის თემა ანჩისხატის ტაძრის მოხატულობაა. ნინოს ძირითადი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც ფონდების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტის ჯგუფს ხელმძღვანელობს. პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სასულიერო აკადემიაში.
ისტორიის დასაწყისი
„Giorgo Biani/ჯორჯო ბიანი“ ჩვენი საოჯახო სახელოსნოა, სადაც ინოვაციური (თითბერზე ტვიფრული გრაფიკა) ტექნიკით ვამზადებთ ჩვენივე დიზაინით შექმნილ ხელნაკეთ სამკაულებს.
ყოველთვის, როცა მეგობრისთვის საჩუქარს ვარჩევდი, მინდოდა, ჩემი ხელით შექმნილი ნივთი მეჩუქებინა. ვფიქრობდი, რომ ამით იგი გარკვეულწილად ჩემი ცოდნის, ენერგიის, განწყობისა და გემოვნების თანაზიარი იქნებოდა. ამ მოტივაციით შევუდექი მუშაობას საცდელ სამკაულზე, რომელიც ინოვაციური, კერძოდ, თითბერზე ტვიფრული გრაფიკის ტექნიკით დავამზადე. ინოვაციის შთაგონების წყარო ქართული ტრადიციული ტიხროვანი მინანქრის ძველი ტექნოლოგიაა. თუმცა, ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, ის არც ტიხროვანი მინანქარია და არც ტექნოლოგიური პროცესებით ემსგავსება.
პირველი ნაბიჯები ჩემმა მეგობრებმა მოიწონეს და წამახალისეს, რომ ეს საქმე გამეგრძელებინა. ამას მოჰყვა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ 2016 წლის I საერთაშორისო გამოფენა „ეთნოფესტში“ მონაწილეობა. გამოფენაზე ჩემმა ხელნაკეთმა სამკაულებმა ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. პირველმა წარმატებამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა და მას შემდეგ, ყოველ მორიგ წელს, ფესტივალს ახალი გულშემატკივრების შეძენისა და ახალი გამოცდილების მიღების მოლოდინით ვხვდები.
რატომ „Giorgo Biani/ჯორჯო ბიანი“?
სახელოსნოს სახელიც „Giorgo Biani“ 2016 წლის „ეთნოფესტის“ დღეებს უკავშირდება. გამოფენის გახსნისას ჩვენი სახელოსნოს სტენდთან მისულებს, ნაცვლად „გიორგობიანისა“, დაგვხვდა ინგლისურენოვანი წარწერა „Giorgo Biani“. ამის გამო, გამოფენის სტუმრებს ჩვენი ნაკეთობები იტალიური წარმოების ბრენდი ეგონათ. უნებლიე შეცდომა საჩვენოდ გამოვიყენეთ და ბევრი ფიქრი აღარ დაგვჭირვებია, ეს ტკბილხმოვანი სახელი ჩვენი, გიორგობიანის, საოჯახო სახელოსნოს სახელწოდებად ვაქციეთ.
მოგვიანებით ჩემს წამოწყებას ჩემი დაც შემოუერთდა და ახლა ორივე, თინათინ და ნინო გიორგობიანები, ჩვენივე დიზაინით ერთად ვქმნით ინდივიდუალურ სამკაულებს ხასიათისა და განწყობის მრავალფეროვნებით. თინათინი პროფესიით ფარმაცევტია, მე კი – ხელოვნებათმცოდნე.
ძველისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება ჩვენი სახელოსნოს კონცეფციაა
განვითარების გზაზე საფიქრალი მრავალგვარი იყო, მასალის ხასიათიდან, მისი დაყოლიებიდან და ხარისხიდან დაწყებული მომხმარებლამდე სამკაულის მიტანით დამთავრებული. თავდაპირველად სრულიად გამოუცდელი აღმოვჩნდით. თუმცა პრობლემების დაძლევაში დამეხმარა ჩემი მეგობარი მარიამ ჩხაიძე, რომელიც ამ ინოვაციური ტექნიკის ავტორია. სწორედ მან მომცა სრული თავისუფლება ამ ტექნოლოგიის ფარგლებში მასალაზე ჩამეტარებინა ექსპერიმენტები, რაც ძალიან გამომადგა და რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. ამან მოგვცა საშუალება, ჩვენი პროდუქცია დაგვეხვეწა და მომხმარებლისთვის კარგად ჩამოქნილი, კომფორტულად სატარებელი და ხარისხიანი სამკაული მიგვეწოდებინა. ლითონს ხელით, მარტივი იარაღების მეშვეობით ვამუშავებთ. ბევრი ცდის შემდგომ მივაგენით ჩვენს სტილს, რომელსაც განუხრელად ვიცავთ და არ ვღალატობთ.
