აფხაზეთის გემო
ყოველი ერის ტრადიციები მჭიდროდ არის დაკავშირებული კვების კულტურასთან. ეროვნული სამზარეულო თავისი მრავალფეროვანი და ისტორიულად ჩამოყალიბებული თავისებურებებით ერის კულინარიულ გემოვნებასა და ხასიათს ასახავს.
საკვების ერთობლივი მიღება მხოლოდ დანაყრების აქტი არ არის, ეს არის ადამიანების ურთიერთობა, საკვები კი ამ დროს ხდება ამა თუ იმ ხალხის იდენტობის სიმბოლო, მათი ეროვნული, კულტურული თავისებურების გამოხატულება. საჭმელ-სასმელი სოციალური ურთიერთობის მნიშვნელოვანი ელემენტია.
საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხესთან — დროებით ოკუპირებულ აფხაზეთთან — სხვა ტრადიციებთან ერთად, კვების კულტურაც გვაერთიანებს. აქ ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერებია – მოქვის, ილორის, ბედიის, ბიჭვინთის, დრანდის ტაძრები და მონასტრები – რომლებიც ქართული არქიტექტურის ნიმუშებია და შემკულია ქართული ჩუქურთმებით, ფრესკებითა და წარწერებით. აქაური წეს-ჩვეულებები, ფოლკლორი და თანაცხოვრების ხანგრძლივი ისტორია ცხადყოფს ქართველებისა და აფხაზების კულტურულ სიახლოვეს, რაც ბუნებრივად აისახა მათ გასტრონომიულ ტრადიციებშიც.
როგორც მსოფლიოს მრავალ რეგიონში, აფხაზეთშიც კვების კულტურის ჩამოყალიბებას განსაზღვრავდა ეკოლოგიური გარემო, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ეთნოსის რელიგიურ-საკრალური რწმენა-ჩვეულებები.
კვების კულტურა განსაკუთრებული მნიშვნელობით ჩანს ტრადიციულ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში. ამის ერთ-ერთი მაგალითია აფხაზური საქორწილო რიტუალი — ა ძჷხაგარა. მისი შესრულებისას აცხობდნენ გულსართიან პურებს — კვიკვინებს, რომლებიც ხაჭაპურს მოგვაგონებს.[1] ეს იყო ფეტვის, ან ხორბლის ფქვილის ცომის მრგვალი გუნდა, რომელშიც მოთავსებული იყო მოხარშული კვერცხი და სელის ან კანაფის თესლი.[2]
აფხაზური გასტრონომიული კულტურის მთავარ მახასიათებლებს შორის შეიძლება დავასახელოთ: სანელებლების, მარილისა და საწებლების (მათ შორის: აჯიკის, ასიძბალ-ტყემლის, აკაცახურ სიძბალ-კოწახურის, ბროწეულის და ა.შ.) ნაირსახეობები; სიმინდისა და ფეტვის (მარცვლეულის) მნიშვნელოვანი წილი ყოველდღიურ კვებაში; რძისა და რძის პროდუქტები (ყველეული, რძეზე მომზადებული კერძები, თხის კულტი და თხის რძის ნაწარმი); თაფლი და თაფლის პროდუქტები; აგრეთვე სასმელები — ხილის (მათ შორის ფეიხოასა და ციტრუსის) და ჭაჭის არაყი და ,აფხაზური ყურძნის ჯიშის ღვინოები, როგორიცაა, მაგალითად: ,,ლიხნი“, ,,ამლახუ“, ,,ავასირხვა“ და სხვ.
აფხაზური სამზარეულოს ხსენებაზე, პირველ ყოვლისა, აფხაზური აჯიკა გაგონდება. ესაა ამ კუთხის გასტრონომიული სიმბოლო. იყო დრო, როდესაც აფხაზეთიდან სტუმარი ისე არ წავიდოდა, რომ ხელს აჯიკა არ გაეყოლებინა. მთავარი მახასიათებელი შებოლილი წითელი ცხარე წიწაკა და ადგილობრივად მოყვანილი ხმელი სუნელებია. აფხაზური აჯიკა საუკეთესო მისაყოლებელია აბისტაზე. აბისტა აფხაზური ღომია. ის აფხაზების ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია და ყველანაირი აფხაზური კერძის მეწყვილედ მოიაზრება. ღომი კავკასიის ხალხებში გავრცელებული საკვები იყო, თუმცა სანამ სიმინდი შემოვიდოდა მას ღომის[3] ღომისგან აკეთებდნენ.
აფხაზებს ჰქონდათ ასევე აშლარკუნტა — ძალიან თხელი ღომისმაგვარი ფაფა, რომელსაც დაფშვნილ ყველს უმატებდნენ, ნიგვზის ზეთით შეანელებდნენ და ცხლად მიირთმევდნენ.
სხვადასხვა ხალხში ამ კერძს განსხვავებული სახელით მოიხსენიებდნენ: აბაზები მას „ბასტას“ უწოდებნენ, ადიღეელები — „მამრისს“, ქართულში კი ცნობილია, როგორც „ღომი“ (მეგრულში — „ღუმუ“).
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აფხაზური ელარჯი — ჩემქვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩემქვა ქათქათა იყოს, ეს არის მისი მთავარი მახასიათებელი. ჩემქვა მეგრული ელარჯისგან განსხვავებით მხოლოდ სიმინდის (მჭადის) ფქვილით კეთდება, რომელიც რძეში იხარშება. მოხარშვის შემდეგ ემატება თხლად, ფენა-ფენად დაჭრილი დამწიფებადაწყებული ჭყინტი ყველი ან ახლადგადაზელილი სელეგჷნი (სულგუნი); კარგად ჩაშუშვის შემდგომ კი სველი ხელით თეფშზე გადმოაქვთ; ხშირად კი, როგორც ღვეზელს, ისე ახვევენ. მიირთმევენ თაფლიან მაწონთან ან ცალკე.
აფხაზური გასტრონომიული კულტურა ოდითგან მესაქონლეობის ირგვლივ ვითარდებოდა. აფხაზეთის დიდი ნაწილი მთა-გორიანია და სოფლის მოსახლეობა მესაქონლეობას (მათ შორის, მეჯოგეობას) სულ მისდევდა. რძის გადამუშავება საძოვრებზე მწყემსების ქოხებში ხდებოდა და რძის პროდუქტებიც იქვე მზადდებოდა, რძეში იხარშებოდა ცომეულიც და ხშირად ხორციც. ასეთ პირობებში შეიქმნა რძეზე მომზადებული მრავალი კერძი, მათ შორის მოხარშული ციკანი.
აფხაზეთში რძე და რძის პროდუქტები სამედიცინო თვალსაზრისითაც გამოიყენებოდა. კუჭნაწლავის პრობლემების დროს ავადმყოფს კამეჩის ფერმენტირებულ რძეს თაფლით აჭმევდნენ. ფილტვების პრობლემების ან გაციების დროს კი თხის რძეს ასმევდნენ, ხშირად თხის ქონთან ერთად. მიღებული წესი იყო ვაჟებისთვის ახალმოწველილი თხის რძის უმად დალევინებაც.
აფხაზური კვების კულტურა ძალიან საინტერესოა თავისი არსით, შეიძლება ესეც განაპირობებდა იმას, რომ ეს კუთხე ცნობილი დღეგრძელი ადამიანებით.[4] ისინი თითქმის არასდროს მიირთმევდნენ ცხიმიან და შემწვარ საკვებს და მეტწილად მხოლოდ მოხარშულ კერძებსა და რძის პროდუქტებს გეახლებოდნენ. ჭამაში ზომიერება აფხაზური კვების კულტურის მთავარ პრინციპად მიიჩნეოდა.