სახელოსნოს კონცეფცია ქართული ტრადიციული კულტურისთვის დამახასიათებელი მოტივებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაა. ჩვენი ამოცანაა, წარმოვაჩინოთ ისინი სხვადასხვა ტიპის სამშვენისებსა (ყელსაბამი, ბროში, სამაჯური, საყურე) და აქსესუარებზე (სარკე, ზარდახშა). შინაარსობრივი დიაპაზონი დიდია და მოიცავს წინაქრისტიანული ხანის ქართული ხელოვნების, შუა საუკუნეების დეკორისა თუ ეთნოგრაფიული მასალის მრავალფეროვან თემატიკას. ვცდილობთ, შევქმნათ ტრადიციულ ცოდნაზე დაფუძნებული თანამედროვე ქართული ნაკეთობა, რომელიც ძველის ახლებურ გააზრებას წარმოადგენს და სხვადასხვა თაობის ინტერესს გამოიწვევს.
შრომა, რომელიც გვეძვირფასება
ყოველთვის აღმაფრთოვანებდა ქართული ხელოვნების ისტორიის მრავალფეროვანი ეტაპები. წინაპრების ნაკვალევზე ფრთხილად გავლის, განვითარებისა და ხარისხიანი ნაწარმის შექმნის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ორი წლის განმავლობაში ტიხროვანი და ფერწერული მინანქრის შესასწავლად თბილისიდან გორში დავდიოდი ამ საქმის საუკეთესო ოსტატის, ბატონი ერმილე მაღრაძის ტიხროვანი მინანქრისა და ჭედური ხელოვნების სკოლაში. ბატონი ერმილეს უშურველი მხარდაჭერა მაძლევდა ძალას, რომ დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს 82 კმ კიდევ დამატებით გამევლო და უკან დავბრუნებულიყავი. ერთხელ გულწრფელად გაკვირვებულმა ტაქსის მძღოლმა მკითხა: „ღირს მაინც ამდენ წანწალათა?!“ – ცხადია, ღირდა და დიდი მადლობა ბატონ ერმილეს დაუღალავი შრომისთვის, თავისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
ჩვენთვის, ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, ჩვენ მიერ შექმნილი თითოეული ნივთი ისტორიას ასახავს და არცერთი მათგანი არ მეორდება. ამიტომ ბრენდის შეფუთვაც ინდივიდუალურია და კალიგრაფიული მხედრულით შესრულებული სურვილებით მიეწოდება მომხმარებელს.
ქართული ხელოვნებით შთაგონებული სამკაულები
ქართული ტრადიციული ხელოვნება ჩვენი შთაგონებისა და შემოქმედებითი იდეების ძირითადი წყაროა. ასე გავაცოცხლეთ ბევრი ისტორიული მარგალიტი, მაგალითად, თამარ მეფის სამკაული, სამოსი ვარძიის ტაძრის მოხატულობიდან და მოოქრული ვერცხლის გულსაბნევი (ბროში), რომელშიც აისახა XV საუკუნის ნაბახტევის ტაძრის მოხატულობის სამოთხისეული ბროწეულების კომპოზიციიდან და მოოქრული ვერცხლის გულსაბნევი (ბროში), რომელშიც აისახა XV საუკუნის ნაბახტევის ტაძრის მოხატულობიდან სამოთხისეული ბროწეულების კომპოზიცია.
თამარ მეფის შესამოსლისა და სამშვენისების ინსპირაციით შექმნილი სამკაული ვარძიის ტაძრის მოხატულობა
გულსაბნევზე გამოსახული ბროწეულების ინსპირაცია ნაბახტევის ტაძრის XV საუკუნის მოხატულობაა.
ყელსაბამები პიქტოგრამების კომპოზიციური ქარგით განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი სამკაულის მოყვარულთათვის. ინტერესს იწვევს „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ყელსაბამები და საყურეებიც.
პიქტოგრამები საქართველოს აღმოსავლეთის მთიანი რეგიონიდან.
წყვილი საყურე. „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები
ყელსაბამი. „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები
ჩვენმა საოჯახო სახელოსნომ 2019 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, პროექტის "კრეატონი - ნიკო ფიროსმანი ციფრულ სივრცეში" ფარგლებში დაამზადა სპეციალური, მთავარი პრიზი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამარჯვებულისათვის. ორიგინალური კომპოზიცია შეიქმნა ფიროსმანის შემოქმედების ბაზაზე.
პროექტის "კრეატონი - ნიკო ფიროსმანი ციფრულ სივრცეში" ფარგლებში შექმნილი კომპოზიცია ფიროსმანის პერსონაჟებით შეწყვილებული. მთავარი პრიზი გამარჯვებულისთვის.