სანამ უფროსები მაგიდას არ მიუსხდებოდნენ და ოჯახის მამა არ დაიწყებდა ჭამას, უმცროსები ელოდებოდნენ. პატარებისთვის კი ხშირად ცალკე მაგიდა იყო. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც ბავშვების, ისე მეძუძური დედებისა და ორსულების კვებას. მაგალითად, ცნობილია სიმინდის ფქვილის რძის ფაფა აფშვტრჷკ (აფხ. Апшвтрык). სიმინდის ფქვილს შეწითლებამდე ხალავენ ერბოში, შემდეგ ასხამენ ადუღებულ რძეს, ემატება მწიკვი მარილი და თაფლი, მუდმივი მორევით იშუშება. ეს ფაფა მეძუძური დედებისთვის რეკომენდებულ კერძად ითვლებოდა და ექვსი თვის ასაკიდან ჩვილებსაც აძლევდნენ.
ორსულობის დროს აფხაზურ კვების ტრადიციაში აკრძალული იყო ალკოჰოლური სასმელის, თაფლის, შინაური ცხოველისა და ფრინველის ზოგიერთი ორგანოს — ღვიძლის, ელენთის, თავ-ფეხისა, და თვალების — მიღება.[5] რეკომენდებული არ იყო ორსულისთვის რძის დალევა, განსაკუთრებით, თევზეულის მიღების მერე. ასევე ეკრძალებოდა ცხვრის ხორცის, მჟავეულისა და ძალიან ცხარე საჭმელის ჭამა (მსგავსი აკრძალვები გვხვდება მეგრული კვების ტრადიციაშიც). „ვაშინერს მონკათ ოსურშო,“ ანუ ტაბუ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო კულტურასა და ფესვებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერძია აშვჩაპან — გადაზელილი ყველი. ცხელ წყალში იყრება მარილი და ჭყინტი მწიფე ყველი (მეგრულად „მოულირი“ ანუ მწიფე ჭყინტი) და შემდეგ იზილება ან იწვნება. მას ხშირად ატანენ არსმგიალს (ნიგვზიანი მჭადი, რომელიც ყვითელი სიმინდის და სოიოს ფქვილისგან მზადდება). რაც შეეხება სულგუნის ყველს, რომელსაც პატარა ლახუტებში ან ლაგვანში ინახავდნენ, აშვლაგვანს ან აშჷლაგვანს ეძახდნენ.
მეგრული და აფხაზური ტრადიციული კულინარიის მოყვარულები და მკვლევრებიც დღემდე დავობენ ძრძს სადაურობაზე. ძრძ არის კერძი, რომელიც მზადდება მაწვნით, აჯიკით, ახალი ხახვით, ახალი ნივრით, მარილითა და ქორფა მწვანილით. შემდეგ ამ სოუსში შუაზე გაჭრილ, მოხარშულ კვერცხს ჩაალაგებენ და გეახლებიან ცხელ ღომთან ერთად. ძრძ შეიძლება იყოს როგორც წითელი აფხაზური აჯიკით, ისე მწვანე, პიტნიანი აჯიკით შენელებულიც.
აშჷვჷრხვა (აფხ. ашвырхуа) მეგრული გებჟალიას მსგავსი კერძია, თუმცა მეგრული გებჟალიასგან განსხვავებით, რძიანი მაწვნის საწებელში არ ლაგდება. ჭყინტ მწიფე ყველს ცხელ წყალში ყრიან და კარგად ზელენ. მიღებულ მასაში ფენებად ალაგებენ წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს, ქინძს, პიტნას, ოხრახუშსა და მწვანე წიწაკას მარილთან ერთად. შემდეგ ყველს ოთხკუთხედ ნაჭრებად ჭრიან და ისე გამოაქვთ სუფრაზე.
აფხაზეთში რძის ნაწარმს ისეთივე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც სამეგრელოში — ჰამოს[6]. საზამთროდ აფხაზურ ფაცხაში[7] ამზადებდნენ ცხვრის ან თხის გუდის ყველს — ახატაშჷ (აფხ. ахаташǝ). გუდაში თავდაპირველად ყრიდნენ ჭყინტ, დაფშვნილ ყველს (ზოგჯერ მაწონსაც). შემდეგ ემატებოდა ნაღები ან რძე. გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემდეგ უმატებდნენ მარილს. ეს პროცესი მეორდებოდა მანამ, სანამ გუდა არ გაივსებოდა და ფაცხაში კვამლზე კარგად არ გამოშრებოდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხორცეულიდან, ძირითადად, გავრცელებული იყო რძეში მოხარშული ან შემწვარი თხის ხორცი. აფხაზეთში, ისევე როგორც სამეგრელოს ბევრ რეგიონში, სარიტუალო სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი ეკავა საქონლის ბეჭს, ხოლო ქორწილებში გავრცელებული იყო საქონლის თავის ჩუქების ტრადიციაც.[8]
მოგვიანებით, როცა მუსლიმური რელიგიის გავლენა შესუსტდა, საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პოპულარული გახდა ღორის ხორციც — განსაკუთრებით, შემწვარი გოჭი აჯიკით და ღორის შაშხი. ასევე გავრცელებული იყო გამოყვანილი[9] საქონლის ხორცი აფხაზურად, შებოლილი იხვი და კუპატები ბროწეულით, რაც გემოების განსაკუთრებულ ნაზავს ქმნიდა.
დიდი სტუმრის პატივსაცემად ან ქორწილებში ხარი იკვლებოდა. თამადას ან საპატიო სტუმარს აუცილებლად საკლავის თავს მიართმევდნენ, რათა დაერწმუნებინათ საკლავის ხარისხში, ხოლო ბეჭი ყოველთვის გაუჭრელი შემოდიოდა სუფრაზე. საინტერესოა სუბპროდუქტებისგან (მაგ. ღვიძლი, გული, ფაშვი, ფეხები და სხვა შინაგანი ორგანოები და მეორეული ნაწილები) დამზადებული კერძიც: მას ცხარე აჯიკით შეანელებდნენ, ფაშვში შეახვევდნენ და ამოკერავდნენ, შემდეგ კი ნაკვერჩხალზე წვავდნენ.
ყოველთვის პოპულარული იყო სუბპროდუქტები. მაგალითად, ამგუაჩაპა — მოხარშული ღვიძლი ქინძითა და აფხაზური აჯიკით.
იყო შემთხვევებიც, როდესაც თხას ან ბოჩოლას მთლიანად წვავდნენ ნაკვერჩხალზე და ასე მიართმევდნენ საპატიო სტუმარს. შეწვის პროცესში ხორცს გამუდმებით ასხამდნენ ცხარე შებოლილი წიწაკისა და მარილის მარინადს, ან ბროწეულის, მარილისა და წიწაკის ნაზავს, რის შედეგადაც ხორცი წითელი და მადისაღმძვრელი გამოდიოდა.
საქონლის ხორცის დანაწევრება ისე, რომ ძვალი გაეჭრათ, მიუღებლად ითვლებოდა — ხორცს მხოლოდ სახსრებში ხსნიდნენ/ანაწევრებდნენ, რადგან თითოეულ ნაწილს თავისი დანიშნულება ჰქონდა სტუმრის სოციალური სტატუსის მიხედვით.
ზამთრისთვის პატარა ლაგვანებში ინახებოდა აყურმა-ყაურმა. ძველად იგი ცხვრის ან ბოჩოლას ხორცისგან მზადდებოდა, რომელიც ქვაბში თავისსავე წვენში, მრავალ სანელებელთან, მარილსა და სამკურნალო ბალახებთან ერთად დიდხანს ჩაფუფქვამდე იხარშებოდა. შემდეგ მას თიხის ჭურჭელში ჩადებდნენ და მიწაში მარხავდნენ. ზამთარში ცხელ აბისტაში შუაში ჩადებდნენ, რომ არ გაციებულიყო, და ისე მიირთმევდნენ — აუცილებლად ღვინოსთან ან ხილის არაყთან ერთად.