ნიდერლანდებსა და ბელგიაში გამართული ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენის „Women in Wine Expo 2019” ორგანიზატორი „GiorgoBiani/ჯორჯო ბიანის“ ყელსაბამით დასაჩუქრდა.
ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენა, „Women in Wine Expo 2019” ნიდერლანდებსა და ბელგიაში.
სახელოსნოში სამკაულად იქცა ქალთა ფოლკლორული ანსამბლის “იალონისა” და ასოციაციის „ქალები ღვინის ინდუსტრიაში WIWI • Women In Wine Industry“ ლოგოები.
ქალთა ფოლკლორული ანსამბლის “იალონი” ლოგო
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინსპირაცია აღმოჩნდა ქართულ ჰანგზე გამღერებული სიტყვა. ასე შეიქმნა სამკაული სახელწოდებით „სიყვარულის მზე“, რომელიც შთაგვაგონა ქართველი ბარდის (ავტორ-შემსრულებლის) ინოლა გურგულიას ტექსტზე კომპოზიტორ მიხეილ შუღლიაშვილის მიერ შექმნილმა სიმღერამ „მზის ტევრებში“:
„მზის ტევრებში დაგვებნევა თავზე აფეთქილი კვირტები და ყვავილებით სავსე მთაზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით. შენ გაზაფხული იქნები ჩემი, მეც გაზაფხული ვიქნები, აძგერდება, ამღერდება სიყვარულის მზე, სიყვარულის მზე“.
ყელსაბამი „სიყვარულის მზე“, „მზის ტევრებში“, მუსიკა: მიხეილ შუღლიაშვილი, ტექსტი: ინოლა გურგულია
შემდგომი განვითარება, როგორც მიზანი
ჩვენ მიერ შექმნილი ნამუშევრები, ძირითადად, სოციალურ ქსელებსა და (FB: Giorgo Biani ჯორჯო ბიანი) და ტრადიციული რეწვის ასოციაციის სოციალურ მაღაზია „ეთნოდიზაინში“ იყიდება. ტრადიციული რეწვის სფეროში 2016 წლიდანვე ჩავერთეთ და ამჟამად სახელოსნო ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრია. ჩვენს სახელოსნოში დამზადებული სამკაული ასოციაციის სარეკლამო ბუკლეტის ყდაზეც იყო განთავსებული. ასოციაციის ხელმძღვანელების, ირინა მანიასა და ანო შანშიაშვილის, მხარდაჭერა ამ საქმის გაგრძელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა. ისინი დაუღალავად უდგანან მხარში ქართული ტრადიციული რეწვის ოსტატებს და ეხმარებიან დარგის განვითარებას. ბრენდის სახელით ასევე გვაქვს ონლაინმაღაზია Etsy-ის პლატფორმაზე.
ტრადიციული რეწვის ასოციაციის სარეკლამო ბუკლეტის ყდები
საზოგადოების განსაკუთრებულმა ინტერესმა გაგვიჩინა მოტივაცია, გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა. თბილისის მერიის პროექტ „შემოქმედებითი თბილისის“ საშუალებით ჩვენს საოჯახო სახელოსნოს შეემატა ახალი „პროზაული“ ხელსაწყოები, რომლებიც პოეზიად აქცევს ჩვენს შემოქმედებას.
ჩვენი სამომავლო გეგმები ოქრომჭედლობის ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას, ტექნოლოგიის დახვეწასა და სახელოსნოს მოწყობას უკავშირდება, რაც მზარდი მოთხოვნის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ „Giorgo Biani/ჯორჯო ბიანი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და ბევრად უფრო დახვეწილი და ხელმისაწვდომი პროდუქციით წარვდგებით დაინტერესებული საზოგადოების წინაშე.
„Giorgo Biani/ჯორჯო ბიანის“ ნამუშევრები:
ყელსაბამი აქატის მძივით
ქართული ნაქარგობის ნიმუშის მიხედვით შექმნილი ყელსაბამი
ბეჭდები ტრადიციული ორნამენტული ქარგით და მოზაიკური ნახატით
ტრადიციული ნაქარგობის ნიმუშის მიხედვით შექმნილი ყელსაბამი
ყელსაბამი არქიტექტურული დეტალით
ყელსაბამი უკრაინული მოტივებით
აფრიკული მოტივები
ნამუშევრების ექსპოზიცია, „ეთნოფესტი 2022“
„ეთნოფესტის“ სხვადასხვა წლის კატალოგები, რომლებშიც შესულია „Giorgo Biani/ჯორჯო ბიანის“ სამკაული – 2016 (ბეჭდური კატალოგი), 2018 (ბეჭდური კატალოგი), 2020 (ელექტრონული კატალოგი), 2022 (ბეჭდური კატალოგი).