1874 წელს გამოქვეყნებული პირველი „ქართული სამზარეულოს“ 32-ე გვერდზე არის რეცეპტი N48 — აფხაზური, რომელიც, რეცეპტის მიხედვით, ცხვრის (ბატკნის) ხორცით მზადდებოდა.[10] ჩალაღაჯი სიგრძეზე ისე უნდა დაჭრილიყო, რომ ძვალიც შერჩენოდა. შემდეგ ხორცის რბილობი უნდა დაებეგვათ და გაებრტყელებინათ; ზემოდან კი წვრილად დაკეპილი ხორცის, ხახვის, მარილის, პილპილისა და ათქვეფილი კვერცხის ნაზავი უნდა მოეთავსებინათ. ბოლოს ზედ დაფშვნილი პური უნდა მოეყარათ და ერბოიან ტაფაში შეეწვათ.
ზამთრისთვის იშაშხებოდა როგორც საქონლის, ისე ფრინველისა და ნანადირევის ხორცი, რომელსაც აუცილებლად მიირთმევდნენ აბისტასთან ერთად.
ფრინველის საინტერესო კერძია აქვტჷჟ — მოხარშული დედალი, რომელსაც ამოიღებდნენ, დასერავდნენ და აფხაზურ ნიგვზიან აჯიკას კარგად შეაზელდნენ. მსგავსი კერძი გურიაშიც გვხვდება, ოღონდ გურული აჯიკით; მას „შეტუტულ ქათამს“ ეძახიან, რაც კულინარიული პარალელებისა და კულტურული სიახლოვის კიდევ ერთი მაგალითია.
ახულ – ასე ეძახიან ბოსტნეულის ნიგვზიან კერძს. ახული კეჟერა ფხალია: ფოთლებსა და თეთრ, მკვრივ ძირებს ჯერ დაამწნილებენ, მერე კარგად რეცხავენ, წურავენ და ანელებენ გატარებული ნიგვზით, ნივრით, ქინძით, წიწაკითა და მარილით. თუ სიმჟავე არასაკმარისია, ძმარსაც უმატებენ.
აკუტაგჩაბა (აფხ. კუტაგჯჷ) — კვერცხი აფხაზურად. მას ხშირად ნაბახუსევზე მიირთმევდნენ ტყემლის ან ხილის არაყთან ერთად. მოხარშული კვერცხის გულს ათავსებენ ერთ ჯამში, უმატებენ აფხაზურ ნიგვზიან აჯიკას, რომელსაც აზავებენ ბროწეულის წვენით ან წამოდუღებული ძმრით. მიღებული ნაზავით ამოავსებენ კვერცხის ცილას, რომელიც სიგრძეზეა გაჭრილი, შემდეგ ორივე ნაწილს შეაწებებენ და გარედანაც ცხარე აფხაზურ აჯიკას წაუსვამენ — ისე, რომ აღდგომის კვერცხი გეგონება.
ზოგი წყაროს მიხედვით, აფხაზები ტრადიციულად არ მიირთმევდნენ ცხენისა და კურდღლის ხორცს, ასევე მიდიებსა და ხამანწკებს. ე. ერიქსონი წერს, რომ „აფხაზები, როგორც ძველი ეგვიპტელები, არ მიირთმევენ ზუთხს, ღლავს, მაგრამ მუდმივად აქვთ კეფალი, ხონთქარი, ქაშაყი და კამბალა, რომელსაც წვავდნენ ან ბოლავდნენ.“[11] გამოყვანილი ან შებოლილი თევზი ყველა ოჯახში იყო.
საქართველოში გავრცელებული ჭინჭრის ფხალი მათთვისაც ჩვეულებრივი ფხალეული იყო — ახუაცჩაპა (ჭინჭრის ფხალი ნიგვზით). ხოლო აყრდცა ლობიოს შეჭამანდია, რომელიც დაახლოებით ისე მზადდება, როგორც შიდა ქართლში.
აღნიშვნის ღირსია აკურჭაჭა — ტაფამწვარი ყველითა და ნიგვზით. წვრილად დაჭრილი ხახვი იბრაწება ნიგვზის ზეთში, ემატება აჯიკიანი დაფშვნილი ყველი და ათქვეფილი კვერცხი. გაცივების შემდეგ ტაფამწვარს ემატება პიტნასთან, ნიორთან და ქინძთან ერთად გატარებული ნიგოზი და ყველაფერი ერთმანეთში კარგად ერევა. კერძს ცხელ ღომთან ერთად მიირთმევენ.
საინტერესო ფენომენია აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებული ყურძნის ჯიშებიც, მაგალითად აჟშკვაკვა – თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, ამლახუ – აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელთა აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ქსენოფონტთან[12] გვხვდება ცნობები ჩრდილოეთ რეგიონებში გავრცელებული ღვინის შესახებ, რომელიც ელინებისთვის მჟავე/მწარე იყო, წყლით განზავების შემდეგ უფრო საამოდ და სურნელოვნად აღიქმებოდა. აფხაზეთის ჰავა სუბტროპიკულია, ტენიანი, ზოგან კი – ჭარბტენიანიც, რის გამოც ვაზი ოდითგანვე ხასიათდებოდა ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ხშირად ნოემბრის ბოლომდე). მეღვინეობა, როგორც საქართველოს ბევრ რეგიონში, აფხაზეთშიც რამდენიმე ათასი წლის წინ განვითარდა. ადგილობრივ ჯიშებს შორის ცნობილია ამლახუ, ავასირხვა და აწნიჟ.
აფხაზური ღვინის წარმოებაში გავრცელებულია ისეთი ბრენდები, როგორიცაა „აფხაზეთის თაიგული“, „ფსოუ“, „ლიხნი“, „აფსნი“ და „ანაკოფია“, რომლებიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მიღებული ტრადიცია იყო ასევე წყავის ღვინო, რომელიც უხვად ხარობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ხილისგან და ჭაჭისგან თითქმის ყველა ოჯახში მზადდებოდა არაყიც. გარდა სპირტიანი სასმელებისა, აფხაზეთის გასტრონომიულ ტრადიციაში გვხვდება სხვადასხვა ნაყენი; თაფლის ნაყენი, აშჷმხადზჷი — წყავის წყალი (მომჟავო-მოტკბო გამაგრილებელი სასმელი).
არ უნდა დაგვავიწყდეს აფხაზეთის ჩაროზები და ნუგბარები: ჩირეული და მურაბები. ციტრუსის მურაბა, ერთი ვერსიით, კანგაუცლელი მანდარინისგან მზადდება, მეორე ვერსიით კი ფორთოხლის, ლიმონისა და გრეიპფრუტის ნაზავია. ეს ქილაში ჩამტკბარი არომატები აფხაზეთის ბუნების ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენს და აფხაზური სამზარეულოს შედევრად ითვლება.
გარდა ამისა, აფხაზეთში, როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში, მზადდება აჯანჯიხა – ჯანჯუხა, რომელიც თხილისა და სიმინდის ფქვილის ფელამუშისგან კეთდება. გავრცელებულია ასევე ციტრუსის ცუკატები და ათასგვარი ჩირეული.
გასტრონომია ყოველთვის იყო და არის ჩვენი კულტურისა და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ერთი გეოგრაფიული და კულტურული სივრცის ხალხები ვართ და ამიტომაც გვაქვს ბევრი საერთო როგორც ადათებსა და რიტუალებში, ისე გასტრონომიაშიც, თუმცა თითოეულ რეგიონს თავისი კულინარიული თავისებურებებიც ახასიათებს. სტუმრის პატივისცემა, სუფრის განსაკუთრებული კულტურა და გამორჩეული აფხაზური ზრდილობა ის ძირძველი ფასეულობებია, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს სიცოცხლეს ამ საერთო ქართულ-აფხაზურ სივრცეში.
ასე, რომ — გუპხაჩარა, შეგარგოთ და გაამოთ!
დალილა ცატავა
გასტრონომიული კულტურის მკვლევარი
[1] გულია დ., აფხაზეთის ისტორია. თბილისი, 1925
[2] რიტუალი პატარძლის წყალზე საწესო გაყვანას უკავშირდებოდა. მას მხოლოდ გათხოვილი ქალები ესწრებოდნენ. სპეციალურად მოწყობილი სადილის შემდეგ ოჯახის ახლობელ ქალებს ან დედამთილს ახალ ტანსაცმელში მორთული პატარძალი მიჰყავდათ მდინარესთან ან წყაროსთან. აქ რომელიმე ასაკით უფროსი ქალი იწყებდა ლოცვას და წყალთა უფალს —„ძჷძლანს“ — შესთხოვდა მოწყალებას ოჯახის ახალი წევრისათვის. შემდეგ პატარძლის კაბას წყლით ასველებდნენ, კვიკვინების კვერცხსა და მოტეხილ ლუკმებს წყალში ყრიდნენ, დანარჩენს (თუნდაც მცირედ ნაწილს) კი მიირთმევდნენ. მხოლოდ ამ წესის შესრულების შემდეგ შეეძლო პატარძალს წყალზე გასვლა.
[3] ღომი ქართულში აღნიშნავს როგორც მცენარეს (Panicum miliaceum — ფეტვის სახეობა), ასევე მისგან (და მონათესავე მარცვლეულისგან) მომზადებულ კერძს. ამიტომ ქართულში გამოიყენება ფორმები: „ღომის ღომი“, „სიმინდის ღომი“, „ფეტვის ღომი“. თუმცა დღევანდელი ღომი სიმინდის ფქვილისგან მზადდება როგორც აფხაზეთში, ისე სამეგრელოში. მას ცოტაოდენ მარილს ამატებენ.
[4] «СРЕДИ ДОЛГОЖИТЕЛЕЙ АБХАЗИИ“ АБХАЗСКИЙ ИНСТИТУТ ЯЗЫКА, ЛИТЕРАТУРЫ И ИСТОРИИ. ИМ. Д. И. ГУЛИА АН ГРУЗИНСКОЙ ССР. «МЕЦНИЕРЕБА » ТБИЛИСИ. 1987
[5] ლორთქიფანიძე მ., აფხაზები და აფხაზეთი. გამომცემლობა „განათლება“ თბილისი 1990.
Копешавидзе Г., Культура и быт Абхазов. Мецниереба, Тбилиси. 1985
[6] „ჰამო“ ( მეგრ) – საამური, გემრიელი, მარგე, შვების მომტანი. ყველანაირი რძის ნაწარმის საერთო სახელი.
[7] ფაცხა – დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტრადიციული ხის სამეურნეო ნაგებობა.
[8] Копешавидзе Г., Абхазская кухня, Сухуми, 1989
სახოკია თ., მოგზაურობანი, „საბჭოთა აჭარა“. 1985
[9] გამოყვანილი ხორცი – დამარილებული და გამომხმარი (ზოგჯერ შებოლილი) ხორცი, რომელიც ხანგრძლივი შენახვისათვის მზადდებოდა.
[10] ჯორჯაძე, ბარბარე. 1874. ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობანი: დამატებით ზოგიერთთა რუსულთა საჭმელთა. თბილისი: ე. ხელაძის სტამბა. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/177826
[11] Эриксон, Е. 1899. «Из воспоминаний о Батуме и его окрестностях». Естествознание и география: Научно-популярный и педагогический журнал, № 6 (август): 1–27. გვ. 20
[12] ქსენოფონტი (430-355), სარდალი და ისტორიკოსი, სოკრატეს მოწაფე. აპოლონიოს როდოსელი „არგონავტიკა“, 1975.